ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
16 დეკემბერი, 2016


იმედივით თეთრი ღრუბელი


აი, უკვე ზღვაზე ვარ. როგორც იქნა მოვიცალე საკუთარი თავისთვის. ისე, ეს თინიკოს დამსახურებაა, იმდენი მეჩიჩინა, იმდენი რომ... როგორც იქნა გადავწყვიტე გამემეტებინა ფული, დრო და და დამესვენა ათიოდე დღე.  თინიკო ვეღარ მოდიოდა, დედამთილმა ფეხი მოიტეხა და ვეღარ ტოვებდა. კი მეზარებოდა მარტო წამოსვლა, მაგრამ ვერავინ ვიპოვე ისეთი, ვინც წამოვიდოდა.
„რა იყო, პატარა გოგო ხომ არ ხარ? რა გიჭირს მარტო? გაიცნობ იქ დამსვენებლებს, თან შენი ზღვისადმი სიყვარულის ამბავი რომ ვიცი, მთელ დღეებს პლაჟზე, საღამოს კი სანაპიროზე გაატარებ და ათი დღეც გავა“ - შემაგულიანა თინიკომ.
ურეკში ჩამოვედი.  თუ დასვენებაა, დასვენება იყოს, ვუთხარი ჩემ თავს და საუკეთესო სასტუმროში დავბინავდი. სრული კომფორტი, სამჯერადი კვება, ეზოდან ეგრევე პლაჟზე გასავლელი, მზიანი ამინდი და მეც მეტი რა მინდოდა, მშვენიერ გუნებაზე დავდექი. გვერდით ნომერში, მარჯვნივ, რუსი დედა-შვილი იყვნენ, მარცხნივ  კი, სავარაუდოდ ჩემი ასაკის ორი ქალბატონი. გავიცანით ერთმანეთი,  ერთ მაგიდასთან ვისადილეთ, საბანაოდაც ერთად გავედით, საღამოს ერთად გავისეირნეთ. დაწოლისას საოცრად ბედნიერმა დავურეკე  თინიკოს და მადლობები ვუხადე.
- მიხარია, რომ კარგად მოეწყვე, ეს დღეები მაქსიმალურად დაისვენე,  არაფერზე იდარდო, დაბრუნდები და პრობლემები აქაც გეყოფა - კიდევ ერთხელ დამარიგა მეგობარმა და ძილი ნებისა მსურვა.
დილით, ჩვეულებისამებრ ადრე გამეღვიძა. გადავწყვიტე, მზის ამოსვლას ზღვაზე შევხვედროდი. თანამშრომლები გაოცებით მიყურებდნენ .
პლაჟზე გავედი. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ზღვაც საოცრად ლურჯი და მშვიდი იყო. ნაპირთან ახლო  მოვიკალათე. შორიახლო ტანისამოსი შევნიშნე-„ ვიღაცას ჩემსავით ადრე ჰყვარებია ადგომა და  ზღვა“- გავიფიქრე. მობანავე შორს, წერტილივით მოჩანდა.  აღმოსავლეთისკენ შემოვტრიალდი, ამომავალ მზეს გავუღიმე, თვალები დავხუჭე და გავირინდე. კარგა ხანი ვნებივრობდი თვალდახუჭული მზის მოალერსე სხივებში, ზღვის ჩუმი შრიალი სმენას მიტკბობდა. უცებ  აზრმა დენივით დამიარა. გამოვიდა  ტანსაცმლის პატრონი? შემოვტრიალდი. ზღვაზე არავინ  ჩანდა, არც ნაპირზე. შეშფოთებულმა მიმოვიხედე. სად უნდა წასულიყო? იქნებ დაიღალა და ზღვამ ჩაითრია? გამიგია, ვერაგი ფსკერი აქვსო ურეკის ზღვას. რა ვქნა? ალბათ სასტუმროს თანამშრომლებს უნდა გავაგებინო. ტანსაცმელს მივუახლოვდი, კოხტად დაკეცილი ხალათი, ჯინსის შარვალი, პირსახოცი და „ლასტები“. შეშფოთებულმა კიდევ ერთხელ გავხედე ზღვას და  სასტუმროსკენ შევტრიალდი.
- ქალბატონო, მე ხომ არ მეძებთ? - შემომესმა აქცენტით ნათქვამი .
მოვიხედე, ჭაღარა, სიმპატიური მამაკაცი ძუნძულით მორბოდა სანაპიროს გასწვრივ.
- ეს ტანსაცმელი თქვენია?
- დიახ - უცნობი მოხშირებულად სუნთქავდა - მაპატიეთ, რუსულზე უნდა გადავიდე , არ მეგონა ამ დილაადრიან ვინმეს თუ ვნახავდი, მე წყალქვეშა ნავის მეთური ვიყავი წლების მანძილზე,  ზღვა ჩემი გატაცებაა, წყალში თევზივით ვგრძნობ თავს, მეუღლის გარდაცვალების მერე პირველად ვარ ზღვაზე. ჩავყვინთე და წყალქვეშ მანძილის შეგრძნება დავკარგე, საკმაოდ შორს გამიცურავს ამ ადგილიდან, მაპატიეთ, თუ შეგაშინეთ, დაბრძანდით - მიმიპატიჟა მამაკაცმა და სილაზე დაეშვა.
- დიახ, რომ შევამჩნიე აღარსად იყავით, შევშინდი. დაისვენეთ, მე ზღვაში შევალ.
ცოტა არ იყოს, უხერხულად გავწიე ზღვისკენ. ასე მეგონა კანს მისუსხავდა მამაკაცის მზერა, საცურაო კოსტუმში ზედმეტად შიშვლად მიმაჩნდა თავი.
ზღვა უსაზღვროდ მიყვარდა ბავშვობიდანვე. ჩემი დედულეთი აფხაზეთი იყო და ყოველ ზაფხულს ზღვაზე ვატარებდი. ცურვაც პატარაობიდანვე ვისწავლე. სტუდენტობაშიც ვახერხებდი ზღვაზე თუნდ ათიოდე დღით ჩასვლას, მერე კი აფხაზეთი დაიკარგა, ჩემი ოჯახის ცხოვრებაც აირია და ზღვისთვის ვისღა ეცალა.
ჩემი ძმა მოხალისედ წავიდა აფხაზეთში და პირველივე დღეებში დაიღუპა. მამამ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ მისი ნეშთი გადმოესვენებინა, საგვარეულო სასაფლაოზე პატივით დაასაფლავა და ორმოციოდე დღეში თვითონაც მის გვერდით დაიდო ბინა. მე და დედა ყოველნაირად ვცდილობდით რძლისთვის და ორი მცირეწლოვანი პატარისთვის უმამობა არ გვეგრძნობინებინა. როცა სამიოდე წელიწადში რძალი გათხოვდა, დედამ იმდენი იდარდა, რომ თავში სისხლი ჩაექცა და მარტო დამტოვა ძმიშვილების პატრონად. მართალია, დედაც შეძლებისდაგვარად აქცევდა ყურადღებას შვილებს, მაგრამ მეორე ოჯახში მათი წაყვანის ნება არ ჰქონდა. საკუთარი თავისთვის სად მეცალა? ვმუშაობდი, ბავშვებს ვზრდიდი, შაბათ-კვირას დამყავდა ცეკვაზე, მუსიკაზე. გოგო ტანვარჯიშზე, ბიჭი - კრივზე. გათხოვებაზე არ კი მიფიქრია, დრო კი უმოწყალოდ მიჰქროდა. ჯერ ნაილი გათხოვდა, შემდეგ ბექა დაქორწინდა. ოჯახში ჯერ ბაბუას მოსახელე გიორგი გაჩნდა, შემდეგ დიდი ბებოს სეხნია ნინო. ახლა მათ აღზრდაზე მიწევდა ზრუნვა. ჩემი ძმისშვილი ხშირად მახსენებდა, რომ საჭირო იყო საკუთარ  თავზე მეფიქრა, მაგრამ მე ვთვლიდი, რომ ჩემი მატარებელი უკვე ჩავლილი იყო.
...რა შორს გამიცურავს, ნაპირი თითქმის არ ჩანს. რაღაცნაირი შიში შემეპარა გულში, რომ ვერ გავაღწიო? შორიახლო მოძრავ წერტილს მოვკარი თვალი, ეს იყო მამაკაცი, რომელიც ჩემსკენ მოცურავდა. საკუთარი თავის რწმენა  და ძალა დამიბრუნდა. მოცურავეში ნაპირზე ნანახი ადამიანი შევიცანი.
- ქალთევზასავით ცურავთ - გამიცინა მან- ნებას მომცემთ თქვენს გვერდით ვიყო?
გული სითბოთი ამევსო. ზურგზე გადავბრუნდი და ცას ავხედე. იქ, გაჩენილი იმედივით პაწაწა, თეთრი ღრუბელი ნაპირისკენ მიისწრაფოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები