ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2017


სერიიდან წერილები მეგობარს

გამარჯობა, მეგობარო.
დიდი ხანია არაფერი მომიწერია,
არ მომიყოლია შენთვის შემოდგომისფერ დღეებზე.
შემოდგომოდან გაზაფხულამდე დიდი მანძილია. და ახლა გაზაფხულზე შემოდგომაზე გესაუბრები, იმ დღეებზე მოტკბო-მომჟაო გემოთი რომ არის სავსე და შემოდგომის დღეებივით იფურცლებიან, ფერმკრთალდებიან და იკარგებიან.
არ ვიცი სად ხარ და ვინ ხარ, მაგრამ შენს სიახლოვეს გამუდმებით ვგრძნობ, რადგან არასოდეს გავიწყდები და ჩემი ტელეფონი მუდამ ციმციმებს ცისფრად როცა მტკივა, როცა მიხარია და როცა დღესასწაულია.
არასოდეს გავიწყდება მითხრა: გილოცავ. ტკივილიან დღეებში კი იმედის სხივი გამოაყოლო იმ წერილს, რომელსაც მიგზავნი.
არ ვიცი როგორი ხარ, როგორი ხმა გაქვს, მაგრამ ქუჩაში გამოსულს მგონია, რომ ყველგან ხარ სადაც კი მე ვარ.
დღეს შემოდგომისფერი დღე მაქვს, ერთი ჩვეულებრივი, როცა ყველა ტკივილი ერთად გროვდება და ამოხეთქვას ლამობს. როცა ლოკოკინასავით ნიჟარაში ვიკეტები და ვცდილობ არავინ შეამჩნიოს ეს ყვითელი დღე, როცა უცხო ვარ ნაცნობთა შორის, როცა გზას მივუყვები და ხელები ნელ ნელა ეზრდება მიწას, როცა შვებას მგვრის ტირილი და არც კი ვცდილობ ცრემლის ნაკადულის შეშრობას.
ჰო, დღეს ყვითელი დღე მაქვს...შემოდგომის ფოთოლივით.
სად ხარ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები