ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: პროზა
10 ნოემბერი, 2016


დიკლაკის მალამო

                         
      - დამშვიდდი ბოლოს და ბოლოს! - ვთქვი ნამძინარევი, თუმცა უკვე გაბრაზებულის ხმით. - რას გადამეკიდე ამ დილაუთენია, ასეთი რა ბოროტი ჩაგისახლდა არსებაში, შაბათ დღეს გამოძინების უფლებას რომ არ მაძლევ!
      - უკვე რამდენი დღეა გეხვეწები, ბიჭო, ამ ნოხების წაღებას, განა შორს არის, ხომ იცი, რომ აქვეა, ქუჩის გადაღმა, - მითხრა შეტევით შეცბუნებულმა ცოლმა.
      - ახლოს რომ არის, ამიტომაც არ უნდა გაგეღვიძებინე ასე ადრე, ერთი ან ორი საათის დაგვიანებით რომ გეთქვა, რა მოხდებოდა, დაგძრახავდა ვინმე!? - ვუთხარი გულმოსულმა.
      - განა ვინმე დამძრახავდა, ადრიდანვე შევუდექი საქმეს, დროზე მინდა მივალაგ-მოვალაგო აქაურობა და დავისვენო, მეც ხომ ადამიანი ვარ! 
      - ჰო, შენ ადამიანი ხარ და გინდა დღის ბოლოს, დალაგებულ, მოწესრიგებულ ბინაში დივანზე მოიკალათო, მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებულ თუ გადახვეულ ფილმებს უყურო და დატკბე,  მე კი ახლა მსურს მოსვენება, გამოძინება, მთელი დღე უნიათოდ და უხასიათოდ რომ არ დავიარებოდე!
      აღარაფერი უპასუხნია. თუმცა მივხვდი, პაუზა აიღო და რომ სულ მალე  განაახლებდა შეტევას.
      საწოლში რაღა გამაჩერებდა. ავდექი და საძინებლიდან მისაღებში საცვლების ამარა გამოვლასლასდი. სამეულის პირველივე სავარძელში ჩავეშვი. წამოწოლის სურვილი მალე მეწვია და დივანზე გადავინაცვლე. ვიფიქრე, ძილდამფრთხალი გამოღვიძება-გამოფხიზლების პროცესს დავასრულებ და დამშვიდება-დაწყნარების საქმესაც მივხედავ-მეთქი. უღონობის და ქანცგამოცლილობის შეგრძნებებიც მიფუჭებდა განწყობას. გულაღმა მწოლმა ერთხანს თეთრი ჭერი ვათვალიერე, მერე კი თვალები მივლულე. ხელ-ფეხი და ტანი მოვადუნე. ვიფიქრე, იქნებ ძალ-ღონე ვიგრძნო მკვლავსა და მუხლში და ხასიათიც გამომიკეთდეს-მეთქი.
      იდეით შეპყრობილ ქალს, მით უფრო მისი განხორციელების პროცესში მყოფს, ვინ შეაჩერებს. დამინახა თუ არა წამოწოლილი, ისევ შემომიტია, ისევ გამაგონა ერთმანეთში შეზავებული თხოვნა-მოთხოვნა - სასწრაფოდ წამეღო მისაღები ოთახის დიდი ნოხი და საძინებლების პატარებიც ზედ მიმეყოლებინა. აშკარა იყო, -  გეგმა ჰქონდა და შესაბამისად მოქმედებდა, თუმცა მისი განხორციელების მექანიზმზე არა ეფიქრა რა. ახლა, ამ დილაუთენია, ამ მექანიზმის ერთი მთავარი, თუმცა გაუპოხავი ნაწილი ვიყავი. ჩემი ცოლი უმოქმედობით ჩაჟანგული მექანიზმის ხელით ამტრიალებელს ჰგავდა.
      იგი არ ცხრებოდა.
      ვცდილობდი თავი როგორღაც დამეცვა, ყველა მოსაზრება და სათქმელი რამდენჯერმე, თუმცა უშედეგოდ გავუხმოვანე, მათი გამეორების საჭიროებას კი უკვე ვეღარ ვხედავდი. ბოლოს ასე ვიფიქრე, - ილაპარაკოს რამდენიც უნდა, დაიღლება, მოსაზრებები და არგუმენტები გამოელევა და დაწყნარდება-მეთქი. მოვტყუვდი.
      - კარგი, - ვუთხარი ბედს შერიგებულმა, - გაგიკეთებ ყველაფერს, ოღონდ ცოტა მადროვე, გამოვიღვიძო, სული მოვითქვა და ძალ-ღონე მოვიკრიბო-მეთქი.
      - დილით მოსვენება ვის გაუგია, - მითხრა უკვე მოთმინებადაკარგულმა, - საღამო ხომ არ არის, მთელი დღის ნაჯაფარს მოსვენება გჭირდებოდეს.
      - მართალი ხარ, - ვუთხარი მშვიდად, - იცი რა, უღონობის და ქანცმიხდილობის შეგრძნებები მაქვს, იქნებ სახსრების გამო.
      მეგონა გადაირეოდა. ალბათ იფიქრა, - საქმეს თავს ვარიდებდი და რომ გეგმა-ჩანაფიქრი საბოლოოდ ეყრებოდა წყალში. ისევ წამოიწყო მისთვის სასურველ კალაპოტში ჩემი მოქცევის ჩხუბი. ვეღარ გავუძელი, გავაწყვეტინე და თითქმის მუდარით მივმართე: - მითხარი, რაც გინდა, თუნდაც მაგინე, ოღონდ გთხოვ, ხმადაბლა მელაპარაკე-მეთქი.
      გაეღიმა.
      გამიხარდა, ამას რომ მივაღწიე. მისი განწყობის უმნიშვნელო ცვლილებით ვისარგებლე და ჩემი უღონობის და ქანცგამოლეულობის შესახებ კიდევ ერთხელ და ამჯერად უფრო დამაჯერებელი ინტონაციით ვამცნე.
      - კარგი, კარგი! - მითხრა საქმიანი იერით, - დიკლაკის მალამო მაქვს ჩანთაში, შენი სიმამრისთვის ვიყიდე, მოგცემ და წაისვი საჭირო ადგილებზე. თუ მოგიხდეს, დაიტოვე,  იმას კი, სხვას ვუყიდი.
      რაღას ვიზამდი, დავმორჩილდი. წავისვი, როგორც ამიხსნა და როგორც საჭირო იყო და ისევ მივიღე ჰორიზონტალური მდგომარეობა.
      ნახევარი საათის შემდეგ, როგორც ეს საქმის უფროსს შეეფერება, თავს წამომადგა და ადგომა მომთხოვა. უძლურების ნიშნად თავი აქეთ-იქით გადავაქნიე, ზანტად წამოვიწიე და წამოვჯექი. ვიგრძენი, - წინანდელი უღონობა და ქანცგამოლეულობა ნაწილობრივ გამქრალიყო. გამოღვიძების პროცესი კი დასრულებულიყო.
      არ ვიცი, როდის მოასწრო, მაგრამ საძინებლის პატარა ხალიჩები უკვე აეკეცა და ჰოლში,  შემოსასვლელ კარებთან დაეწყო. კარადიდან სკოჩი გამოვიღე, აკეცილი ორი ხალიჩა ერთად იმ ვარაუდით შევკარი, სამრეცხაომდე რომ არ გახსნილიყო. მისაღების ნოხიც ავკეცე და იგივე ოპერაცია ჩავუტარე. 
      მთელ ამ საქმიანობა-მოძრაობაში ერთადერთი შეგრძნება მქონდა მხოლოდ - რაც უფრო მეტად ვირჯებოდი, მით უფრო მეტის კეთების სურვილი მიჩნდებოდა. ყველაფერს რომ მოვრჩი, ვიგრძენი, სხვა საქმის კეთების სურვილიც აღმძროდა. ენით აღუწერელი სიხარულის მოზღვავებას ვგრძნობდი.  მიხაროდა, რომ ისევ მერჩოდა ძალი და ღონე, რომ ისევ გამიჩნდა მთების შეძვრის სურვილი-განცდა. ჩემ სხეულში სიცოცხლე ახლა სულ სხვაგვარი იყო, ვიდრე ამ ერთი საათის წინ.
      ხალიჩები ორ ადგილად შევკარი. საზაფხულო მაისურსა და მოკლე შარვალში გამოვეწყვე, დიდ ხალიჩას მარჯვენათი, პატარებს კი მარცხენათი ჩავეჭიდე და ცოლის მიერ გამოღებულ კარის ზღურბლს გადავაბიჯე. 
      სადარბაზოს კიბეები ისე ჩავიარე, არავინ შემხვედრია. არც ეზოში იყო ვინმე. შაბათი რომ იყო, ალბათ ამიტომ.
      ეზო ქუჩაზე გადიოდა. გასასვლელში, მარჯვენა მხარეს, სუპერმარკეტი იყო. რომელიღაც სადისტრიბუციო მანქანა შეკვეთილ პროდუქციას ცლიდა.
      გზა პირდაპირ გადავკვეთე, ტროტუარზე გაშენებულ გაზონებს შორის ქვეითებისთვის დატოვებული ვიწრო საცალფეხოც გავიარე და მარჯვნივ შევუხვიე. აქედან სამრეცხაო ოცდაათიოდე ნაბიჯზე იყო. ჯერ ცალკე მდგომი საკანცელარიო მარკეტი იყო, შემდეგ კი სამრეცხაოს მაღალი, რკინის გისოსებიანი ღობე იწყებოდა. მრეცხავებს გზისპირა ღობეზე გარეცხილი ნოხები გადმოეფინათ. ნოხების ბოლოები ღობის ძირს სწვდებოდნენ. ვერც ქუჩიდან გაიგებდი, რა ხდებოდა სამრეცხაოს ტერიტორიაზე და ვერც შიგნიდან, - თუ რა ხდებოდა ქუჩაში. მხოლოდ სარეცხი მოწყობილობების ხმაური და მრეცხავების ზღვარს გადასული ყაყანი მოისმოდა შიგნიდან.
      რკინის გისოსებიანი, ნოხებგადაფენილი ღობე ათიოდე ნაბიჯზე რკინისავე სამანქანე ჭიშკრებთან მთავრდებოდა. ჭიშკრები ღია იყო. შევედი თუ არა, მაშინვე მარცხნივ ავიღე გეზი. ვიცოდი, შეკვეთებს აქ იღებდნენ. სამნი იყვნენ. ორი მათგანი ნარდს თამაშობდა, მესამე კი, ხან ერთი მონარდისკენ მიატრიალებდა თავს, ხან მეორისკენ. საერთო სალამი ვთქვი,  გამორჩეულად გულკეთილებს რომ სჩვევიათ ისეთი, რასაც სხვა დროს თითქმის არასდროს მივმართავდი. ახლა, ერთი რიგითი სამრეცხაოს ერთი რიგითი კლიენტი კი არა, ქალაქის უპირველესი და უგულკეთილესი მოქალაქე ვიყავი.
      ნარდის თამაშისთვის თავი არ მიუნებებიათ, არც მისალმების პასუხად უთქვამთ რამე. მესამე წამოდგა, - ხელით მანიშნა გამომყევიო. ხალიჩები საჭირო ადგილას დამაწყობინა, მომსახურების საფასური გამომართვა და წაღების დღე და რიცხვი დამისახელა.
      გამოვემშვიდობე და გისოსებიანი ღობის გაყოლებით გასასვლელისკენ წავედი. სახლში დაბრუნებას იგივე მარშრუტით ვაპირებდი. ტროტუარზე გასვლისთანავე რატომღაც მარცხენა, ქუჩის განაპირა მხარე დავიჭირე. თავაწეული, მხრებგაშლილი, უჩვეულოდ გალაღებულის ნაბიჯებით მივაბიჯებდი. ისიც მიხაროდა, ცოლთან ურთიერთობა ასე კარგად რომ დასრულდა და ისიც, სურვილის ასრულებაში რომ დავეხმარე. უფრო დიდი სიხარული ახლა, ალბათ, მაღლა მზეს თუ ჰქონდა, ასე რომ აჭერდა ჩვენს ქალაქს ზემოდან.
      უზომოდ გახარებულმა ვერც კი შევნიშნე, რომ პენსნესმაგვარი სათვალის მქონე კაცი ტროტუარის მარჯვენა მხარეს, ნოხებგადაფენილი ღობის გასწვრივ, შემხვედრი მიმართულებით მოძრაობდა. ჩვენს შორის შვიდი თუ რვა ნაბიჯი იქნებოდა. პირველად რომ შევხედე, მერე თვალი ვეღარ მოვაშორე. მასაც იგივე მოუვიდა, - მოდიოდა და თვალებში შემომცქეროდა. ერთმანეთს ვუახლოვდებოდით.
      - გამარჯობა, - ვუთხარი პირველმა და მარჯვენა ხელი საბოლოო მიახლოებამდე ორიოდე ნაბიჯით ადრე გავუწოდე.
      - გაგიმარჯოს - მიპასუხა და ხელჩამორთმეულები ერთმანეთის წინ დავდექით. გრძნობაგაცლილი გამომეტყველებით შევცქეროდით ერთურთს. მხოლოდ ჩემ სახეს აჩნდა რაღაც ღიმილისმაგვარი.
      - როგორ ხარ, - ისევ პირველმა ამოვიღე ხმა.
      - არა მიშავს,  - მიპასუხა მშვიდად.
      - ღმერთმა კარგად გამყოფოს, - ვუთხარი ნაკლები პათოსით, ვიდრე ამას სასურველ ადამიანებს ეუბნებიან ხოლმე შეხვედრისას და ხელი გავუშვი.
      - შენც, - მომესმა მისი ხმა, როცა გაშორების პირველი ნაბიჯი გადავდგი.
      რამ შემახვედრა. ამ გზაზე მისთვის სხვა დროს არასდროს მომიკრავს თვალი. ახლა, ამ შაბათ დილით, აქ რა განგებამ მომივლინა იგი. ანაზდად გამიელვა: ცხოვრება ზოგჯერ ისეთ პერიოდებს გვიძღვნის, ისეთ გამოცდებს გვიწყობს,  სიხარულის შინაგანი განცდის შანსიც კი არ გვაქვს, უცხო თვალისათვის თუნდაც სრულიად შეუმჩნევლის. ამ შეხვედრის განსჯა შემდგომშიც მრავალგზის ვცადე და ყოველ ჯერზე იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ ყველა მოულოდნელი შემთხვევისათვის წინდაწინ ვერავინ მოემზადება, რადგან ასეთი შეხვედრა საჭირო განწყობის შექმნასაც გულისხმობს. რას ვიფიქრებდი, რომ ამ კაცს, ადამიანებთან ახლო ურთიერთობით მოსარგებლეს, ოდესმე ისევ მივესალმებოდი, მოვიკითხავდი, მერე კი დავლოცავდი და ასე გავშორდებოდი. 
      მზე უკვე ძლიერ აჭერდა. ქუჩაში ავტომობილები მომრავლებულიყვნენ. მუხლსა და მკვლავში ისევ ვგრძნობდი ძალ-ღონეს, ხოლო შინაგანად - ჯერ კიდევ შემორჩენილ სიხარულს. ეს უადგილო, მოულოდნელი შეხვედრა ჩემში უცხო სხეულივით შემოჭრილიყო და სულ ახლახან მოვლენილი დიდი სიხარულის გვერდით ადგილის დაკავების თუ განსჯა-გადამუშავების მოლოდინში  განაბულიყო. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ეს კაცი კი არ  შემომხვდა, არამედ სიხარულით სავსე ჩემ არსებაში თავად შევიყვანე, გავატარ-გამოვატარე და სიხარულბოძებული თავის გზაზე  თავადვე გავაცილე.   
      შინ განწყობაშეცვლილი ვბრუნდებოდი. გონებაში ისევ ეს შეხვედრა მქონდა. ამ ადამიანთან ურთიერთობის ყველაზე უფრო ძნელადაღსაქმელი კადრები ქაოტურად  დარბოდნენ ჩემ გონებაში. ძნელადაღსაქმელობა იმ ახლო ურთიერთობებიდან მოდიოდა,  წლებს რომ ითვლიდა. ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი მაინც მისი ბოლო საქციელი იყო,  ურთიერთობიდან ცალმხრივად რომ გავიდა.  ერთი თვის შემდეგ ტელეეკრანიდან შევიტყვე, - ქალაქის საკრებულოში აერჩიათ. მხოლოდ მოგვიანებით გავაცნობიერე, - ურთიერთობიდან გასვლა, სავარაუდოდ, დროში იმ შეთავაზება-შეთანხმებას უნდა დამთხვეოდა, რომლის წყალობითაც საკრებულოში მოხვდა.
      ქუჩა გადავჭერი, ჩვენი საცხოვრებელი სახლის ეზო გავიარე და სახლში მისულმა, დღევანდელი დღის უფროსს დაწვრილებით ვუამბე ნოხების მიტანა-ჩაბარების და მათი უკან წამოღების ამბავი. მან ეს არ იკმარა და დამატებით გამომკითხა მისთვის საინტერესო ამბები.
      გუნება-განწყობის შეცვლა რომ შემატყო, მიზეზი მკითხა. ბანზე აგდებული პასუხი ვახვედრე. არ მოეწონა და ისევ მკითხა:
      - სამრეცხაოში ხომ არ მოხდა რამე?
      - არაფერი, - ვუპასუხე გულგრილად, თუმცა მივხვდი: ახალი ამბის გაგებისა და მისი გარჩევის ინტერესი გასჩენოდა, აღარ მომეშვებოდა, მსგავსი შეკითხვებით გულს გამიწვრილებდა და იქნებ მწარედაც გამეჩუმებინა. ურთიერთობების კვლავ გართულებაზე უარი ვთქვი და ორიოდე სიტყვით უადგილო  შეხვედრის თაობაზე ვუამბე. გაოცება ვერ დამალა.
      - რამდენადაც მახსოვს, არ ესალმებოდი. ისიც მახსოვს,  უნივერსიტეტში შენი არდაბრუნება მაგას რომ უკავშირდება, - რექტორი ხომ მაგან გადაარწმუნა? ახლა კი რა მოხდა?
      - არაფერი. გახარებული ვიყავი, ძალიან გახარებული და ისე ამაღლებული, რომ იმ წამს,  მიწიერის არა მეცხო რა, ყველაფერი ვაპატიე.
      - იქნებ ურთიერთობის აღდგენა გსურს, ენა კი სხვა რამეს გალაპარაკებს?
      - არა! ეგ ჩემ ურთიერთობებში ვეღარ დაბრუნდება! ასეთებს სხვებთან ურთიერთობა იმიტომ აინტერესებთ, მათთვის საჭირო დროს გარშემო მყოფები სათავისოდ ფიზიკურად რომ გამოიყენონ - ან ფარად იფარონ, თავი რომ გადაირჩინონ ან თავზე ფეხით შედგნენ, მაღლა აძვრომა და მათი გაგებით, უკეთეს მდგომარეობაში მოხვედრა რომ შეძლონ. 
      - ხვალ-ზეგ რომ შეგხვდეს, აღარ მიესალმები?
      - არა!
      - ეგ როგორ?
      - ჩვეულებრივად. ყოველდღე მალამოს წასმას არ ვაპირებ და რომც წავისვა, არა მგონია, მსგავსი სიხარული კიდევ მეწვიოს.
      ჩემმა პასუხმა დაუსრულებლის განცდა დამიტოვა, წამით ისევ დამაფიქრა და ცოტა ხნის შემდეგ, ადრე დაწყებული აზრი ცოლს დასკვნის სახით გავუხმოვანე: ისეთი სიხარული არ მსურს, მისი განცდისას ამ ქალაქის ყოველი უზნეო ჩემში თუ უნდა შემოეხეტოს.
      - იქნებ მიუტევო, - მითხრა გულწრფელად.
      - ქვა ვესროლე თუ თოფი, თუ სალანძღავი სიტყვები ვასმინე. გზები გაიყარა - სულ ეგ არის, - ვუპასუხე მშვიდად.
      - საერთო ნაცნობ-მეგობრები გყავთ. მათი აზრი არ გაინტერესებს?
      - ამბის გაგება გსურდა და მოგითხრე მომხდარის თაობაზე, განსჯა-ანალიზში დამეხმარე და სწორ გზაზე დამაყენე-მეთქი არ მითხოვია. საქმეს მიხედე, არ დაგაღამდეს!
        ვეღარაფერი მიპასუხა. ახლა უკვე თავად გადააქნია თავი აქეთ-იქით უძლურების ნიშნად, რეზინის ხელთათმანები თითებზე კარგად შეისწორა-მოირგო, სახეზე ალაგმულის ღიმილი გამოესახა  და სააბაზანოსკენ ბეჯითი ნაბიჯებით გასწია.
        მარტოდ დარჩენილს კმაყოფილების გრძნობა მეწვია, - ზედმეტი კითხვებით მაინც აღარავინ შემაწუხებდა. თუმცა ვერც ის გამეგო - რა მეკეთებინა. საძინებელში შევედი, კარი მივიხურე, გავიხადე და შევწექი. ძილი არ მინდოდა, მაგრამ ვგრძნობდი - ვერც მის გარეშე დავაღწევდი თავს უსიამო განცდებს. ფიქრი ზოგადისკენ მივმართე  და ჩათბობა-ჩაძინების მოლოდინში გავისუსე. 
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები