ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2017


ჰიმნი ადამიანს

    ჰიმნი ადამიანს
გარკვეულ შემთხვევაში
თუ რატომ არის ბოროტება სიკეთეზე აღმატებული,
ეს ,,დილემა’’ კაცობრიობას იმ დღიდან აწუხებს,
როცა ჯერ კიდევ დედიშობილად მოტანტალე ადამიანი,
მამონტის კუდუსუნის ტვინაგამოწუწნული ძვლით ხელდამშვენებული,
ლეღვის ჩრდილქვეშ წამოგორებული,
ნებისად ნაბავდა ,,ზღვისფერ თვალებს’’
და იმაზე ფიქრობდა,
თუ როგორ შეექმნა ,,მსუყე ბაზისი’’ საკუთარი შთამომავლობისათვის,
ზოგადსაკაცობრიო იდეალების ცხოვრებაში გასატარებლად.
ამ  ,,ტვინისჭყლეტაში,’’
უფრო ხშირად სტომაქის ამოყორვის სურვილი ასულდგმურებდა
ვიდრე  აბსტრაქტული იდეალები
და იგი ,,ჰომო საპიენსი’’
სრულყოფდა იმ იარაღს,
რომელსაც სიკვდილი უნდა დაეთესა
პლანეტა დედამიწაზე,
რადგან სხვისი სიკვდილი
(მტაცებელი ცხოველისა და თავისი სახიერისა),
რამდენადაც პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს,
მისი, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ინტელექტუალური ფორმის
გადარჩენის წინაპირობა გახლდათ
(ხორცის რაციონი და ცხოველური ცილები,
ენერგიის აღდგენისათვის ესაჭიროებოდა,
თანამოძმის სიკვდილით  კი სასიცოცხლო სივრცეს გაიფართოვებდა).
ეს, ის შემთხვევა იყო,
როცა ორი კურდღლის დაჭერა თითქოსდა ერთდროულად შეეძლო,
თუმცა,
ორი კურდღლის მადევრის ანდაზის თაობაზე,
ჯერ ინტერესს არ გამოხატავდა,
რადგან ამ ანდაზის არსებობის შესახებ,
ინფორმაციას არ ფლობდა.
  ,,ჰომო საპიენსი’’ რისი მოაზროვნე ,,ჰომო’’ გახლდათ,
ეს შემთხვევა ხელიდან გაეშვა? ...
არც გაუშვია,
პრიმიტიული,
მაგრამ პირველი ეფექტური იარაღი,
ხელკეტი  გამოჩორკნა,
რომელსაც კაჟის ბასრი პირები ჩაუმაგრა.
ამ მრისხანე იარაღის მთელი ძალით მოქნევამ
დამაჯერებლობა შემატა.
ის მიხვდა, რომ თუ ასე გააგრძელებდა,
,,გავით მოაზროვნე’’ დინოზავრებს აჯობებდა,
რომელთაც ,,ყეყეჩ თავზე,’’
ორასი მილიონი წელი ედგათ,
დედამიწის მბრძანებლის გვირგვინი.
(მათ ,,გავით მოაზროვნეები’’ იმიტომ ვუწოდე,
რომ კუდუსუნის დაბოლოებაში
მცირე ზომის ტვინი გააჩნდათ,
ალბათ, ,,კუდის ასაწევად,’’
თუმცა ვისთვის უნდა აეწიათ კუდი,
ცოტა გაუგებარია), 
ამ შემთხვევაში ადამიანი
პლანეტის ერთპიროვნული ბატონ-პატრონი შეიქმნებოდა.
დინოზავრებივით არ მოუწევდა აყალო მიწის ტკეპნა
,,ბადიმა ფეხებით’’
და ასპარეზიდან უფერული წასვლა თუ გადაშენება.
ის დიდი ხნით,
ძალიან დიდი ხნით დაიდგამდა ,,გაბუძგულ თავზე,’’
დედამიწის მბრძანებლის გვირგვინს,
რომელსაც ვერავინ ვერასდროს წაეპოტინებოდა.
  პერსპექტივა საკმაოდ მიმზიდველი სჩანდა,
იმდენად მიმზიდველი,
რომ ამისთვის ღირდა ტვინისჭყლეტა,
ტვინი კი მას ყველა არსებაზე დიდი ჰქონდა,
დიდი
და ამასთან ,,ხნულებით’’ დაღარული.
მან შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა,
,,კეტი’’ ორივე ხელით  მარჯვედ ჩაბღუჯა
და ცხოვრების ასპარეზზე
თავდაჯერებით გამოვიდა.
მისმა გამოჩენამ
თავზარი დასცა პლანეტის ,,ცალტვინა’’ არსებებს,
ისინი ,,ბუჩქებში მიიმალნენ’’ და გაირინდნენ.
  ,,ჰომო საპიენსს’’ ინტელექტმა არ უმტყუნა,
მან წარმატებით გაიარა გზა
,,ხელკეტიდან’’ ვიდრე ატომურ ბომბამდე
და ფეხი მთვარეზეც დაადგა.
გათვლა სწორი გამოდგა,
მაგრამ არასამართლიანი.
თუმცა მაშინ,
დედამიწის ,,არსებობის’’ გარიჟრაჟზე,
ამგვარ იურიდიულ მცნებას
არავინ დაგიდევდათ,
რადგან ის არავის სჭირდებოდა.
სამართალს ძლიერი და ჭკვიანი
(მოაზროვნე) განაწესებდა
და იგი მისსავე კეთილდღეობას ემსახურებოდა.
  პლანეტა დედამიწაზე ახალი ერა იწყებოდა,
ერა ,,ინტელექტუალური ბოროტებისა,’’
რომელსაც ,,რეფლექსური ბოროტების’’
ხანგრძლივი ეპოქა უნდა შეეცვალა,
მისი ,,მძიმე ნატერფალი’’
სულს ხდიდა დინოზავრთა პლანეტად წოდებულ
ცოდვიან მიწას.
  შემოქმედი ,,ინტელექტუალური ბოროტებისა’’
უნდა გამხდარიყო,
ორ ფეხზე მყარად მდგარი
,,ჰომოს’’ გვარის, არა ,,ჰაბილისი’’ ან ,,ერექტუსი,’’
არამედ ,,საპიენსი’’...
  ,,საპიენსი,’’
რომლისთვისაც მომავალში დედამიწა პატარა შეიქმნება,
ის ჯიუტ მზერას ზეცას მიაპყრობს.
მანამდე კი შიშით შეჰყურებს
სინათლისმფრქვეველ
,,ყვითელ ჯუჯას’’- მზეს,
რომელიც ცოცხალი არსება ჰგონია
და მიზნად დაისახავს, მის დაუფლებას ...
დაეუფლება კიდეც.
მზეს მიწაზე  ,,ჩამოიტანს’’
და ,,ათასი მზის ელვარებით’’ აანთებს.
საკუთარ ქმნილებას თერმობირთვულ ბომბს უწოდებს,
რომელსაც მისი პალნეტის განადგურება ათასჯერ ძალუძს.
ასე გახდება იგი ამ ,,ქმნილების’’ მძევალი
და მარადიული ბოროტების ,,ნათლიმამა’’
დედამიწაზე.
  ... დიახ! დედამიწაზე!  ... 
ცისფერ პლანეტაზე! ...
ვიზუალურად  ,,ცისფერ’’
და არა,
  სქესობრივად  ,,ცისფერ’’ პლანეტაზე ...
თუმცა ვინ იცის? ...
ვიზუალი და სექსი  ერთმანეთს ავსებს
დროსა და სივრცეში.
             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები