ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: საბავშვო
20 დეკემბერი, 2017


მკვეხარა თოვლი


„იქ სადაც დაღმართი მთავრდება და დიდი თოვლით დაფარული ველი იშლება, ლოყებღაჟღაჟა ბავშვები თავთავიანთ ციგებზე დასკუპებულიყვნენ და ციდან წამოსულ ბუთქუნა ფანტელებს ხელის გულებით იჭერდნენ.
რაღაცამ გაიჭრიალა. ბავშვები შეკრთნენ, ირგვლივ ინტერესით მიმოიხედეს. დედამიწის გულზე არხეინად გადაჭიმული თოვლი ყოფილა... თავისი სითეთრე დაიტრაბახა.
-რაო, გინდა თქვა რომ ბავშვებს ჩემი ოქროსფერი სხივები არ მოსწონთ? -გაეპასუხა მზე და პაექრობის მოსასმენად, შეცივნული ჭიტებივით ერთად მოფუზულ ბავშვებს თავისი თბილი სხივები დაუნანებლად მიანათა გათოშილ ხელებზე. მკვეხარა თოვლმა იუკადრისა მზის ქილიკი, თანაც კარგა ხანია მასზე გულმოსული იყო და ახლა რადგან მიზეზი მიეცა, არაფერს არ დაიშურებდა ჯავრის ამოსაყრელად.
-სწორედ ასეა! აბა შეხედე ბავშვებს, როგორ სცივათ და მაინც ვერ მელევიან.
-განა ბავშვებს ჩემი სითბო არ უყვართ? -ცოტა არ იყოს იწყინა მზემ.
-იცი რა? ძალიან მეტიჩარა ხარ, წელიწადის ყველა დროს გიყვარს თავის მოწონება, ყველგან ეჩრები, მაგრამ მე მაინც ვერ მჯობნი, განა არ იცი რომ ზამთარი ჩემი დროა? ყველაზე სუსტი ხომ ზამთარში ხარ... გაზაფხულზეც, შენი სითბო ისე აწუხებს ბავშვებს მე მნატრობენ, აღარ იციან შენს მდუღარე სხივებს სად შეაფარონ თავი.
-იმაზე რაღას იტყვი გათოშილები რომ შინ შერბიან გასათბობად? ზაფხულში კი ნებივრად მეფიცხებიან?
-ჰა,ჰა,ჰა, -გადაიხარხარა თოვლმა,- შენ მხოლოდ დილით შეგიძლია შენი სითბო გამოასხივო, საღამოს კი ირგვლივ ისევ ჩემი სიცივე დაისადგურებს.
-იქნებ ისიც თქვა რომ, ბავშვებს არც ჩემი ბრჭყვიალების ცქერა უყვართ...
-შენ მხოლოდ დღის სინათლეზე შეგიძლია შენი ბრწყინვალებით მოიწონო თავი, მე კი დღეც და ღამეც ერთნაირად ვანათებ, დღითი-დღე ვიმატებ და ვიზრდები ბავშვების გულის გასახარად... ვერც ჩემზე ძლიერი ხარ და სხვათა შორის არც ისეთი კეთილი ხარ როგორც თავს გვაჩვენებ, განა შენი მცხუნვარე სხივები არ აჭკნობს ფოთლებს და ხეებს შიშველს ტოვებს? მე კი მათ თეთრად ვმოსავ და ვაკოხტავებ, აბა მიდი და თუ ჩემზე ძლიერი ხარ, შეძელი და ისევ გაძარცვე საბრალო ხეები... მზე გაწყრა და თავისი მხურვალე სხივები თოვლს მიანათა. თოვლი შეიშმუშნა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა,
-ჰა,ჰა,ჰა, დიდი ამბავი, მაინც ვერაფერს გახდები, რამდენჯერაც არ უნდა დამადნო, მე მაინც არ დავილევი და მთელი ზამთარი ვიბატონებ, შენ კი მხოლოდ უმწეო ფოთლების დაჭკნობა შეგიძლია...
ამ დროს იქვე ჩუმად ჩამომდგარი ქარი ამოვარდა თოვლს გადაუქროლა და ფიფქები ჰაერში აყარა... ბავშვებმა უმალ ჩამოიფერთხეს თოვლის ფანტელები.
-აი, ხომ ხედავ, რამდენი ხანია ჩემი სხივები ბავშვებზე მაქვს დაკოსებული და არც კი უცდიათ ჩემგან გაქცევა, შენი ცივი ფიფქები კი უცებ მოიშორეს, ამაზე რაღას იტყვი?
-თუ ასეა, რატომ არ ცდილობენ ფეხებიც გაითავისუფლონ ჩემგან და შენს მეტიჩარა სხივებს მიაფიცხონ?-არ გატყდა თოვლი. მზე თავისი მოძმე მთვარესავით გაიბადრა
- ქარზე რაღას იტყვი?
-ქარი? ქარი რა მოსატანია? მას მხოლოდ ის შეუძლია შენი წყალობით მომჭკნარი ფოთლებს დაერიოს და ძირს ჩამოყაროს, ერთხანს ქარბორბალას დაატრიალებს, მაგრამ მალევე იღლება და ჩერდება, თანაც აბა, რომელ ბავშვს უყვარს ქარი? მე კი ყველას ვუყვარვარ და შემნატრის.
ქარმა ისევ დაუბერა და თოვლის მკვეხარა ფანტელები ჰაერში ააფრიალა. მზემ გადაიკისკისა,
- თუ ასეთი ძლიერი ხარ, რატომ არ შეგიძლია ქარს გაუძალიანდე?
-ქარი? ქარია ძლიერი? -გაიბღინძა თოვლი, ის მხოლოდ შენგან გამჭკნა ყვავილებს ერევა. იშვიათად თუ ხეს წვრილი გამხმარი ტოტი მოგლიჯოს. მე კი, მე კი როცა მოვდივარ, ირგვლივ ისე ვარ გამეფებული, ისე ვარ გაშოტილი დედამიწის გულზე რომ ჩემს გარდა ვერავინ ბედავს გაჭაჭანებას...
ამ დროს ბავშვების წინ თოვლი შეინძრა და პაწაწინა სიფრიფანა ლურჯთვალა ია-იამ ამაყად ამოყო თავი... ბავშვებმა სიცილი ვეღარ შეიკავეს, მზემაც გამხიარულებულ ბავშვებს თვალი ჩაუკრა და სირცხვილისგან დადუმებულ თოვლს მედიდურად გადახედა... ბავშვები ყიჟინით გაიქცნენ შინ, რათა მშობლებისთვის მოეთხროთ ყოველი, იქნებ არც კი დაეჯერებინათ უფროსებს მზისა და თოვლის კამათი და არც ის რომ მათ პაექრობას ბავშვები შეესწრნენ?
რა გასაკვირია, ბუნების ენა ხომ მხოლოდ ბავშვებს ესმით...“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები