ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: საბავშვო
31 ივლისი, 2017


სახემწიფო - მწიფე ხეები


- ბე, სახემწიფო რა არი?
- ქვეყანა, სადაც არის ქალაქები, სოფლები; ცხოვრობს ხალხი, აქვთ კანონები, ჰყავთ ხელისუფლება. ესენი იცავენ წესრიგს, სამართლიანობას და ადამიანებს, ამ სახელმწიფოში ვინც ცხოვრობს, იმათ იცავენ.
- ქვეყანა რაღა არი?
- ერთი დიდი მიწა, რომელზედაც ადამიანები ცხოვრობენ: ერთმანეთის ნათესავები არიან და ერთ ენაზე ლაპარაკობენ.
- სახემწიფოშიც არიან ეგენი?
- კი.
- სამშობლო?
- სამშობლო შენია: შენი მშობლების და შენი ქვეყანა, შენი მამული, შენი მიწა. სამშობლოს საკუთარ მიწას ეძახი, საკუთარ ქვეყანას და მამულს, გაიგე?
- მამულიც ჩემია, სამშობლოც ჩემია და სახელმწიფო სხვისიც არი?
- ყველას აქვს თავისი სამშობლო, მამული და ქვეყანა, ანუ ადგილი, სადაც დაიბადა, მაგრამ შეიძლება, ის ადგილი არ იყოს სახელმწიფო. იცი, რატომ? - როცა შენს სამშობლოში ბატონობენ უცხოტომელები, ანუ სხვა ხალხი, მაშინ ქვეყანა არ არის სახელმწიფო.
- ჩვენთან არ ბატონობენ, ხო?
- ვერ ბატონობენ, მაგრამ ძალიან უნდათ.
- ეგენი რუსები არიან, ხო?
- ხო.
- მაგათ არა აქვთ სახემწიფო?
- ძალიან დიდი, უზარმაზარი.
- მერე არ ყოფნით?
- არა.
- ბე, მამული გააააავს სახემწიფოს?
- მამული მამების დანატოვარი მიწაა, იგივე სამშობლოა, სადაც ადრე ცხოვრობდნენ შენი წინაპრები: მამა, პაპა, პაპის პაპა, იმის პაპა...
- თუ მამული მამების დანატოვარი მიწაა, სამშობლო - მშობლების, პაპების რაღაა? - პაპული?
- სამშობლო მშობლიური, საყვარელი მიწაა და ღმერთმა მოგცა, რომ მოუარო და გიყვარდეს.
- მე მომცა?
- ჩვენ ყველას მოგვცა: მე, შენ, დედიკოს, მამიკოს, ირუს - ყველას. რადგანაც გაგვაჩინა ამ მიწაზე, ესე იგი, მოგვცა, ეს მიწა გვერგო სამშობლოდ.
- მე რო ვერ ვხედავ?
- ადი მეორე სართულზე მზის ჩასვლისას, იქიდან მყინვარი ჩანს, გახედე მყინვარს და ნახე, რა პატარა ხარ შენ და ის რამხელაა, რა ლამაზია აქედან არაგვის ხეობა, თუ მთლიანად არ გამოჩნდება, რაღაც ნაწილს მაინც დაინახავ... მერე ჩამოდი და მომიყევი, რას იგრძნობ, აბა?
- რას?
- სიყვარულს.
- მე რომ პაპა არ მყავდა, ვინ დამიტოვა? ბაბუმ?
- ბაბუ და პაპა ერთი და იგივეა.
- უყვარდა ბაბუს სამშობლო?
- კი.
- მეორე სართულზე ასული იყო?
- ამ სახლში არ ყოფილა, მაგრამ სამშობლო ძალიან უყვარდა.
- თუ არ უნახავს, როგორ უყვარდა.
- სამშობლო მარტო მეორე სართულიდან კი არ ჩანს, ყველგან არის: თბილისშიც, გურიაშიც, აფხაზეთშიც...
- აბა, მყინვარიო?
- მყინვარი ძალიან ლამაზია და დიდებული, მზის ჩასვლისას ოქროსფერდება. რომ შეხედავ, გული გეტყვის რაღაც ისეთს...
- რას მეტყვის, ბე?
- გეტყვის, ეს შენი სამშობლოაო.
- ბაბუც... როცა უყურებდა მთებს, იმასაც ეუბნებოდა გული, შენიაო ეს სამშობლოო?
- კი, კი, ეუბნებოდა.
- ესე იგი სახემწიფოზეც გეუნება გული, როცა შეხედავ და მოგეწონება?
- რას ჩააცივდი ამ სახელმწიფოს?!
- ზუკას დავენიძლავე, სახემწიფო მწიფე ხეები არი-მეთქი და წავაგე, ბე.
- ამდენს მაგისთვის მალაყბებ, ილია?
- არა!! არა!! მიდი, ბე, გააგრძელე.
- ზუკამ იცოდა სახელმწიფოს მნიშვნელობა?
- ვერ იცოდა, მარამ მწიფე ხეები არ არიო.
- ხოდა, შენი სამშობლო თუ თავისუფალი ქვეყანაა და თან მდიდარიც თუა, რომ გადახედავ სამშობლოს და გაგახსენდება, რომ ის ძლიერი სახელმწიფოც არის, გაგიხარდება, გული საგულეს გექნება, არ შეგეშინდება, რომ ვინმე დაგიწყებს ომს, მიწებს წაგართმევს და სახლში შემოგივარდება; მაშინ შენ შენს სამშობლოში შენივე სახელმწიფო გიცავს, გაიგე?
- ბე, კარგათ ვერ გავიგე, მარამ... ავალ მეორე სართულზე, გადავხედავ, აბა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები