ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2016


პროცესი N2

ახლა აურა - აპოზიტივი,
განწყობა - უფრო სამგლოვიარო.
შენ ტალღებიდან ამოტივტივდი,
მე ისევ წყალზე უნდა ვიარო.
მე სასწაულის მეასედს ავყვე,
ისევ მარტო ვარ, როგორც ასკეტი.
რა ესტეტიკა - ცა ფიფქებს არწყევს,
გზა უაზრობას მიათასკეცებს.
დათოვლა ალბათ დაფნა ცამ სოფლად,
ძმამ ნადირები კვლავ მოიშაშვა.
შენ მოგენატრა ჩემი ბავშვობა.
შენ რომ გიყვარდა ჩემში, ის ბავშვი
მართლა სად არის ნეტა, ვინ იცის.
წარსული - ჩვენი აწმყოს არტახი.
გაპროზაულდა მასში თბილისი
და გაქვავებულ ნერვებით ტეხავს
ღამეებს, დღეებს და ხასიათებს.
ხასიათს, დღეებს, ღამეებს და მისთ...
არ გამოვრიცხავ, უფრო იავდრებს.
შენ - "ავდრობისას მოვიკლათ თავი!"
მე - ჩემი თავი, როგორც საყდარი
ვერ დავანგრიე ნაშენი მკვიდრად.
დღითიდღე გინდა გადამაყვარო
რაც მიყვარდა და ჯერ კიდევ მიყვარს.
დღითიდღე გინდა, ისე დამშალო
რომ შეგრჩე ხელში მარიონეტი.
მეც მომწონს შენი ძველი თამაში,
მეც მომწონს შენში მკვლელის მომენტი,
ანუ გიჯერებ, ანუ ისე ვარ
რომ კანს კი არა, სულსაც ვისერავ.
რომ გამოვუშვა რაღაც, რაც უფრო
კანის და სულის შიგნითაც უფლობს.
რაც ჩემს მაგივრად ხშირად საუბრობს,
და ფენა-ფენად მე მის საუფლოდ
ვიქეც. ყელშია უკვე ყოველი.
დილა.
ყოველი ჩემი მპოვნელნი...


***
სხვა ამინდია. თოვლის მთელი ბეგარა - ფერი
მრავლად ვიხადე და ასეთი ყოფა მაოცებს.
აქეთ მობრძანდით, ფეხს ნუ იწმენდთ - ეგ არაფერი,
ვადაგასული ოცნებების სასაკლაოზე.
ჰეჰ, როგორ მსურდა მასთან ფრენა, ფრენაც კი წარსულს...
მარტო დამტოვა ბლუზის რითმმაც, მარტო მიმაგდო.
ახლა ისე ვარ, შენი ფუნჯით დანაღმულ ცას რომ
რამეს აჯღაბნი. როგორ უნდა გამოვიზამთრო
აზრზე არა ვარ და უსაზმნო ბედზე მინდობით
ვწერ ამ სტრიქონებს, დილით ცეცხლის ნავლად განწირულთ.
გავს ჩემს ხასიათს ცეცხლნანთები მწვანე მინდორი.
და მინდა გავდეს ბუხრის პირას ფიქრობს კაცი რომ
თავის ნამყოზე და დინჯია, როგორც კლასიკა.
ვქაჩავ ჩემს ჩიბუხს, როგორც ბაწარს, წარსულზე მობმულს.
ჩემი სახე კი ორჭოფია. ან დანაკლისი.
ჩემი ნერვები - მიწისქვეშა ნაღმი თუ ბომბი.
ჩრდილი აწვალებს კედლების ძილს, და ეს სურათი
ერთიანია, როგორც გვალვა და მოზაიკა.
ტვინი წაიღეს "ესთეტიურ პოეზიებით",
ტვინი წაიღეს ამ ყველაფრით, ტვინი წაიღეს.
.
სალამი ბნელო, ჩემო ძველო მეგობარო.
ვერ ვთარგმნი? - მე ასე მინდოდა.
შენც კარგად ცდებოდი, გეგონა რომ
მზე მოყვებოდა უამინდობას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები