ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2017


თანამიმგზავრე!..

შეხედე...მზერა შეაპარე ხალხმრავალ ქუჩას...
ამომირჩიე სიჭრელიდან ნათელი ფერი...
დამაჯერე რომ ცას კაბის ქვეშ სიკეთე უჩანს,
შენ დამიწერე მომავალი მე იისფერი.
შეკარი...მუშტში ჩაიტიე სიტყვის საზღვრები...
მიშინაარსე რთული ხაზით ნაკინძი რუკა...
დამაიმედე რომ სიწმინდეს გზად არ ავცდები,
შენ გამიკაფე გაუვალი, ეული შუკა.
გაძარცვე...ცხვირწინ ააცალე ყუთი პანდორას...
გამინაწილე ფსკერს გაკრული იმედი სუნთქვის...
დამეხმარე რომ დავაკოჭლო ფრაზა: "მარტო ვარ",
შენ დამიქარგე ნაბიჯები მთქმელი და უტყვი.
აშალე...ტყის ხმით აჩურჩულე მოხუცი ოდა...
გამიმზეურე ოცნებები, ოღონდ დაცულად...
შენ შემომაცვი ერთგულება გარდუსვლელ მოდად,
შენ შემასწავლე სიყვარული მე ძველ ქართულად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები