ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2017


ძველები და უფრო ძველები 2008-2013

(თევდორე რეხვიაშვილს)

ჩვეულებრივი დილა ცრიდა ჩრჩილნაჭამ ფარდის
ნახვრეტებიდან და გვესმოდა კვირტების ფეთქვა.
სულ სამი წლისაც არ ვიყავით, რომ გამოვვარდით
საწოლებიდან, გავეპარეთ დედას და მე ვთქვი:
- ჩვენ გავიზარდეთ! - და ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს.
გავედით გარეთ, მოვიხურეთ კარი რომელიც,
დიდი ხნის წინათ ჩაურაზავთ, მაგრამ ღმერთმანი
ჩვენ არ გვინდოდა დაგვრქმეოდა დიდები... სქელი
პეპლებიანი თბილი საბნით ვიცავდით სხეულს,
გვეხურა სევდა და გვეგონა ბავშვობა შორი.
მე მაინც დღესაც, იმ საბანში თბილად გახვეულს
მძინავს და დედა ღამღამობით ბალიშს მისწორებს.
მე ეს ვიცოდი, არ მეძინა, ვიცოდი ისიც
რომ დედას უფრო იშვიათად ეძინა ვიდრე,
ვხვდებოდით ამას და მათბობდა მზესავით მისი
უძილო მზერა... რომ ვმალავდით მოპარულ კიტრებს,
ისე დავმალეთ ტკივილებიც, მერე ცხოვრებას
სულ სხვანაირად ვუყურებდით, სულ სხვა რაკურსით
შენ, შენს მომავალს ფუნჯით ხატავ მე კი ცხონებულ
წარსულზე დავწერ და მოვიჭრით პატარა კუზებს,
რომელიც სულზე დაგვიტოვა ცხოვრებამ.. (მე ქვის
სახლები ხელით დავანგრიე და გადავყარე)
ხელი ჩაგკიდე, გამოვაღეთ კარი და მე ვთქვი:
- ჩვენ გავიზარდეთ! - და დიდები გავედით გარეთ..
2013
......................

აი, ესაა ცხოვრება...

ის ნისლი, ისევ ისრიმისფერ ცაზე ლიცლიცებს
და მესერს ავლებს _
შეშველ მკლავებს,
ისლისფერ ალვებს
" – შენ გული,
თოვლით
განაგული, ქარივით გიცემს,
მკერდს ზემოთ ცა გაქვს,
მკვდარი ზეცა და მტკაველ–მტკაველ
ვიხსენებ ხევის მჭახე ხავ–ხავს და ხევისბერებს,
პირიმზეს პირზე გადახეულ წითელ იარას..."
" – იარე ისე,
როგორც ქიმზე
და ხველის მერე
ნუ შეშინდები, ეს უბრალო სერპანტინია..."
" – სერპენტიებიც აღარ ჰყვავის.
პერიპეტიებს
ლაშქრავენ
ახლა
სერი მახრას ბასრი კბილები!"
" – მათ ვისაც
უფლის
თეთრი
კიბე
ვერ
აპატიეს
ძნაზე სძინავთ და ცივი ხელით სახეს ისრესენ...
და
მანამ
სანამ
საბოლოოდ აქ დამკვიდრდები,
წერე წაღმა,
თან წარმართებზე,
ან მკვდარი სადმე
დაწექი.."
" – შენ კი ხელმეორედ აღსდგები ჩემში?!"
" – ნუ დამაჯერებ, რომ ტყუილად არ გავისარჯე! "

ის ნისლი ისევ ისრიმისფერ ცაზე ლიცლიცებს
და მხრებით ხვდება სანახების მხრჩოლავ ხორშაკებს...

" – აი, ესაა ცხოვრება..."
2013
....................

შეუნდე (მა)მას! (ლექსების გამოფენა 2013)

აი,ეს ქვაა, ჩემი ბოლო, ჩემი ალაგი,
აი, აქ, სადაც ვუმღეროდი ცვრიან ბალახებს
და ჩემი სული, ჩემი ხორცის მეიარაღე
შეიქცევს მხარს და მიდის, სადღაც ნაიალაღარ
დევების ჩრდილში...
ზამთარია და ყინვა უჭერს
მწვერვალებს, ხევში სისხლი გასდით, ნატანჯი სისხლი.
მზე მთელი ძალით ეჭიდება ღრუბლის კაუჭებს,
მისერავს სახეს ცივი ქარი და არხევს ნისლებს.
მივდივარ მარტო, ყომრალ მიწას ნაბიჯებს ვაჩვევ,
უკვე ღამეა, ხის ტოტებიც იწევენ მკლავებს..
"- მე ასჯერ მომკლეს ტყვიით, დენთით, ცივი დამბაჩით
და ასმეერთედ მარტოობის წამებით მკლავენ..."
მე ჩემს გზას ვეძებ...
ვხეტიალობ და მამის ხელი
ახლა მჭირდება, როგორც კედლის სურათს ლურსმანი.
"- გთხოვ, ღმერთო, ბოლოს ჩემს ხეტიალს ნუ გამიხსენებ."
ჩემ უკან ისევ ქარებია...
გთხოვ, განუსვენე
მათ, ვინც გაიქცნენ სახლებიდან... ომობდნენ მერე,
ებრძოდნენ ხეებს, წვიმებს, ქარებს, დროს არ ხარჯავდნენ
სინდისზე ფიქრში, სინანულში, სერავდნენ სერებს
და არ იცოდნენ, რომ აქ არის მათი არჯალი,
აი, ეს ქვაა, აი ეს ხე და ეს ბალახი
გუგულის ციცქნა ქვეყანაზე რომ უმღეროდნენ...
ახლა კი ხელებს ისე ვიქნევ, როგორც ავრეხი
სუბსარქისისას მშიერ ქარში შიშველ ღეროებს.
"- მე როგორ მეთქვა, რაც აქამდე ვერავინ ვერ თქვა,
მე ისიც მყოფნის, რომ მსურდა და ვერაფრით ვერ ვთქვი."
დუმილი ამბობს რაღაც დიადს და მისი ფეთქვა
არავის ესმის...
ისევე ვარ, როგორც ეს ვერხვი,
მასავით მკაცრი, მაგრამ ხელებს მაინც ცას ვუშვერ
და "- გევედრები, დაიფარე დღეს მამაჩემი."
ვიცი, რომ სულ არ იმსახურებს და მაინც ვუშვებ,
რომ შემძლებოდა პატიება არ გავარჩევდი...
"- ღმერთო, მშვიდობით დააბრუნე, მიეცი ძალა,
რომ თავის ოჯახს (ახალს მაინც) შეუდგას მხარი." -
მე უკვე შორს ვარ მისგანაც და ვიტკიებ მალას,
რაც ის წავიდა და დატოვა კარებთან ქარი...
აი, ეს ქვაა ჩემი ბოლო, ჩემი ალაგი,
ზურგზე რომ მადევს და სიცოცხლე დამისაპყარა
და ჩემი სული, ჩემი ხორცის მეიარაღე
შეიქცევს მხარს და მტოვებს მარტო გზაგასაყართან...


* ავრეხი - უნაყოფო ვაზი
* არჯალი - აღსასრულის დღე
* საპყარი - კუტი
....................

წამიერი სისუსტე (ლექსების გამოფენა 2012)

შეღება თეთრად მზისფერი მოლი,
გაშალა ციდან მიწამდე აფრა
არა და როგორ მინდოდა თოვლი
არა და როგორ მინდოდა მაგრამ...

მთელი ცხოვრება დენის ხაზებზე
მწკრივად ჩამომსხდარ ბეღურებს ვითვლი
ვუყურებ ხელზე გადახსნილ ვენებს
და ვხედავ როგორ მიათრევს სისხლი

გულისკენ სუნთქვის ბოლო რეკვიემს
ვიცი არ მოხვალ... დღეები სველი
ბეღურებივით ჩამწკრივდნენ. იქვე
გელი მეც როგორც სამარიტელი...

შეღება თეთრად თოვლმა ვენახი
გატეხა ქარმა ზამთართან ფიცი,
მე რომ სულ ცოტა სითბო მენახა
მე რომ სულ ცოტა... მაგრამ რა ვიცი

რომ ყველა ჩემი ცოდვილი წვეთი
ისევე გტკივა შენ როგორც მაშინ
ჯვარს რომ გაცვეს და ჩემსავით გვერდით
არავინ გყავდა... და მერე ქარში

ვიმღერებ ბოლო მომაკვდავ სოლოს
დავტოვებ ფოთლებს, დავტოვებ თეთრი
ხეების ჩრდილში, ვენახის ბოლოს...
შენამდე მაინც არ მოვალ ეტლით

შეღება წითლად მზისფერი მოლი
გაშალა ციდან მიწამდე აფრა
არა და როგორ მინდოდა თოვლი
არა და როგორ მინდოდა, მაგრამ...
.....................

ახლა მტვერზე მეტია
ჩემს ოთახში ოცნება.
მოუთმენლად გელოდი _
ულამაზეს ბანოვანს.
პაემანი თაროზე,
დაჯავშნული მაგიდა,
და სადილად "ბოვარი"
ანდა "მამა გორიო",
დეპრესიის სულ ბოლო,
უკურნელი სტადია.
მარტოობაც მარტივად
ჩემი მონაგონია,
ჯადოსნური თეატრის
უტრამალო მგელი ვარ,
ტბის შუაში უნიჩბოდ
დარჩენილი მეტივე...
ღმერთს რა მოთმინება აქვს,
შენ სულ ცოტაც არ იცი.
მე რომ მიძლებს ამდენ ხანს
და არსად არ გაიქცა.
სანამ ბილიკს აირჩევ
სანამ მოგკლავს აისი
ჩემს ბილიკზე იარე
ჩემი სული ჩაიცვი...
ჰოდა, მოდი, ვიაროთ,
რაღა დაგვრჩა სავალი,
ორიათას რაღაცა
წელიც უკან დავტოვეთ;
პაემანი თაროზე,
რომანტიკა, სანთელი,
აი ჩვენი საზღვარი
და არა სიმარტოვე...
საზეიმოდ დასრულდა
კიდევ ერთი, თორმეტი
არშემდგარი პიესა,
ოცნებების ბუმია.
ცხოვრებაში, იცოდე,
არის ერთი მომენტი,
როცა გარეთ მოსულ თოვლს
სხვისი თმების სუნი აქვს.
2012
...............

2008 - 2011-მდე

მე შენი სული მიყვარს და არა ესთეტიკა -
ღამეთა ისტერიულ ვნებათა პარტიტურა.
თუმც, უნდა ვაღიარო, ქართული გენეტიკით
შარმი გაქვს დამწველი და ზედმეტად პოეტური...

მე შენი პეპლებივით ბავშვული სიარული
მაგიჟებს უფრო მეტად, ვიდრე ეგ სწორი ტანი.
ისე კი ოცნებაში სულ ყველა იარუსი
მოვსინჯე სათითაოდ ტერფიან-თმებიანად...

მე შენი გული მიყვარს და არა სავსე მკერდი -
ყელიდან გავლებული მუცლამდე - მედიანა,
ჩემივე შექმნილია შენამდე ბარიერი,
უბრალოდ ფოთლებია, ქარი და მეტი არა...

მე შენი სული მიყვარს და არა ესთეტიკა -
ქარიშხლის ისტერიულ ვნებათა პარტიტურა.
თუმც, უნდა ვაღიარო, ქართული გენეტიკით
შარმი გაქვს დამწველი და ზედმეტად პოეტური...
...............

ოქტომბრის ბოლო სიმღერა...

ეს ოქტომბერის ფოთლები
და გულწასული ქარია
ჩემი სულ ბოლო სიმღერის
სულ ბოლო ნაზი აკორდი.
ნეკერჩხლებს ტანის კანკალში
სიცივე შემოჰპარვიათ
ვნებადაცლილი ტკივილით _
საშემოდგომო ასორტი.

ისევ მაგ ქუჩის კუთხეში
(ძაღლმა რომ ყეფით აიკლო)
საავადმყოფოს ღობეზე
დატოვებული ყვავილი
დაჭკნა და მინდა გითხრა, რომ
არც ისე ძვირი არ იყო,
(ნუ, შენთვის მაინც) უბრალოდ
ღირდა ამ გულის ნაწილი.

გულის რომელიც დროდადრო
საკუთარ თავსაც ღალატობს
და რაღა გიკვირს ძვირფასო
ბოლოს შენც თუ გიღალატებს.
თავს იმით არ შეგაცოდებ
ამ ჩემი წასვლით _ გალანტურ
ან იმით რომ პოეტი ვარ
და შენს თავს ვერვინ წამართმევს.

უბრალოდ წავალ ჩუმად და
შენს ფანჯარასთან საღამოს...
ყოველ საღამოს დაგხვდება
დამჭკნარი ქრიზანთემები,
შენი თვალებით მორწყვა რომ
არ უწერიათ არასდროს.
იქნებ, ოდესღაც გიყვარდი,
თუმცა ეს სულ სხვა თემაა...

აი ასეა, უბრალოდ
შენ ვერ გაბედე _ ქალი ხარ,
ვერც გაგამტყუვნებ ამიტომ.
ამას ყოველთვის ვამბობდი...
ეს ოქტომბერის ფოთლები
და გულწასული ქარია
ჩემი სულ ბოლო სიმღერის
სულ ბოლო _ წასვლის აკორდი.
....................

ფანჯარა მზის მხარეს

არ მინდოდა ოცნება,
ახლა მინდა... ცოტა ხნით
სულ ცოტა ხნით როგორმე
დავივიწყო სამყარო,
დავიკიდო ფეხებზე,
მქონდეს ერთო ოთახი
ოთხი კედლით, უკარო,
ფანჯარა კი მზის მხარეს.

ახლა უფო ჩუმია,
ახლა უფრო მწარეა
გადაჭედილ ქალაქში
ბეღურების ბალადა.
მშრალი ვიტრინებიდან
გადმოსული ლანდებად
გაზაფხულის დღეები
სიშიშვლესღა მალავდა...

ახლა უკვე შორია,
თითქმის ყველა იმედი
რომ ბეღურებს ფანჯრის წინ
ისევ ვნახავ ოდესმე,
ხელის გულზე საკენკი
ვეღარ გამოიმეტე.
დღეს რომ ქარში ვივალდი
ნამძინარევს მოგესმა

გუშინ კიდევ, წვიმის დროს
გაფრენილი ლექსები
ცისარტყელა ხომ გახსოვს
ორი დღის წინ რომ ნახე?
ანდა ბავშვის თვალები
ცრემლებით რომ ევსება
თითში ნაჩხვლეტ კაკტუსს ხომ
მხოლოდ კოცნა მოარჩენს...

გახსოვს როგორ ელოდი
თებერვალში პირველ თოვლს?
შენს ეზოში პირველი
ენძელების თარეში,
წვიმიანი დღეები
მერე როგორ მიეწყო,
(თუმცა დღესაც ამინდი
წვიმას მაინც არ იშლის.)

მერე უცბათ დაიწყო
ყველაფერი თავიდან,
გაზაფხული შეენთო
იასამნის ყუმბარებს,
თუმცა ისიც თოვლივით
ისე მალე წავიდა...
ისე მალე წავიდა...
თან არაფერს იბარებს....
.................................

შენ...(შიში)

ჭიქის მივარდნილ კიდეებში ბოლო წვეთს ეძებ,
უკვე ცხოვრებაც შენი ხელით გახდა საზიდი,
მობეზრებული ბოთლში ახრჩობ გაქცეულ დღეებს
პოეტობამაც უფრო მეტად გაგასაზიზღრა...

მერე დაჯდები, ხასიათით სენტიმენტალურ,
ფანჯრიდან ოდნავ მოშორებით, ისევ შიშია
შენი მეგზური. ცდები, რადგან უკვე მეტადრე
შენი თავისვე გეშინია... დანაკლისია

ყოველი შენი ამოსუნთქვა დედამიწისთვის.
შენ ყოველ დილით მზის წინაშე ჰგავდი პურიტანს,
ამ ჩვეულებას იჩემებდი, ვეღარც იცილებ
უკვე და ალბათ მარტოობა მეტსაც მოიტანს.

ცივ ჯეკ დენიელსს ჩააწვეთებ კოლტრეინს ფირზე,
მერე დარაბთან ახლოს მიხვალ. გაფრენა გინდა.
ფრთები გაშალე. ამის დედაც... რომც ვერ გაფრინდე
პოეტად მოკვდე, თუნდაც, მარტო საცდელად ღირდა.
...........................

რევერანსი

ბებერმა ქარებმა ცას შემოუარეს,
შიშველი ხეები უძღვნიან რევერანსს,
ქალაქში სულ მარტო დარჩენილ იმ მთვარეს,
რომელიც ყოველთვის მახსენებს რომ ვერას-
დროს ვეღარ შევყვები ქუჩაში ღამეებს,
არა და ეს ღამე ყველაზე დიდია.
ფანჯრის წინ სულ იმის ლოდინით ვათენებ,
მითხარი მოთოვსო...
ფეხებზე მკიდია
მერე რა თუ მტკვარსაც შესცივდა ამაღამ
ისიც ხომ მარტოა ვერავინ გაათბობს!
ხეები რევერანსს მიძღვნიან ამაყად,
მივდივარ მთებს იქით... იქ სადაც
ალბათ თოვს...
.....................

სიჩუმეში ალაგ-ალაგ
ვნებიანად ხვნეშის ქარი
ღრუბლებიდან მოსჩანს მთვარე
ცინიკურად მომღიმარი
სიჩუმეში თითო-თითოდ
ითვლის ჯიბრზე ნაბიჯს ქარი
ჯიბეებში თითებს ითბობს
წინ, ქუჩაზე მიმავალი...
...ფარდის უკან მალავს სახეს
სხეულზე კი ცივი წვიმა
ჩამოადნა... სურს რომ ნახოს
მის სარკმელთან თუ კი მივა
გადმოხედავს არე-მარეს
ფანჯრებიდან. ჩუმად თვალი
გაექცევა სულ სხვა მხარეს
(უხარია მოსვლა მთვარის)
მის ქუჩაზე მიმავალი
ფანჯრის ქვევით შეანელებს
ნაბიჯს. ცისკენ მიაქვს თვალი
ღრუბლების ქვეშ იმედს ეძებს
მაგრამ ისევ უიმედოდ
მეგზურია ქუჩის კიდის
გადმოხედავს ფანჯრებს ერთ-ორს
მაგრამ მაინც ჩუმად მიდის...
...სიჩუმეში ალაგ ალაგ
ვნებიანად ხვნეშის ქარი
ჯიბეებში თითებს ითბობს
წინ, ქუჩაზე მიმავალი...
.........................

* * * გამოიზაფხულა იმერეთში * * *

ღელის ცრემლებიდან დაწყებული,
მზე რომ ცის კამარას დაეკიდა,
ქარი წისქვილებზე დაყიალობს,
ზეცას გაეშურა. დაე კიდეც

შემოფართქალდეს და ამაღელვოს
ტევრში ტირიფებთან გაზაფხულმა.
რაფრაც ეტმასენება აგერ ღობეს
ჩემი ვაზის ლერწი. დაზაფრული,

სიმსხამ სუსხიანზე მივაპობდი
მთისკენ, შენს ჭიშკართან ჩავიარე,
ნახირს მივდენიდი ცის ტაფობზე.
(დილა არცთუ ისე მკაცრი არი.)

მერე ვინღა ჩივის რაფრა იყო,
რაფრა აშრებოდა მზის მკერდს ცვარი,
დილის სუსხიანიც გამქრალიყო,
შენ რომ სასიმინდეს მიეფარე.

იმ დღეს ჭალიანში შემეფეთე,
თითქო, არ მყოფნიდი მარტო ფიქრად,
ენა დამება და შესაფერი
სიტყვა თვალისრიდით ძლივსღა გითხარ:

"ქალო, შემოგევლე, რატომ იარ
ამ ბნელ ჭანჭრობებში მარტოხელად?!
მოდი, წამომყევი, პატრონი ვარ,
კერას მიგაფიცხებ ჩემთან ხელად..."

"კაცო, ნუ გეშინის ნურაფერის,
სახლში მამაჩემი მელოდება!"
მერე ისევ ტევრს რომ მიეფარე,
დამრჩი ნანაიას მელოდიად...

მე ხომ უშენობა ისე მიჭირს
გულში ავდრიანად ჩასახლდება,
ერთი გაღლეტილი გლახის ბიჭი
არც ღისრს სათვალავში ჩასაგდებად.

სისხამ, სუსხიანზე მივაპობდი
მთისკენ. შენს ლოდინში გაწაფული
ნახირს მივდენიდი ცის ტაფობზე.
მცივა. მკაცრი არი გაზაფხული...
.....................

ბერი...

სულზე სხეული მხურავს, სხეულზე შავი კაბა,
ბნელი ხევივით ჩუმი... და მარტო როგორც ღამე...
როგორც შვილმკვდარმა დედა ცრემლებით მოიკაზმა
ისე ცოდვები ჩუმი ლოცვებით დავინამე

წავედი შენგან შორს და წავედი ასე მარტო,
თან მქონდა მხოლოდ დარდი და მეტი არაფერი,
სანამ მივდივარ ნელა, სანამ გზა არის ფართო
გთხოვ წავალ ასე ჩუმად და აღარ გამაჩერო

ახლა ყოველი ღამე, ახლა ყოველი წამი,
ჩემი ყოველი ჩუმი, უხმო და მშვიდი სუნთქვა
შენთვის ყოველი ლოცვა, უფლის წყალობა არი.
"მოდი ჩამკიდე ხელი" ჩემთვის არავის უთქვამს...

მხოლოდ მომსდევდა ღმერთი, როგორც მზრუნველი მამა
მე კი თავნება ბავშვი გავუსხლტი მის თბილ ხელებს,
ათასი ბნელი ჟამი, ათასი ფერთა გამა
გავლიე. მაგრამ ახლაც, ხელებ გაშლილი მელის...

მე ყოველ დილით აისს, შევხვდები როგორც დედას
ისევე როგორც უწინ, დაგვიანებულს სახლში,
ისევ და ისევ მზემ და სიჩუმემ მიმახვედრა
რომ უშენობა, ახლა, უჩემოდ ფრთებსაც გაშლის...

და რომ მწამს უფლის ასე, ნიშნავს ვიწამო შენი
და თუკი მიყვარს ღმერთი, შენც მეყვარები მუდამ
ეს არის ჩემი გზა და ჩემს ჯვარს ავიტან ქშენით
ღმერთის კალთამდე ისე, არც მოვიხედავ უკან.

სულზე სხეული მხურავს, სხეულზე შავი კაბა
ბნელი ხევივით ჩუმი. ვარ მარტო როგორც ღამე.
როგორც შვილმკვდარმა დედა ცრემლებით მოიკაზმა
ისე ცოდვები ძველი ოცნებით დავინამე...
............................

უცხო ტკივილი (დევნილის მონოლოგი)

მაშინ როცა ღამესაც ფრთებზე ფერი ედება,
წყდება ყველა ხევიდან ოხვრა სალი ლოდების,
ნისლი კონცხზე ფიჭვნარებს შეუფაკლავს ფერდებს და
ჩემთან უცხო ტკივილი ისევ გამეორდება.

ტალღებს გამოყოლილი იასამნის ფურცლები,
დავთვალე და მთებიდან ვიცი ლექსებს მომიტანს,
ყველა უთქმელ სიტყვაში ოცნებებად ვიცლები,
შეუვსებელ დოქებს რომ დავაგორებ გორიდან.

ქვევით ქვევრს რომ ქვითინით დავუბარე მელოდე,
ის კი არ გამახსნდა მარტო რჩება ვენახი...
გავურბოდი ზამთარს და მდია ცისფერ მდელომდე
ჩვენ იქ ზეცა გვგონია თქვენ კი "შავ" ზღვას ეძახით.

ჩუმად გადაუფრინეს ოდას შავმა მერცხლებმა,
ცაზე გემის ბოლქვებში შეერივნენ მოლისფრად,
ძველი მოგონებები (შიშველ მზეებს რომ ცდება)
ტალღებს ბოლო ძაღლივით მიუყვება შორისკენ.

ქარი სონეტს დაქარგავს გადაცრეცილ ნისლებზე,
უკვე ჩემი კაცობაც აღარ მეიმედება,
სადღაც ფიჭვის კალთებში თეთრი თოვლი ისვენებს,
მე კი აქ, ენგურივით ისევ კლდეებს ვედები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს