ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2016


აუხსნელი ქარაგმა (გაგრძელება)

                          ტბორში ყველაფერი ორია


  ტბორის ნაპირას ვთბებოდი რბილ ბალახზე გაწოლილი, ორი მზის ცქერით ვერთობოდი და ველოდი, როდის შეხვდებოდნენ მზეები ერთმანეთს, როდის გადაიქცეოდა ორი მზე ერთ მზედ, მერე კი ისიც გაქრებოდა. ყოველი მზის ჩასვლისას ხომ ასე ხდება ამ ტბორში.
  უცბად ვხედავ, ტბორში მოჭვრიტინე მზის სახეს თეთრი ღრუბელი გადაეფარა. მაღლა ავიხედე, ლურჯ ცაზე მსუფევ მზესაც წამოჰპარვია თეთრი ღრუბელი. ახლა უკვე თეთრი ღრუბელიც ორია, ერთი მათგანი ლურჯი ცის თაღზეა, მეორე ტბორის წიაღში. მათ მიღმა ორი მზე მიმალულა.
გადაიარა თეთრმა ღრუბელმა ცის თაღზე, ტბორშიაც გადაიარა მისმა ორეულმა. ისევ ორმა მზემ შემომაჭყიტა თვალები. ცოტა ხანში მზეს ისევ წამოეპარა ღრუბელი... როგორც ცაზე, ისე ტბორშიც.
  მარტო მზე და ღრუბლები, თვითონ ლურჯი ცაც ორია. ერთი მაღლა, ჩემს თავს ზემოთ კამკამებს, მეორე ტბორის წიაღში ჩაფენილა. ისინიც ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც მზის და თეთრი ღრუბლების ორეულები. ოდნავი სხვაობაც კი არაა მათ შორის. ლურჯი ცა ტბორის წიაღში იყურება და იქ თავის თავს ხედავს, თავის ბინადარ მზესთან და ღრუბლებთან ერთად, და ყველაფერი ორია, მხოლოდ ტბორია ერთი.
მერე სხვა რაღაცეებიც დავინახე; თურმე ტბორის ნაპირას გადმოხრილი მწვანე ბუჩქებიც იყურებიან ტბორის წიაღში და იქ თავის თავს ათვალიერებენ. მოშორებით მოშრიალე მწვანე ხეების დანახვაც შევძელი, მიწაზე პირქვე გაწოლილმა, ცხვირი ლამის წყლის ზედაპირს შევახე... და საერთოდ, მთელი სამოთხის ბაღი მოჩანს ამ კამკამა ტბორში, მოშრიალე ტანმაღალი ხეებით, ნაირფერი ყვავილებით და მთელი თავის ბინადრებით. ტბორის ნაპირას ნუკრი გამოჩნდა, ისიც ორია, ერთი მწვანიანზე, მეორე ტბორის წიაღში. ყველაფერი ორია, რაც კი ამ ტბორში ჩამოიხედავს, და ერთი ბეწოთიც კი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისე ჰგვანან ერთმანეთს.
უცბად ტბორის კამკამა ზედაპირი შეირხა, ათრთოლდა, პატარა წრიული ტალღები გაიშალნენ ყველა მხარეს, რაღაც დაეცა მის ზედაპირზე. ზემოთ ავიხედე, კაჭკაჭი დავინახე, თურმე ნისკარტით კაკალი მიჰქონდა, გაუვარდა და ტბორში ჩავარდა.
აძიგძიგდნენ, ათრთოლდნენ ტბორში ჩაფენილი ლურჯი ცა, მზის ელვარე სახე და თეთრი ღრუბლები. ტბორის წიაღში ყველაფერი თითქოს ნაწილნაწილ იშლება, ისე თრთის და ცახცახებს. ახლა უკვე აღარ ჰგვანან ერთმანეთს სამოთხის ბაღი და მისი ორეული, და ასე მეჩვენება, თითქოს ორეულები ცდილობენ გაექცნენ თავიანთ ნამდვილ სახეს, ტბორის კამკამა ზედაპირის მაღლა რომ სუფევს. ეს განსაკუთრებით მზის შესახებ ითქმის, თვითონ ნამდვილი მზე, შეკრული და მთლიანი, ჩვეულებისამებრ, გულიანად იცინის, მისი ორეული კი ისე დაიშალა და დაიფანტა, ვეღარც კი წარმომიდგენია, ოდესმე თუ მოიყრიან თავს ისევ. სხვისა არ ვიცი, მზის ორეული კი ნამდვილად ცდილობს გაქცევას სადღაც.
  მაგრამ აი, დაწყნარდა ტბორის ზედაპირი, იმ კაკლის გარდა აღარაფერი დასცემია მის კამკამა ზედაპირს, პატარა წრიული ტალღები გაუჩინარდნენ. ტბორის წიაღში ჩაფენილი ორეულებიც თანდათან დამშვიდნენ, ოდნავ შესამჩნევადღა თრთოდნენ. მერე კი სულაც შეწყვიტეს თრთოლვა, ისინიც უძრავდ გაირინდნენ. სამოთხის ბაღი და მისი ორეული ისევ უწინდებურად შეაჩერდნენ ერთმანეთს, უშფოთველად და აუმღვრევლად.
მერე უკვე მე თვითონვე ვისროლე კენჭი ტბორში (აღარ დამიცდია, კაჭკაჭს ისევ როდის გაუვარდებოდა კაკალი ნისკარტიდან), ისევ ათრთოლდნენ და აძიგძიგდნენ ტბორის წიაღში ჩაფენილი მზე, თეთრი ღრუბლები და მწვანე ხეები. ახლაც ცდილობენ სადღაც გაქცევას ათრთოლებულ-აცახცახებული ორეულები, მაგრამ ვერსადაც ვერ გარბიან. ამაოა მათი მცდელობა, ვერაფრით ვერ გაექცევიან თავიანთ ნამდვილ სახეს. ორი მზის ტბორი თანდათან მშვიდდება, ორეულებიც თავიანთ პირვანდელ სახეს იბრუნებენ.
ისევ ვისროლე კენჭი ტბორში, ყველაფერი თავიდან დაიწყო...
მართლაც რომ მშვენიერი გასართობი ვიპოვნე...
 

                              რა არის სამოთხე?


  - მითხარი რაიმე სამოთხის შესახებ...
  თვალები გავახილე. გველს კისერი მოუღერებია, თავისი ბნელი ლაქებით დამყურებს.  არადა, თითქოს მისი ჭაჭანებაც არ იყო, როდესაც დასაძინებლად მოვიკალათე.
  - მეძინება, - ვამბობ და თვალებს ვხუჭავ, - სხვა დროს ვისაუბროთ.
  როგორც ჩანს, გველს არ ეძინება, ლაპარაკის ხასიათზეა.
  - მითხარი რაიმე სამოთხის ბაღის შესახებ, - ისე ჩამესმა მისი ხმა.
  - რა უნდა გითხრა, - ვეუბნები თვალგაუხელელად, - შენ ხომ ყველაფერი იცი ისედაც...
  - ჩემთვის არა, სხვების გასაგონად უნდა თქვა რაიმე.
  - ვინ სხვების, - ვბუტბუტებ ნახევრად ძილში წასული, - ვინ არიან ისინი...
    - ისინი, რომლებიც შენგან ელიან პასუხს, ელიან ძალიან, ძალიან ბევრ კითხვაზე, ვერც კი დაითვლი, იმდენჯერ გკითხავენ, სამოთხის ბაღი რა არისო... უკვე მესმის მათი ჟრიამული, დროის უკუნეთს ავსებს მათი ხმების ექო...  - შენ თვითონ უთხარი ჩემს მაგივრადაც.
  - ჩემს ხმას ვერ გაიგონებენ, თვითონვე უნდა თქვა შენი სათქმელი. იცოდე, მოსვენებას არ მოგცემენ, ყველა სხვა ხმას დაფარავს მათი ღაღადისი...
  - მაფშალიას ხმასაც?
  - მაფშალიას ხმასაც.
თვალები გავახილე, ეს მგონი მართლაც არ უნდა იყოს უბრალო ამბავი. განა შეიძლება მაფშალიას ხმა რაიმემ დაფაროს?
  - რა უნდა ვთქვა, რის შესახებ უნდა ვუამბო მათ...
  - თუნდაც ის ცხადი სურათ-ხატება აღწერე, რასაც ახლა შეჰყურებ, მერე შენი სიზმრებიც გაიხსენე...
სიხარულისგან ტაშიც კი შემოვკარი ამის გაგონებისას.
  - თვითონვე გეთქვა ასე, მე ხომ მშვენივრად ვიცი, თუ რა არის ცხადი და სიზმარი (რამდენჯერ გვილაპარაკია ამაზე). ცხადი ისაა, რასაც ახლა თვალხილული შევყურებ, და რაც ასე ძალიან მომწონს. აი ახლა, ჩემს თავს ზემოთ ტანმაღალი ხე შრიალებს, ირგვლივ ფერადფერადი ყვავილები იფურჩქნებიან, მათ შორის სამოთხის ჩიტი დაგოგმანებს, შორიახლოს ფარშევანგს გაუშლია თავისი ნაირფერი ბოლო... ბუჩქებიდან შვლის ნამიანი თვალები იჭვრიტება, და ყველა მე შემომციცინებს. მელოდებიან, როდის ვითამაშებ მათთან. ყველაფერ ამას ცხადად ვხედავ, თვალახელილი.
  - სიზმარში რაღას ხედავ?
  - ზუსტად იმავეს, რასაც ცხადში, ოღონდ უკვე თვალდახუჭული, - ვამბობ და ისევ ვხუჭავ თვალებს. ამ საუბრისთვის ნამდვილად არ ღირდა ძილის დაფრთხობა. უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ სიზმრის და ცხადის მონაცვლეობაზე.
მაგრამ გველი მაინც არ ცხდრება.
  - მერედა, ჰგვანან ერთმანეთს? - მეკითხება შემპარავი ხმით.
  - რაზე ამბობ? - ვეღარ ჩავხვდი ნახევრად მძინარე.
  - ცხადი და სიზმარი თუ გვანან ერთმანეთს.
  - რა თქმა უნდა, გვანან.
  - ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან?
  - არაფრით.
  - ერთი ბეწოთიც კი?
  - თუნდაც ერთი ბეწოთი. სიზმარშიაც ტანმაღალი ხეები დამშრიალებენ თავზე,  ირგვლივ ფერადფერადი ყვავილები იჭურჩქნებიან, მათ შორის სამოთხის ჩიტი დაგოგმანებს, იქვე ფარშევანგს გაუშლია ბოლო, ბუჩქებიდან ნუკრი იჭვრიტება... და ყველა ყელგადაწევით მეხვეწება, ჩვენთან ითამაშეო...
  - ჰოდა, შენი სათქმელიც ეს არის, ევა, - ამბობს გველი.
  - რომელი სათქმელი, რაზე ამბობ...
  - როცა ცხადი და სიზმარი ისე ჰგავს ერთმანეთს, რომ ვერც კი გაარჩევ, რომელი რომელია... სამოთხეც სწორედ ესაა...
მთლად გამოფხიზლდი, ისე მომეწონა გველის სიტყვები.
  - ადრე ამაზე არ მიფიქრია - ვეუბნები გველს, - ცხადი და სიზმარი მართლაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ისე როგორც კამკამა ტბორში არეკლილი და ჩაფენილი სამოთხის ბაღი ჰგავს თავისთავს. მათ შორის არავითარი განსხვავება არაა... სულ ერთი ბეწოც კი...
მერე დავფიქრდი. უცბად გამახსენდა ტბორის დაჭმუჭნულ-დატალღული ზედაპირი, როცა მასზე კაკალი დაეცა.
  - ამას წინათ კაჭკაჭს კაკალი გაუვარდა ნისკარტიდან, - ვეუბნები გველს, - კაკალი ტბორს დაეცა. ჰოდა, ტბორის ფსკერზე ჩაჭენილი სამოთხის ბაღი სულ სხვანაირი გახდა. ტბორში ყველაფერი აცახცახდა, ათრთოლდა, თითქოს ნაწილებად დაიშალაო. აღარც მზე ჰგავდა თავის თავს ტბორის წიაღში, აღარც თეთრი ღრუბლები, არც ტანმაღალი ხეები, ყვავილები თუ ბუჩქებიდან მომზირალი შვილის ნუკრი. ისე ჩანდა, თითქოს ერთმანეთს გაურბიანო. სიზმარი და ცხადი თუ გაექცევა ოდესმე ერთმანეთს?
  - ასედაც ხდება, - ყრუდ გაისმა გველის ხმა.
  - როდის? - ვიკითხე და ისევ ძილი მომერია.
გველის ხმა აღარ გამიგონია. არ ვიცი, მიპასუხა თუ არა. მერე მე ჩამეძინა და სიზმარშიც გველი ვნახე. ყელი მოუღერებია, თავისი ბნელი ლაქებით დამყურებს და მეუბნება:
- მითხარი რაიმე სამოთხის ბაღის შესახებ...


                                ადამი და ყვავილების გვირგვინი


  არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად ჭირდებოდეს. იმ დღეს ყვავილების გვირვგინი მედგა თავზე, მშვენიერი ნაირფერი სურნელოვანი გვირგვინი... იმდენხანს მოვუნდი იმის დაწვნას. ცისფერმა ჩხიკვმა წამახმარა ნისკარტი, თორემ ალბათ ასეთი კოხტა არ გამოვიდოდა... დავიმაგრე თავზე, ცისფერი ჩხიკვი ამ საქმეშიაც მომეხმარა... გავუყევი მწვანე ბილიკებს. ვხედავ, ადამი მოაბიჯებს. თუმცა, მოაბიჯებს კი არადა, მოხტის, მობუქნაობს, გადახტება ხან აქეთ, ხან იქით, ისეთი მოუსვენარია, მეტი რომ აღარ შეიძლება. თვალებსაც რაღაც უცნაურად, სულელურად აჭყეტს. მე არ მოვრიდებივარ, ჩემს გზას მივუყვებოდი. ხელცარიელს აბა რას გამომრჩება მეთქი, ვიფიქრე...
დამინახა, თუ არა, მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა. მომვარდა, თავიდან ყვავილების გვირგვინი მომგლიჯა და თვითონ ჩამოიფხატა თავის გაბურძგნულ თავზე.
  თქვენ გგონიათ, მოუხდა? არაფერიც. კიდევ უფრო სულელური იერი მიიღო.
მერე კი რა სასაცილო იყო, რომ იცოდეთ: სულ დაავიწყდა, თავზე ყვავილების გვირგვინი რომ ედგა (აბა მე ეს როგორ დამავიწყდებოდა!), მოეღრიცა გვერდზე იმდენ სირბილში და ხტუნაობაში. შევხედე, სიცილით ჩავბჟირდი, თან პირზე ხელი მივიფარე, არ მინდოდა, დაენახა ჩემი სიცილი, ვიცი მისი უკუღმართი ხასიათის ამბავი და სიფრთხილეს ვამჯობინებ. მაინც მიხვდა რაღაცას, თავზე მოისვა ხელი, მოიძრო ყვავილების გვირგვინი, ძირს დააგდო და ზედ ფეხებით შედგა. აი ნამდვილი სულელი.
სხვადასხვანაირი დავიწყება
  ბარაქიანად იწვიმა, ბაღის მწვანე ბილიკები ერთიანად დაინამა; ზოგ ადგილას პაწია ტბორებიც კი გაჩნდნენ. ორი მზის ტბორს, ცხადია, ვერ შეედრებოდნენ სიდიდით. როდესაც მზემ ისევ გამოანათა, სულ მალე ამოშრნენ ის პაწია ტბორები. ერთერთის ფსკერზე ჩემი ფერადი კენჭები ვიპოვნე. ამას წინათ დიდხანს ვითამაშე იმ კენჭებით, მერე იქვე მივყარე და დამავიწყდა.
გველს ვუამბე ეს ყველაფერი (მიყვარს მისი ქარაგმებიანი ლაპარაკი. მართალია ხანდახან ძალიან ვიღლები, სამაგიეროდ ძალიან საინტერესოა).
  - როგორია ეს დავიწყება, კარგია თუ ცუდი? - ვკითხე გველს.
  - არც კარგია, არც ცუდი, - თქვა გველმა.
  - ეს როგორ! ან კარგი უნდა იყოს, ან ცუდი.
  - ფერად კენჭებს არაფერი დაჰკლებიათ, შენ რომ ისინი დაგავიწყდა, - მეუბნება გველი, - არც შენ დაგკლებია რაიმე, ისევ იპოვნე უცვლელად. ასეთი დავიწყება ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან არაფერს ცვლის. ეს პატარა, ძალიან პატარა დავიწყებაა...
გველი მართალია, მართლაც არაფერი შეცვლილა. მე ისევ მაქვს ფერადი კენჭები, შემიძლია ვითამაშო რამდენიც მინდა. პატარა დავიწყება პატარო ტბორივითაა.
უცბად გველის ხმა ისევ გაისმა:
  - დიდი დავიწყებაც არსებობს...
  - ეს რაღაა?
  - როცა დავიწყების დიდი ტბორი უკვალოდ მიჩქმალავს ყველაფერს, რაც მის ფსკერზეა... და როცა მის მოძიებას შეეცდები, შენს საკუთარ სახეს შემოგაჩეჩებს დაკარგულის სანაცვლოდ.
მე შემაშინა გველის სიტყვებმა. ჩემი ფერადი კენჭები ასეთი დიდი ტბორის ფსკერზე რომ მოხვდეს, ალბათ ვერასოდეს ვიპოვი მათ.
  - ვერც ატმებს იპოვიდი. უკვე დამწიფდნენ და შენ გელოდებიან, - მესმის გველის შემპარავი ხმა.
  უცბად გამახსენდა; ატმები შევათვალიერე სამოთხის ბაღში, სულ ცოტა აკლდა მათ დამწიფებას. წამოვხტი და უკანმოუხედავად გავიქეცი. მართლაც, უკვე დამწიფებულიყვნენ. მთელი ხე წითლად დაბრაწული ნაყოფით დახუნძლულიყო. გული ვიჯერე მათი ჭამით. განა ოდესმე ამ ატმების გემო დამავიწყდება?


                        ფერადი კენჭები
                           
 
  კენჭებით ვთამაშობდი, ხან მაღლა ვისროდი და მერე ისევ ვიჭერდი, ხან მწვანე მოლზე ვალაგებდი ნაირნაირ ფიგურებად. კარგად გავერთე, კენჭები ნაირფერად ბრჭყვიალებდნენ მზის სხივებზე და ეს მეტად მომწონდა.
თითქოს განგებ, ყველას ახლა მოენატრა ჩემთან თამაში.
  აი, დათუნია მობაჯბაჯებს, თათით თავისკენ მიხმობს, მეთამაშეო, მეორე თათს გემრიელად ილოკავს, ალბათ თაფლით გაითხუპნა.
  - რა კარგ დროს გამოჩნდი, დათუჩა. Mოდი ფერადი კენჭებით ვითამაშოთ
დათუჩამ სცადა, ძალიანაც მოინდომა, მაგრამ ფერადი კენჭებით თამაში არ გამოუვიდა. ის კი არადა, თაფლით გათხუპნულ თათებზე მიეწება კენჭები, ძლივს მოვაცილე.
_ ხედავ, არაფერი გამოგდის, - ვუთხარი.
  დათუნია ბურტყუნით გამეცალა, მგონი ცოტათი გულნაკლული დარჩა.
მალე სხვებიც გამოჩნდნენ, მელაკუდა, ფოცხვერი, ირემი თუ ხარი... ყველას რა ჩამოთვლის... ირგვლივ შემომეჯარნენ და თვალს არ მაცილებენ. ერთი იმასღა ელიან, როდის მოვიცლი მათთან სათამაშოდ. ლომიც გამოერია მათში, ზვიადი მზერით გამოირჩევა. ამაყად დგას, ხმას არ იღებს, მაგრამ ვიცი, ერთი სული აქვს, როდის მივალ მასან და როდის ავუწეწავ ფაფარს.
  - როგორმე სხვა დროს აგიწეწავ ფაფარს, ახლა ხომ ხედავ, სხვა გასართობი მოვძებნე,    - ვეუბნები ლომს და კენჭებს მაღლა ვისვრი. Kარგად ვიცი, არც მისი თათები გამოდგება კენჭაობის სათამაშოდ. ლომმა ცოტა ხანს კიდევ მიყურა ზვიადი მზერით, მერე თავი ჩაღუნა და გასწია, რათა სხვა გასართობი მოეძებნა.
  ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორ გავისტუმრე დათვი და ლომი, ადგილიდან მაინც არ იძვრიან, თვალმოუშორებლად შემომყურებენ, იქნებ გულმა მათკენ გამიწიოს.
მგელიც რომ ახლა გამოჩნდა... განურჩეველი იერი იყურება, ვითომც აქ არაფერიო, მაგრამ თვალს წამითაც ვერ მაცილებს. ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ მასაც ჩემთან თამაში მონატრებია. თეთრი კრავი გვერდით უდგას, ლამის ზედ ეკვრის თეთრ გუნდასავით.
  - ვერც შენ გეთამაშები, მგელო. სჯობია ისევ კრავს ეთამაშო.
მგელი მაშინვე გატრიალდა, ისევ კრავს მიუბრუნდა. მისი ადგილი ახლა ირემმა დაიკავა, ნამიანი თვალებით შემომციცინებს, და სულ ამაოდ...
  ირემს სპილო მოჰყვა, მერე კენგურუ... რომელი ერთი ჩამოვთვალო...
  - დაიცადონ, არა უშავთ რა, - ვამბობ ჩემთვის და ისევ მაღლა ვისვრი ფერად კენჭებს. ვიცი, ცოტათი გულნაკლულები დარჩნენ, მაგრამ როგორც კი მათთან თამაშს ისევ დავიწყებ, ყოველივე დაავიწყდებათ.
უცბად ფერად კენჭებში მწვანე კაკლები გამოერია, სადღაც მაღლიდან ჩამოცვივდა. ვხედავ, ხის ტოტზე წითელი ციყვი შემოსკუპებულა და მწვანე კაკლებით თამაშობს.
_ მოდი, ვითამაშოთ, _ ვუთხარი მაშინვე. ჩიყვმაც იმწამსვე ისკუპა ტოტიდან.
ჰ, მაჯობა წითელმა ციყვმა ფერადი კენჭებით თამაშში. Aხლა უკვე მე დავრჩე გულნაკლული, მაგრამ არც იმდენად, სულ ცოტათი.

                                            სხვადასხვანაირი  დავიწყება


    ბარაქიანად იწვიმა, ბაღის მწვანე ბილიკები ერთიანად დაინამა; ზოგ ადგილას პაწია ტბორებიც კი გაჩნდნენ. ორი მზის ტბორს ცხადია, ვერ შეედრებოდნენ სიდიდით. როდესაც მზემ ისევ გამოანათა, სულ მალე ამოშრნენ ის პაწია ტბორები. ერთერთის ფსკერზე ჩემი ფერადი კენჭები ვიპოვნე. ამას წინათ დიდხანს ვითამაშე ამ კენჭებით, მერე იქვე მივყარე და დამავიწყდა.
  გველს ვუამბე ეს ყველაფერი (მიყვარს მისი ქარაგმებიანი ლაპარაკი. მართალია, ხანდახან ძალიან ვიღლები, სამაგიეროდ ძალიან საინტერესოა).
  - როგორია ეს დავიწყება, კარგია თუ ცუდი? - ვკითხე გველს.
  - არც კარგია, არც ცუდი, - თქვა გველმა.
  - ეს როგორ! ან კარგი უნდა იყოს, ან ცუდი.
  - ფერად კენჭებს არაფერი დაჰკლებიათ, შენ რომ ისინი დაგავიწყდა, - მეუბნება გველი, - არც შენ დაგკლებია რაიმე, ისევ იპოვნე უცვლელად. ასეთი დავიწყება ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან არაფერს ცვლის. ეს პატარა, ძალიან პატარა დავიწყებაა . . .
  გველი მართალია, მართლაც არაფერი შეცვლილა. მე ისევ მაქვს ფერადი კენჭები, შემიძლია ვითამაშო, რამდენიც მინდა. პატარა დავიწყება პატარა ტბორივითაა.
  უცბად გველის ხმა გაისმა:
  - დიდი დავიწყებაც არსებობს . . .
  - ეს რაღაა?
  - როცა დავიწყების დიდი ტბორი უკვალოდ მიჩქმალავს ყველაფერს, რაც მის ფსკერზეა . . . და როცა მის მოძიებას შეეცდები, შენს საკუთარ სახეს შემოგაჩეჩებს დაკარგულის სანაცვლოდ.
  შემაშინა გველის სიტყვებმა. ჩემი ფერადი კენჭები ასეთი დიდი ტბორის ფსკერზე რომ მოხვდეს, ალბათ ვერასოდეს ვიპოვი მათ.
  - ვერც ატმებს იპოვიდი. უკვე დამწიფდნენ და შენ გელოდებიან, - მესმის გველის შემპარავი ხმა.
  უცბად გამახსენდა; ატმები შევათვალიერე სამოთხის ბაღში, სულ ცოტა აკლდა მათ დამწიფებას. წამოვხტი და უკანმოუხედავად გავიქეცი. მართლაც, უკვე დამწიფებულიყვნენ, მთელი ხე წითლად დაბრაწული ნაყოფით დახუნძლულიყო. გული ვიჯერე მათი ჭამით. განა ოდესმე ამ ატმების გემო დამავიწყდება?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები