ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
22 ოქტომბერი, 2017


უბიწო სიგიჟე

კაფეში ისხდნენ...ერთმანეთში თითებჩაძერწილებს მხოლოდ თავიანთი გულისცემა ესმოდათ, თითქოს სხვა ხმა ბუნებაში არ არსებობდა და არც არსებულა როდესმე. თითქოს ყველა და ყველაფერი დადუმებულიყო და მხოლოდ ის ორი ისრუტავდა დედამიწაგაგებულ ფერად სამყაროს. ჰო, ათასგვარი ყვავილის ფერი იყო მათთვის სამყარო!..
შავ, გრძელ თმაზე შეჩერებული ლურჯი მზერა და  წვერდაფენილ სახეზე არეკლილი, ბროლნარევი ღიმილი საოცარ კონტრასტს ჰფენდა მუსიკაშესუნთქულ კედლებს. ისეთი შეგრძნება დაგეუფლებოდა ადამიანს, თითქოს ყველა მაგიდას სუფრად მათი ბრწყინვალება გადაჰფარებოდა. დიახაც, ბრწყინავდნენ ისინი, ვერცერთი ძვირფასი თვალი ვერ დააჩოქებდა მათი სუნთქვის ელვარებას!
მიმტანის ნაცნობმა ხმამ გამოაფხიზლათ, რეალობას დაბრუნებულებმა "იგივე" შეუკვეთეს. რიტუალის მსგავსად ჰქონდათ ყოველდღე, გარკვეული დროით, ამ კაფის სურნელებით დამტკბარიყვნენ. რაღაცნაირად იზიდავდა მათ სულებს კუთხის, იადაფრქვეული და "იგივეთი" შევსებული მაგიდა. იმ დღესაც "დანაყრდნენ" სხვა დღეების მსგავსად, შემდეგ კი კაფე დატოვეს და გადაწყვიტეს ამჯერად მომცრო ტყის ბილიკი დაენამათ სიყვარულის სხივებით. ბავშვური სიჯიუტით მოინდომეს ჩიტებს გაჯიბრებოდნენ "გალობაში" და აჯობეს კიდეც. ძლიერი იყო მათი გრძნობა, სუფთა იყო მათი სულიერი სამყარო!
მერე ოდნავ განაცრისფერდა ცა, მერე უფრო გამუქდა, კიდევ, კიდევ და ვარსკვლავთა ფიფქებით დაეთრთვილათ თმა. ზემოთ აიხედეს, ერთ სიკაშკაშეს მიანდეს ერთმანეთზე ფიქრი და ღიმილით ჩაუკრეს მთვარეს თვალი.
უკვე დრო იყო  დილით ენერგიამოზრვავებული გრძნობა, საღამოს დაღლაშეპარული ციმციმით დროებით დაესრულებინათ, ჰო, ზოგჯერ სიყვარულსაც ჭირდება ფხიზლად გამოძინება. უკვე დრო იყო შეგნებულად დაშლილიყვნენ, რომ ერთმანეთი განუმეორებლად მონატრებოდათ და მომდევნო დღე განვლილ დღეებზე უფრო ფერადად ექციათ. ჰო, ზოგჯერ საჭიროა განცალკევება, საკუთარ თავთან დარჩენა, რომ მერე უფრო გამართლებული და წმინდა იყოს მოსალოდნელი,  ღელვაშეპარული წამები...
და საერთოდ რა არის სიყვარული? რა არის,  ერთი ბეწო, თუმცა მრავალი გულების მპარავი უსახო სული? - სიგიჟე...ჰო... სიყვარული ერთი დიდი,  დაულაქავი თეთრი ხალათით შემოსილი, უბიწო სიგიჟეა...ჩვენ კი გიჟები ვართ, ამ სიგიჟით ადუღებულ-აღტკინებულები... გიჟები, რომლებიც შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად ვალაქავებთ სიტკბომოდებულ უფერო და მაინც მრავალფერ სიწმინდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები