ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
28 იანვარი, 2018


დედაჩემი

  რაღაცნაირი მურტალი დღეა, აღრენილი ვარ, ბოღმა მახრჩობს. მანჩო მყავდა ექიმთან. სიმსივნეო მაჯახეს გულში პაპას მოქნეული წალდივით. ათასი გამოკვლევა და ამბავი. ოპერაცია სჭირდება - 18 000 ლარი.  300 ლარს ძლივს ვიღებ თვეში, ბანკი მე არ დამიმტკიცებს კრედიტს და სესხებით კიდევ ამხელა თანხას? კაი რა, თუ ძმა ხარ, ვის აქვს ფული, პურს ძლივს ყიდულობენ. არა, ფული როგორ არ აქვთ, მაგრამ ჩემს ნაცნობებს არა. მე  გარეუბნელი ვარ.  აქ სხვა კატეგორიის ხალხი ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ რა,  ვიბრძვით გადარჩენისთვის.
  ფული რომ არ გაქვს, ტეხავს. ფული რომ არ გაქვს დედას გადასარჩენად, ეს რაღაც უფრო მეტია, ეს დასასრულს გავს. მივდივარ და საკუთარ თავზე ვბრაზობ ისეთი ტიპი რატომ არ ვარ, რომ ვიქურდო, ვიბოზო, ვიჩათლახო,  ვითაღლითო - საერთოდ რა ვარ და ვინ ვარ, ვერ გამიგია.
  როცა ცუდად ვარ დავდივარ, რა ვქნა სმა და წამალი არ მიმაჩნია დარდთან ბრძოლის სწორ გზად.  ისე სმა კი მიყვარს, მაგრამ სხვანაირი, დარდისა და ბოღმისგან გაბერილი რომ არ ხარ, აი, რომ ზიხარ პატარა მდინარის შუაგულში გაჩხერილ ლოდზე, გვერდით 4-5 შენნაირი თავზეხელაღებული შეყვარებული კაცი გიზის და სვამ ჩაციებულ ჭაჭას და აყოლებ, ასევე, მდინარეში ჩაციებულ  საზამთროს, ფეხები კიდევ იმ  პატარა კამკამა წყალში ჩაგიდგამს და ნეტარებ, სიამოვნებას იღებ, თითქოს რომ არც თვრები, რადგან აქაურობით კარგა გულიანად ხარ  შებუჟბუჟებული.
  ცუდად ვარ და მივდივარ, „პაძებკაში“ ჩავედი, აქაურობას შარდისა და სიბინძურის სუნი ასდის. გული მერევა საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე. ბავშვობაში მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩასვლა გვეკრძალებოდა, აქ ადამიანებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ, ძარცვავდნენ, ახლა რაღასი მეშინია, მაგრამ ალბათ ის ბავშობის მუქი ფერი მაინც გაჰკრავს აქაურობას, მინდა, ჩქარა გადავკვეთო გზა, მალე ავიდე მაღლა, ნაბიჯს ვუჩქარებ. 9 იქნება, რამდენიმე ჩინური მაღაზიიდანღა გამოდის სინათლე, გვირაბი ნაომარს გავს, სიგარეტის ნამწვავები, ლუდის ქილები...  გვირაბის ბოლოდან ვიღაც განწირული ყვირის : ჩემი დედაა....
    მე დედაჩემი მახსენდება, გაფითრებული, ნაოჭებშემოწყობილი, ჭაღარაშერეული. გაოცებული, უმწეო თვალებით რომ მოგვშტერებოდა ხან მე, ხან- ექიმს. ვნატრობდი, ნეტა თირკმელი სჭირდებოდეს ან რამე ისეთი, რომ გადავუნერგო-მეთქი, მაგრამ მას თავში აქვს გლეობლასტორმა და მე ტვინის გადანერგვა არ შემიძლია. ვიღაც საკუთარ დედას აგინებს, მე კი ჩემს გალეულ, პატარა დედიკოზე ვფიქრობ. რაც მეტად მივიწევ წინ, მით უფრო ძლიერდება ხმა. რომ შეხედო, იტყვი კაციაო, არა და აუტუზია კედელთან გოგო. შორიდანვე ეტობა მსხვერპლს კარგა წამოზრდილი მუცელი, ცხარე ცრემლებით ტირის. ეხვეწება, დამშვიდდიო.
    ბოღმა კიდევ უფრო დიდდება და ყელში მეჩხირება. ის არაკაცი კი ფეხმძიმე ცოლს ხელს ჰკრავს და ხელს ვაშველებ, რომ აე წაიქცეს. დამშვიდდი ძმაო-მეთქი, ვცდილობ გოგო ვიხსნა და წადი შენი ბოზი დედაო...
  დედას მაგინებს, მომაკვდავ დედას და  ტვინში ბინდი წვება მთაში ჩამოსული ნისლივით, იმ წუთას  საკუთარი სხეულიდან გავდივარ და ვიღაც სხვა ჩემს ადგილს ისაკუთრებს, მერე ის სხვამ ჯერ ცხვირში ხია  მუშტი, მერე ძირს დაგდებულს ზედ დაახტა და ურტყამდა სახეში, ნეკნებში, თავში...
  პოლიციამ რომ ამაგლიჯა იმ  ნაბიჭვრის დაბეგვილ და სისხლიან სხეულს, მაშინღა მოვედი გონს. ის ეგდო შარდიან ქვაფენილზე, მისი ფეხმძიმე ცოლი კი მთელი ხმით, გაკაპასებული გაჰკიოდა: მივდიოდით მე და ჩემი ქმარი,  ამ  ქურდბაცაცამ ჩანთის წართმევა დამიპირა, ჩემმა ქმარმა არ დაანება, გინება დაგვიწყო, ხელი  მკრა, მერე  გუგას მივარდა...
  ჩამსვეს. არჩადენილი სასჯელისათვის მოვიხადე. გამოვედი კიდევ უფრო დაბოღმილი, გაბოროტებული და საღამოობით ბებრის პირივით გამოცარიელებულ კედლებს შორის რომ ვზივარ და მარტოკაცის დარდებს ვებრძვი, თვალს ვადევნებ საინფორმაციო გამოშვებებში კრიმინალურ ამბებს, მაინტერესებს, როდის და რა ფორმით მოკლავს ის ნაბიჭვარი ცოლს, რომელიც მაპატიეთ, ქალთა უფლებების დამცველებო, და საერთოდ არ შემეცოდება, მეტიც, იქნება იმ დღეს ისეთი მოჟამული ვიყო, კიდევაც ვიფიქრო, ახი იყო-მეთქი მისთვის ასეთი დასასრული.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები