ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
31 ივლისი, 2017


ქიზიყური ისტორიები (ნაწილი პირველი)

ჩემი სოფელი, საოცარი ვაქირი, ქიზიყში, სიღნაღის ძირში ხელის გულზე აყვავებული ოაზისივით ლამაზად გაშენებული სოფელია. ჩემი დიდი პაპის, შაქროს მიერ თავისი ხელით, ქვისა და ხისგან აშენებული ორსართულიანი ძველებური სახლის მეორე სართულიდან ალაზნის ველი და კავკასიონის დიდრონი მთები მოჩანს- ხან ნისლიანი, ხან დათოვლილი, ხან მზიანი და ლამაზი. ჩემი აივნიდან მზის ამოსვლის ყურებას არაფერი სჯობს. ბავშვობაში ბევრჯერ დამწყდომია გული, თუკი ჩამეძინიებოდა და ვერ მიუსწრებდი მზის სხივებს მისალმებას. ვაქირი ჩემი ბავშვობის ჯადოსნური ქვეყანა იყო, ადგილი სადაც ჩემი სული თავისუფლდებოდა და შემოქმედის გონი იღვიძებდა, სადაც ჩემი სამყარო ისეთი ღრმა და ზღაპრული ხდებოდა, ბუნებრივი შიში მიპყრობდა, ამ ყველაფრის ოდესღაც დასრულების შიში.
ვაქირელებსაც ოდესღაც ძალიან უყვარდათ თავისი მიწა, თავისი ფუძე და მეზობლები. ახლაც  უყვართ, თუმც ალბათ არა ისე ძლიერად და მტკიცედ, როგორც ადრე, იმ ტკბილ და ძველ დროს, როცა ადამიანური ურთიერთობები უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე პირადი სივრცის ხელშეუხებლობა.
მე არასდროს არ მიყვარდა გრძელი წინასიტყვაობები, მიუხედავად იმისა, შემდგომგვერდებზე ვიგრძნობდი თუ არა ამ დიდი წინასიტყვაობის აუცილებლობასა და საჭიროებას. ბევრჯერ ამის გამო მიმიტოვებია კიდეც წიგნის კითხვა და მერე ბევრჯერაც მინანია ჩემი ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ამიტომ, დიდ ხანს არ გავაგრძელებ, თუმც შეიძლება კარგიც იყოს წინასწარ ნათელის მოფენა ბევრ რამეზე, მაგრამ მე გზადაგზა შევეცდები გასაგები გავხადო, გრძნობები, პეიზაჟები, ადამიანები და მათი საქციელი.

1. ისტორია - (ვალოდია)
გოგია საცალფეხო ბილიკით კოპალადან* შინ ბრუნდებოდა. კოპალას, ძველი სალოცავის ადგილას გაშენებულ სასაფლაოს ეძახდნენ სოფლელები. გოგიას პატარა ბიჭი შალვა, 13 წლის იყო, როცა ცხენის გახედვნისას, ცხენმა ითრია და 3 დღის წვალების შემდეგ გარდაიცვალა.
მას მერე 2 წელი იყო გასული და 3 თვე და მას მერე დღე არ გასულა გოგია ვენახიდან, სათოხნიდან, ყანიდან თუ ბაღიდან  ისე მისულიყო სახლში, შალვასთვის არ შეევლო და ცრემლით არ გაეთბო ცივი მიწა.
ჯერ კიდევ წითელი და შეშუპებული ჰქონდა თვალები ტირილისგან, როცა ნიშაშაქროაანთ, ხისაგან მტკიცედ შეკრულ, ლამაზად ნაშენებ სახლს ჩაუარა და ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა.
-საწყალი ელენე, ჩემი ელო! ვაჰ, ღმერთო! სადაა ნეტა შენი ძალა და სამართალი?! იქნებ სულ სხვანაირად წასულიყო ჩვენი ცხოვრება, ჩვენ რომ ერთად ვყოფილიყავით?!
ელენეს და გოგიას იმ დღიდან უყვარდათ ერთმანეთი, რა დღესაც ფეხი აიდგეს და ერთმანეთისთვის სიტყვის თქმა შესძლეს. ელენე მდიდარი და შეძლებული გლეხის ოჯახიდან იყო. მას 3 უფროსი ძმა ჰყავდა. წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის სიმრავლით მთელ სოფელში განთქმული ჰქონდათ სახელი. ოდესღაც მთიდან ჩამოსახლებულებს, კარგად ესმოდათ რძიანი და წვნიანი ბალახის ფასი, საქონელსაც ყაირათიანად უვლიდნენ და დასაც ხელისგულზე ატარებდნენ.
გოგია კი ერთი ღარიბი და ჯიბეგაფხეკილი ოჯახის შვილი იყო. მამა პირველი მსოფლიო ომის დროს წავიდა ომში და ვეღარ დაბრუნდა, მისი არც საფლავი იცოდნენ და არც ასავალ-დასავალი. საწყალი დედა კი, ხან ვის ეხმარებოდა პურის ცხობაში, მოსავლის აღებაში, ბავშვის დატოვებაში თუ სახლის საქმეებში და ასე გაჰქონდათ დღიდან დღე. ასე წამოზარდა 4 შვილი, მათგან გოგია უფროსი იყო და 14 წლისა მამასავით ზრუნავდა საკუთარ და-ძმებზე. ოცნებობდა ფული ეშოვნა და ელენე მოეყვანა ცოლად, მაგრამ მისი ოცნება ვეღარ ახდა: ელენეს შეძლებულმა მშობლებმა ძვალმაგარი, მხარბეჭიანი და ღონიერი შაქრო აურჩიეს.
შაქროს წარსულზე იქ სოფელში არაფერი იცოდნენ, იცოდნენ მხოლოდ რომ მისნაირად იმ მიდამოში ხეს ვერავინ უმკლავდებოდა: უზარმაზარ ხის მორებს მოათრევდა ტყიდან და იქიდან ულამაზეს სახლებს აშენებდა.
მას შავ-თეთრი ულვაშის გამო ნიშაშაქროს ეძახდნენ. ერთხელ ტყიდან ასე , ცალ ულვაშ გათეთრებული დაბრუნდა. თავად ყვებოდა, ჩამეძინა ხის ძირში და როცა გამეღვიძა ზედ თავთან უხსენებელი შემომყურებდა შიგ თვალებშიო. სახლში მოსულმა კი გვიან შეამჩნია რომ შიშისაგან ცალი ულვაში სულ გათეთრებოდა.
ნიშაშაქროს რომ გააცნეს ლამაზი პირისსახის, ჩია ტანის, ნაზი და განათლებული ელენე, უარის თქმა არც მოსვლია თავში, გახარებული დასთანხმდა, მითუმეტეს რომ სიმამრისგან საკმაო ქონება ხვდა წილად: საქონელი და ოქროულობა. ჭკვიანი და გამჭრიახი კაცი ელიკოს მზითევს ერთი-ათად აქცევდა.
ბევრი რამ ამოუტივტივდა გოგიას გონებაში ამ სახლთან ჩავლისას და შაქროსი ოდნავ შეშურდა კიდეც. ამ დროს ვიღაც ქალის განწირული ყვირილის ხმა მოესმა. ეს ელიკო არ იყო. გოგიამ დაყარა თავის „პრავიზოვკა“ და თოხი და სახლში შევარდა.
ბებია ქალი განწირული ულაწუნებდა სახეში ხელებს მითენთილსა და გაწურულ 35 წლისოდენ ქალს.იმდენად გაფერმკთალებოდა სახე, ნაკვთებს რთულად გაარჩევდით. ბავშვი ცალკე ჯღაოდა, უფროს ძმას, გიორგის ეჭირა ხელში და გაოგნებული შეჰყურებდა უცნაურ სცენას.
გოგია მივარდა, ხელით გასწია ბებია ქალი და ელიკოს ხელები მოიქცია დიდრონ ტორებში. უზელდა ხელებს, ბიბილოებს, ცივი წყალი მოატანინა და იმით მობანა სახე, ჩუმად ეჩურჩულებოდა რაღაცას და მშობიარემაც მოიხედა. თვალი რომ გაახილა თითქოს საიქიოში ეგონა თავი გოგიას სახე რომ დაინახა, ისე ნეტარებით გაუღიმა. გოგიამ შვებით ამოისუნთქა.
-მოკვდა? - იკითხა შაქრომ, ისე თითქოს დადებით პასუხში არც ეპარება ეჭვიო. დიდი იყო მისი განცვიფრება, როცა მისი ცოლი გადარჩა.
შაქრო უკვა აცილებდა გოგიას, კარის მოხურვამდე ოთახის ბოლოდან სუსტი ხმა გაისმა: შალვა!
- ორივემ გაოცებულებმა მიიხედეს.
- შალვა დავარქვათ, შენი ბიჭის საპატივსაცემოდ გოგია! - გოგიამ ხმა ვერ ამოიღო, სიტყვები ტუჩებზე მიეყინა.
- იმედია, შენი ბიჭივით ყოჩაღი და გონიერი იქნება- ჩაიცინა შაქრომ.

მას მერე, გოგია მხოლოდ საეკლესიო დღეებზე სტუმრობდა კოპალას. სამაგიეროდ შალიკოსთვის იქცა მამად, მეგობრად, ბიძად და ნათლიად.
ნიშაშაქროაანთ ოჯახში ცხოვრება ისევ ძველებურად მიედინებოდა. 4 ვაჟი- დიდი საამაყო ქონებაა გლეხკაცისთვის. უფროსი ვაჟი გიორგი, ლამაზი პირისახის დედასავით პატარა ტანის ბიჭი იყო. მეტსახელად მამამ ნაცარქექია შეარქვა: თავისუფალ დროს კერიასთან ჩამოჯდებოდა და ნაცარში ხატავდა ხოლმე. თუ კი რამით კვალის გავლა შეიძლებოდა, ყველაფრით შეეძლო ხატვა. ხშირად ეხმარებოდა მეზობლებს კედლებისა თუ ღობეების ღებვაში. ყველა შეღებილს თავის კვალს მაინც ამჩნევდა ხოლმე.
მეორე ვაჟი, სოსო, განთქმული იყო საამო ხმითა და ქარიზმით: გოგოები გარს ეხვივნენ. რა ინსტრუმენტი უნდა მიგეცათ მისთვის რომ მასზე 2 წუთში სიმღერა არ დაეკრა, ან რა მელოდია უნდა წაგეღიღინებინა რომ აკომპანირება არ გაეწია!
შალიკოს კოჭებში ეტყობოდა როგორი ონავარი და ოხერიც იყო, 10 თვისა უკვე თავისი ფეხით დარბოდა და 3 წლისა კიდე ჭიდაობაში ტოლს არ უდებდა უბნის ბიჭებს.
შალიკოს უფროსი ძმა, ნიშაშაქროაანების მესამე ვაჟი, ვლადიმერი დიდი ვერაფრით გამოირჩეოდა: ჩუმი, წყნარი, დამჯერი და თვინიერი ბავშვი იყო. მისი კეთილშობილებისა და უბოროტობის გამო ყველას ძალიან უყვარდა, თუმც ხშირად იჩაგრებოდა სწორედ ამ თვისებების ზედმეტად დიდი დოზის გამო.
შალიკო 4 წლის იყო, როდესაც ელიკო მძიმედ გახდა ავად. სახლის საქმეები, ცხობა, ან მიწაზე მუშაობა სუსტი ტანისა და მშობიარობისაგან ვერმოკეთებულ ელიკოს არ შეეძლო. ამიტომ იმით ეხმარებოდა ოჯახს, რაც გამოსდიოდა და უყვარდა კიდეც: კერავდა. მთელი სოფელი მასთან დადიოდა გამოსასვლელი თუ სამუშაო ტანისამოსის შესაკერად. ისიც თავდაუზოგავად შრომობდა. ღამეების თენებამ კი მისი ისედაც სუსტი ჯანმრთლობა უფრო შეარყია.
ლოგინად ჩაწოლილი გულმოკლული უყურებდა მათ სახლში შემოსული ქვრივი, 5 შვილის დედა, მაშოსა და შაქროს არშიყსა და ფუთფუთს.
ცოტა ხანში ელიკო თბილისში გადაიყვანეს საავადმყოფოში.
4 ბავშვი ამაოდ ელოდა დედის დაბრუნებას. დეპეშა მოუვიდათ, დედათქვენი გარდაიცვალაო. ბავშვებს კი ეგონათ, გარდაიცვალა , ესეიგი სხვა პალატაში გადაიყვანეს, რაღა თქმა უნდა ალბათ უკეთაა და იმიტომო. გახარებულებმა ქათამი დაკლეს და აღნიშნეს ეს ამბავი. მოგვიანებით  ნატო მამიდა მივიდა მათთან და აუხსნა, რომ დედას ვეღარასდროს ნახავდნენ.
შაქროს დაეზარა ცოლის თბილისიდან კახეთში გადმოსვენება და მას მერე შვილებმა დედის საფლავიც არ იცოდნენ.
გიორგი -16 წლის - ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა და უმცროსები გაემხნევებინა.
სოსო - 12 წლის - ცდილობდა მიებაძა გიორგისთვის.
ვალოდია - 8 წლის არ იყო ჯერ - სლუკუნებდა გულამოსკვნილი
შალიკო - თითქმის 5 წლის - გაოგნებული უყურებდა ყველას და ვერ გაეგო, რა მოუვიდა მის ლამაზსა და საყვარელ დედას ელოს.
40 დღე არც კი იყო გასული, მაშომ თავისი 5 შვილი ბედის ანაბარა დაყარა და ნიშაშაქროაანთ ეზოში გადმოსახლდა. ხალხი შაქროს იმით ამართლებდა, ბალღებს მიხედვა უნდათ, კაცს კიდენა ცოლი სჭირდებაო, თუმც ბავშვები 1 კვირაც არ გაუჩერებია სახლში: ყველა გაყარა, დიდები ხართ და უნდა იმუშაოთო.
შალვა გოგიამ წაიყვანა და 16 წლამდე საკუთარი შვილივით ზრდიდა. გიორგი სკოლის მასწავლებლის თბილისელმა ძმამ წაიყვანა, ნიჭიერი ბიჭია, კარგად ხატავს და ხელს შევუწყობო.
სოსო ნატო მამიდამ წაიყვანა თავისთან ანაგაში, იქიდან თავის შვილებთან ერთად თბილისში გაუშვა. ნატო მამიდას სიკვდილამდე 2 წლით ადრე სოსომ კონსერვატორიაში წარმატებით ჩააბარა.
მხოლოდ ვალოდია იყო ბედის ანაბარად დარჩენილი. ფეხშიშველი და ტანტიტველი ოქტომბრის გრილ დღეებში სამუშაოს საძებნელად დადიოდა. თავის სოფელში შერცხვა სამადლოდ სიარული. ალბათ ვინმესთან რომ მისულიყო, არავინ დაამადლებდა ლუკმას, ყველა შეიფარებდა და მისცემდა ჭერსა და სითბოს, მაგრამ ის ამას ვერ გააკეთებდა, ამაყი და თავმოყვარე დედის რაღაც ქვეცნობიეი თვისება დაჰყოლოდა ვალოდიას და წნორში ჩავიდა, იქ , სადაც მას ცოტა ვინმე თ იცნობდა.
მაშინ ვალოდას მხოლოდ 3 კლასი ჰქონდა დამთავრებული. დედინაცვალმა გადაწყვიტა წერა-კითხვა პურს ვერ გვაჭმევსო და სკოლიდან აიძულა გამოსულიყო.
წნორში ღამეს ზეთის სახდელ ქარხანაში ატარებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები