ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2017


* * *

რამდენჯერ ვცადე მეწერა შენზე, მაგრამ ყოველ ჯერზე ამოსროლილი სიტყვები უკანვე ბრუნდებოდნენ წყვდიადში და ვერ ვბედავდი მათ ფურცელზე გადატანას.

არ ვიცი, იქნებ გაუბედაობა იყო ან შიში ან იქნებ ტკივილი. ეს შეგრძნებები ჰაერიდან მოვიდნენ ჩემში და ფარულად ჩასახლდნენ. ზოგჯერ ვერ ვბედავდი, ზოგჯერ მეშინოდა და ზოგჯერაც მტკიოდა რაღაც შიგნით სულში.

ხანდახან მგონია, ჩემი ფანტაზიაა ჩემივე ცხოვრება, მე თვითონ, ჩემი ფანტაზიის მთავარი გმირი ვარ და შენ შემოგიშვი ჩემს სულთან ყველაზე ახლოს. მე შენ გამოგიგონე ერთხელ და შენც კარგი გამოგონება აღმოჩნდი. გამოგიგონე სიზმარში და ცხადში ამიხდი.

რამდენჯერ ვცადე შენი გაქრობა, ალბათ სიამაყე თავის საქმეს აკეთებდა და გაორებულ "მეს" ეხვეწებოდა შენს გაქრობას.
გამიჭირდა.
მე გავექეცი საკუთარ თავს და შენ აღმოჩნდი ჩემი ერთადერთ თავშესაფარი.

ზოგჯერ მგონია, ერთი სული გვაქვს, ერთ ადამიანად ვართ ქცეულები და რომელიმე ნაცნობ ან უცნობ, ხილულ ან უხილავ პლანეტაზე ვცხოვრობთ, მეოთხე განზომილებაში. სიზმარში და არა ცხადში, რადგან ცხადში ხომ არ არსებობს თავისუფლება და არც იდილია, ჩვენ კი თავისუფალნი ვართ ორივე ერთად.

..................................................................................

ახლა მთვარიანი ან უმთვარო ღამეა და ჩემთვის სულ ერთია სიზმარია თუ ცხადი, მე ვზივარ თითებგაყინული როგორც ყოველთვის და ვწერ. ვწერ შენზე. როგორც იქნა, გავბედე.

მე დავამარცხე შიში, ტკივილი და თვით სიამაყეც კი. მე შეგიყვარე ჩემი გამოგონება და კიდევ მრავალჯერ დავწერ შენთვის, შენზე.
მე მეყოლება შვილები, რომლებიც იქნებიან შენი შვილებიც (სიზმარში და არა ცხადში) და მე მათ წავუკითხავ შენთვის დაწერილ ყველა წერილს ძილის წინ (სავარაუდოდ ჩვენს პლანეტაზეც იძინებენ ადამიანები). ისინი შენ დაგემსგავსებიან.

ჩვენ ვიცხოვრებთ არაამქვეყნიური ცხოვრებით. ჩვენ არასდროს არ ვიჩხუბებთ ისე, როგორც ჩხუბობენ ტრადიციულად ცოლი და ქმარი. მე გაგიმზადებ ყოველ დილით საუზმეს და ყოველ საღამოს დაველოდები შენს სახლში მოსვლას, რომ დამიგემოვნო  შენთვის მომზადებული კერძები.

მე მოგიძღვნი ჩემს სულს და სხეულს. 

შენ შეეცდები ჩემი გაყინული ხელების გათბობას ისე, როგორც ახლა მითბობ ხოლმე სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, მაგრამ... მერე მიგატოვებ და წავალ ჩვენი პლანეტიდან ძალიან შორს, რომელიმე ღრუბელზე შემიფარებს ღმერთი და დაველოდები მზის ჩასვლას. ან იქნებ ცხადში დავბრუნდები...

მერე დავიძინებ და სიზმარში მოვალ შენთან (თქვენთან) უკვე როგორც სტუმარი შორი ღრუბლიდან მოსული. შენ დამახვედრებ დილით საუზმეს, რომელსაც ჩემ მაგივრად ჩვენი შვილები შეჭამენ და ყოველ დილით დაელოდები საღამოს, რომ კვლავ მოვიდე სიზმარში შენთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები