სტუმრად ინკა გ-სთან (გაგრძელება)
ის დღეც გათენდა, როცა პაპარაცი ცნობილ ტელეწამყვან, მომხიბლავ ინკა გ-ს მის საავტორო გადაცემაში ეწვია. პაპარაცი ფიქრობდა, რომ ინკა სტუდიის შესასვლელში შეეგებებოდა, როგორც თავად მოიქცა, მაგრამ ასე არ მოხდა; უფრო მეტიც, ის ფეხზეც არ წამომდგარა - სტუმარი „ჩინოვნიკური“ ოფიციალურობით მიიღო. ეს გულსატკენი ფაქტი, თვით მასპინძლის გასაკვირადაც კი, პაპარაცმა არ შეიმჩნია: - ძვირფასო ინკა, რა საოცარი სტუდია გქონია, იმაზე თვალწარმტაცია, ვიდრე ის ტელეეკრანიდან მოსჩანს; მხედველობაში მაქვს ყველაფერი, რაც კადრს მიღმა რჩება, ეგრეთ წოდებული „სტუდიის სარჩული“ - პროჟექტორები, მართულები... არა, „მართულები“ არა - „ელ-სადენები“! „მართულებს“ სხვაგან, თქვენს კონკურენტ ტელევიზიათა ელ-ქსელში შევხვდებით! - პაპარაცი, როგორი დაკვირვებული თვალი გქონია, „ელ-სადენები“ „მართულებისგან“ რომ განასხვავე! - ირონიით ჩაიღიმა ინკამ, - ესე იგი, შენი თქმით, სხვა ტელევიზიათა ელ-ქსელში „ელ-სადენები“ უბრალო მართულებითაა ჩანაცვლებული?! - ტელემაყურებელი რომ არ დავაბნიო, განვმარტავ: „ელ-სადენებში“ სპილენძის გულიან სადენებს ვგულისხმობ, ხოლო „მართულებში“ - ალუმინის გულიან სადენებს. ასე, რომ დაბეჯითებით ვამტკიცებ, სხვა ტელევიზიების ელ-ქსელი ეგრედ წოდებული „მართულებით“ (ალუმინის გულიანი სადენებით) არის გა-მა-რთუ-ლი! - მეტი დამაჯერებლობისთვის პაპარაცმა უკანასკნელი სიტყვა დამარცვლა. - საინტერესოა, რა წყაროებიდან ფლობ ასეთ ინფორმაციას? - მეგობარი მყავს, რომელმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიაში ელექტრიკოსად იმუშავა; სამწუხაროდ, ახლა ის პატიმარია... - რა დააშავა? - ფერადი ლითონის ქურდობისთვის გაასამართლეს... - გასაგებია... როგორც სჩანს, შენს მეგობარ ელექტრიკოსს ჩვენს ტელევიზიაში არ უმუშავია! პაპარაცმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. - გადავრჩენილვართ... - ჩაილაპარაკა ინკამ და მერე, დამცინავად იკითხა, - შენთან, „პაპარაც-ცენტრის“ ტელევიზიის სტუდიებში „ელ-სადენებია“, თუ ეგრედ წოდებული, „მართულები“?! - არა, ჩვენთან „მართულები“ არაა, თუმცა იქ ვერც „ელ-სადენებს“ იპოვი, იქ საერთოდ არაფერი არაა, მაგრამ ყველაფერი უკეთესად მუშაობს, ვიდრე სხვა ტელევიზიებში - ყველაზე კარგ გადაცემებს ვაკეთებთ! - ოო, ეს სერიოზული განაცხადია... - ინკამ პაპარაცს ისე გახედა, თითქოს სათვალე ეკეთა და ამ სათვალის ზემოდან იყურებოდა, - შენს სტუდიაში ჩემს სტუდიაზე უკეთესი გადაცემები კეთდება?! - დიახ! ინკას სახე შეეცვალა: - თუ ვის სტუდიაში კეთდება უკეთესი გადაცემები, მოგვიანებით გავარკვიოთ... ახლა კი, მე შენთვის ერთი სიურპრიზი მაქვს მომზადებული! - რაიმე უნდა მაჩუქო? - ბავშვივით იკითხა პაპარაცმა. - შეიძლება გაჩუქო კიდეც... მაგრამ მანამდე, გნებავს თუ არა ეს, უამრავ კითხვაზე უნდა გამცე პასუხი! გაითვალისწინე, კითხვებზე თავის არიდება არ გაბედო, დაისჯები! - ეს დაკითხვაა? - რაც გინდა დაარქვი! - კი მაგრამ... - ხმა, კრინტი! - რადგან სხვა გზა არ მაქვს... - არ გქვს! - რა გაეწყობა, თანახმა ვარ - თუ გამიჭირდა, ტყუილებს მოვიშველიებ... - ტყუილის თქმისთვის ორმაგად დაისჯები! - ესე იგი, არ უნდა მოვიტყუო! ეს არც თუ იოლი საქმეა... რომ არ მოვიტყუო, ამისთვის საკუთარი თავისგან რაიმე გარანტია მჭირდება! პაპარაცმა მოიწყინა; თუმცა, მაშინვე ერთმა ბრწყინვალე აზრმა გამოაცოცხლა: - ჯვარედინი დაკითხვა მომიწყე და თან, ანთებული ნათურა მომანათე თვალებში(!), რომ ტყუილის თქმის უნარი დავკარგო! ამისთვის პროცესში კიდევ სამი ტელეწამყვანის ჩართვა მოგიწევს - ერთი ჩემგან აღმოსავლეთით დაჯდებით, მეორე დასავლეთით, ხოლო მესამე და მეოთხე, სამხრეთითა და ჩრდილოეთით განაწილდებით; კითხვებს არათანმიმდევრულად დამისვავთ! - კარგი აზრია, მომწონს, მაგრამ ერთი რამ არ მაკმაყოფილებს - ვერ დავუშვებ, რომ ჩემი საავტორო გადაცემა სხვა ტელეწამყვანთა საზიაროდ ვაქციო! ამიტომ მე თავად გავიყოფი ოთხად და ჯვარედინ დაკითხვას სხვების დაუხმარებლად მოგიწყობ! ინკამ ბრძანება გასცა სტუდიაში დეკორაცია შეეცვალათ - შემოიტანეს ოთხი (გამომძიებლის) მაგიდა სკამებითურთ; მათზე დამონთაჟებული მძლავრი ნათურები შუაში მოქცეულ (ხმელ სკამზე გადამჯდარ) პაპარაცისკენ მიმართეს. შემდეგ, როგორც ინკამ ბრძანა - ოთხად გავიყოფიო, მართლაც გაიყო და პაპარაცის „დაკითხვას“ შეუდგა: - სად დაიბადე?! - ქ. ბილისის # 13 სამშობიარო სახლში! - მამაშენი ესწრებოდა შენს დაბადებას?! - მამაჩემი? არ მახსოვს... დედაჩემი უეჭველად იქ იყო! - ოდესმე გახდები პოლიტიკოსი?! - არასოდეს! - გიყვარს კამათი?! - კამათი არ მიყვარს! - რატომ არ გიყვარს, მასში ხომ ჭეშმარიტება იბადება?! - კამათში არ იბადება ჭეშმარიტება! - რა იბადება კამათში?! - კამათში იბადება სიძულვილი, შუღლი, დავიდარაბა! - გაგაჩნია თუ არა საიდუმლო?! - ჩემი საიდუმლო ჩემი ცხოვრებაა! - გტკივა რაიმე?! - ენა მტკივა! - ენა რატომ გტკივა?! - ერთ ადამიანზე ცუდი ვილაპარაკე და იმიტომ! - რომელი ფერი გიყვარს?! - მეწამული! - ოდესმე გახდები თუ არა პოლიტიკოსი?! - არასოდეს! ამ შეკითხვაზე უკვე გაგეცით პასუხი... - თუ საჭირო იქნა, ამ კითხვას კიდევ ბევრჯერ დაგისვავთ!!! - ოთხივე ინკამ ეს ერთდროულად წამოიძახა. - რა შეგიძლია უთხრა საზოგადოებას?! - დამნაშავე ვარ! - რა სახის დანაშაული მიგიძღვის?! - ადამიანი მოვკალი! პაპარაცმა მუხლებში თავი ჩარგო და როცა გაიმართა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. - რა ვითარებაში მოკალი?! - მან ჩემი გულქვაობისა და ამპარტავნების გამო თავი მოიკლა! - ეს ის საიდუმლოა, რომელიც შენს ტელესტუდიაში არ გაამხილე?! თანხმობის ნიშნად პაპარაცმა თავი დააქნია. - სიცოცხლე გიყვარს?! - სიცოცხლისგან დავიღალე... - გსურს უკეთესი ცხოვრება გქონდეს?! - არა! ისეთ ცხოვრებას უნდა გავუძლო, როგორიც მერგო! - ვინ გინდა იყო?! - მინდა ვიყო ბავშვი! - ბავშვი რატომ?! - ბავშვი ბრძენია... - ასაკის მატებასთან ერთად რა ემართება ადამიანს?! - სიბრძნეს ფლანგავს! - ოდესმე გახდები თუ არა პოლიტიკოსი?! პაპარაცს კინაღამ წამოსცდა - ამას მესამედ მეკითხებითო, მაგრამ გაფრთხილება გაახსენდა, რომ ოთხი ინკა აღნიშნულ კითხვას რამდენჯერაც მოესურვებოდათ იმდენჯერ დაუსვავდნენ და მორჩილად უპასუხა: - არასოდეს! - რა არის შენი ბოლო სიტყვა?! - გამოვსწორდები! - სათხოვარი გაქვს რაიმე?! - გთხოვთ, მომცეთ თეთრი საღებავი და ფუნჯი - ის შავი კატა მინდა გადავღებო, რომელმაც ახლახან ჩვენ შორის გაირბინა! პაპარაცის სათხოვარზე ოთხივე ინკას სიცილი წასკდა; პაპარაცი გამოცოცხლდა და სიხარულით წამოიძახა: - ვაა, კატა თავისით გათეთრდა! გაოთხებული ინკა ისევ ერთ პიროვნებად შეიკრა და სტუდიას თავდაპირველი სახე დაუბრუნა - პაპარაცი ხმელი სკამიდან ისევ კომფორტულ, გორგოლაჭებიან სავარძელზე გადასვეს. - პაპარაცი, დადგა დრო გავარკვიოთ, თუ ვის მიერ მომზადებული ტელე-გადაცემები სჯობს, ჩემი, თუ შენი?! ტყვედ ჩავარდნილი მხდალი ჯარისკაცივით პაპარაცმა ხელები მაღლა ასწია. - უბრძოლველად მნებდები? - დიახ! - კარგი... - კმაყოფილების ნიშნად ინკამ სავარძელში ჯდომითი პოზა შეიცვალა, - ვფიქრობ, საჭიროა იცოდე, რომ კითხვა პოლიტიკაში შენს ჩაბმასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის დავალებით დაგისვი - ერთგული ხალხის შემოკრება სურს! - წყალწაღებული ხავსს ეჭიდება... - ალბათ... მაგრამ დავანებოთ ახლა ამას თავი. გადაცემის დასაწყისში შენ საჩუქრის შესახებ წამოგცდა სიტყვა - თქვი, რა გინდა გაჩუქო? პაპარაცს თვალები გაუბრწყინდა. - კარგი იქნება, თუ სამახსოვროდ შენი სტუდიიდან რაიმე ნივთს გამატან! - აირჩიე... იმედია, პროჟექტორებსა და სპილენძის გულიან „ელ-სადენებს“ ხელს არ დაადებ! - ეგ „ავლა-დიდება“ მე არად მარგია. სავარძლით მოვიხიბლე, რომელზეც ახლა ვზივარ - გორგოლაჭებიანია, ციბრუტივით ბრუნავს, და რაც მთავარია, ზურგზე შენი ტელეგადაცემის ლოგო აქვს მიკრული - თუ მაჩუქებ, სტუდიაში ჩემს გადაცემას ამ სავარძელზე მჯდომი წავიყვან და პერიოდულად, კამერის წინ დავბზრიალდები ხოლმე, რომ ლოგომ ტელემაყურებლის წინ გაიელვოს! - საინტერესო წინადადებაა - შენი ტელეგადაცემიდან ჩემს ტელეგადაცემას რეკლამას გაუწევ! წაიღე, გჩუქნი სავარძელს! - ვაშა! - წამოიძახა პაპარაცმა და ის იყო ფეხზე უნდა წამომდგარიყო, რომ უეცრად, ზურგიდან ვიღაც წამოადგა და მხარზე მეგობრულად ხელი ჩამოადო: - პაპარაცი, დასაძინებლად როდისღა წახვალ? პაპარაცმა უცნობს ახედა - ის მისი მეგობარი, სანიტარი ნიკო იყო. - ვაა, ნიკო... - ქალბატონო ინკა, ბოდიშს ვიხდი ეთერში შემოჭრისთვის - სამსახურებრივმა მოვალეობამ მაიძულა... თუ არ გამიწყრებით, ცოტას კიდევ გავბედავ და - ავტოგრაფს გთხოვთ. თქვენთან მოახლოების საშუალება სხვა დროს არ მომეცემა. ინკამ სანიტარ ნიკოს მისცა ავტოგრაფი; თუმცა უსაყვედურა კიდეც, რომ ასე ნაადრევად მოსტაცა პაპარაცი... ერმანეთს დაემშვიდობნენ და სანიტარმა ნიკომ და ზურგზე სავარძელ-მოკიდებულმა პაპარაცმა `სტუდია~ დატოვეს. - პაპარაცი, მოგეხმარები სავარძლის ზიდვაში. - მადლობა ნიკო, მძიმე არ არის.
საავადმყოფოს ეზო უხმოდ გაიარეს; პაპარაცმა მხოლოდ პალატაში შესვლის წინ ჰკითხა ნიკოს ის, რაზეც ფიქრობდა: - როგორ მიხვდი, თუ სად ვიყავი, სასადილოს კარს ხომ გარედან ბოქლომი ედო - მორიგე სანიტარს დავემალე და დარბაზი ისე დაკეტა, არ იცოდა იქ თუ დავრჩი. - პალატაში რომ ვერ გნახე, მივხვდი სად უნდა მეპოვე. - რატომ დამიწყე ძებნა, ღამით შენ თვითონ ბევრჯერ დაგიტოვებივარ სასადილოში „მუყაოს ყუთთან“ - დღეს რაღაც მოხდა? - არაფერი არ მოხდა. ვიფიქრე, საწოლში სხეულის გამართვა მეტად მოგიხდებოდა, ვიდრე „მუყაოს ყუთში“ მოკუნტული წოლა - თავს უნდა გაუფრთხილდე, რომ... - რომ რა? - რომ შენი სხეული დიდხანს გემსახუროს! პაპარაცს გაეცინა. - ნიკო, თეთრი ხალათი კი გაცვია, მაგრამ სულით-ხორცამდე „ჩვენიანი“ ხარ! - მშვიდობით პაპარაცი! - მშვიდობით! ნიკო წავიდა. პაპარაცი პალატაში ფეხაკრეფით შეიპარა, ტანისამოსი გაიხადა, საწოლში ჩაწვა და საბანი თავზე გადაიფარა. - გძინავს? - გაისმა „კომანდოს“ ხმა. პაპარაცი შეკრთა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ პალატაში ყველას ეძინა. - შენ რატომ არ გძინავს? - სიკვდილზე ვფიქრობ... - რაზე?! - როგორ გგონია, თოვლის ბაბუა უკვდავია, თუ მოკვდება? - მე ეს ზუსტად არ ვიცი - უკვდავი რომ იყოს, არ დაბერდებოდა... - ხო, თოვლის ბაბუა დაბერდა... საინტერესოა, თუ ეშინია სიკვდილის? პაპარაცმა არაფერი არ უპასუხა. - მიწაში ბნელა, ცივა... - კიდევ რაღაც უნდა ეთქვა კომანდოს, მაგრამ პაპარაცმა შეაჩერა. - ასე ნუ ფიქრობ! გარდაცვლილი ადამიანი მიწაში არ რჩება, ცაში ადის, ღმერთთან! - ღმერთთან... ღმერთი როგორია? - ღმერთი კეთილია, ყველა უყვარს! - თოვლის ბაბუაზე კეთილია? - ხო, მასზე კეთილია! თოვლის ბაბუა ზრუნავს ჩვენზე, საჩუქრებს გვჩუქნის, მაგრამ ამას წელიწადში ერთხელ აკეთებს - ახალ წელს; ხოლო ღმერთი ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენზე! - ვაა, ღმერთი ყველაზე კარგი ყოფილა! როგორ შევხვდე მას? - ვისაც ღმერთთან შეხვედრა სწადია, ღმერთი თავად პოულობს მას და გვერდიდან არ იშორებს. - მე მინდა შევხვდე ღმერთს! პალატაში რაღაც ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. - პაპარაცი, დაგეძინა? - არ დამეძინა. - რატომ მეშინია სიკვდილის?! - სიკვდილის იმიტომ გვეშინია, რომ ღმერთს ნაკლებად ვიცნობთ და მის იმედად არ ვართ! - მე დაველოდები ღმერთთან შეხვედრას... და სიკვდილის შიშს დავძლევ! ღამე მშვიდობისა, პაპარაცი. - ღამე მშვიდობისა.
(გაგრძელება იქნება)
ნიკო ლეჟავა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. როგორი საინტერესო ფიქრებია. როგორი საინტერესო ფიქრებია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|