ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2017


წითელთმიანო ჭინკა...

  თეთრი კრავი მყავდა, ოცნებაზე უფრო თეთრი და სულ ჩემს ღმერთს ჰგავდა ის პატარა კრავი. ამიტომ მომინდა? - იმ ღმერთისთვის მეჩუქებინა და ხელში აყვანილი მივიყვანე ჩემს ეკლესიაში, ჩემს მოძღვართან შუა მთაში, რომელიც ხანდახან, რაღაცით, დევების კარს ჰგავდა, მაგრამ როგორც კი სამრეკლოზე ზარებს გაზარავდათ ტანში, მაშინვე დევის კარი პატარავდებოდა და ქრისტეს ხატის გვირგვინის ეკლებში ქრებოდა.
  მომეგება მოძღვარი და ახლა მისი შუბლი კიდევ უფრო ჰგავდა ზეცას. სპეტაკი სახე აქვს ჩემს მოძღვარს და სასოწარკვეთის იმედის ღამესავით ნათელი შავი წვერი, არც ღიმილი და არც მწუხარება რომ არ ატანს მის სიხშირეში. სამჯერ დააწვეთა სანთლის ნაღვენთი მოძღვარმა ჩემს კრავს შუბლზე.
  დაეხალა ქათქათა თეთრი. ღმერთი მეჭირა ხელში. მითხრა დამესვა. ბზის ბუჩქთან დავსვი.
  წამოსვლისას, მთელი გზობა, ყველა მთის კიდე, ბილიკის ზოლი, ზეციერის თვალსაწიერიც შეთქმულთა ლოცვასავით მიმეორებდნენ - "ნეტარ არიან ნეტარ"... მერე რატომღაც ვიფიქრე, რომ შუბლზე უნდა მეკოცნა წამოსვლისას ჩემი კრავისთვის და უკანგზობა უფრო მალე ავირბინე ვიდრე ჩამოვაკება. მზე შუბის ტარზე აღარ იდგა, ცარიელი დამიხვდა ბზის ბუჩქიც, მიტოვებული, უჩემთეთრკრავოდ. გული ამომივადრა, დაღლისგან ალბათ, მაგრამ ეკლესიას მაინც შემოვურბინე. თეთრ ლაქად ვეძებდი მწვანეში ჩამღრჩვალს. ვერაფრით ვიპოვე ჩემი თეთრი კრავი.
  მხეცივით ავიკარი ყნოსვით ცეცხლის სუნი ტყის უბიდან და თავი ჩავრგე ეკლესიის კედელზე მოყრდნობილი ტყის ზურგში. ავაფათურე ხელები და მზერა და მალევე ვიპოვე რასაც ვეძებდი: ზურგით იჯდა ტაბლასთან ჩემი მოძღვარი. ორი უწვერო კაცი სახით, და სახეში შემომაშტერდნენ. ზუსტად იმ დროს შემომიბრუნდა მოძღვარიც როცა ხის წვრილ ტოტზე გადადებული ჩემი კრავის თეთრი ტყავის სისხლისგან შეწითლებული ბოლო რომელიღაცა ჯიშის უჯიშო ფრინველმა დაანისკარტა და სულ ოდნავად შეარხია ომწანაგები, სისხლიანი ბაირაღივით... ცხვირში ვიგრძენი ცეცხლიანი იმ ქონის სუნი, ჩემს მოძღვარს რომ ტუჩებიდან ჰქონდა წვერზე გადმოპოხილი.
  ჩემმა მოძღვარმა  ჩემი ღმერთი შეჭამა.
  მეძახდნენ: ხელით, სიტყვით, თვალებით, ყველა ჟესტით ტაბლასთან, მაგრამ შევძელი და გამოვიქეცი. ტყიდან გამომხტარს დამეჯახა ეკლესიის აქვადსვეტება. ხელში ავიღე ეკლესია და ორ ლუკმად შევჭამე, გუმბათიდან კარის ძირამდე და დარჩა ნატაძრალზე უსახელო დევის კარი, დროის ლეგენდების ჟანგით გაჭედილ საგდულებზე მოჭრიალე... მეორე თავქვეგზობას აღარავინ არაფერს მეძახდა... მე გეძახდი მხოლოდ...
  წითელთმიანო ჭინკა, ჩქარა გადმოდი გოგოობის წიგნიდან და შიშველი დაწექი განთიადის ნამიან ლეშში, რომ მიწის თესლში ამოილუმპო და დაორსულდე და ამოიყვანე მიწიდან მიწის ღმერთი, თორემ ცის ღმერთი მე და ჩემმა მოძღვარმა შევჭამეთ ნახევარ-ნახევარი და ახლა უღმერთობა გვცივა სამყაროს. წითელთმიანო ჭინკა, დაორსულდი და მიწის ღმერთი დამიბადე შენი გოგოობიდან, თორემ ყველანი გადავშენდებით და ჩვენი თეთრი ძვლებიც თეთრად დარჩება ქარში ცის ღმერთის ტოტზე დაკიდებული თეთრი ტყავივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები