ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
27 ივნისი, 2017


ომარ ხაიამი - რობაიები

                                    ***
შეავსეთ, თავზე ხელაღებულნო, ღვინის ფიალა,
იცოდეთ, ვინც ამ ნეტარებას არ ეზიარა,
თიხადქცეული მოიზილა მისგანაც თასი
და იმ თასიდან ღვინო შესვეს, დარდი კი არა.

                                    ***
თუ ავსიტყვაობს ბრძენი ღმერთზე უბირთა წესით,
დაყრუვდი მისთვის, ღმერთს მიენდე გულით უწრფესით,
ბედისწერამ რომ შენი სისხლი არ შესვას ავმა,
შეავსე თასი ვაზის სისხლით, უძივრფასესით.

                                    ***
ვწუხვარ, დრო-ჟამი ჩვენს ცხოვრებას წარსულად აქცევს,
უსიყვაროლოდ და უღვინოდ ამ ტვირთს ვინ გასწევს,
რისთვის ვიკვლიოთ წუთისოფლის ცოდვა და მადლი,
თუკი აქედან თავს ცოცხალი ვერვინ დააღწევს.       


                                    ***
ცრემლების თავსხმამ სისხლმდინარე მტევანს გაანდო,
ბროლის ჭურჭლიდან ღვინო მოჩქეფს ნიაღვარადო.
თასს ღვინო, როგორც სხეულს სული, შენივთებია,
ღვინო ლალია გამჭვირვალე, დოქი - საბადო.

                                  ***
ღვთაებრივ ღვინოს ვეწაფები დიდი ფიალით,
რომ წუთისოფლის ჩარხი წაღმა დავატრიალო.
სარწმუნოებას, რჯულს და რწმენას შევუორგულდე,
ვაზის სასძლოს კი ვეთაყვანო და ვეტრფიალო.
                                   
                                      ***
ლექსები თან რომ წამეღო და თავთან მდებოდა,
საზრდოდ პური და დოქით ღვინო არ მომკლებოდა,
ნანგრევებს შორის შენთან ერთ დღეს გავატარებდი
ისეთ ბედნიერს, რომ თვით სულთანს შეშურდებოდა.
                                   
                                    ***
აქ მიწის ყველა ხემსი მისას ინახავს ფეთქვას,
ლამაზთვალებას რომ ეტყოდნენ, ეტრფოდნენ ღმერთქალს;
გადააცალე ამ თმებს მტვერი სათუთად, ნაზად,
ის ლამაზმანის მხრებს დალალად ეფინა ერთ ხანს.     

                                      ***
ათასი სიბრძნე გვითხრეს ბრძენთა, მათთა ებანთა, 
თუმც ვერვინ შეძლო, ირგვლივ ბნელი მიმოეფანტა.
ოდენ გვიამბეს ზღაპრად, როგორც  ძილისპირული,
მერე თავადაც  დაწვნენ შორის მოლანდებათა.
                                     
                                    ***
არ გველოდება იქ არც ერთი გულთამპყრობელი,
არ მეორდება არსად ჩვენი წუთისოფელი;
წამი ზეიმად ვაქციოთ და დავტკბეთ ამ წამით,
რადგან წამია სოფელი და წამისმყოფელი.

                                    ***
თასი აიღე ღვინით სავსე, შესვი და გასწი,
ცივ ნაკადულებს შორის ველის ყვავილებს დასწვდი,
დასწვდი და დატკბი, თორემ რამდენს მოეღო ბოლო
პირმშვენიერს და ნათელი მთვარის დასადარ ყმაწვილს!               
             
                                    ***
გაღმერთებ!! ისე გამოგძერწა მეთუნემ თურმე,
რომ მთვარე მალავს თავის სხივებს, როცა გიყურებს.
სხვა მშვენდება და მედიდურობს დღესასწაულზე,
შენ კი მას თავად ამშვენებ და ამედიდურებ.

                                  ***
მიკვირს, უკვდავი საიდან გაქვს, მეთუნევ, სული?!
ეს თიხა, ასჯერ ნაზელი და სილაგაწნული,
მთრთოლვარე გულის და სხეულის არ იყო განა,
ვიდრე ღვიოდა სიყვარულის ცეცხლით ჯვარცმული?!

                                      ***
ბრჭყვიალებს ნამი დილის ვარდზე, მზის ანაშუქით,
მშვენიერი და ტურფა ქალის მე ვარ აშუღი,
დღეს იცხოვრე და გუშინდელზე არ დაიდარდო,
ილაღე ამ დღით და ამ წამით, უფლის ნაჩუქრით.

                                  ***
მიმინოდ გავჩნდი, ვოცნებობდი, სამყაროს მიჯნებს
გავცდენოდი და ფრთა შეესხა ჩემს ძალს და ნიჭებს.
ლტოლვილმა ქარით გავაბიჯე ქვეყნის მიღმიერ
ზუსტად იმ კარით, საიდანაც შემოვაბიჯე.
 
                                    ***
ჩემი წუთისოფლის წიგნი უკვე გადაფურცლულია.
რა სევდაა ეს ცხოვრება, უნდოა და ურწყულია,
სიყმაწვილე - ფრთაფარფატა ჩიტი - როგორ გაფრენილა!
გაზაფხული ჩავლილია, მოგონება უძლურია.
             
                                ***
მეთუნე იდუმალი, როცა ძერწავდა ქალას,
განსაკუთრებულ უნარს, თავის ღვთაებრივ ძალას
ჩააპირქვავებინა მასში საწუთროს თასი
და აგიზგიზებული ვნებები გადაცალა.

                                ***
გაფრენილი დღე თითქოს სიოს ნაზი სტვენაა,
შეერთო წარსულს, ცხოვრება ხომ დროთა დენაა,
ვიდრე ამ სოფლად ვცოცხლობ, წარსულს ან ჯერ არმოსულს
რისთვის შევტირო? მასზე დარდი რა ბედენაა!

                                    ***
როს გაზაფხული ყვავილის ნამს მძივად დაამცვრევს,
იებს მშვენიერ, ახალ-ახალ კაბებს ჩააცმევს,
ამ დროს ვინც თეთრ ქალთან განმარტოვდება,
ღვინის თასს დაცლის, ცარიელს კი ქვას დაანარცხებს.

                                          ***
წლები მიქრის, დროც მიჰყვება, კაცს არ ვიცნობ, დრო რომ ეყოს,
ცხოვრება წიგნს გადაფურცლავს, სიხარულს და ლხენას ხელყოფს,
არ იდარდო, ბრძენს უთქვამს, რომ ღვინო შველის დარდს და ვარამს,
რასაც ქვეყნის დარდი შხამავს, ღვინო გააუვნებელყოფს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები