ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათ
ჟანრი: იუმორისტული
1 დეკემბერი, 2016


კუნძული ,,მენორკა"

კატალუნიაში ამინდი ყოველთვის დაბალანსებულია.
თუმცაღა თეთრ კლდეში, ოქროსფერ და ზოგან ვარდისფერ ქვიშაში ჩახატულ კუნძულ მენორკაზე, ისევე ცხელა როგორც მაიორკასა და იბიცაზე. უფრო მისახვედრი რომ იყოს, ქობულეთივით იწვის და იხრუკება იქაურობა.
ამის მიუხედავად, თავისი სიმშვიდითა და მომხიბვლელობით თითქმის ყველა ქვეყნის ტურისტს იტევს, მათ შორის ქართველებსაც.
ნამდვილად ვერ წარმოიდგენთ როგორი რთულია და ამავდროულად იუმორითა და ამპარტავნული ხასიათით გაჯერებული ქართველური ,, ვოიაჟი'' საზღვრებს გარეთ.
მოკლედ,  ერთ ოჯახზე მინდა გიამბოთ, რომელთაც არც იმდენი ფული ჰქონდათ  რომ მენორკაზე დაესვენათ, თანაც ,,შოპინგით'' დამტკბარიყვნენ და არც ისე ცოტა, ბათუმის სანაპიროს ქვებზე ფეხები რომ გადაეჩეხათ.
ჩვენს და ასევე მათ გასაკვირად, დიდ მკერდიანმა გოგონამ ელჩის განჩინებით ოჯახს პასპორტში ვიზები ჩაუკრა.
გაიხარეს!
თვითმფრინავში ჩასხდნენ და ბარსელონას ფუმფულა ღრუბლები მშვიდობიანად გამოარღვიეს. შემდეგ ტურისტულ გემში  გადასხდნენ და მიყვნენ დინებას იქამდე, ვიდრე არ გათენდა და მენორკის კლდეებს მზის ცეცხლოვანი ფერი არ გადაეკრა.
ჩავიდნენ, დაბინავდნენ, დაისვენეს...
მოკლედ ტურისტულმა მომსახურებამ გაამართლა.
ჩვენი მეგობრები თავიდანვე ცდილობდნენ არ შევეწუხებინეთ, ამიტომ მეორე დღესვე დამოუკიდებლად გადაწყვიტეს კუნძულზე გასეირნება.
სახლში ვერც ჩვენ გავჩერდით. მაშინ, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ესპანურ ,,პაეჯას'' შევექცეოდით, ჩვენს მეგობრებს პაკისტანური რესტორნისთვის მიუგნიათ, და რადგან სამი წლის შვილი თან ახლდათ, ოჯახის უფროსმა პანტომიმური მიხვრა_მოხვრით არამწეველების ოთახი მოითხოვა.მომღიმარმა ოფიციანტმა ჯერ თავი დაუქნია , ხოლო შემდეგ დახვეწილი მოძრაობით რიგში მდგომ ადამიანებზე მიანიშნა. ჩვენი ქართველი ვაჟკაცი ამან ვერ შეაშინა და საბოლოოდ საბრალო ბავშვი კვამლით გაბურულ ოთახში დასვეს. დასხდნენ.
მაგრამ რა შეუკვეთონ? ჩუმად გადახედეს გვერდით მაგიდებს და მოეწონათ! მოიხმეს ოფიციანტი, მერე გაიშვირეს ხელი ორი მაგიდის იქით სადაც ხორცეულის ნაირსახეობა ელაგა და ის მოგვიტანეო ბრძანა ოჯახის უფროსმა. დიდხანს არ უცდიათ. მალე დაბრუნდა ახალგაზრდა მამაკაცი მაღლა აწეული ლანგრით. თუმცა მიმტანის ხელის დაშვებასთან ერთად, ცხვირებიც დაუშვეს ჩვენმა მეგობრებმა.
მართალია თეფშის მოცულობა მაგიდის ძირითად ნაწილს მოიცავდა, მაგრამ ზედ მხოლოდ ხუთი ცალი ერთ მწკრივად განლაგებული ლანგუსტი ელაგა წითელ წიწაკასთან ერთად.
საღამოს განსაკუთრებულად ლამაზია იახტებით გადაჭედილი ზღვის გაშლილი ჰორიზონტი. ქუჩის ლამპიონების ყვითელ შუქზე მოფარფატე თოკზე დაკიდებული სუვენირები... ,,ფორნეისი'' პატარა, მაგრამ ყველაზე ლამაზი სოფელია მენორკაზე, თუმცა კი მაღაზიების სიუხვით საპორტო ქალაქი ,, მაონი'' გამოირჩევა.
ხოდა, რადგან ჩვენი მეგობრები ,,სალვადორ დალის'' , ,,პიკასოსა'' და ,,გაუდის'' ინტერესით არ ჩამოსულან , წავიყვანეთ პირდაპირ ,,მაონში''.
საღამო იყო, ზღვის ნიავი უბერავდა. პალმები და წიწვოვანი ხეები , ატაცებული ლამპიონისა და მთვარის შუქზე საოცარი სიმშვიდით ირხეოდნენ. ზრდასრული ადამიანები ჭილის სხვა და სხვა ფერის კანტიანი შლაპებით  სეირნობდნენ, ბავშვები სანაპიროზე განთავსებულ უფასო გასართობ პარკებში თამაშობდნენ...
ხოლო, უკვე ფინანსური კრიზისის ზღვარზე მყოფი მეგობრები, ერთი მაღაზიიდან მეორეში გადადიოდნენ. ჩვენ კი ვიჯექით და ველოდით! დრო გადიოდა, უკვე ბარდიურზე ჩამომსხდარებს დაღლილობისგან სახე დაგვებრიცა, თვალებიც კი მივნაბე რომ მეუღლემ შემანჯღრია
- შეხედე, შეხედე! - იცინის და ყვირის.
მართლაც დავინახე, როგორ გამორბოდა მაღაზიიდან, პატარა ფეხებიანი ერთმანეთზე ჩამოცმული ორი ცალი შლაპა. ეს იყო კადრი მულტფილმიდან ,,ტომი და ჯერი'' . მაშინვე მივხვდით რაც ხდებოდა, ჭკვიანმა და მოხერხებულმა მამიკომ ორმოცდაათი ევრო დაზოგა .
პატარა ,,ჯერის'' განსაკუთრებით, სავაჭრო ცენტრის ესკალატორები იზიდავდა. ხელიდან დაგვისხლტებოდა და ან ზემოთ აუყვებოდა ან ქვემოთ ჩაუყვებოდა.
უკვე ბარსელონაში დაბრუნებულებმა, მეგობრების საქართველოში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე გადავწყვიტეთ  ქალაქის დათვალიერება. მაგრამ ჩვენს სტუმრებს მაინც სავაჭრო ცენტრებისკენ გაურბოდათ თვალი. ერთიც შევიდეთო, ითხოვეს და შევედით.
ამჯერად გაგვიმართლა, რადგან ისეთი ძლიერი წვიმა წამოვიდა , რომ უკვე ჩემი მეუღლეც კმაყოფილი დარჩა გადაწყვეტილებით.
წვიმამ უმალ გამოკვეთა ნორმალურ ანაზღაურებიანი მომხმარებელი. ზოგმა ქოლგა შეიძინა, ზოგმა საწვიმარი, ზოგმა რა... ჩვენც ვიყიდეთ ორი ცალი ქოლგა და ერთი მეგობრებს მივეცით. მაგრამ მამამ ისევ იზრუნა ოჯახზე და თავისი შვილისათვის ჩუმად ამოიჩარა იღლიაში საწვიმარი ქურთუკი. არ გეგონოთ რომ მოპარვა ეადვილებოდა, პირიქით ძალიან ეუხერხულებოდა. მისი ვითომ და ფრთხილი საქციელი ყურადღებას უფრო იპყრობდა. მოკლედ, ის იყო ნელ-ნელა მიიწევდნენ გასასვლელისაკენ რომ პატარა ,,ჯერი'' ისევ დაუსხლტა დედას ხელიდან და ესკალატორს შეაფრინდა.
მამას სულ დაავიწყდა ხელში რა ეჭირა, ისე ისკუპა და შეახტა საფეხურებს, მაგრამ ქვემოთ დაშვებისას გონს მოეგო რომ სარისკო მდგომარეობაში იმყოფებოდა , ამიტომ შვილი ხელში აიყვანა და ქვემოთ ჩამავალი ესკალატორიდან ზემოთ ამოირბინა. ამ საწინააღმდეგო მოძრაობისას პატარა ,,ჯერი'' მამას უძალიანდებოდა და იყო ბრძოლა. რომ ვეღარ მოერია პატარა ონავარს მთელი ძალით მაღლა ამოისროლა. ბავშვის საჰაერო ფრენას იქვე ერთ-ერთმა მყიდველმა მოჰკრა თვალი.
არიქა ექიმი ვარო ეცა ბავშვს, თვალები დაუქაჩა, მერე მუცელი უნახა, მუხლები, იდაყვები... ამის დანახვაზე სხვებიც მოვიდნენ და ასე ხმაურიანად და დიდი ყურადღებით გამოგვაცილეს გარეთ.
ის საწვიმარი კი შერჩათ ხელში, მაგარამ ბავშვისთვის აღარ ჩაუცმევიათ, ისე კი წვიმამაც გადაიღო.
ასეთი იყო ჩვენი მეგობრების ქართველური ,,ვოიაჟი'' დიდ ესპანეთში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს