ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
19 ოქტომბერი, 2016


მალული ფრთები


      ჭიამაია მზის გულზე მოკალათებულიყო და მნათობს თავის გულისნადებს უზიარებდა:
      - ო, რომ იცოდე, როგორ მიყვარს ყვავილები. მათ ყურებას არაფერი მირჩევნია. ხანდახან ხის ტოტზე ავცოცდები ხოლმე, რადგან მაღლიდან დავხედო მათ, თუმცა იქედან არც ისე ბევრი ყვავილი მოჩანს.
    ჭიამაია წამით შეყოვნდა, უნდოდა გაეგო, მზე თუ მისმენსო. რაღა თქმა უნდა, უსმენდა მზე, გულიანად მომღიმარი, ერთიანად ყურადღებად ქცეული.
    - იმ დღეს ზამბახს ვესტუმრე, ხავერდოვან ფურცელზე ავაცოცდი. ნიავმა მითხრა, ერთმანეთს ძალიან უხდებითო, ნიავს კი ნამდვილად დაეჯერება, ბევრი რამ უნახავს. მაგრამ რად გინდა? თვითონ მისი დანახვა ვერ შევძელი. ნეტავი ფრთები მქონოდა, ავფრინდებოდი მაღლა, სულ მაღლა . . .  დავინახავდი ზამბახს, და განა მხოლოდ მას, ყველა ყვავილს ერთად დავინახავდი.
    აქ უნდა აღვნიშნო: დიდი ხნის წინათ ჭიამაიას არ შეეძლო ჰაერში ფრენა, არ ჰქონდა ის პაწია, გამჭვირვალე ფრთები, მალულად რომ ატარებს კოხტად დაწინწკლული გარსის მიღმა. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს საკუთარ ფრთებს საგანგებოდ მალავდეს ჭიამაია. არც კი იფიქროთ, ჭიამაიას ნამდვილად არაფერი აქვს დასამალი. უფრო უპრიანი იქნება, თუ ასე ვიტყვით; ფრთებით დამალობანას გვეთამაშება. ცხადია, მიზეზიც აქვს საამისოდ, რასაც ჩვენი ზღაპრიდან შეიტყობთ.
    მზემ გულიანად გაუღიმა ჭიამაიას, რაღაცის თქმასაც აპირებდა  და სწორედ ამ დროს ნიავმა ჩამოიქროლა.
    - მაგნოლია გაიფურჩქნა, - მიახარა ჭიამაიას ნიავმა, თან დავლურს უვლიდა მწვანე ხეებსა და კორომებს შორის, - ეს წუთია თავზე გადავუფრინე.

    ჭიამაიას მაშინვე გადაავიწყდა, მზეს რომ ესაუბრებოდა, ნიავის ქაქანს მიაპყრო მთელი გულისყური. ნიავს კი აბა, მეტი რა უნდოდა, ასეთი ბეჯითი მსმენელი იპოვა; პირდაპირ ენად გაიკრიფა, აქებდა და ადიდებდა მაგნოლიას, მშვენებით ყვავილთა შორის გამორჩეულს, მთვარესავით პირბადრს, თოვლის ფიფქივით ნაზსა და სათუთს.
    - მაგნოლია საკუთარი თვალით უნდა ნახო, მითუმეტეს ახლადგაფურჩქვნილი - ქაქანებდა ნიავი.
    ნიავის სიტყვების პასუხად ჭიამაიამ მწარედ ამოიოხრა, თქმით არაფერი უთქვამს. ნიავის ყურს მისწვდა ეს ამოოხვრა,  გახსენდა, ჰაერში ფრენა რომ არ შეეძლო ჭიამაიას, ამდენად, ვერც ნახავდა ახლად გაფურჩქვნილ მაგნოლიას, სილამაზით  ყვავილთა შორის გამორჩეულს.
    ნიავი გაისუსა, თითქოს ჩამოეძინა, როგორც ჩვევია ხოლმე. მაგრამ, არა, თურმე ჭიამაიას გასაჭირზე დაფიქრდა. მიუხედავად თავქარიანობისა, ნიავს ხანდახან რაღაცრაღაცეები გაახსენდება ხოლმე. უფრო მეტიც, საოცარი გულისხმიერება შეიძლება გამოიჩინოს.
    - ვიცი, როგორ ნატრობ მაგნოლიას ნახვას, - გულაჩვილებით აქშუტუნდა ნიავი და ცხვირწინ ხმელი ფოთოლი მიუფრიალა ჭიამაიას, - აცოცდი ამ ფოთოლზე. რაც შეგიძლია მაგრად მოეჭიდე. ორივეს ერთად აგიტაცებთ და მაგნოლიასკენ გაგაქროლებთ.
    ო, რა მაცდუნებლად ჟღერდა ნიავის სიტყვები, განა ჭიამაიას ასეთ რამეზე უარის თქმა შეეძლო? იმისდა მიუხედავად, რომ კარგად იცოდა ნიავის თავქარიანობის ამბავი. განა ერთხელ და ორჯერ მოუსმენია პაწია მფრინავი არსებებისაგან, (პეპლებისაგან, ფუტკრებისაგან, თუნდაც ქინქლა ვთქვათ) თუ რა ფათერაკებში გაბმულან ნიავის ხუშტურებიანი ხასიათის გადამკიდე; თუ ნიავს მოეხასიათა, მხარში კარგი მეგობარივით ამოგიდგება, ფრთებს ფართოდ გაგაშლევინებს, მაღლა აგიტაცებს, მაგრამ მეორე წამს შეიძლება სულ სხვა მხარეს  გაქროლდეს. ისე, რომ შენი არსებობაც კი დაავიწყდება. აი, მაშინ კი ძნელი წარმოსადგენია, თუ რა შეიძლება მოხდეს. ხომ შეიძლებოდა, ასეთ ფათერაკში გაბმულიყო ჭიამაია . . . მიუხედავად ამისა, წამითაც არ შეყოვნებულა, ისე აცოცდა ხმელ ფოთოლზე. ნიავმაც მაშინვე დაუბერა, მაღლა აიტაცა ხმელი ფოთოლი,  სულ ფრენა - ფრენით გააქროლა იმ მხარეს, სადაც ახლადგაფურჩქნული მაგნოლია იწონებდა თავს.
    და ახლა, სანამ ნიავი ხმელ ფოთოლზე დასკუპებულ ჭიამაიას მიაქროლებს, მე გიამბობთ, თუ რატომ დარჩა უფრთოდ იმ დროს, როცა სულით და გულით ნატრობდა, ფრთები ჰქონოდა. უკვე არაერთხელ მოვისმინეთ მისი წუწუნი.
    ისე, როგორც სხვა პაწია მფრინავმა არსებებმა, ჭიამაიამაც მიაკითხა ადგილის დედას, ფრთები მეც გამომიძებნეო, სთხოვა. მწვანე ტყეში ხომ ადგილის დედა ასაჩუქრებს ფრთებით ყველას, ვინც კი ამის სურვილს გამოთქვამს. ერთადერთი ჭიამაიაა, ვინც მისი ხელიდან ვერ მიიღო ეს მართლაცდა ძვირფასი საჩუქარი და ესეც მისდაუნებურად მოხდა, როგორც შემდგომში დავინახავთ.

    ხელგაშლილი დაუხვდა ადგილის დედა ჭიამაიას. ფრთებს როგორ დაგიჭერო, უთხრა; ათასგვარი და ათასფერი ფრთების ხვავი გდაუშალა თვალწინ. მერე იქედან თვითონვე ამოურჩია ერთერთი მათგანი.
    - სწორედ შენსავითაა დაწინწკლული, ერთმანეთს ძალიან მოუხდებით. - ამ სიტყვებთან ერთად ადგილის დედამ სცადა, დაწინწკლული ფრთები მიემაგრებინა ჭიამაიასთვის, მაგრამ ჭიამაიამ გაგონებაც არ ისურვა. საკუთარი წინწკლებიც მყოფნისო, თქვა.
    - მაშინ ეს აიღე, პეპელას ფრთებივით ჭრელია, - სხვა მიაწოდა ადგილის დედამ.
    - არც ეს მომწონს, თვალებს მიჭრელებს . . .
    - აი, ყაყაჩოსავით წითელი ფრთები, მზესავით ოქროსფერი, ცასავით ცისფერი . . .
    - არ მინდა, არც ერთი არ მომწონს.
    - იქნებ გამჭვირვალე ფრთები გირჩევნია, აი, ისეთი, ნემსიყლაპიას რომ აქვს?
    - არა.
    - ესეც ნახე, ფუტკრის ფრთებივითაა, არ დაიღლები, დიდხანს იფრენ ჰაერში . . .
    - არც ეს
    - მუხლუხოსავით შებუსუსული ფრთები  ხომ არ გინდა? . . .
      ენა ვერ აღწერს, რამდენნაირი და რა ფერის ფრთები აჩვენა ადგილის დედამ, მაგრამ ჭიამაიამ ყველა დაიწუნა.
    - მითხარი მაინც, როგორი ფრთები გინდა? - ჰკითხა ბოლოს ადგილის დედამ.
    - მე ხომ ძალიან ლამაზი ვარ, - თქვა ჭიამაიამ, - ნამის წვეთს მადარებენ სრულყოფილებით. მართლაც ნამის წვეთივით ვკრიალებ მზის სხივებზე. ჰოდა, ისეთი ფრთები მინდა, რომელიც არც მე დამფარავს და არც ჩემს წინწკლებს.
    ამ სიტყვებზე ადგილის დედას გულიანად გაეცინა.
    - ისეთი თავმომწონე ხარ, საკუთარ ფრთებზეც კი ეჭვიანობ.
    ერთხანს კიდევ იცინა ადგილის დედამ, ბოლოს კი, როცა დამშვიდდა, ასეთი ფრთებით ვერ დაგასაჩუქრებო, - უთხრა ჭიამაიას.
    - რა ვიღონო? - იკითხა ჭიამაიამ, ძალიან დააღონა ადგილის დედის სიტყვებმა.
    - ვერაფერს გეტყვი. იქნებ შენთვითონ მოძებნო სადმე, მოირგო შენი გუნების ფრთები.

    ასე და ამგვარად, დარჩა უფრთებოდ ჭიამაია, როგორც ადგილის დედამ შენიშნა, მისი თავმომწონეობის გამო. და ახლა მთელი ძალით ებღაუჭებოდა ხმელ ფოთოლს, რომელსაც ნიავი მიაქროლებდა . . .  უფრო სწორად, ჩიკორივით ატრიალებდა ჰაერში. ახდა ჭიამაიას შიში, ნიავს მისმა ცნობილმა თავქარიანობამ წამოუარა, ზევით - ქვევით უთავბოლოდ იწყო ქროლვა, თანაც რა უდარდელად ხარხარებდა. მგონი, სრულებით დაავიწყდა ხმელ ფოთოლს ჩაბღაუჭებული ჭიამაია და ალბათ, აღარც მაგნოლიას არსებობა ახსოვდა.
    აჰა, ერთხელ კიდევ უფრო ძლიერად დაუბერა ნიავმა, სწორედ იმ გეზის საპირისპიროდ, თავიდან რომ ჰქონდა არჩეული თავის მგზავრთან ერთად . . . და ვერც კი გაიგო ჭიამაიამ, ისე მოსწყდა ხმელ ფოთოლს, რომელიც ბზრიალასავით გაფრინდა სადღაც მაღლა, ჭიამაია კი პირიქით, დაბლა დაეშვა. მოჰქროდა მიწისკენ და შიშით გული უსკდებოდა, ნეტა რა მელოდება, სად და როგორ დავეცემიო.
    აჰა, სულ ცოტაღა დარჩა, საცაა დაეცემა. ჭიამაიამ შიშისაგან თვალები დახუჭა და  . . . დაეცა კიდეც.
    სულ ტყუილად შიშობდა, ისეთი არაფერი შეემთხვა, სადღაც ჩასრიალდა და მეტად რბილად დაეცა.
    მგონი გადავრჩიო, გულში გაივლო ჭიამაიამ, თუმცა თვალის გახელას მაინც ვერ ბედავდა.
    ბოლოს და ბოლოს, მოიკრიბა გამბედაობა, თვალი გაახილა. ფრთხილად მიიხედ - მოიხედა, სადა ვარ, რა ამბავიაო.
    ფართო, თეთრ კარავში აღმოაჩინა საკუთარი თავი. ყოველ შემთხევვაში, ერთი შეხედვით ასე ჩანდა.
    გაოცებულმა ჭიამაიამ თვალები დააჭყიტა, მეტი ყურადღებით მოათვალიერა იქაურობა. ნამდვილად კარავში იმყოფებოდა, თითქოს საგანგებოდ გაეშალათ მისთვის, რათა არაფერი შემთხვეოდა. თანაც რა მშვენიერი რამ იყო, რბილი, ფართოდ გაშლილი, ყოველი მხრით თეთრი კალთებით შემოსაზღვრული, პრიალა, ფართო ფოთლების მწვანე გუმბათი ადგა თავზე.
    მეტად კმაყოფილმა ჭიამაიამ მოიკალათა რბილ, თეთრ საგებზე, აქედან ფეხს აღარ მოვიცვლი, სანამ ნიავი ისევ არ ჩამოიქროლებსო, გულში ასე ფიქრობდა. ამაზე უკეთეს თავშესაფარს აბა, სადღა  გადავეყრებიო. ნიავს ჯერ საყვედურს ვეტყვი, თუმცა არც იმდენად. აკი, თავიდანვე ვიცოდი მისი თავქარიანობის ამბავი. მერე კი დანაპირებს შევახსენებ, მაგნოლია რომ უნდა მაპოვნინოს.

    ასე რომ, იმწამსვე მაგნოლია გაახსენდა ჭიამაიას, როგორც კი დამშვიდდა და თავი უსაფრთხოდ იგრძნო ფართო თეთრ კარავში. მართლაცდა  ძალიან უყვარდა ყვავილები.
    გავიდა ცოტა ხანი და ნიავმა კი არა, ჭრელმა პეპელამ მოაკითხა ჭიამაიას. ერთხანს იფარფატა თეთრი კარვის თავზე, რომლის წიაღშიც ჭიამაია განაბულიყო. ბოლოს, როგორც იქნა, ინება, შემოსკუპდა კარვის თეთრ კალთაზე.
    ჭიამაია მაშინვე შეეხმიანა პეპელას:
    - ნიავმა ამბავი მომიტანა, მაგნოლია უკვე გაიფურჩქნაო. იქნებ როგორმე მაპოვნინო, ძალიან მინდა მისი ნახვა.
    პეპელას ერთხანს ხმა არ გაუღია, იჯდა კარვის თეთრ კალთაზე, ჭრელ ფრთებს ხან გაშლიდა, ხან დაკეცავდა.
    ჭიამაია მოთმინებით ელოდა, აბა რას იტყვისო. პეპლებს ხომ დიდი მეგობრობა აქვთ ყვავილებთან, ალბათ მაგნოლიას შესახებაც ეცოდინება რამეო.
    როგორც იქნა, პეპელამ ინება ხმის ამოღება:
    - ხუმრობა გყვარებია . . .
    ეს ორად ორი სიტყვა თქვა პეპელამ, აფრინდა თეთრი კარავიდან და სადღაც შორს წაფარფატდა.
    ჭიამაია გაკვირვებული დარჩა. ნეტავი სახუმარო რა ვთქვიო, ფიქრობდა.

    დიდ დროს არ გაუვლია, ნემსიყლაპია შემოსკუპდა თეთრი კარვის კალთაზე, გამჭვირვალე ფრთები მოკეცა და ჭიამაიას გადმოკარკლული თვალებით მიაშტერდა.
    - მაგნოლია მინდა ვნახო, - მაშინვე საქმეზე გადავიდა ჭიამაია, - იქნებ მითხრა სად არის, ახლოს არის აქედან თუ შორს?
    ნემსიყლაპიას თვალები კიდევ უფრო დაუმრგვალდა, ორიოდე წამს უხმოდ უყურა ჭიამაიას, მერე კი ასეთი რამ უთხრა:
      - უკბილო ხუმრობაა, სულაც არ მეცინება.
    ამ სიტყვების მერე მაშინვე გაშალა თავისი გამჭვირვალე ფრთები და იქაურობას გაეცალა. ჭიამაია კიდევ უფრო გაოცებული დარჩა. - მართლა ვერაფერი გამიგიაო, - თქვა თავისთვის.

    კიდევ ცოტა ხანიც და მწვანე კალია გაჩნდა საიდანღაც. მწვანე ფრთები კარვის თეთრ კალთაზე გადმოფინა. ჭიამაიასკენ არც კი იყურებოდა, წინა ორი სტუმრისგან განსხვავებით.
    ჭიამაია ცოტათი შეყოვნდა, ფიქრობდა, ღირს თუ არა რაიმეს თქმაო. ბოლოს გულმა მაინც არ მოუთმინა.
    - აქეთ მოიხედე, მაგნოლია მინდა ვნახო, სადმე თვალი ხომ არ მოგიკრავს?
    მწვანე კალია შემობრუნდა ჭიამაიასკენ, ვინ მელაპარაკებაო. ერთხანს უხმოდ ათვალიერებდა, მერე კი, აი, რა უთხრა:
    - სახუმაროდ არ მცალია, ჩემი გუნდი აქედან შორს, უდაბნოსკენ მიფრინავს, უნდა დავეწიო.
    ამისი თქმა იყო და გაქრა კიდეც მწვანე კალია. სწორედ რომ გაქრა, აკი, ძალიან სხარტები არიან.
    რომ ვთქვათ, ჭიამაია გაოცებულიაო, ცოტა იქნება ალბათ, უფრო გაოგნებულს ჰგავდა. ნეტავი გამაგებინა,  - ფიქრობდა, - ჩემი სიტყვები ყველას ხუმრობად რატომ ეჩვენებაო.
    ბოლოს ასე გადაწყვიტა, არავის დაველაპარაკები, ვინც არ უნდა მესტუმროს, სანამ ნიავი არ ჩამოიქროლებს, ხმას საერთოდ არ ამოვიღებ, აღარც კი გავიხედავ, თეთრი კარვის კალთაზე ვინმე ხომ არ შემოსკუპდაო.
    და ამ დროს  მწვანე გუმბათის მიღმიდან მზის ოქროსფერი სახე გამოცურდა. ვინმე სხვას ნამდვილად არ დაელაპარაკებოდა ჭიამაია, მაგრამ მზე მეტად სანატრელი სტუმარი გახლდათ, თანაც მზესთან თავისი შეწყვეტილი საუბარი გაახსენდა; რა უდროოდ ჩამოიქროლა იმ თავქარიანმა ნიავმა, ყოველივე გადაავიწყა, როდესაც მაგნოლიას გაფურჩქვნის ამბავი აუწყა.

    ბევრი აღარ უფიქრია ჭიამაის, განაახლა მზესთან შეწყვეტილი საუბარი. შესჩივლა, რა არ ვიღონე, როგორ არ ვცადე, ყველაფერმა ამაოდ ჩამიარა, ვერა და ვერ მივაგენიო მაგნოლიას.
    - ყველას ხუმრობად ეჩვენება ჩემი სიტყვები, როგორც კი მაგნოლიას შესახებ ვკითხავ რამეს, - გულისტკივილით ამბობდა ჭიამაია, - ვერ გამიგია, რა ემართებათ.
    მზემ, როგორც სჩვევია, გულიანად, თან გამამხნევებლად გაუღიმა და ოქროსფერი სხივი დააბჯინა  თეთრი კარვის კალთას.
    - აი, ამ სხივს ამოჰყევი, აუცილებლად დაინახავ მაგნოლიას - უთხრა მზემ.
    ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა ჭიამაია, ოქროსფერი სხივი ძაფივით წვრილი იყო, თანაც მეტისმეტად მაღლა მიემართებოდა, ჰაერში იკარგებოდა იმ მწვანე გუმბათის მიღმა, რომლის წიაღშიც თეთრი კარავი იყო გაშლილი.
    რა იღბლიანად შეაფარა თავი ამ თეთრ კარავს იმ დიდი ფათერაკის შემდეგ. დიდი შიში ნახა მაშინ, რა დასამალია, ცოტათი ახლაც ეშინოდა. ხომ შეიძლება, ახლაც რაიმე ფათერაკს გადაეყაროს.
    მაგრამ მართლაც ძალიან, ძალიან უყვარდა ყვავილები ჭიამაიას, პირდაპირ ეთაყვანებოდა მათ სინაზეს და მშვენიერებას. ამიტომაც დასძლია შიშის გრძნობა, კარვის კალთიდან ძაფივით წვრილ  სხივზე აცოცდა, მასზე აღმასვლა იწყო. ერთხანს ისე იარა,წამითაც არ შეუსვენია. მერე იფიქრა, მგონი კარგა დიდი მანძილი გავიარეო და შეჩერდა.
    - აბა, სადაა მაგნოლია? - ჰკითხა მზეს.
    - ჯერ არა, უფრო მაღლა უნდა აცოცდე, - უთხრა ღიმილით მზემ.
    ჭიამაიამ ისევ გააგრძელა გზა. ახლა ცოტა უფრო მეტ ხანს იარა, იმ მწვანე გუმბათს გაუსწორდა, რომელიც თეთრ კარავს ადგა თავზე.
    - ახლა ალბათ შევძლებ მაგნოლიას დანახვას? - იკითხა ჭიამაიამ.
    - ჯერ კიდევ ადრეა, - მიიღო პასუხად მზისგან.
    ისევ დაადგა ჭიამაია ძაფივით წვრილ გზას, მიცოცავდა მაღლა, სულ მაღლა . . . უკვე გაცდა ფოთლების მწვანე გუმბათს, მის მიღმა გააგრძელა გზა. ხანდახან ჩერდებოდა, მაგნოლია ხომ არ გამოჩნდაო, მზეს ეკითხებოდა. მაგრამ მზემ მაგნოლიას დანახვას ჯერ ვერ შეძლებო, სულ ასე ეუბნებოდა.
    ბოლოს, როცა ჭიამაიამ ერთხელ კიდევ იკითხა, მაგნოლია ხომ არ გამოჩნდაო, მზისგან პასუხი ვეღარ მიიღო, ვეღარც მზე დაინახა, თურმე ღრუბელი გადაფარებოდა.
    რაღა თქმა უნდა, მზესთან ერთად გაქრა ძაფივით წვრილი ოქროსფერისხივი, რომელზეც ჭიამაია მიცოცავდა და უიმისოდ, ცხადია, ჰაერში გამოეკიდა.
    ო, როგორ დაფრთხა ჭიამაია. - დავიღუპები, თუ ამ სიმაღლიდან ჩამოვვარდიო, იფიქრა, - ყოველთვის თეთრ კარავს ხომ არ გადავეყრებიო, შიშისაგან თვალებიც კი დახუჭა.

    ასე გავიდა რამდენიმე წამი. ჭიამაია თავს უცნაურად გრძნობდა, სხივი არსად იყო, მაღლა ვერ მიიწევდა, მაგრამ არც დაბლა ვარდებოდა. ასე რომ ყოფილიყო, ხომ მაშინვე იგრძნობდა, როგორც მაშინ, ხმელ ფოთოლს რომ მოსწყდა.
    ნეტავი რა ამბავია ჩემს თავსო, ფიქრობდა ჭიამაია, თან თვალის გახელასაც ვერ ბედავდა. მაგრამ, აბა სანამდე უნდა ყოფილიყო თვალდახუჭული. გაახილა თვალი, მიიხედ - მოიხედა. ნახა,მეტისმეტად მაღლა აცოცებულიყო, ირგვლივ არაფერი ჩანდა, სივრცეში ეკიდა ეულად.
    მერე დაბლა გადმოიხედა ჭიამაიამ, თეთრ კარავს ეძებდა თვალით, მწვანე ფოთლების გუმბათის წიაღში რომ იყო გაშლილი. - იქნებ როგორმე ისევ იმ კარავში მოვხვდე, როცა დავეცემიო, - ნატრობდა. თეთრი კარავი არა, მაგრამ მშვნიერი თეთრი ყვავილი დაინახა მის ნაცვლად; მთვარესავით პირბადრი, თოვლის ფიფქივით ნაზი და სათუთი, ანუ ზუსტად ისეთი, როგორიც მაგნოლია აუწერა ნიავმა.
    აი, თურმე რა, - მიხვდა ჭიამაია, - სწორედ მაგნოლიას შევაფარე თავი და მე კი თეთრი კარავი მეგონა.
    მაშინვე ისიც ცხადი გახდა ჭიამაიასთვის, თუ რატომ ეგონა ყველას ხუმრობა მისი სიტყვები, როცა მაგნოლიას შესახებ იწყებდა ლაპარაკს. სწორედ მაგნოლიას ფურცლებზე იყო მოკალათებული და მაგნოლია სად არისო, ყველას ეკითხებოდა, მის ნახვას ნატრობდა, ხომ მართლაც სასაცილოა . . .
    მაგრამ ჰაერში რაღა აჩერებდა? რატომ არ ვარდებოდა ძირს, აი, ეს იყო გასაოცარი.
    საკუთარი თავიც შეათვალიერა ჭიამაიამ და . . .  თვალებს ძლივს დაუჯერა: ორი პაწია, გამჭვირვალე ფრთა დაინახა, მისი საკუთარი ფრთები. სწორედ მათი წყალობით იმაგრებდა თავს ჰაერში, აღარ ვარდებოდა დაბლა.
    რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა ჭიამაიას, . . . აბა, ვის არ გაუხარდებოდა მის ადგილას, აკი სწორედ ამ ფრთებმა გადაარჩინეს. ვინ იცის მათ გარეშე რა დაემართებოდა. ყოველთვის თეთრ კარავს, (ანუ მაგნოლიას) ხომ არ გაუშლიდნენ საგანგებოდ. თუმცაღა ერთი რამ მაინც აფიქრებდა, უფრო მეტიც, ძალიანაც აწუხებდა. ალბათ თქვენც ხვდებით, რა უნდა ყოფილიყო ჭიამაიას საწუხარი. მაგრამ ეს საწუხარი იმწამსვე კვამლივით გაიფანტა, როგორც კი ახლადგაფურჩქვნილ მაგნოლიას ყვავილს დაასკუპდა ჭიამაია. უწინარეს ყოვლისა, მას მიაშურა ფრთებით აღჭურვილმა. და, რა მოხდა, იცით? ფრთები მაშინვე გაუჩინარდნენ, მათი ნასახიც კი აღარ ჩანდა, თითქოს საერთოდ არც ყოფილანო.
    აი, სწორედ ასეთი გახლდათ მზის საჩუქარი, რომელმაც ყველას გულისნადები იცის; მალული ფრთები, კოხტად დაწინწკლული გარსის მიღმა ჩაკეცილ - მიჩქმალულები. სულ ოდნავი ჩრდილიც კი არ დაჰფენია მათგან ჭიამაიას. ერთი წინწკალიც კი არ გაუჩინარებულა. ამაზე უკეთესს ვეღარაფერს ინატრებდა ჭიამაია; როგორც კი ჰაერში ფრენას მოისურვებს, დაწინწკლული გარსი მწიფე ბროწეულივით იხსნება, რათა ფრთებს გზა მისცეს. მერე კი ისევ იხურება, ფრთებიც მაშინვე გარსის მიღმა უჩინარდებიან. მართლაც მშვენიერი საჩუქარია, მთელს მწვანე ტყეში ჭიამაიას გარდა ვერავინ დაიტრაბახებს მალული ფრთებით.

    ასე რომ, ასრულდა ადგილის დედის სიტყვები: ჭიამიამ თვითონვე გამოძებნა თავისი გუნების ფრთები, მზის გულმხურვალების და საკუთარი თავგამოდების წყალობით, (არც ეს უნდა დავუკარგოთ ჭიამაიას.) საზღვარი აღარ ჰქონდა მის ბედნიერებას, ლაღად ფრთებგაშლილი დაჰქროდა ჰაერში, ათვალიერებდა თავის საყვარელ ყვავილებს, ახლა უკვე შეეძლო, ყველა ერთად დაენახა, რაღა თქმა უნდა, ახლადგაფურჩქნული მაგნოლიას ჩათვლით. განსაკუთრებით ის ახარებდა, გარეგნულად ოდნავადაც რომ არ შეცვლილა. ისევ ისეთი იყო, ნამის წვეთივით კრიალა და უზადო, თანაც კოხტად დაწინწკლული, მალულ ფრთებზე უკვე ვეღარ იეჭვიანებდა თავმომწონე ჭიამაია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები