ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პროზა
31 ოქტომბერი, 2017


დაქუცმაცებული ფიქრებიდან (ძმა)

ჩემი ძმა პოეტი არაა
მაგრამ ვიცი პოეტური სული აქვს
მეოცნებე და რომანტიკული.
ცხოვრებამ კი პრაქტიკოსად აქცია
ჩემი ძმა სოფელშია.
ჩემი ძმა დარაჯობს ჩემი ბავშვობის სახლს და მის ერთადერთ მაცხოვრებელს-დედას, მოსიარულე ისტორიას ამ სახლის.
ჩემი ძმა რომ პოეტი იყოს, ალბათ დაწერდა ზამთრის გრძელ ღამეებზე, როდესაც ორი ადამიანი დიდ და სიცარიელით სავსე სახლში შეშის ღუმელს მიფიცხებულები მოგონებებს აცოცხლებენ და ცდილობენ სუნთქვა გაუადვილონ მიტოვებულ ოთახებს. მტვერდადებულ თაროებს, მივიწყებულ წიგნებს,
ჰო, მაგრამ ჩემი ძმა პოეტი არაა. მაგრამ ის წერს დადუმებული სახლის ისტორიას, როგორც მეისტორიე. მისი შვილები წაიკითხავენ და დაფიქრდებიან ცარიელ და უფერულ დღეებზე, მამას რომ მიუსაჯეს. მაგრამ მაინც ხმაურიან და უჟანგბადო ქალაქს ირჩევენ. ჩემი ბავშვობის სახლი კი მორჩილად დაელოდება, როდის აივსება, როდის გაიღება მტვრიანი დარაბები და სიცოცხლე დაუბრუნდება.
მოლოდინი გრძელი იქნება და დაუსრულებელი.
მოლოდინში ჩაქრა მამას თვალები.
მოლოდინია მოხუცი დედის თვალებში.
საკვამურიდან ამოდის ეული კვამლი. მოდის ზამთარი და ჩემი ძმა ტყეში მიდის, ცეცხლიც რომ არ ჩაქრეს სიცოცხლეჩამქრალი სახლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები