 | ავტორი: ბუცეფალი ჟანრი: პროზა 21 ოქტომბერი, 2016 |
ლუბა პატარა რომ ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რატომ არ უყვარდა მამაჩემს ჩემი ბებიასთან გამგზავრება მაშინ, როცა ყველა ჩემი მეგობარი არდადეგებს სოფელში ატარებდა; მერე, ჩამოსულები, მიყვებოდნენ ხოლმე რა მაგარ ხაჭაპურებს აცხობენ მათი ბებიები; ან რა სასაცილო შეგრძნებაა, როცა ძროხას წველი; ან როგორ დასდევდნენ წიწილებს, საღამოს საქათმეში შესარეკად. ბებიაჩემი მკითხავი იყო. ოღონდ ისეთი კი არა, მეზობლების თავშეყრაზე ცარიელ ყავის ჭიქებს რომ ჩასჩიჩინებს და იძახის: აი, ქალს ვხედავ, გვერდით კატა უდგას, კატა შავია, ამიტომ, ცუდი რაღაც გელოდებაო. არა, ლუბა ბებო ნამდვილი მკითხავი იყო. ბოშა ქალი, რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობდა, კიდევ უფრო პატარა, წითელი მანქანა ჰყავდა, ჭრელ კაბებს იცვამდა და თუთუნიან სიგარეტს ეწეოდა. იმის გამო, რომ მამა მასთან სტუმრად არ მიშვებდა, ის ჩამოდიოდა ხოლმე ჩემთან. გაკვეთილების მომზადებაში მეხმარებოდა, სკოლაში მაცილებდა და ჩემს გოგოურ ამბებსაც ყოველთვის დიდი ყურადღებით ისმენდა. მაშინ, როცა დედაჩემი სამსახურში იყო, ლუბა ბებო მიწმენდდა პირველი სიყვარულისგან გატეხილი გულის ნამსხვრევების სიმწარით ატირებულ თვალებს. რომ გავიზარდე და ასე ვთქვათ, ცოტა დამოუკიდებელი აზრიც მომეკითხებოდა, მშობლებს განვუცხადე, ყელში ამომივიდა ახალ წელს ბაკურიანი, ზაფხულში კიდევ - თურქეთიმეთქი, თავიდან კი დამაწიეს ერთი ამბავი; ხან დედაჩემი იხვეწებოდა, ნიკოლოზ, უთხარი რამეო, ხან მამაჩემი - მაია, შეაგნებინე შენ შვილს, რომ არ უნდა წავიდესო. მაგრამ, ბოლოს მაინც მოვახერხე მათი დარწმუნება იმაში, რომ მე კუდიანთა ხრიკების არ მჯეროდა. ბარგი ჩავალაგე და ბებიაჩემთან წავედი. ლუბა ყოველთვის დიდი აღტაცებით მიყვებოდა ხოლმე მის პატარა ქალაქზე, რომელშიც ჰაერს კოწახურის გემო ჰქონდა, ჩამავალ მზეს - ბროწეულის ფერი. ზუსტად ის სურათი დამხვდა, რასაც ველოდი, ვიწრო ქუჩები და სახლებზე მეტი ხე. ბებო სადგურში თავისი წითელი მანქანით დამხვდა. ფანჯარა ჩამოწეული ჰქონდა და სიგარეტს აბოლებდა. თან, სადღაც იხედებოდა, შორს... სანამ ბარგაკიდებული წინ არ დავუდექი, ვერ შემამჩნია. მერე უცებ გამოიხედა, ხმამაღლა წამოიკივლა და მანქანიდან გადმოხტა. სიგარეტი სადღაც მოისროლა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. თურმე არც ისე პატარა, კერძო სახლში ცხოვრობდა, რომელიც ზუსტად შეეფერებოდა მის მანქანასაც, შავ, ხვეულ თმებსაც და ჭრელა-ჭრულა კაბებსაც. პირველად მასთან ერთად გავაბოლე. თექვსმეტი წლის ვიყავი, ვკითხე რა მოგწონს ამ სიგარეტშიმეთქი. ჯერ მისი კარგად გაქნილი ცალი წარბი ამიწია, მერე თავი გაიქნია, უჯრებში ქექვა დაიწყო, თან თუთუნი ყელს გაგიხვრეტსო, ჩიფჩიფებდა. მერე, ძვლივს რომ მიაგნო, კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და გამომიწოდა. ჯობია მე გაგასინჯო, ვიდრე ვიღაცა ქუჩის ბიჭმა. მერე მოგატყუებს გიხდებაო, შენც სულელი გოგოსავით დაუჯერებ და დაიწყებ მოწევას! ჰმ, ვერ მივართვი! პირველადაც იმ დღეს მიმკითხავა. თავიდან უარზე იყო, მამაშენმა რომ გამიგოს, სულ დაივიწყებს ვინ გააჩინა და გადამაგვარებსო. კარგი რა, ისე ნუ იქცევი, ვითომ კარტი არასდროს გაგიშლია ჩემზემეთქი. მერე მოლბა, თავი ისევ სიცილით გააქანა და კარადიდან სანთელი გამოიღო. მე ამანთებინა, მერე თითებით ჩამაქრობინა და სამჯერ გამაკეთებინა იგივე. ჩემი ხელი აიღო და გრძელ თითებზე მომეფერა, გამიღიმა და ჩამქრალი სანთელი ჩემს ხელის გულზე გადმოაპირქვავა. გაგეფრთხილებინე მაინც, ბებია! - წამოვიკივლე და დამწვარი ხელის ქნევა დავიწყე. მერე მთელი ხიბლი დაიკარგებოდა, - გამიცინა, ხელი დამიჭირა და უკვე გამაგრებულ ნაღვენთს სული შეუბერა, - ჰმ. რას ხედავ? იმას, რომ მამაშენი გაიგებს მოწევას თუ დაიწყებ.... კარგი რა, ლუბა! - გავიცინე და უფრო ახლოს მივჩოჩდი. ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო გოგო, ყველაფერი კარგად იქნება, - გამიღიმა და უკვე ჩამომჭკნარი ხელი სახეზე მომისვა. იმ დღის მერე, მე და ლუბა ხშირად ვაბოლებდით ერთად. ნელ-ნელა, თუთუნსაც შემაჩვია. ხან ის მაკითხავდა ქალაქში, ხან მე. მე ჩემს ამბებს ვუყვებოდი, ის თავის კლიენტებზე მაცინებდა. ქალაქის მერი იყო ამას წინათო, მე მეკითხებოდა რა უნდა გავაკეთო ხალხი რომ უკმაყოფილო არ იყოსო, - ხარხარებდა ლუბა. მე ვეუბნები, მეთქი, ბატონო ჩემო, ბარემ ჩემი კანდიდატურაც წამოვაყენოთ საკრებულოში და ახლოს გეყოლებით, ჩუმ-ჩუმად სიარულიც აღარ მოგიწევთ ჩემთანმეთქი. თვრამეტი წლის რომ გავხდი, მისი თილისმა მაჩუქა. ოღონდ, მამაშენს არ დაანახო რომ გიკეთიაო, სიცილით მითხრა. ყოველთვის ხუმრობდა ლუბა იმაზე, რომ მის შვილს არ უყვარდა, მაგრამ მე, შვილიშვილი, რომელიც ძალიან კარგად ვიცნობდი, ხომ ვხედავდი მისი მოქარვისფროდ მწვანე თვალების შავ გუგებში ჩაბუდებულ სევდას. რა ვქნაო - იმართლებდა თავს, - რაც სისხლში მაქვს, იმას ხომ ვერ ამოვწურავ ძარღვებიდანო. ბოშა ვარ და კუბოშიც ბოშად ჩავწვებიო. ასეთი შევუყვარდი მამამისს, მაგან რა ვეღარ მაპატია ერთი სანთლის ანთება და ცვილზე ამოკითხვა, მაგის ეკლესიებს ხომ არ ვაფურთხებ მეო. ასე მაინც როდის მოასწრო ქრისტიანობის შეყვარება, ბავშვობაში სულ ჩემი ძვირფასი ქვებით თამაშობდაო. მამას მეც ბევრჯერ ველაპარაკე, დედაა და ასე მოქცევა არ შეიძლებამეთქი, მაგრამ უკან შემომიბრუნა, შენ როგორ გვექცევი მშობლებსო. ბოლოს, ყველაფერი რომ ავწონ-დავწონე მივხვდი, რომ მე და ლუბას უფრო გვესმოდა ერთმანეთის, ვიდრე მე და მამაჩემს, ან თუნდაც, დედას. ამიტომ, თამამად ამოვაძვრინე თილისმა მაისურიდან და მხრებგაშლილი დავდიოდი ქუჩაში, თიხისფერი, მზეზე მბრწყინავი მრგვალი ქვით. ნამდვილად რომ შემიყვარდა, ლუბამ თვითონ დამირეკა. ვალეტ გული ამოგივიდა, ქალბატონო, აბა, როდის უნდა ესტუმრო ბებიას? მითხრა ჩვეული, მხიარული ტონით და მეც, მეორე დღესვე წავედი ჩემს მოხუც ბოშასთან. ყველაფერი დეტალებში მოვუყევი, მაგრამ რატომღაც, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მან ისედაც იცოდა. ვუყვებოდი მის მუქ ყავისფერ თვალებზე და დამცინოდა, აკი ცისფერთვალება ბიჭებზე მიგდიოდა გულიო. ვეუბნებოდი როგორ მიყვარდა მისი ხმამაღალი სიცილი და აცრემლებული თვალებით მიღიმოდა; დავპირდი, ჩამოვიყვან და გაგაცნობ, მასაც სულ შენზე ველაპარაკები და ძალიან უნდა შენი ნახვამეთქი. კარგიო თავი კი დამიქნია, მაგრამ რაღაც ვერ იყო. ეს მაშინ არ შემიმჩნევია, იმდენად ვიყავი სხვა სამყაროში გადაცხოვრებული, რომ ვერ შევამჩნიე როგორ სევდიანად საუბრობდნენ მისი მოცინარი წამწამები. ახალი წელი რომ მოახლოვდა, მაშინაც თვითონ დამირეკა. შენ და შენი რაინდი აღარ აპირებთ ჩემს სანახავად ჩამოსვლასო? ჩემი რაინდი მივლინებაშია სამსახურით, ბე, მაგრამ მე ახალ წელს შენთან ერთად შევხვდები, გპირდები! დანაპირები ავუსრულე, ოცდაცხრა დეკემბერს, ლუბასკენ გავეშურე. სადგურში არ დამხვედრია; ტაქსი გავაჩერე და სახლამდე თვითონ მივედი. წითელი მანქანაც არსად ჩანდა და ვიფიქრე, ალბათ გასულია სადმემეთქი. მაგრამ მერე მუქი ფარდის იქით მბჟუტავი შუქი შევნიშნე და კარზე დავაკაკუნე. კარი სულ სხვა ლუბამ გამიღო. წელში მოხრილი ქალი, რომელსაც თვალები ძველებურად აღარ უთამაშებდნენ, სულ არ ჰგავდა ჩემს ბოშა ბებიას. ბებო, ავად ხარ?- ვკითხე შეწუხებულმა. ზამთარია ჩემო გოგო, ზამთარი, აბა სხვას რას უნდა მოელოდე?! დღეს ღამე გათოვდება, სანთელმა მითხრა. ახალ წელსაც ითოვებს, პირველშიც სიცივე გაგაღვიძებს დილით. ჰოდა, იმ ტაქსისტს გადაურეკე, სანამ გზები გადაიკეტება, მაღაზიაში გავლა მოვასწროთ. ტაქსისტს? მანქანა რა უყავი? დავბერდი, დავბერდი, - ხელი ლოყაზე მომითათუნა და კარებთან ჩამოკიდებული ქურთუკი ჩამოხსნა. - წინა დღეს კატა გავიტანე, აღარ მინდა კიდევ ვინმე მოვკლა. ეჰ, ლუბა, ლუბა, - გავუცინე და ისევ ვერ შევამჩნიე, რამდენს მატყუებდა. საკმარისზე მეტი პროდუქტი იყიდა. მთელი საღამო ერთად ვაცხობდით, ჩემს სასიყვარულო თავგადასავლებს უსმენდა, რჩევებს მაძლევდა, მერე ყავა დავლიეთ და წესისამებრ, ლუბას თუთუნი გავაბოლეთ. ბევრი ახველა და სულ თავ-ბედი იწყევლა, რომ გეუბნება ექიმი გაციებულ ყელს მოწევა არ უხდება, უნდა დაუჯეროო - იძახდა. იმ ღამეს მართლა გათოვდა, დილით უკვე მუხლამდე თოვლი იდო ჩვენი სახლის წინ. ლუბა წუწუნებდა, ახლა რას ვიკოტრიალებდი იმ თოვლში, ეს წყეული ვირუსი რომ არაო. მე მეხვეწებოდა, გადი, ითამაშე და შენით მაინც დავტკბებიო. მაგრამ მერე გადაიფიქრა, შენც არ გამიცივდეო. ჰოდა, მის საყვარელ, ვარდისფერ, ფუმფულა ხალათში გახვეული შეფრატუნდა სამზარეულოში და ორივესთვის რძიანი ჩაი მოამზადა. მერე უკან გამოფარფატდა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ცოტა ხანს სიჩუმით და ჩაიში ჩაყრილი ორი კოვზი შაქრით დატკბა. რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო გოგო. გახსოვს ეს ჯერ კიდევ როდის გითხარი? რა თქმა უნდა, ლუბა, - გავუღიმე და ვიფიქრე, რომ ესეც მორიგი სტიმულის მომცემი ფრაზა იყო. ლუბა ყოველთვის თვლიდა, რომ მშობლები მჩაგრავდნენ, ამიტომ, ასეთი სიტყვებით ხშირად მანებივრებდა. არ მიყვარს ლუბას რომ მეძახი, ბებო მირჩევნია. კარგი, ბე... - მივჩოჩდი და თავი მხარზე ჩამოვადე. ათი წლის ვიყავი ბაბუაშენს რომ შევხვდი. დედამისი დადიოდა დედაჩემთან. ქმარი მღალატობსო ამოჩემებული ჰქონდა, - დაიწყო ჩემთვის სრლიად მოულოდნელად. - ჭრელი, ფარფაშა კაბა მეცვა. ყურებზე გრძელი ლალის საყურეები მეკეთა და გრძელ ყავისფერ თმაში ყვავილები მქონდა ჩაწნული. როგორ მახსოვს, სწორედ იმ ყვავილებზე მითხრა, შენს თვალებს უხდებაო. საყვარელი... - გავიცინე და კიდევ უფრო მაგრად მივეკარი. ჰო, ძალიან საყვარელი და სასაცილო იყო. კბილებს შორის დაშორება ჰქონდა და თმაზეც პატარა ბიჭის ქოჩორი ედო. იმ დღის მერე დავმეგობრდით. დედამისს სულ დაჰყვებოდა ხოლმე და მერე, მარტოც მოდიოდა. მე სკოლაში არ დავდიოდი და ის მასწავლიდა რაღაცებს... ჩვენ ბოშების დასახლებაში ვცხოვრობდით, ქალაქგარეთ. მაგრამ, ბაბუაშენის დაჟინებული თხოვნით ქალაქში ბინა ვიქირავე და აქ გადმოვედი სასწავლებლად. ნიჭიერი ხარო, ყოველთვის ამას მეუბნებოდა. საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული ჩამინერგა, ალბათ მაგიტომაც შემიყვარდა, საკუთარი თავი შემაყვარა და იმიტომ... ოცდათერთმეტ დეკემბერს ლოგინიდან ძვლივს ადგა, მაგრამ მისი ყვავილების ნაყენი მომამზადებინა და დამაჯერა, უკვე კარგად ვარო. სამზარეულოში ბევრი იფუსფუსა, მეც გამომაცხობინა ნამცხვრები. საღამოს, როცა ბოლო ღერებიც მოვწიეთ და რძიანი ჩაის ბოლო ყლუპები გადავუშვით კისერში, მის საყვარელ ხალათზე დუტის ქურთუკი მოიცვა, მეც ჩამფუთნა და შუშხუნებით სავსე ცელოფანი მომაწოდა. რაა ახალი წელი ფოიერვერკის გარეშე! - პატარა ბავშვივით შემოჰკრა ტაში და გარეთ გამიძღვა. იმ ღამესაც თოვდა, მე და ლუბა გვერდიგვერდ ვიდექით და რამდენიმე ჩამქრალი ასანთის ღერის შემდეგ, ძვლივს გავუკიდეთ პირველ მაშხალას. იმ წუთას, როცა შუაღამისფერი ცა ჩემი ხელიდან გასროლილმა ათასმა ბრჭყვიალა ფოიერვერკმა გაანათა მივხვდი, რომ ჩემ გვერდით მყოფი ქალი ძალიან მიყვარდა. მიყვარდა მისი ვარდისფერი პომადით, მწარე სიგარეტებითა და უკვე გაყიდული წითელი მანქანით. მიყვარდა მისი სანთლებით, რომლებითაც სულ ხელის გულებს მიფუფქავდა და მერე იცინოდა, რით ვერ შეეჩვიეო. მიყვარდა მისი ხუმრობები, წინასწარ დანახული მოვლენები და მკაცრი რჩევები. მიყვარდა მის თვალებში სიხარულად შეფუთული სევდა და დამტყდარ ფრჩხილებზე წასმული მუქი ლურჯი ლაკი. მიყვარხარ, ბე. ლუბა თოვლზე მეტად გაფითრდა, სამაგიეროდ მწვანე თვალები აბრდღვიალდნენ გაზაფხულზე აყვავილებული მდელოს მსგავსად. აღფრთოვანებული მიყურებდა და ნელ-ნელა, თავზე წამოცმული წითელი ქუდისფრად უღაჟღაჟდებოდა ლოყები. მეც მიყვარხარ, ჩემო გოგო... - მითხრა და უკვე ჩამქვრალი შუშხუნა თოვლზე დააგდო. მერე ხელები ძალიან, ძალიან ძლიერად მომხვია და მაგრძნობინა, რომ მართლა ვუყვარდი. იმ ღამეს ერთად გვეძინა, ზუსტად ისე, როგორც ათი წლის ასაკში, დედ-მამამ რომ ძალიან იჩხუბეს და შემეშინდა, არ დაშორდნენმეთქი. მთელი ღამე მეფერებოდა ისე, როგორც პირველი მეგობრის დაკარგვის დროს. მთელი ღამის განმავლობაში ვუყვარდი ისე, როგორც არავის და არასდროს ვყვარებივარ. მერე რა, რომ ბებიაჩემი წიწილებს არ დასდევდა და ყველი არ ამოჰყავდა; იგი მაინც საუკეთესო იყო ყველა იმ ბებიას შორის, ვისაც კი ოდესმე შვილიშვილი ჰყოლია. პირველ იანვარს სიცივემ გამახელინა თვალები, ზუსტად ისე, როგორც ლუბამ თქვა. ოღონდ დათოვლილ მიწებს არ შევუცივებივარ; ულუბობამ შემამცივნა.
(ჩემი უსაყვარლესი მეგობრის,ქეთოს ავტორობით)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჩვეულებრივი ამბავია მეგობრებთან მოსაყოლი. ჩვეულებრივი ამბავია მეგობრებთან მოსაყოლი.
4. jonatan livingstoni. დიახ. jonatan livingstoni. დიახ.
3. სასიამოვნოდ საკითხავი მოთხრობაა.
ანუ ავტორი ქეთია?
სასიამოვნოდ საკითხავი მოთხრობაა.
ანუ ავტორი ქეთია?
1. მომეწონა. 5.
მომეწონა. 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|