ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
4 მარტი, 2017


ცის სახლი - 5. პაპარაც-ცენტრი

(გაგრძელება)

  პაპარაც-ცენტრი

  დილაადრიან ალექსი ქუჩიდან შემოღწეულმა ჩიტების ჟღურტულმა გააღვიძა; რამოდენიმე ღრუბლიანი დღის შემდეგ, პირველი დილა იყო მზემ მთელი სიკაშკაშით რომ გამოანათა. სარკმლისკენ მაცქერალმა მცირე ხანს საწოლში ინებივრა და მერე, წამოდგა, ქუჩას გადახედა - იმ ჩიტის მოძებნა სცადა, რომლის გალობაც საერთო ჟღურტულში მკვეთრად გამოირჩეოდა. ჩიტი ვერ დაინახა, ტოტებში იმალებოდა, ან იქნებ გაფრენილიყო კიდეც, რადგან მისი ხმა აღარ გაუგია. ოთახში შებრუნებული სავარძელში ჩაეშვა, პულტი მოიმარჯვა ტელევიზორი რომ ჩაერთო, მაგრამ ტელევიზორმა ფსიქიატრიული საავადმყოფო გაახსენა და გუნებამოშხამულმა ჩართვა გადაიფიქრა - სწორედ, იმ დილით საავადმყოფოს ხელმძღვანელობისთვის გადაღებული ფოტომასალა უნდა მიეწოდებინა. საქმე იმაშია, რომ მასალა მზად ჰქონდა, მაგრამ ივანიჩთან (და მთავარ ექიმთანაც) შეხვედრა არ სურდა - ჯერ ერთი, რომ ისინი პიროვნულად ძალზედ არ მოეწონნენ, და მეორეც, მართალია, მათ მიერ ტელევიზორის ადმინისტრაციულ კორპუსში გადატანის ამბავი ჯერ არ იცოდა, მაგრამ ამ კუთხითაც რაღაც ავი წინათგრძნობა ჰქონდა, რადგან მოგვიანებით გაიაზრა, რომ მათთან შეუთანხმებლად საავადმყოფოში ტელევიზორის დატოვება გარკვეული კანონდარღვევა იყო.
  სავარძლიდან წამოდგა, ჩაიცვა, მსუბუქად ისაუზმა კიდეც და ამის მერეღა  შეხედა საათს - ივანიჩი მის ზარს დილიდანვე ელოდა, რომ ვიზიტის ზუსტი დრო დაეთქვათ, მაგრამ სახლიდან ისე გავიდა, ტელეფონს არ მიჰკარებია; იფიქრა, საავადმყოფოში ან მთავარი ექიმი დამიხვდება, ან მისი მოადგილე ივანიჩიო. ადგილზე მისულმა საავადმყოფოს იმ მხრიდან შემოუარა, საიდანაც ადმინისტრაციული კორპუსი იდგა. შესასვლელში თეთრხალათიანმა კარისკაცმა შეაჩერა, დაინტერესდა თუ ვისთან და რატომ მიდიოდა - ალექსმა აუხსნა მისვლის მიზეზი. მეორე სართულზე ასული მთავარი ექიმის კაბინეტს მიადგა, კარებზე დააკაკუნა და შეაღო. თავი რომ შეჰყო, მაგიდასთან მჯდომი ექიმის დაბნეულობამ აგრძნობინა, რომ ის მას არ ელოდა და ამ დაბნეულობაში რაღაც უცნაური უხერხულობა გამოიკვეთა, თითქოს ექიმს დანაშაულზე წაუსწრესო. მასპინძლის ასეთმა ქცევამ ალექსიც დააბნია.
  - გამარჯობა... მასალა მოვიტანე, ფოტოები...
  - დიახ, დიახ... - ცივად გამოსცრა ექიმმა.
  მაგიდასთან მჯდომმა ორიოდ წამს გაუნძრევლად დაჰყო და მერე, თითქოს ძილბურანიდან გამოერკვაო, ფეხზე წამოიჭრა და ალექსს შეეგება, მაგრამ კაბინეტში შეპატიჟების ნაცვლად, ის ივანიჩთან წაიყვანა - რა ხანია გველოდებაო! ალექსი სანამ დერეფნისკენ შებრუნდებოდა, კაბინეტში ერთმა საეჭვო დეტალმა მიიქცია მისი ყურადღება - ისეთივე ტელევიზორს მოჰკრა თვალი, როგორიც მან საავადმყოფოს შესწირა; წინა ვიზიტის დროს იქ სხვა ტელევიზორი იდგა. გაიფიქრა - ამ კაცმა ტელევიზორი ხომ არ მიითვისაო(!), და თან, წარმოუდგენლად ეჩვენა ასეთი რამ, მაგრამ ექიმის უადგილო დაბნეულობამ, ეჭვი დაუტოვა.
  ივანიჩის კაბინეტის კარი მთავარმა ექიმმა დაუკაკუნებლად შეაღო და შევიდა; ალექსი გარეთ დატოვა, სთხოვა, ერთ წამს დალოდებოდა. ექიმის ასეთმა ქცევამ ალექსი განარისხა და თან, მის მიმართ ეჭვი გაუღვივა. კარების სახელურს ხელი წაატანა, რომ შეეღო, მაგრამ მერე, გადაიფიქრა - სიტუაციის გამოსაკვლევად სიმშვიდის შენარჩუნება არჩია. კარები მალე გაიღო და ის კაბინეტში შეიპატიჟეს.
  - ბატონო ალექსს, როგორ ბრძანდებით? - მლიქვნელურად გაელაქუცა ივანიჩი, - თქვენ ზარს ველოდი, მაგრამ... მთავარია მოხვედით... მასალა მოიტანეთ? აჰ, თან გაქვთ... დიდებულია.
  მთავარმა ექიმმა მოუცლელობა მოიმიზეზა და იქაურობიდან გასხლტა. ივანიჩის კაბინეტს კომფორტი არ აკლდა, თუმცა ამ მხრივ ის წინა კაბინეტს დიდად ჩამორჩებოდა. ალექსის ყურადღება იქ მხოლოდ ერთმა ნივთმა მიიპყრო - ტელევიზორმა, რომელიც საავადმყოფოში პირველი ვიზიტის დღეს მთავარი ექიმის კაბინეტში ნახა. ტელევიზორის ამოცნობაში არ შეცდებოდა, რადგან ბრწყინვალე მახსოვრობა ჰქონდა. ახლა მისთვის ნათელი გახდა, თუ რა მაქინაცია გაითამაშა საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ - მთავარმა „გაიძვერამ“ პაციენტებს ტელევიზორი მოსტაცა, ხოლო თავისი ძველი ხელქვეითს, პატარა „გაიძვერას“  გადაულოცა! ალექსმა როგორღაც შეძლო, კიდევ გარკვეული ხნით მოეთოკა გრძნობები, თუმცა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა დაესაჯა, რაც სასამართლოში სარჩელის შეტანასაც ითვალისწინებდა - ტელევიზორის მიტაცების გარდა, ახლა ის მათ სასადილო დარბაზში პროფილაქტიკის გახსნასაც ედავებოდა, პაციენტების შიმშილსაც და კიდევ სხვა ბევრ რამეს.
  ივანიჩმა შიდა ტელეფონით სადღაც გადარეკა და იმ პაციენტის მოყვანა მოითხოვა, ვისაც საავადმყოფოსთვის „ვებ-გვერდი“ უნდა დაემზადებინა. ალექსმა როგორღაც წინასწარ წარმოიდგინა ამ „პაციენტის“ სახე, მაგრამ როცა ის კაბინეტში შემოვიდა, მოლოდინი არ გაუმართლდა - ძალზედ დინჯი, გაწონასწორებული კაცი გამოდგა; და გუნებაში დაასკვნა, რომ მას ადამიანი შემთხვევით შემოაკვდებოდა. ამის შემდეგ, ალექსის ფიქრი იმ გაუკუღმართებულმა სამართალდამცავმა სისტემამ მიიტაცა, რომელსაც ამ კაცის დანაშაულზე თვალი უნდა დაეხუჭა; თავის თავს ჰკითხა - ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია მკვლელი დაუსჯელი დარჩეს, დასჯიან კი ტიპიურ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს?! არა, არ დასჯიან! - დაასკვნა. მაგრამ ეს დასკვნა სულაც არ ნიშნავდა მისი მხრიდან უსამართლობასთან შეგუებას - ფოტომასალით დასაბუთებულ სარჩელს სასამართლოში მაინც შეიტანდა და თუ საავადმყოფოს ხელმძღანელობის პასუხისგების საკითხი არ დადგებოდა, იმას ხომ მაინც მიაღწევდა, რომ მიტაცებული ტელევიზორი პაციენტებს დაბრუნებოდათ.
  საავადმყოფოს ხელმძღვანელობაზე იერიშის მისატანი სტრატეგია მხოლოდ სასამართლოში ჩივილით როდი ამოიწურებოდა - ალექსმა გადაწყვიტა პაციენტების ყოფის ამსახველი მასალის საზოგადოებაში გამომზეურება, ანუ ფოტო გამოფენის მოწყობა. ასეთი აზრი საავადმყოფოსთან შეხების პირველსავე დღეს გაუჩნდა, მაგრამ თავიდან სხვა დატვირთვა მისცა ამას - აქცენტს მხოლოდ პაციენტთა გაუსაძლის ყოფაზე გაამახვილებდა, ხოლო ახლა, დამნაშავე პირებსაც გამოააშკარავებდა. პირველ რიგში, ავტოპროფილაქტიკის საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეჭრისა და ექიმებისგან ტელევიზორის მიტაცების ფაქტის სამხელ კადრებს გაასაჯაროებდა.
  ოცი-ოცდახუთი წუთი დაჰყო ალექსმა კაბინეტში. ამ ხნის განმავლობაში თავი მშვიდად ეჭირა და წასვლის წინ, თავისი ჩანაფიქრის დასაფარად, ივანიჩს ღიმილით ხელი ჩამოართვა. ივანიჩმაც ღიმილითვე გამოუწოდა ხელი, თუმცა ამ უკანასკნელის ღიმილში შეუძლებელი იყო გარჩევა თუ რამდენად დაიჯერა მან ალექსის „გულუბრყვილობა“. ქუჩაში გასული აუჩქარებლად გაუყვა ტროტუარს, ეჭვი ჰქონდა რომ საავადმყოფოდან უთვალთვალებდნენ და გზის ის მონაკვეთი, რომელიც ფანჯრებიდან კონტროლდებოდა, უკან გაუხედავად გაიარა. შემდეგ გადაუხვია და შემოვლითი გზით საავადმყოფოში გახსნილ პროფილაქტიკას მიადგა - იქ კადრები ფარულად გადაიღო. ამის შემდეგ, გადავიდა „ოპერაციის“ ყველაზე საპასუხიმგებლო ფაზაზე: ტელევიზორის მიტაცების ფაქტის დასაფიქსირებლად საავადმყოფოში ხელახლად უნდა შეეღწია და თანაც, ექიმებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ალაყაფის კარს მიუახლოვდა (სწორედ იმ კარს, საიდანაც ტელევიზორი შეიტანა), გასასვლელში გაჩხერილ „სქელო გოგიას“ ძველი მეგობარივით ხელი აუწია და სანამ ის რაიმეს ჰკითხავდა, თავად დაასწრო - ივანიჩს ვყავარ დაბარებული, გადაღებული ფოტომასალა მიმაქვსო! ცოტა დრო ჰქონდა და ეზოში შესული სასადილოსკენ ლამის სირბილით გაემართა. შორიახლოს ვიღაცეები იდგნენ, მაგრამ არ დააკვირდა პაციენტთაგან იყო ვინმე, თუ მედპერსონალი - თვალის არიდებით როგორღაც არასასურველ დამხვედრს იგერიებდა. დარბაზში უკვე ფოტოაპარატ მომარჯვებულმა შედგა ფეხი და ის ადგილი გადაიღო, სადაც მაგიდაზე მდგომი ტელევიზორი დატოვა. მისი ეჭვი გამართლდა - იქ აღარც ტელევიზორი იდგა და აღარც მაგიდა. მაგრამ ალექსი ცოტა არ იყოს დააბნია კუთხეში მიგდებულმა მუყაოს ყუთმა, რომელშიც ტელევიზორი იყო შეფუთული. გაიფიქრა: ყუთში იქნებ ტელევიზორი დევს და ამხელა აჟიოტაჟი ტყუილად ავტეხეო! მიუახლოვდა რომ შეემოწმებინა, მაგრამ სანამ ყუთს ღია ადგილი მოუძებნა და შეიხედა, ის შეირხა... სწორედ იმ დროს, უცნაური დამთხვევით, დარბაზში ვიღაც პაციენტმა განწირული ხმით წამოიკივლა და შეშინებულმა ალექსმა უკან დაიხია. ერთ ხანს გაუნძრევლად იდგა და მერე, ყუთზე წარწერა შეამჩნია:
  ტელეკომპანია „მირაჟი“
  სტუდია „პაპარაცი“
  ხელი არ ახლოთ, ობიექტს იცავს დაცვის პოლიცია!
  გაეღიმა... მუყაოს ყუთს სურათი გადაუღო, რაკურსი ისე შეარჩია, წარწერა კარგად რომ გამოეჩინა; მერე, შიგ შეიხედა - იმედი ჰქონდა იქ პაპარაცი დახვდებოდა. პაპარაცი მართლაც იჯდა ყუთში - მუხლებში სახეჩარგული ფიქრს ისე გაერთო, სტუმარი ვერ შეამჩნია; როცა გამოერკვა, ალექსის დანახვით განცდილი სიხარული მისი თვალებიდან დაუდარავად გადმოიფრქვა; გარეთ გამოძვრა და სტუმარს მხურვალედ ჩამოართვა ხელი.
  - ვიცოდი, რომ მესტუმრებოდი!
  - შენი ნახვა მიდოდა, მაგრამ ახლა აქ ტელევიზორის გამო მოვედი - არ შევარჩენ ექიმებს მის მითვისებას, ამისთვის დაისჯებიან!
  ალექსი დარწმუნებული იყო, რომ პაპარაცი მის მრისხანებას გაიზიარებდა და რადგან ასე არ მოხდა, უკანასკნელი სიტყვა კიდევ ერთხელ, გამოთქმით გაიმეორა - და-ის-ჯე-ბი-ან!
  - როცა ვინმეს რაიმე არ ერგება, ის არ შეერგება. - სრული სიმშვიდით უპასუხა პაპარაცმა.
  მისმა სიმშვიდემ, მისდაუნებურად, ალექსიც მოიცვა.
  - ტელევიზორს დააბრუნებენ... მაგრამ ამ სამარცხვინო ფაქტს მაინც დავაფიქსირებ ფოტოგამოფენაზე!
  - გამოფენას აწყობ?
  - ვაპირებ...
  - ეს საინტერესოა... ალბათ, გამოფენას საავადმყოფოს თემას მიუძღვნი!
  ალექსმა თავი დააქნია.
  - საგამოფენო სივრცე უკვე შერჩეული გაქვს?
  - დარბაზი? ჯერ არა.
  პაპარაცს თვალები გაუბრწყინდა; სათქმელი, რომელიც მოაწვა, რაღაც ხანს შეიკავა, თითქოს ყოყმანობდა კიდეც ეთქვა თუ არა.
  - გამოფენა იქნებ აქ, ჩემთან, „ცენტრის“ საგამოფენო დარბაზში მოაწყო? - მუყაოს ყუთზე ანიშნა.
  დაეჭვებულმა ალექსმა მზერა პაპარაცისკენ ფარულად გააპარა, რათა გაერკვია, მან იხუმრა, თუ სერიოზულად უთხრა.
  - აქაურობა ტელეკომპანია რომ არის, ამაზე წარწერა მეტყველებს, მაგრამ გალერეის შესახებ მინიშნება ვერ შევამჩნიე...
  - „ტელეკომპანია“ ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა, რეალურად უფრო ფართო პროფილი გააჩნია „ცენტრს“ - ფუნქციონირებს საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები და კიდევ სხვა ბევრი რამ! - პაპარაცმა სიტყვებს დამაჯერებლობისთვის ღიმილი დაატანა, - აღნიშნული ინფორმაციის მატარებელი აბრის გამოკვრა გარკვეულ მიზეზთა გამო შემაგვიანდა. - და ჯიბიდან ამოღებული მარკერი ხელში შეათამაშა, - „არტ-გალერეა“ - მიაწერა და ალექსი შიგნით შეიპატიჟა.
  - შიგ შევძვრეთ?
  - „შესაძრომი“ არაფერი გვჭირს - შევბრძანდეთ! წინ მე გაგიძღვები.

  „ცენტრში“ შებრძანდნენ, სადაც სხვა დანარჩენთან ერთად, საგამოფენო დარბაზიც იყო.

  - ირგვლივ წყვდიადია. - თქვა ალექსმა.
  - თვალები დახუჭე და წყვდიადი გაიფანტება.
  - მე სხვა წყვდიადი მაქვს მხედველობაში...
  - მეც!
  ალექსმა თვალები დახუჭა.
  - აი, ესეც ჩვენი საგამოფენო დარბაზი... მოგწონს?
  პასუხი ალექსმა ყოყმანის შემდეგ, და თანაც, როგორღაც წყვეტილად გასცა:
  - დარბაზის დანახვა მიჭირს... რასაც ვხედავ, ის ძალზედ ბუნდოვანია. ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ გამოსაფენად ფოტოები ჯერ არ მაქვს მზად. - უეცრად, მის თავს რაღაც მოხდა, ათრთოლებული ხმით განაგრძო, - გამოფენის აფიშა დავინახე, ახლახანს დავინახე! ის უკვე ქალაქის სტენდებზეა გაკრული!
  - აფიშა?
  - ხო, აფიშა!
  - აფიშაზე რა ჩანს?
  - ჩანს ხელები, ხელის მტევნები, რომელსაც თითქოს ფოტოაპარატი უპყრია და სურათის გადასაღებად ემზადება!
  - სურათის გადასაღებად... - გაეღიმა პაპარაცს, - რას იღებს?
  - ცხოვრებას!
  - ცხოვრებას?
  - ხო, ცხოვრებას!
  - ცხოვრებას მხოლოდ სურათს თუ გადაუღებ... დამპატიჟე გამოფენაზე.
  - შენ უკვე იქ ხარ!
  - მე თუ იქ ვარ, ესე იგი, გამოფენას დამთვალიერებელი ჰყავს და ის არა მზადების პროცესშია, არამედ შედგა!
  ალექსმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და თქვა:
  - „პაპარაც-ცენტრის“ არტ-გალერეაში შედგა.


  „მუყაოს ყუთიდან“ გამოსულ პაპარაცსა და ალექსს დარბაზში შემოკრებილი გაოცებული პაციენტები შემოეხვივნენ - ყუთი პაციენტებს მანამდეც ნანახი ჰქონდათ, მაგრამ მასში ისეთი დიდი პიროვნების „შეძრომა“, როგორიც ალექსი იყო, საოცრებად აღიქვეს; მათ თვალში ხომ ის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ წარმოგზავნილი ელჩი გახლდათ, (ასე წარადგინა ივანიჩმა); გზა მოწიწებით დაუთმეს და გასასვლელისკენ მიმავალს, ჩურჩულით დაედევნენ.

  ამ შემთხვევის შემდეგ „მუყაოს ყუთს“ პაციენტთა თვალში განსაკუთრებული პატივი დაედო და ამასთან ერთად, ისედაც პოპულარული პაპარაცის რეიტინგი ერთობ ამაღლდა.

  ეზოში გასულ ალექსს წინ აქოშინებული ივანიჩი შემოეჩეხა. ერთმანეთის დანახვაზე ორივე შედგა, ისე გაჩერდნენ, კაცი იფიქრებდა დუელისთვის ემზადებიანო - გადაღებული ფოტომასალის შესანარჩუნებლად ალექსი მზად იყო ფიზიკური ძალა გამოეყენებინა, ბრძოლით გაეღწია სავადმყოფოდან! რაც შეეხება ივანიჩს,  მისი თვალებიდან შიში გამოსჭვიოდა. ეს შიში ალექსის უპირატესობა იყო და თავის სასარგებლოდ გამოიყენა - შეუტია:
  - როგორ გაბედეთ ტელევიზორის მიტაცება?!
  - რას ბრძანებთ ბატონო ალექსს, ასეთი რამ როგორ იფიქრეთ! იმ დღეს აქ ისეთი საშინელი ამბავი მოხდა: ერთმა პაციენტმა დაიჩემა, გინდა თუ არა ტელევიზორის მცველი ვარო და ის თქვენი ტელევიზორი კინაღამ თავზე დაგვალეწა. კიდევ კარგი, მხოლოდ ძველის დამსხვრევა მოასწრო. იძულებული გავხდით, ტელევიზორი გაგვერიდებინა.
  - გასარიდებლად მთავარი ექიმის კაბინეტის გარდა სხვა ადგილი არ მოიძებნა?!
  პასუხად ივანიჩმა ალექსს ანიშნა თან გაჰყოლოდა, რათა მათი საუბარი იქ შეგროვილ პაციენტებს არ მოესმინათ. ყოყმანის შემდეგ, ალექსი გაჰყვა.
  - ალბათ, დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ფაქტია: საავადმყოფოს ტერიტორიაზე სასაწყობედ გამოსადეგი ფართი ფიზიკურად არ გაგვაჩნია - ან წვიმა ჩადის, ან კარი არ აქვს, თუ აქვს, საკეტი არ უმუშავებს.
  - ხო... - დამცინავად დასძინა ალექსმა, - კომფორტი მხოლოდ კაბინეტებში გაქვთ!
  - ბატონო ალექსს, მედპერსონალის მიმართ ამაოდ ხართ მტრულად განწყობილი. ჩვენი ბრალი არაა, პაციენტებს გაუსაძლის პირობებში რომ უწევთ ცხოვრება. აქაურობას კიდევ არაუშავს, არის ფსიქიატრიული პანსიონები, სადაც ბენეფიციარები შიმშილისა და სიცივისგან იხოცებიან. პაციენტთა უმეტესობის დიაგნოზი ღრმა გონებრივი ჩამორჩენაა - ექიმების ვალია მათი მკურნალობა და არა მათ გამოკვებაზე, ჩაცმასა და დახურვაზე ზრუნვა. თუმცა ეს უკანასკნელიც ჩვენი გასაკეთებელი ხდება, რადგან სახელმწიფოს ყველანი ფეხებზე ვკიდივართ! უმწეო პაციენტებისთვის სახლიდან ჩვენც მოგვაქვს სხვადასხვა ნივთები... ოღონდ, ჩვენთვისაც ვიტოვებთ რაღაცას, ისევე როგორც თქვენ მთელი თქვენი ქონება არ მოგიზიდავთ მათთვის. პირადი კომფორტი, რომელიც ჩვენს კაბინეტებში თვალში მოგხვდათ, ჩვეულებრივი რამაა, რადგან ის ნებისმიერი ადამიანის უფლებაა. რაც შეეხება თქვენს ტელევიზორს, მისი მოტანა ჩვენთან უნდა შეგეთანხმებინათ, რადგან პაციენტებისა და თავად ნივთის დაცვის მიზნით, ის სპეციალურ (არამსხვრევად მინიან) კარადაში უნდა მოთავსდეს. ძველი კარადა, თავადაც ნახეთ, მცირე ზომისაა; ახალს  შევუკვეთავთ და როგორც კი მზად იქნება, ტელევიზორი პაციენტებს დაუბრუნდებათ.
  ივანიჩის სიტყვების შემდეგ ალექსმა იგრძნო, რომ ამ კაცმა სათქმელი არ დაუტოვა. არადა, იმ აზრსაც ვერ შეეგუა, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან სასაყვედურო აღარაფერი დარჩა. შეუგუებლობის საბაბს, პირველ რიგში, თანამოსაუბრის შიში აძლევდა, რომელიც ექიმის თვალებში არ ნელდებოდა.
  - ტელევიზორის კარადა როდის იქნება მზად?!
  - ძალიან მალე.
  ამასობაში ალაყაფის კარს მიუახლოვდნენ. დაბნეული, უფრო კი დაფეთებული „სქელო გოგია“ ივანიჩს გამოეგება და თავის მართლებას მოჰყვა - ეს კაცი ტერიტორიაზე მოტყუებით შემომეპარაო! ივანიჩმა „სქელო გოგია“ თავიდან მოიშორა... ქუჩაში რომ გავიდნენ, წასასვლელად მომზადებულ ალექსს ივანიჩმა დასამშვიდობებლად ხელი გაუწოდა, რაც ალექსს უტიფრობად ეჩვენა, თუმცა თვითონაც გაუწოდა ხელი, მაგრამ ყელში ისეთი გულის ამრევი გრძნობა შემოაწვა, რომ რამოდენიმე ნაბიჯის იქით გაზონზე გადაანერწყვა.

  (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები