ორიოდე დღეა, რაც გადავწყვიტე სამუდამოდ იქაურობიდან შორს გამგზავრება, სადაც აქამდე, დაუფიქრებლად, მთელი ცხოვრება გამიტარებია. ფიქრებში ჩაძირული შორიდან ვუმზერ ვაგზლის შენობას და მას თანდათან ვუახლოვდები - უზარმაზარს, მუქს, რკინით მოჭედილს, თავზე მრგვალი, თეთრ ციფერბლატიანი საათი რომ ადგას - საათი, დროის მაჩვენებელი... რა არის დრო? დრო არის ის, რაც არავისთვის არ იცდის! ვიცი, მისვლა დავაგვიანე და ეს დაგვიანება არის ზუსტად ჩემი განვლილი ცხოვრების ტოლი! თუმცა, დაგვიანების გამო ნაკლებად ვღელავ - დარწმუნებული ვარ, მატარებელი ბაქანზე დამხვდება... მატარებელი ჩვენ, მგზავრებს მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე გვიცდის! აი, ვაგზალს მივუახლოვდი. ნაბიჯს მოვუკელი და ფიქრებს კიდევ უფრო ჩავუღრმავდი: რამდენჯერ აღმოვჩენილვარ ამ შენობის სიახლოვეს, მაგრამ არასდროს მომჩვენებია ის ასეთი დიდი, ბუმბერაზი, ყოვლის მომცველი. ის იდგა უზარმაზარი სივრცის ცენტრში და მის ირგვლივ იყო გაშენებული სხვა დანარჩენი - უსუსური ქალაქი. ქალაქს გავხედე... გამიკვირდა, თუ იქ მთელი ცხოვრება როგორ გავატარე-მეთი! მიუხედავად უეცარი გადაწყვეტილებისა, ვიგრძენი, რომ ამ მგზავრობისთვის, ქვეცნობიერად, მთელი სიცოცხლე ვემზადებოდი! შენობის ზღურბლზე, ჩემდა უნებურად, წამით შევყოვნდი, ისევ გამექცა ქალაქისაკენ თვალი - იქიდან თან არაფერი წამომიღია... არადა, სამუდამოდ მივემგზავრები! ისე ცივად მივაქციე ქალაქს ზურგი, თითქოს იქ, არც არასოდეს მეცხოვროს! შენობაში შევდგი ფეხი - სითბო, სივრცე და ვაგზლებისთვის არადამახასიათებელი სიმშვიდე, როგორც არა ამქვეყნიური სამყარო, ისე შევიგრძენი. ეს არ იყო ჩვეულებრივი, სხვა ვაგზლების მსგავსი ვაგზალი! არა და, წინათ, მე აქ მრავალჯერ ვარ ნამყოფი, განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია, მიმაჩნდა, რომ აქაურობა იყო ქალაქის მთლიანობის შემადგენელი ნაწილი. წინ წავიწიე, თვალებით სალარო მოვძებნე და მივუახლოვდი. სალაროს სარკმელთან, ცოტა არ იყოს, დაბნეულობა ვიგრძენი, შიშიც; ახლა უფრო გარკვევით გავაცნობიერე თუ სად მივედი; საკუთარ თავში არა საკუთარ თავს, არამედ, იქ ჩაყუჟებულ ვიღაც სულ უცხოს დავეკითხე - ამ შენობაში არის კი ჩემი ადგილი?! პასუხმა არ დააყოვნა - სალაროდან მომზირალმა, საოცრად თბილმა თვალებმა უსიტყვოდ დამარწმუნა, რომ მე აქ მელოდნენ! ბილეთი მინდა... ფული კი არ მაქვს (ყველაფერთან ერთად, ისიც დავუტოვე ქალაქს). მაგრამ, ფული რომც მქონდეს, ბილეთს მაინც ვერ ვიყიდდი, რადგან ამ სალაროში ფულზე, თურმე, არაფერი იყიდება! ფულით თუ არა, მგზავრებმა საფასური რითი უნდა გადაიხადონ? გულით? ესე იგი, გული უნდა გადავუშალო? და აქ, ცხოვრებაში პირველად შემრცხვა საკუთარი თავის(!), რადგან გულში არაფერი აღმომაჩნდა თავმოსაწონი! არ ყოფილა ჩემი ადგილი არც აქ და არც ამ მატარებელში! თვალზე ცრემლმომდგარი მოლარეს ვუმზერ და ჩემდა გასაოცრად, ის ბილეთს მიწვდის.
საკუთარი სინდისისაგან მწარედ ნაგვემი, გავედი ბაქანზე და იქ დამხვდა უმშვენიერესი სანახაობა - ზღაპრული მატარებელი, მგზავრებით სავსე, მშვიდი... მგზავრთა შორის ბევრი ნაცნობი სახე აღმოვაჩინე - თუმცა, არცერთ მათგანთან არ მიმეგობრია! არა თუ არ მიმეგობრია, რამდენი რამ დამიშავებია კიდეც მათთვის _-ზოგს ვატყუებდი, ვეჩხუბებოდი, შარსაც ვუდებდი... მაგრამ რატომღაც, ყველა მიღიმის! თავი დავხარე, გავშრი, თვალები დავხუჭე - ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემთვის ასეთი მძიმე ასატანი აღმოჩნდებოდა მართალი კაცის ღიმილი! რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ასეთ მატარებელში ჩემი ადგილი არ არის! უკან ვერ დავბრუნდები, იქ ჩემთვის აღარაფერი არსებობს! მზად ვარ ვიყვირო, ვცემო, დავსაჯო საკუთარი თავი... მაგრამ ეს რას უშველის?! მოვტყდი, მოვეშვი... და ამ დროს, თვალწინ წარმომიდგა მოლარე, მისი თბილი მზერა, მის მიერ გამოწვდილი ბილეთი - მე მას მივენდე... მოლარე არის ის, ვინც ჩემზე ბევრად უფრო მეტი იცის! ბილეთისთვის არ დამიხედავს, რომ გამერკვია, თუ რომელ ვაგონში იყო ჩემთვის განკუთვნილი ადგილი, მუჭში დავმალე და თავდახრილი გავემართე უკანასკნელი ვაგონისაკენ - ერთი ვაგონი, ორი ვაგონი, სამი ვაგონი... გამოჩნდა ბოლო ვაგონი! მაგრამ, რა? ბოლო ვაგონიც ისეთივე ბრწყინვალეა, როგორც პირველი! ნაბიჯს ვუკელი - ბოლო ვაგონის პირველ კარებს გავცდი... ვაგონის ფანჯრებში შეხედვაც კი ვერ გავბედე! შემადგენლობის უკანასკნელი ვაგონის ბოლო კარამდე მაშორებს ხუთიოდე ნაბიჯი, ოთხი, სამი, ორი, კიდევ ერთი და მატარებელს გავცდები! ისმის საყვირის ხმა, მაუწყებელი იმისა რომ, მალე უნდა დაიძრას მატარებელი! და ამ დროს, მთელი სხეულით აცახცახებული ადგილიდან დაძრული ვაგონის კიბის საფეხურს შევახტი, სახელურს მყარად ჩავებღაუჭე - მატარებელი სიჩქარეს იკრებს... მე ქალაქს მოვწყდი!
სად მიდის მატარებელი? ის მიდის იქ, სადაც ადამიანი გათავისუფლდება ცხოვრებაში ნაგროვები საკუთარი სულიერი სიმძიმისაგან! რატომ მძიმდება ადამიანი? მძიმდება იმის გამო, რომ ის საკუთარ თავში კეთილს ებრძვის! არა და, ადამიანი თავიდან ხომ სრულიად კეთილი იყო - ბავშვი... რა კარგად მზრდიდნენ და როგორი ცუდი გავხდი! მკვლელი - საკუთარ თავში მოვკალი ბავშვი, ის ბავშვი, რომელადაც მოვევლინე ქვეყნიერებას! უნდა მოვძებნო საკუთარი ბავშვობის, თუნდაც, საფლავი, ეს გამგზავრება დამეხმარება მე მის პოვნაში! სად ვარ ახლა - მატარებელი სრული სისწრაფით მიჰქრის... ისევ კიბეზე ვდგევარ და სახელურს ვებღაუჭები! ფიქრებისგან ცივმა ქარმა გამომარკვია, მთლად გავითოშე - უნდა შევიდე ვაგონში... კარი ღიაა! მაგრამ ადგილს ვერ ვწყდები - როგორ გავუსწორო იქ მყოფთ თვალები?! როგორ გავუტოლო იქ მყოფებს თავი?! სადაც ვარ, აქ უნდა ვიდგე, აქ არის ჩემი ადგილი _ ვარ მატარებელში და არ ვარ ვაგონში!
მატარებელი სრული სისწრაფით მიჰქრის...…კიბეზე მდგომი, თანდათან ვრწმუნდები, ვეღარ მივაღწევ იმ ადგილამდე, სადაც მატარებელი მიდის - გათოშილი ვარ, გონებას ვკარგავ და საცაა კიბიდან გადავვარდები! ვერაფერს შევცვლი... ასეთი ყოფილა ჩემი ხვედრი! რომც მიმეღწია დანიშნულების ადგილამდე, გავძლებდი კი იქ, თუკი ვაგონშიაც ვერ მიპოვია ჩემი ადგილი?! ჩემი ძვლები ტყე-ღრეში გაიფანტება - ასე სჯობია, თუნდაც ამ სახით, მაგრამ ქალაქს ხომ მაინც დავაღწიე თავი! ასეთი სულიერი სიმშვიდე არასდროს განმიცდია - ვეღარც სიცივეს ვგრძნობ, ვეღარც ტკივილს, ზუსტად ისიც არ ვიცი, ისევ კიბეზე ვდგევარ თუ გადავვარდი?! არა, ჯერ ისევ კიბეზე ვდგავარ, გარემოს ბუნდოვნად ვარჩევ. ვარჩევ? ჰო, ვარჩევ! აი, ჩემს წინაა პატარა ბავშვი - მე შემომცქერის, ჩემსკენ მოიწევს, ჩემს უმწეობას ძალზედ განიცდის! ხვდება, რომ აღარ შემწევს ძალა ვაგონში დამოუკიდებლად შესვლის, მკლავებში მებღაუჭება და ცდილობს, შიგნით შემათრიოს. - ვერა, პატარავ, ვერ დამძრავ, მე საშინლად ვარ ცხოვრებისაგან დამძიმებული! ატირებული, თვითონაც ხვდება ამას, მაგრამ არ შეუძლია რომ დამტოვოს, შემომაქციოს ზურგი. ვფიქრობ იმაზე, ასეთი კარგი, კეთილი აქ საიდან გაჩნდი, ვინ გამოგგზავნა? ღრმად ვეძიები მის ცრემლით სავსე თვალებს და... და უეცრად, ყველაფერს ვხვდები: თვითონაც ცრემლით მევსება თვალი - ეს ბავშვი მე ვარ, ჩემი პატარაობაა, ისაა, რასაც ვეძებდი! მადლობა ყველას ყველაფრისათვის... გონებას ვკარგავ.
მატარებელი სასიამოვნოდ ირწევა და სწრაფად მიქრის. ვგრძნობ - კიბეზე არ ვარ, არც ტყე-ღრეში ვარ გადაჩეხელი, შუა ვაგონში თბილად, ფაფუკ სავარძელში ვარ ჩასვენებული. აქ როგორ გავჩნდი? თვალზე ცრემლი ღვარად მადგება და ხმამაღლა ვტირი.
ნიკოლოზ ლეჟავა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|