ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2017


ქიზიყური ისტორიები (ნაწილი მეორე)

II ნაწილი

-***
- ვალოდ, დაგენაცვლოს დედა, საზედაშე ქოთანი მომირბენინე!
ვალოდასთვის დედის სიტყვა და გაგონება ერთი იყო. ქოთანი ფიცრული საკუჭნაოდან გამოურბენინა დედას. შემდეგ სამფეხაზე დაჯდა, მიუცუცქდა და უყურებდა, როგორ ნაზად და სათუთად ავსებდა ჭურჭელს ერბოთი. ჭურჭელზე ჯვრის დამღა იყო გამოსახული.
- დე, ვისთვინ გინდა ერბო?
- ზედაშეზე უნდა ავიტანოთ, დედაგენაცვალოს.
- ეგ რაა დე?
- ეგ ის ადგილია, სადაც თქვენი გვარის ფუძეა. მანდ ღრმადაა დაფლული ის ქვევრი, სადაც მამაშენის წინაპარი  საბარძიმო ღვინოს აყენებდა. მაგ სახლიდან წამოვიდა თქვენი გვარი. შენს ფუძეს კი პატივი უნდა სცე.
- სადაა ჩვენი ფუძე დე?
- აი, ახლა რომ წავალთ ნახავ, კოპალაზე, სასაფლაო რომ არის იმის ოდნავ ზემოდან. დაიხსომე და ეს ჩვეულება არ მოიშალო.
დედამ შვილს ცხიმიანი ხელი ცხვირზა მოუსვა, მკლავით მოიწია თავისკენ და მაგრად ჩაეხუტა. ვალოდასაც, ძმებისგან განსხვავებით ძალიან უყვარდა მოფერება და მის მკლავებში, დედის თმებში ცხვირჩარგული გაიტრუნა. მისი ნეტარება მამის მჭექარე ხმამ დაარღვია.

***
ქარხნის ეზოში , ორბორბალაში, მზესუმზირის თავთავებში ჩაფლული ვალოდია იხსენებდა ტკბილ და ნათელ დროს, როცა დედა ელო ცოცხალი იყო. „ეეეჰ, რა ბედნიერი იყავ ვალოდ მაშინ?! _ ეუბნებოდა საკუთარ თავს გულში, გონებაში, მარტოსული, ნახევრად ტიტველი ბალღი.
იმ შვლის ცხოვრებას ჰგავდა ვალოდას ცხოვრება, დედა რომ უკითხავდა. რამდენ რამეს ასწავლიდა დედა. მისი თვინიერების გამო, უფრო მეტი და უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდა დედასთან, სულ თვალებში შესციცინებდა , უყვარდა და აღმერთებდა. სანამ დედა ცოცხალი იყო, თავისი გარდაცვლილი დის, შავთვალება მაყვალას თეთრი ძაფისგან მოქსოვილ პაწაწინა ფაჩუჩებს სულ გულით დაატარებდა. ახლა ისიც აღარ აქვს.
პირველ ღამეს , დაღლილს, გაოგნებულსა და ფიქრებში გართულ ვალოდას, მალე ჩაეძინა. ჯერ სექტემბერი იყო და ძალიან არ ციოდა. მომავალზე არ უფიქრია, ალბათ ან ასაკის და ან კი დაღლილობის გამო.
მეორე დილით, ქარხნის დირექტორი სამსახურში რომ მივიდა, მოზრდილ ორთვალაში რაღაც უცნაური შენიშნა, რომ მიუახლოვდა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ბავშვს ჯერ კიდევ ეძინა და დაენანა გაღვიძება.
ბადრი 40 წელს გადაცილებული, ახოვანი, ქიზიყური სქელ-ულვაშით დამშვენებული კაცი იყო. 4 შვილის მამა კაცთმოყვარეობითა და მიმტევებლობით გამოირჩეოდა. მირიანაშვილი იყო გვარად. ანაგიდან ფეხით დადიოდა . შუბლზე ოფლი მოიწმინდა ხელსახოცით და იქვე კიბეზე ჩამოჯდა.
არაფერი სჯობდა ამ ბალღის ყურებას: ოქროს ქოჩორი კულულებად ედო პატარა თავზე, ზაფხულის მერე ოდნავ გაშავებულ ხელ-ფეხზე ეტყობოდა რომ ბუნებრივი ფერი სულ სხვა იყო მისი. წითელი ტუჩ-ლოყა ისე უბრწყინავდა, რომ არა მისი ტანსაცმელი, შეიძლება ყველაზე ბედნიერად და ყველაზე ლამაზადაც მოგეჩვენებოდა.
ბადრის კარგა ხანი მოუწია ლოდინი, სანამ ვალოდას გაეღვიძებოდა. გაღვიძებითაც ანგელოზივით გაიღვიძა: წყნარად გაახილა თვალები და არც კი შემცბარა, როცა უჩვეულო გარემო დაიინახა.
ბადრი ფრთხილად მიუახლოვდა, არ დავაფრთხოვო, თუმც ვალოდა დაფრთხობას სულაც არ ფიქრობდა. წამოჯდა, მიესალმა და ბოდიში მოუხადა მათი ორთვალა რომ დაიკავა.
ბადრის ამაზე მოულოდნელი რეაქცია ჰქონდა: მადლობასა და ბოდიშს წესით ასე არ უნდა ემოქმედა ადამიანზე, მას კი, როცა ვალოდას თაფლისფერ-მომწვანო, ალალად მოციმციმე თვალები დაინახა, ამ გულწრფელ ბოდიშზე გული აუჩუყდა და ცრემლები წასცვივდა.
-შე შობელძაღლო! აქ რა გინდოდა ჰა?
ვალოდას ცოტა ხანი დასჭირდა რომ თავი მოეყარა ყველაფერ იმისათვის რაც მას ბოლოს გადახდა და შემდეგ კი გაუჩერებლივ ჩაურაკრაკა თავისი ისტორია.
რომ დაამთავრა, ბადრის მუჭები შეეკრა და ტუჩებს იჭამდა სიმწრისგან.
-ლამარა - დაუძახა ჩათქვირულსა და უჩვეულოდ დიდძუძუებიან ქალბატონს, რომელიც ქაქანით მოვიდა მასთან.
- აი ამ ბალღს ხომ ხედავ?
- ვხედამ მა რა!
- წაიყვანეთ, დაბანეთ, დაასუფთავეთ, ამასობაში თამაზი გაუშვი ჩემებთან და ჩემი ბიჭების ნაქონი პერანგი, შარვალი და ფეხსაცმელი მოატანინე. შემდეგ წაიყვანე გუგულას სასადილოში და კარგად დააპურეთ, გაიგე?
- გავიგე გენაცვალე, მა რა!
ლამარა კეთილი ქალი აღმოჩნდა. ძალდაუტანებელი თავაზიანობითა და მზრუნველობით მოეპრყო ვალოდას.
სასადილოში რომ შევიდა ბადრი, ოქროსთმიანმა ბიჭმა შემოანათა
- კაი ხნის დასაბანი იქნებოდა (ყურში ჩასჩურჩულა ლამარამ).
- ხომ სწორად ვიფიქრე, ნაღდი ვაქირელი იქნებათქო. იქ არიან ასეთი ოქროსთმიანი ბალღები!_ჩაილაპარაკა კმაყოფილმა ბადრიმ.
იმ დღიდან ვალოდამ ისევ ადამიანად იგრძნო თავი, მაგრამ უკვე არა ბავშვად. ბადრიმ შეიყვარა და შეისისხლხორცა უბედური ობოლი, ამას იმანაც შეუწყო ხელი რომ ვალოდა ძალიან შრომისმოყვარე, გამრჯე, გონიერი და კეთილსინდისიერი აღმოჩნდა.
ყველაფერი აინტერესებდა.
- შეგირდად უნდა აგიყვანო ვალოდ - უთხრა ბადრიმ. ხელი ჩამოართვეს და შეთანხმდნენ. ყოველ კვირა 5 მანეთს გადაგიხდიო _ მოელაპარაკა ბადრი.
ვალოდას 5 მანეთი ცხოვრებაში არ ენაახა. სიხარულისაგან თვალები უფრო უბრწყინავდა და ლოყები უფრო უღაჟღაჟებდა.
ის საღამო ვალოდამ ქარხნის დარაჯის ოთახში გაათია.
ბადრის შაბათ-კვირობით თავისთანაც მიჰყავდა. ყოველდღც წაიყვანდა, უბრალოდ ფიქრობდა, ფეხით სიარულით ძალიან დაიღლება ყოველდღე და ცოდოაო.

პირველი ორი კვირის შემდეგ. ვალოდამ გამოართვა თუმანი და გააფრთხილა, ამ შაბათს მამა მინდა მოვინახულოვო. ბადრი გააკვირვა მისმა გადაწყვეტილებამ, თუმც ხელი არ შეუშლია. მძღოლს გააყოლა.
ვალოდამ ვაქირისა და ანაგის გასაყართან ჩამოასმევინა თავი მძღოლს. ნელა აუყვა სახლისაკენ გზას.
ღობის ბოლოში ისმოდა მაშოსა და შაქროს არშიყისა და მაიმუნობის ხმა.
მამის ხმა რომ გაიგონა, თვალიდან ცრემლი წასცვივდა. გაიქცა, შეაღო ალაყაფის კარი და გაექანა მამისკენ.
- ოჰ, შე მამაძაღლო, როგორ გაზრდილხარ!
- მამი, როგორ მომენატრე!
- კაი, ნუ იცინგლები, უკვე დიდი კაცი ხარ, რაღა დროს ტირილია!_ კმაყოფილი სახით გაუბრაზდა შაქრო. მასსაც უხაროდა გულში შვილის ნახვა, იმას შიშობდა მაშო არ გავაწყროვო.
- სად იყავ შვილო, აბა რა ქენი?
- აგერ მამი თუმანი...
- ოოო, ხომ არ მაიპარე , მითხარ, არ დამიმალო იცოდე?!
- არა მამი, არ მიცნობ, ლეღვი და ქლიავი რომ ქლიავია, ის არ მამიპარავ არასოდეს!
- უხ, შე შობელძაღლო, ყოჩაღ, შენ აღარა ხუმრობ განა!_ დაუყვავა მამამ.
მაშოც ერთიანად დაშაქრდა და დატკბა. მისი თუმანი უცებ გაქრა, ისე მარდად შეინახა მაშომ.
- ბოზო, ბოზო, გაოხრებულო, ბოზო, ...._ ღობის იქიდან პატარა ბავშვების ხმა გაისმა. 5 ჩამოძონძილი ბავშვი ეზოში ქვებს ისროდა და მთელს ხმაზე გაჰყვიროდა.
გაცოფებული შაქრო გაენთო გარეთ და უზარმაზარი კავით დაერიათ. ბავშვებიც მიმოიფანტნენ.
ვალოდას გაუკვირდა, თუმც მის შეკიკითხვაზე, თუ რა უნდოდათ ბავშვებს, მამამისმა ზერელედ უპასუხა, ვიღაც გადარეულები არიანო.
- მამა, უნდა წავიდე;
- რა გეჩქარება შვილო, იყავ პაწა ხანი!
- ეჩქარება ბალღს, ნუ შეაყოვნებ - ეგრევე გააწყვეტინა მაშომ.
- მამი, ერთი სათხოვარი მაქვს, ზედაშეს ქოთანში იქნებ ერბო ჩამიდოთ, საზედაშე ღვინო ჩამისხა დოქში და სანთლისთვის ხურდა მომცე.
- გადაირია მგონი ეს ბალღი! _ გახელდა მაშო - რეეფსა თხოულობს?!
- დედამ მითხრა, თქვენი ფუძე არ უნდა დაივიწყოთო, ხოდა მინდა ავიდე და შევწირო.
- სადა გვაქვ შვილო ან ერბო და ან კიდენა ღვინო?!
ვალოდას მეტი აღარ ულაპარაკია, გამოტრიალდა და წამოვიდა. გულში ინანა, თუმანი არ უნდა მიმეცა სრულადო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამ დროს უკან ჩუმად დაედევნა მამამისი და ჩოხის კალთიდან 2 ნაზუქი გამოუცურა. მიხვდა ვალოდა ქურდული მანევრირების მიზეზს და მანაც ქურდულადვე გამოართვა, უარის თქმით იცოდა გულს ატკენდა.

ეზოდან გამოსულს, თვალში ეცა, ქვემო მხარეს შექუჩებული ბავშვების ფუთფუთი.
მათკენ გაემართა. ბავშვები დაფრთხნენ, გაიქცნენ და ცოტა უფრო მოშორებით შეგროვდნენ.
ვალოდა ნელ-ნელი ნაბიჯებით მიიწევდა მათკენ.

ოდნავ მოშორებით დადგა და ჰკითხა:
-გშიათ?
ბავშვები გაოცებულები შეჰყურებდნენ. მათ შორის ყველაზე უფროსი 11 წლისა იქნებოდა და მან გაბედა ეპასუხნა რომ შიოდათ.
მაშინ ვალოდამ ქურდულად წამოღებული 2 ნაზუქი მიაწოდა. ყველაზე პატარა გამოვარდა და გამოსტაცა ხელიდან.
პატარამ უფროს დას გადასცა ორივე ნაზუქი და მიუხედავად მათი საცოდავი შესახედაობისა, ალბათ შიმშილისაც, ბავშვები მოთმინებით ელოდნენ განაწილებას. უფროსმა დამ თითო ნაზუქი სამ-სამ ნაწილად გაყო და ერთი ვალოდასაც გამოუწოდა. ვალოდამაც არ ვაწყენინოვო და გამოართვა.
უღიმღამოდ ლოღნიდა და სულ მათ საქციელზე ფიქრობდა.
- ვინა ხართ? რატომ იძახდით უწმაწურ სიტყვებს?
ბავშვებს, თითქოს გაუკვირდათ, რად არ იცის ჩვენზე არაფერიო, ერთმანეთს გადახედეს და შემდეგ ყველაზე უფროსმა გაბედა პასუხი.

მეორე ნაწილის დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს