ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევა ლორელაი
ჟანრი: პროზა
19 ოქტომბერი, 2016


შემოდგომასავით გოგოების საკითხავი


ძაფის გორგალივით ამებურდა ფიქრები, ამაოდ ვცდილობ გაწყვეტილი აზრის პოვნას, საიდანაც ყველაფერს დავიწყებ, მაგრამ ვერა, ვერ გავუგე სამყაროს. რა უნდა? რას ითხოვს რატომ?
ვის ვჭირდები? ვის ვარგივარ?
თავი უსარგებლო ნივთი მგონია, წლები რომ დევს მტვერდადებული, რომელიმე ბნელ კუთხეში, მერე დიდი დალაგების დროს შემთხვევით ვიღაც რომ აღმოაჩენს და სულის შებერვით მტვერს მოაცილებს.
როგორ მინდა მეც მიპოვონ, მიპოვონ და ჩამომფერთხონ წლების დადებული სევდა, ტკივილი და მარტოობა.
მაგრამ ჩემნაირებს ამაშიც არ გვწყალობს ბედი.
ჩვენ ბებიების ძველ ზანდუკში გამოკეტილ მაქმანებიან კაბასა და აბრეშუმის საბურველს ვგავართ, წლების გაუშლელ მარაოსა და ძველისძველ სუნამოს.
ხანდახან თავი ნახევრად წაკითხული წიგნი მგონია, რომელსაც გული ვერ დაუდეს, სამუდამოდ დაკეცეს და სულ ზედა ტაროზე შემოდეს, მეორედ რომ არ შეეჩხიროთ თვალში.
მე ხანდახან ოცნებებით ვიქცევ თავს...
ვოცნებობ ხოლმე ერთ დღესაც მოვიდეს ვინმე, ვისაც მოუნდება შემიბეროს სული, ჩამომფერთხოს დარდი და სევდა და ჩემი ყოველი ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა და თვალის დახამხამება წაიკითხოს. წაიკითხოს ისე, რომ არ გამორჩეს არც ერთი ცრემლი, არც ტკივილი, არც ფეხის გადაბრუნება, არც დაჩივლება.
გამიცნოს...
მერე ჩამკიდოს ხელი, თითები თითებში ამიხლართოს და წამიყვანოს იქ, სადაც ჩემნაირებს სუნთქვა შეუძლიათ.
მერე დავჯდე, ჩემს წამკითხველს მოვუქსოვო თბილი სვიტრი, ჩემი ხელით ჩავაცვა და ვუთხრა: კაცო, მადლობა რომ მიპოვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები