ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2018


ფანჯრის მიღმა დარჩენილი სამყარო

                                                                                                      ***

თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ სამყარო ოთხ კედელს შორის. სამყარო, რომლის მიღმაც ცხოვრება დასრულდა იმ პერსონაჟისთვის ვისზეც მინდა, რომ ახლა გიამბოთ. "არავინ" მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი სახლის ოთახს არც კი გასცდენია. ოთახს, რომელშიც მხოლოდ მცირე ზომის ფანჯარა იყო და სწორედ იქიდან დაჰყურებდა მალულად ადამიანებს გამადიდებელი შუშით. დიდი არაფერი კაცი იყო "არავინ". ახალგაზრდობაში არც სწავლით გამოირჩეოდა და არც შრომისთვის ჰქონდა მაინც და მაინც თავი გადადებული. მამამისი ომის ვეტერანი გახლდათ. დედამისმა კი მთელი თავისი ცხოვრება შვილის აღზრდას დაუთმო. "არავინ"-ს კი საერთოდ არ ადარდებდა საკუთარი მომავალი. ადრეულ ასაკშივე მშობლებისგან გაიქცა და ბავშვობის დროინდელი ძმაკაცის ბიძაშვილი შეირთო ცოლად. ნამდვილად ქარაფშუტა იყო ის გოგო, რადგან ასეთი უნიათო კაცი არჩია ქმრად. ასე იყო თუ ისე შემდეგ წელს პატარა ვაჟკაცის მშობლებიც გახდნენ. ეგ ამბავი იყო და ეგ... იმ დღის მერე დაიწყო "არავინ"-მა სამეგობროში გულიანად მოლხენა და ღრეობა. იშვიათად თუ შეხვდებოდით სადმე ფხიზელს. სახლში ან გვიან ღამით ბრუნდებოდა არ საერთოდაც ავიწყდებოდა სახლის მისამართი. ბევრჯერ ჩაუბარებიათ ცოლისთვის უცნობ ადამიანებს, უგონო მდგომარეობაში მყოფი "არავინ". იყო შემთხვევაც, რომ ქვეყანაში ქაოტური მდგომარეობის გამო "არავინ-ს ფრონტის ხაზზე გაწვევის წერილი მოსვლია. უნდა გენახათ, როგორი აცრემლებული ეხუტებოდა მამამისს და ემუდარებოდა, რომ ამ განსაცდელისგან დაეხსნა. მამამისი კი სულ ერთსა და იმავეს უმეორებდა, რომ ადამიანი ამ ცხოვრებაში იმისთვისაა, რათა საკუთარი კვალი დატოვოს. სულ ცალ ფეხზე ეკიდა შეშინებულ "არავინ"-ს ნებისმიერი ფილოსოფია ოღონდ კი სადმე კარგად დამალვოდა კომისარიატის წევრებს. საბოლოოდ მათ მაინც ხელიდან დაუსხლტათ ჩვენი პერსონაჟი და ისაც გადაურჩა ომის სავალალო შედეგებს. სმას, როდესაც მოუკლო მხოლოდ მაშინ შენიშნა თუ როგორ წამოზრდილა მისი შვილი და როგორ იპარსავდა საკუთარი ხელით ლოყებზე აქა-იქ ამოსულ წვერს. მის მეუღლეს კი აშკარად დამჩნეოდა თვალებ ქვეშ უძილობისგან გამოწვეული სილურჯე, ხოლო თმაში ცოტა ჭაღარაც. ეს ყველაფერი კი "არავინ"-თან უაზრო თანაცხოვრების ბრალი იყო. ღმერთმა ალბათ დიდხანს უყურა "არავინ"-ს და გადაწყვიტა სასტიკად დაესაჯა ის. ახლაც არ ვიცი ეს ღვთის განგება თუ სხვა რამ, მაგრამ რამოდენიმე წელიწადში "არავინ'-ს ორივე მშობელი გამოეცალა ხელიდან. კიდევ რამოდენიმე წლის შემდეგ მისი ერთადერთი შვილი დაიღუპა ავტოკატასტროფაში, რომელიც ეს უკანასკნელი გვიან ღამით გალოთებული მამამისის საძებნელად იყო გამოსული მანქანით. მის ცოლს კი ბევრი არც უფიქრია. ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემოდნებს თავი მოუკრა და როდესაც კარგა გულიანად ჩამოხოკა სახე ჩვენს "არავინ"-ს მაშინვე დატოვა იქაურობა. იმ დღის მერე ის შევიდა ოთახში, რომლისგანაც არასდროს აღარ გამოსულა. მხოლოდ მეზობლად დარჩენილი მოხუცი ქალი თუ დაუტოვებდა კარებთან ახლად გამომცხვარ პურს და ეგ იყო. წლებმა მალევე დაატყო ასაკი გაუბედურებულ "არავინ"-ს. რეალობასთან კავშირი მხოლოდ ფანჯრის მიღმა დარჩენილი სამყარო იყო მისთვის. ასე საათობით შეეძლო მდგარიყო ფანჯარასთან და ეყურებინა სამყაროსთვის, რომელიც ყოველ წლიურად იცვლებოდა მის თვალ წინ. მრავალმა აღმავლობამ და რევოლუციურმა ტალღამ გადაირა მის მიღმა. უყურებდა თუ როგორ იცვლებოდა თაობა, როგორ ანაცვლებდა ძველ შენობებს  ახალი ნაგებობები. ღამით კი სიზმრად ყოველთვის ჩაესმოდა მამამისის სიტყვები, რომელიც მრავალჯერ უმეორებდა, რომ არ უნდა ჩაევლო არც ერთი ადამიანის ცხოვრებას უკვალოდ. სინდისი სნეულებასავით ტანჯავდა "არავინ-ს. თმა შევერცხლილი არა ერთხელ ჩავარდნილა სინანულში და მწარედ უნანია ის საქციელები, რამაც მასთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც დაღუპა. ხოლო მაშინ, როდესაც ღრმად მოხუცებული იყო ჩვენი "არავინ" ვიღაც ახალგაზრდას მიუკითხია მისი ოთახის კარებთან. დიდხნიანი შეუპოვრობის შემდეგ პირველი ადამიანი იყო ეს ბიჭი ვისთანაც "არავინ"-მა გამოლაპარაკება შეძლო. მთელი დღე ერთად გაუტარებიათ საუბარში, ხოლო შემოღამებულს პერსონაჟის გამბედაობამ ყოველგავრ მოლოდინს გადააჭარბა. დიდ ხნიანი პაუზის შემდგომ მან პირველად შეახო მიწას ფეხი. ასე ხელკავ გაყრილი მისი ფანჯრის მიღმა შემჩნეულ ერთ ცარიელ ადგილას შეჩერდნენ. ამ ადგილისთვის არა ერთხელ შეუვლია ფანჯრიდან თვალი "არავინ"-ს. დაჩაჩანაკებული ძლივსღა ჩაიმუხლა მიწაზე და თავისი დანაოჭებული ხელებით, ბიჭის მიერ მოტანილი კაკლის ხის ძირი ჩარგო. თვალიდან ჩამოვარდილი ცრემლიც დაურთო ზედ და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა, თუმცა ამჯერად მარტო. აქამდე ის არავის უნახია გარეთ გამოსული და არც მის შემდეგ შეუმჩნევია ვინმეს. ხალხი ბრბოა...მსგავსი ისტორიის მქონე ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში პატიმარივით იჯდა ოთახში, თუ რამეა მას აუცილებლად შეამჩნევდნენ გარეთ. მისი ისტორიით დიდხანს თავს არ შეგაწყენთ, როგორ უწყინარადაც თვითონ იცხოვრა უკანასკნელი წლები. საბოოლოდ კი ყველაფერი მაშინ დასრულდა, როდესაც მეზობლების თხოვნით "არავინ-ის ოთახის კარები უბნის ბიჭებმა შეანგრიეს. ის უკვე რამოდენიმე დღის მკვდარი იყო, რადგან სხეულის ხრწნის სუნი გვერდზე მყოფ სახლებში გადიოდა. ასე ეულად გარდაიცვლა "არავინ". ყველასგან მარტოდ დარჩენილი. უბრალოდ იყო ერთი რამ რასაც დღემდე ვერ ვგებულობ. ბიჭების თქმით, როდესაც გარდაცვლილის გვამს მიუახლოვდნენ მას მუჭში კაკლის ფოთლები ძლიერად ეჭირა, თუმცა კიდევ ვიტყვი, რომ ის გარეთ არც არავის შეუმჩნევია. მოკვდა და დამარხეს კიდეც სამადლოდ. ხოლო იმ ხესთან გამვლელ-გამომვლელი მშობელი ყოველთვის უყვება ისტორიას შვილს იმ ადამიანზე, რომელსაც ნამდვილად არ უცხოვრია სამაგალითოდ, თუმცა მამამისი ნატვრა მაინც აახდინა. ის არ მომკვდარა უკვალოდ. ცხოვრებაში ერთი ხე მაინც დარგო საკუთარი ხელით და მოკვდა კიდეც ამ ხის ფოთლებით ხელში.

                                                                                                                (დასასრული)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები