ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2017


სიზმარი

ადექი, გადი მიესალმე ცბიერ სამყაროს.
ჩამოარიგე შენი ყველა აკვიატება
ღამით ნანახი - გუშინ როცა დაიმახსოვრე
შებინდებისას მთიდან როგორ მშობიარობდა
მთვარეს ქაჩალი, უღიმღამო უღელტეხილი
და იღვრებოდა ფოსოებში ყვითელი ნისლი.
სიღრმიდან გუგებს ამოჰქონდათ მლაშე ღვარ-ცოფი;
გადაიხარე, მოიდრიკე ქედი და პეშვით
გადამალული ოცნებები გაანიავე.
ეს არ იქნება საკმარისი გამოსავალი...
სამი გუბიდან თითო კენჭი მიისაკუთრე
და ბავშვობაში მარანიდან ნაფხეკი მიწა
გათენებამდე იქნებ ისე გაანაწილო
სადაც იდექი წინა ღამით, რომ დაიფაროს
ყოფნა არყოფნის უსუსური ყველა ნიშანი...
ხმა დაირხაო თავთხელია ახლა მდინარე,
თან იმ ადგილას კამეჩი რომ გაუჩინარდა
სულ ცოტა ხნის წინ; შეყრილიყო ხალხი ნაპირთან
და მორიდებით საუბრობდნენ თმაგრძელ გზირებზე
რომ უთმო ღმერთებს მათზე ხელი ჩაუქნევიათ,
იქნებ პირიქით... ყველაფერი იქნებ სხვაგვარად
ხდებოდა მათი წარმოსახვის დასალიერთან.
ვიღაცამ ბოლოს წყალგაღმიდან შემოუძახა
-გომურებიდან თურმე ფუნაც უჩინარდება.
და ეს სიზმარიც სხვასთან ერთად წყალმა წაიღო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები