ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2017


***

ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, მღრღნიან და მხრავენ,
დღეები, როცა შენ არა ხარ, მე კი ლოგინზე
მარტო მივწვები და უშენო დღეების ხროვა,
დამიგროვდება სათქმელივით და კვლავ მომიწევს
მოგწერო, მაგრამ არ ვიცოდე, შენთან თუ მოვა
ჩემი წერილი-მწვანე ბოთლის თეთრი ტუსაღი,
ზღვის სუნი ახლავს ამ გზავნილსაც, პერანგსაც-მოვის,
რომელსაც ვიცვამ ყოველ დილით, როცა ვასაღებ,
გამთენიისას დაჭერილ თევზს, ვინ მოთვლის რამდენ,
წარმომავლობის, კანის ფერის და სახელ-გვარის
ადამიანთან ვიჭერ საქმეს, როდესაც დახლთან,
ვდგავარ და ვყიდი, რასაც ვიჭერ, ხანდახან მთვარის
შუქზეც შევსულვარ ღია ზღვაში და ნასროლ ბადეს,
თევზებთან ერთად მოჰყოლია ნაცნობი ბოთლი
ჩემი წერილით, ეს კი მხოლოდ ასეთ აზრს ბადებს,
რომ მეტი ძალით მოვისროლო, ვბრუნდები ქოხთან.
ამ ქოხში ვცხოვრობ, ზღვის ნაპირას და რა თქმა უნდა,
დღეები, სადაც შენ არა ხარ, მღრღნიან და მხრავენ,
არ შემწევს ძალა საკუთარ თავს მოვუწყო ბუნტი,
უხმოდ მივწვები და უშენო დღეების ხროვა
დამიგროვდება სათქმელივით და კვლავ მომიწევს,
მოგწერო, მაგრამ არ ვიცოდე შენთან თუ მოვა,
ჩემი წერილი-მწვანე ბოთლის თეთრი ტუსაღი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები