ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2016


დერივაცია

მე რომ შემეძლოს ქარი ვიყო, ამ ჩემს წისქვილებს
ზედ ტანზე აღარ ვიტრიალებდი...
ან თუნდაც მიწა რომ არ ვიყო, როგორ ვიყვირო -
რა გეტმასნება, კანაფი თუ სველი ალერდი...
შენ მხოლოდ ზიხარ, თითით ზომავ ძველ სამართებელს...
აბურდულია შენი ფიქრის ძაფი ბოლომდე...
- ან ჩვენ რა გვიჭირს, ასე გვიყვარს, გაგვამართლებენ...
ვერც ვიბოროტებთ...
ის, რაც შეგვეძლო, წარსულია, რა შეგვიძლია
ზუსტად არ ვიცით და ვორჭოფობთ, როგორც მისნები.
შენ გრძნობებისთვის ლექსი გისხამს და გაგიზრდია;
მე ვერ ვიზრდები...
შენ იარსებე, იფიქრე და მიხველ იქ, სადაც
მე გავიყინე, მერე დავდნი, მერე ავორთქლდი...
ანუ როცა ცა ფანჯრის მინა გეგონა და თან
სუნი სამოთხის
მოჰქონდათ ქარებს უკვე სადღაც აქვე, ახლოდან...
მთებს ჟრუანტელი ასდიოდათ, როგორაც ორთქლი.
ანგელოსები გააღვიძე. აქვე სახლობდნენ.
და დროში მოკვდი...
მე დღეს დაგეძებ. და მძაგს იცი, როგორ წარსული,
აწმყო, ვექტორი მისთანანი, ციკლი გრძნობათა.
მითხარ, რას ვკარგავ როცა ასე სხვაკერძ ვარსებობ,
ასეთმა ყოფამ ან რა მომმატა?!
დგანან კითხვები სადგურებზე. თვალებში - ლოდინ...
კვლავ გალეშილან პასუხები, იყო თრიაქი.
ჯიბეგაღლეტილ ურბან-ლოთთა საღრღნელად ბოთლი
ფულივით თელილ მიზნებს რატო მიფორიაქებ -
ძინავთ თავისთვის, გამიარეს.
ახლა მეც ის ვარ,
სხვა პალატაში
სხვის ნაცვლად რომ
სხვა სენით იწვა...
ხარი პალოზე გამოუბამთ, და ისე რკალავს
თოკით გარშემო თავის სათქმელს. ვეღარც აიშვა.
რა გინდა ნახო ბრმების გარდა ამ ბრმათა კალოს,
როგორ გაგიშვა?!
სუსხი ბოლომდე იხარჯება და როგორც ძაბვა
სხეულში მივლის მოლოდინის ცივი სამეფო.
ერთმანეთისგან დაშორებულ სხეულებს ვბაძავთ.
უერთმანეთოდ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები