ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაუსტოელი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2017


ის

მე რომ დილით ადრე ვდგები,ყივილამდე მამლის,
ჭუჭრუტანის სხივი ხვდება მზის,დახუთულ სოროს,
ის საწოლში საღამომდე,ნებივრობს და  მაგიც...
სულ ცალ ფეხზე არ კიდია,მანჰეტენზე ცხოვრობს.

მე რომ სასმლით გაჟღენთილი,რუსთაველზე ვყიდი,
წიგნებს, პურის ფულისთვის და რა დამილევს მიზეზს,
ის ყოველდღე უნამუსოდ ისტ-რივერზე მიდის,
რომ ზანგებთან იჟიმაოს,ყველა პოზით,ხიდზე.

მე რომ ღამით ოცნებები,შიშებივით მიპყრობს,
გატეხილი ძილიც მყოფნის,გავიგო და მივხვდე,
ის საერთოდ არ ოცნებობს,ნატვრაც არ აქვს მიკრო,
ბროდვეიზე,ერთ ღამეში,ყველა სურვილს იხდენს.

მე რომ მთაში,მონასტრებში,სანთლით,ხორცი ამყავს,
და გადაღლილ ქრისტეს ვხვდები კელიებთან,მალვით,
ის იმდენად ურწმუნოა,რომ თვით ღმერთსაც არ ჰყავს,
ვინაიდან თვითონ მოაქვთ ყველას ღმერთად,თავი.

მე რომ ლექსებს ძველებურად სიცხიანი ვბოდავ,
როგორც გუშინ,დღესაც ვიკლავ ორგანიზმში აბებს,
ის კი ალბათ შეექცევა რომს ან ვისკი სოდას,
და მოყვება ბრუკლინიდან,უოლ სტრიტის ამბებს.

მე რომ გულით სიყვარული,მხოლოდ ერთის დამაქვს,
ალბათ როცა გრძნობებია,ჭეშმარიტი თვითონ,
ის ამაზე იხარხარებს შეშლივით,თანაც
და მესამე ავენიუს დაურიგებს სითბოს.

ამ სეზონზეც მაისის სუნს,სამშობლოსას ვსუნთქავ
ჭუჭრუტანის სხივი ხვდება,ჩემს პატარა სოროს,
და როგორმე გადავიტან ამ საზიზღარ წელსაც,
აბა იმას რა ადარდებს,მანჰეტენზე ცხოვრობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები