| ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 20 დეკემბერი, 2016 |
ჯერ ვანგრევდი და მერე მშენებლის პროფესიას ვეუფლებოდი, იყო ეს პერიოდიც - ვიდექი და ირგვლივ კედლებს ვაშენებდი - მოდური ტენდენცია იყო. ჯერ იატაკიდან, სადამდეც ავწვდებოდი, მერე ხარაჩოს მივიდგამდი და ცამდე ამყავდა ეს კედლები. მასალის მომარაგებაში ვიღლებოდი, და ერთი დამხმარე მყავდა, უფრო სწორად, უნდა მყოლოდა, ბევრი გავუშვი - დედა, მამა შეუთავსებლობის გამო, ხელობას მიწუნებდნენ გამუდმებით. და მატყუებდა, არადა თვალში არ აკლდა, თუმცა ნაშენი გამუდმებით უსწორმასწორო გამოდიოდა დღის ბოლოს. მეგობრები - სათითაოდ, რიგრიგობით - ესენი საკუთარი ნებით წავიდნენ დამოუკიდებლად სამუშაოდ, სულ სხვა საქმეზე, ზოგიერთნი კი მომიწოდებდნენ, რომ ეს კედლები არ უნდა მეშენებინა, სხვა საქმისთვის უნდა მომეკიდა ხელი. ნათესავები და რამდენიმე მეზობელი, რომლებიც როცა ვიძინებდი, მუხანათურად აგრძელებდნენ შენებას და იმ დილით, განზრახ, როცა არ მინდოდა მუშაობა, და მასალის არქონას ვიმიზეზებდი, მოჰქონდათ ქვიშა, ცემენტი და აგური. შეყვარებული - თავიდან მშვენივრად მეხმარებოდა. ნაშენიც მოსწონდა, მაგრამ ერთი დღიდან, როცა ამ კედლებს მან ჩვენი მომავალი საცხოვრებელი უწოდა და მეტი ყურადღებით მუშაობისკენ მომიწოდა, მე ეჭვმა და ეგომ შემჭამა, გაუცხოებისკენ და მარტოობისკენ მიბიძგა და შეყვარებულმაც მალე სხვის დამხმარედ იწყო მუშაობა. სკოლის მასწავლებელი მეტად მუყაითი მშრომელი იყო, თუმცა დიდ გასამრჯელოს ითხოვდა. თანაკლასელები ერთმანეთს ექიშპებოდნენ მუდან პირველობისთვის და მე ეს მღლიდა. სტუდენტობაში გაცნობილი ადამიანები ახალ მასალას, დიზაინს, არქიტექტურას მირჩევდნენ და აქაც რადგან საკუთარი ნების დაკარგვის საფრთხე დავინახე, ისინიც უარით გავისტუმრე. შიგადაშიგ ცოტა ვართულებდი - ტერენტი, გალაკტიონი, ჭილაძე, დოსტოევსკი... თუმცა, ამდენ ცვლილებაში ბოლო ორი რიგიღა დამრჩა, მაგრამ საქმე ისაა, რომ დამხმარედაც აღარავინ მეკარება, ადრე გარედან ქვებს მესროდნენ და დაანგრიეო - მიყვიროდნენ, ახლა ესეც მობეზრდათ. მე კი კედლებში გამომწყვდეული ჩემი არაშესაშური სიმაღლის გამო ხარაჩოდანაც ვეღარ ვწვდები დასასრულებელ რიგებს, თან დარჩა უამრავი ღრიჭო, ჭუჭრუტანა, საიდანაც ქარები შემოდიან, ზემოდანაც მას შემდეგ, რაც ღმერთის ხმაც ძილს არ მაცლის - გოდოლას მეძახის, მე სამ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობ. ასეთია მშენებლის პროფესია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესოდაა აღწერილი მშენებლობის პროცესი.
და ფინალიც.
საინტერესოდაა აღწერილი მშენებლობის პროცესი.
და ფინალიც.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|