| ავტორი: ჰერელი ჟანრი: პოეზია 2 აგვისტო, 2017 |
* * *
ნახე, უკვე მოჩანს, ჩვენი ბილიკები, ბეშგილ, ძველი სიზმრები კი თითქოს გაკვანძულან მთებთან. -გახსოვს? - ბავშვობაში, მთებზე ღამდებოდა... ქვეშ კი იდგა სოფელი და ერთგულ ნაგაზივით ყეფდა.
ჩვენი გზებია და თვალი გავუსწოროთ მომხდარს, მოდი, ჩვენებურად, წარსულს გადავხვიოთ ხელი; თორემ, ძნელი არი, იდგე თავდახრილი ქოხთან, - როცა ბრუნდები და იცი - აღარავინ გელის...
2009 წ.
ჰერეთში
სახლები ხეობაში ქალწულის ჭორფლებია, ხევები ცრემლებივით ჩადიან ნიკაპისკენ... თენდება... პირმშოსავით მზეს წოვენ სოფლები და ღრუბელი სახელოებს მთის წვერზე იკაპიწებს.
ბავშვობა იმზირება ნაცნობი ქოხებიდან, დავდივარ, ვხეტიალობ, ვიხსენებ თანატოლებს. ამ ტყესთან ვთამაშობდით, გაფრინდნენ ხოხბები და ის ტკბილი სიყმაწვილეც ხოხბის ფრთებს გავაყოლეთ!
მივდივარ წყაროსთან და გამხმარი მურყნებია (აქ ხშირად ვქანაობდით დაწნული ბურზღუნებით*), დამსხდარან ბეღურები, ხეები უყვებიან ერთ დროს რომ ფუტკრებივით მინდვრებში ვზუზუნებდით.
მთვარეზე დაკიდული ჩამწყდარა საქანელა, ეკლებით დაფარულა კუნძულის ეზოები!.. ვბრუნდები ნაღვლიანი სოფელში, სადაც ნელა დადიან ქალწულები - შეცვლილი თეძოებით.
ეს სიზმრად დაწერილი ბავშვობის სტროფებია, ცხოვრებამ დამიტოვა თვალებში წამი ღიმად... აღარ ჩანს ის გოგონა, რომელიც კოპლებიან კაბაში დავინახე... შეცბა და გამიღიმა...
სახლები ხეობაში ქალწულის ჭორფლებია, ხევები ცრემლებივით ჩადიან ნიკაპისკენ... თენდება... პირმშოსავით მზეს წოვენ სოფლები და ღრუბელი სახელოებს მთის წვერზე იკაპიწებს.
2011 წ.
* * *
ხევზე დაგორდა ნისლის გუნდები, მთვარე ღრუბლებმა სადღაც გაქაჩეს. ვუსმენ დუმილს და უფრო ვრწმუნდები, რაღაცნაირად ვუსმენ პაპაჩემს.
შიში გაქცეულ ყეფას გაურბის, სადღაც ირღვევა ფიქრის ჯებირი, კარებს ჭრიალით აღებს ხმაური და შინ შემოდის პაპაჩემივით, –
თუთუნს ავსებს და თბება ბუხართან, მერე კი ასე – ფიქრში ჩარჩენილს, გამიყვანს გარეთ, როგორც უყვარდა, წინ გამიძღვება კვლავ პაპაჩემი.
გავივლით ბილიკს ნისლით მოფენილს და მთელს ეპოქას დამბაჩებიანს... ვხედავ და უფრო მჯერა, სოფელიც შრომით დაღლილი პაპაჩემია.
ქარით ივსება სოფლის აუზი, მალე ქედს იქით მთვარე ჩამივა. მივდივარ... ვწვები სასაფლაოზე, რადგან მეც ერთი პაპაჩემი ვარ.
2014 წ.
მზერას გოგოსკენ
ვიწრო შარაზე იდგა ტალახი, ქვები ელაგა ყვითელა მიწას... გზა მთავრდებოდა... და მობალახე ხართან ხეების ჩრდილები იწვნენ.
ბილიკი გვერდით გასდევდა ახოს და მზე ბალახში იდგა კოჭამდე... და წინ თუ უკან... და შორს თუ ახლოს, ნაფეხურები (ცვარზე) მოჩანდნენ.
კვალი დაღმართში მისდევდა პეპლებს და ბრუნდებოდა ისევ ქვემოდან. ბიჭი კი - ნედლი შვიდანწლას წკეპლით,- მზერას გოგოსკენ ერეკებოდა...
2015 წ.
წასვლა
ჩვენ სხვა ბავშვებად დავიბადეთ. დიდებად - გვზრდიდნენ დიდები. დიდი წვალების და დარდის თანხლებით... იყო სოფელში ომობანა და უცხო მკვიდრებს ვუტევდით! - ხისგან გამოთლილი უპირო ხმლებით... ვამბობ „უპირო“... თორემ ბოლოს ჩვენც ვნახეთ მსხვერპლი, (უსისხლო) როცა მოტირალი თვალები ესხდნენ პაპას... და საფლავს მოვაბნიეთ ბავშვობა - ფერფლი და წინაპრების მყარი ძვლებიც ერთმანეთს შეხვდნენ. ვიხსენებ, როცა ორღობეში მუხის ხე მოჭრეს, მუხის ადგილას მეორე დღეს ნახერხი დარჩა; ჩვენ სხვა ბავშვებად გავიზარდეთ... სპილენძის კოჭებს - ვაგროვებდით და ჩალის ფასად ვუთმობდით. ვაჭრებს - ამ გახვრეტილი ჯიბეებით... ნაშოვნი ფულით - სამჭადე ფქვილი წისქვილიდან მიგვქონდა სახლში... და საღამომდე დუმილს ვჩეხდით და მძიმე ცულებს: ვიქნევდით. დადგა დღე, როდესაც ჩვენს ყურშა ძაღლში მეზობლის ბავშვებს გამოვართვით სიმინდის ფუტი ტაროს კბილები გადავმარცვლეთ... ხოლო ფუჩეჩი, ბოსელში ზაქის მივუტანეთ... და მწარე წუთებს ვითვლიდით მე და უფროსი ძმა სოფლის ქუჩებში. ჩვენ სხვა დიდებად გავიზარდეთ... ვიდექით ქოხთან მე და ჩემი ძმა... გვერდით ეგდო ძველი ფიწალი. იდგა დრო... ჩვენ კი მივდიოდით და ასე მოხდა: ჩვენი სოფელიც სწორედ მაშინ გამოიცალა...
2015 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ლამაზი ლექსებია - მთის ჰაერივით სუფთა და კამკამა... ლამაზი ლექსებია - მთის ჰაერივით სუფთა და კამკამა...
12. შენმა ბავშვობამ ჩემი ბავშვობა ჩამოატარა.. შენმა ბავშვობამ ჩემი ბავშვობა ჩამოატარა..
11. ძალიან ლამაზი და ორიგინალური მხატვრული სახეები, არსად არ გიჩნდება მკითხველს რაიმე ხინჯი და შეფერხება. შესანიშნავია! ძალიან ლამაზი და ორიგინალური მხატვრული სახეები, არსად არ გიჩნდება მკითხველს რაიმე ხინჯი და შეფერხება. შესანიშნავია!
10. დიდი მადლობა ყველას! დიდი მადლობა ყველას!
9. გაზაფხულზე აყვავებულ აკაციებს რომ ჩაუვლი გვერდს და თვრები, აქაც ასეა. მიხარია ასეთი საინტერესო ავტორები რომ იზრდებიან. +2 გაზაფხულზე აყვავებულ აკაციებს რომ ჩაუვლი გვერდს და თვრები, აქაც ასეა. მიხარია ასეთი საინტერესო ავტორები რომ იზრდებიან. +2
8. კარგი ლექსებია. კარგი ლექსებია.
7. კარგი პოეტი კარგი პოეზიით. მადლობა ღმერთს. 5.
კარგი პოეტი კარგი პოეზიით. მადლობა ღმერთს. 5.
6. შენ თსუ-ს საღამოდან მახსოვხარ. გამიხარდა შენი აქ ხილვა <3 ჩამოყალიბებულად წერ, სხვა არაფრის თქმა არ არის საჭირო. შენ თსუ-ს საღამოდან მახსოვხარ. გამიხარდა შენი აქ ხილვა <3 ჩამოყალიბებულად წერ, სხვა არაფრის თქმა არ არის საჭირო.
5. ძალიან მძაფრი პოეზიის სუნი დგას აქ! 1-2-4 ლექსებში განსაკუთრებით!
ჰერელი, წიგნი გაქვს გამოცემული? ძალიან მძაფრი პოეზიის სუნი დგას აქ! 1-2-4 ლექსებში განსაკუთრებით!
ჰერელი, წიგნი გაქვს გამოცემული?
4. ამას ვის ხედავს ჩემი დასაფსები თვალები. +5 კიდე დადე კიდე ხუთიანს დაგიწერ. :დ არ მოგატყუებ და 2 ვიცოდი ზეპირად. ამას ვის ხედავს ჩემი დასაფსები თვალები. +5 კიდე დადე კიდე ხუთიანს დაგიწერ. :დ არ მოგატყუებ და 2 ვიცოდი ზეპირად.
3. კარგი ლექსები გქონიათ.
მიყვარს ჰერეთი. აქ სულ ჰერეთია ირგვლივ. ყველაფერს ჰერეთი ჰქვია და განწყობაც ჰეეეეერეთიააა... :))))
წარმატებები...
კარგი ლექსები გქონიათ.
მიყვარს ჰერეთი. აქ სულ ჰერეთია ირგვლივ. ყველაფერს ჰერეთი ჰქვია და განწყობაც ჰეეეეერეთიააა... :))))
წარმატებები...
2. კარგებია, კარგები. კარგებია, კარგები.
1. ძველი და კარგი ლექსები :)
თურმე ზეპირადაც კი მცოდნია ფრაზები , მაგალითად ეს:
"იდგა სოფელი და ერთგულ ნაგაზივით ყეფდა."
ან ეს:
"ბიჭი კი - ნედლი შვიდანწლას წკეპლით,- მზერას გოგოსკენ ერეკებოდა..."
როგორ აკლია აქაურობას ასეთი ლექსები...
ძველი და კარგი ლექსები :)
თურმე ზეპირადაც კი მცოდნია ფრაზები , მაგალითად ეს:
"იდგა სოფელი და ერთგულ ნაგაზივით ყეფდა."
ან ეს:
"ბიჭი კი - ნედლი შვიდანწლას წკეპლით,- მზერას გოგოსკენ ერეკებოდა..."
როგორ აკლია აქაურობას ასეთი ლექსები...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|