ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2018


Sous le ciel de Paris

  ტაქსი გაძვირდა. რედისონიდან სახლამდე 5 ლარს მთხოვენ, თანაც პარიზზე ოცნება ოცნებად რომ არ დარჩეს, ფულის დაზოგვის მიზნით, ტაქსიზე უარი უნდა ვთქვა.
  დღეს ზუსტად ის ყვითელი ავტობუსი მოვიდა, რომელიც ჩემს ქუჩაზე, სახლამდე მიმიყვანს. პირველმა ფიქრმა დაზოგილი ოთხლარ-ნახევარი გამახსენა, ხოლო მეორემ ივ მონტანის ხმის ხავერდებით გაიელვა „პარიზის ცის ქვეშ."
  ამასობაში გამოცდილებასაც ვიძენ და ტრანსპორტში მოქცევის „წესებსაც" ვსწავლობ: არასდროს ვიხედები იქით, საითაც ახალგაზრდები სხედან, რომ იძულებული არ გავხადო, ადგილი დამითმონ; არც ვოხრავ და ვვაებ იმის ნიშნად, რომ ვერტიკალურ ძელზე ჩაფრენილს ან ჰორიზანტალურზე დაკიდებულს, თავის შემაგრება მიჭირს... ამიტომაც იმის საილუსტრაციოდ, რომ არავის ნაწყალობევი სკამი არ მჭირდება, ავტობუსში ლაღი მეოცნების გამომეტყველებით ვდგავარ და გაურკვეველი მიმართულებით ვიყურები.
  დღესაც ზუსტად ასე, ჭერზე მიშტერებულს, მომესმა სასიამოვნო ხმა : - ჯანა მას!! - და ერთმა გადასარევმა გოგომ, მიუხედავად ჩემი მტკიცე, მაგრამ ხელოვნური უარისა, ადგილი მაინც დამითმო, გვერდით კი ძველი, არც თუ ისე ახლო მეზობელი, ანჟელა აღმოვაჩინე, სათნო და თავაზიანი ქალი, რომელმაც უამრავი შეკითხვა დამისვა. როცა გაიგო, რომ ისევ სკოლაში ვმუშაობ და ისევ მასწავლებელად, თანაგრძნობის ღიმილი აუთამაშდა სახეზე. კიდევ კარგი, ჩემი სამსახურის გეოგრაფიული მდებარეობისა და ზღვის დონიდან კილომეტრ-ნახევრიანი სიმაღლის შესახებ არაფერი დამცდენია, თორემ, თავის ადგილსაც დამითმობდა და ორივე სკამზე მომათავსებდა. 
  ბევრი რამ გამომკითხა: რატომ აღარ ვცხოვრობ ძველ სახლში, რამდენი მაქვს ხელფასი, თუ „ჩავაბარე პატრონებს" შვილები, ბინებიც აქვთ, თუ ჩემთან ცხოვრობს რომელიმე, სად აქვთ ზემოხსენებული ბინები და თუ მუშაობენ, სად და რად? ბოლოს მეც მოვიკითხე, ხომ ჯანმრთელად ხარ-მეთქი?  კუჭის წყლული მაწუხებსო.
- ნუ, კუჭის წყლულს არა უშავს, ახლა მაგას ადვილად ევლება, ახალგაზრდა ქალი ხარ, - გავამხნევე და სხვა სანუგეშო ინფორმაციებიც მოვიმარჯვე. 
72-ის ვარო, შემომჩივლა; გამიკვირდა: უი, საერთოდ არ გეტყობა, ალბათ, თავს უვლი-მეთქი. ავტობუსის მბჟუტავ შუქზე მართლა სრულიად უხინჯოდ გამოიყურებოდა მისი პირმრგვალი და კეთილად მოღიმაღი სახე და ამიტომაც ჩემი აღფრთოვანება არაერთხელ გამოვხატე. მერე გავიფიქრე, თავი ხომ არ მოვაბეზრე-მეთქი, მაგრამ ახალმა ფიქრმა მითხრა, გულწრფელი ქება რატომ უნდა ეწყინოს, გიჟი ხომ არ არისო, თუმცა ერთი-ორი გიჟიც გამახსენდა, ავი თვალის შიშით ზედმეტ ქათინაურებს რომ ვერ იტანს და შუა თითს საჩვენებელზე გადანასკვავს ხოლმე. მოკლედ, სანამ შევწყვეტდი ჩემს აღტაცებულ კომპლიმენტებს, იმ აზრმაც გამიელვა, ნეტავ ჩემთვის გამოიმეტებდეს ვინმე ამდენ პოზიტივს და შიში რას მიქვია-მეთქი.  ამ დროს ასაკი მკითხა, რაც წეღანდელი „დაკითხვისას," სოციალური თემატიკით გატაცებულს, როგორღაც გამორჩა. როცა ვუთხარი, რომ 59-ის ახლახან გავხდი, სახეზე შეუფარავი გაოცება გამოეხატა. მქრქალი იმედიც კი არ აკიაფებულა ჩემში იმისა, რომ წლები ებევრა. ამიტომ ვერ ავხსენი, ეს შური იყო, რომ მასზე მთელი 13 წლით ახალგაზრდა ვარ (შეიძლება 14-ითაც, იმიტომ, რომ მე ხომ ახლახან გავხდი 59-ის, ის კი 72-ის, ვინ იცის, როდის), თუ სიხარულის განცდა, რომ ჩემზე ამდენით უფროსს თავისი გარეგნული იერის გამო აგერ ახლა ხოტბა-დიდება შეასხეს და მე კი მისი ძველი მეზობელი (შორეული), 59 წლისა, დიახ, მასზე ბევრად უმცროსი, სულაც არ ვიმსახურებ იმ ხოტბის მეასედსაც კი. მას შემდეგ, რაც მის სახეზე გაკვირვება ამოვიკითხე და მიზეზებს ჩავუღრმავდი, ბევრი აღარ მაწვალა და მოჰყვა:
ხოო!!! ხედავო?! ნუ, ჟიზნ - ეტა ნი ცვეტოჩკი, მაია რადნაიაო; რამდენი რამე ნიპრიატნი ხვდება ადამიანს, რამდენი გაჭირვება და დარდიო, შენ რა, ცოტა გადაიტანეო??!!
- ღმერთო!! რა იცის ამან ჩემი ცხოვრების სიძნელეები?! როდის გადავუშალე გული?! - ამ ფიქრებმა წარსულში გადამისროლა.
- ჰოდა, თუ გადაუშალე, მეტის ღირსი ხარ!! - სანამ თითს ვუქნევდი საკუთარ თავს, ანჟელიკამ ისევ გამომარკვია.
- ეეეეჰჰჰჰჰ! ჯანაჯან, რას იზამ!! ყველაფერიო, - თან სახეში მომჩერებია და თავს ხან მარცხნივ გადაიქნევს, ხან მარჯვნივ, - ეს ყველაფერი კვალსა სტოვებს, დაღსა სვავს ადამიანის ფიზიჩესკი ობლიკზეო.  ნუ, არა უშავს, მთავარია, ჯანმრთელად იყოო. - ისე, ჯანმრთელად ხო ხააარო? - არა მიშავს-მეთქი. - დაეჭვებით ჩავილუღლუღე.
- ხოოოოოო!!!  არ ვიცი, კიდევ რის თქმას აპირებდა, მაგრამ შანსი აღარ დავუტოვე, გამოვემშვიდობე, სამი გაჩერებით ადრე ჩავედი და ტაქსის ავუწიე ხელი, ემანდ ხუთი ლარი არ მთხოვოს-მეთქი და 200-მეტრიან მარშრუტში სამი შევთავაზე.  აღარ ვდარდობდი, ძველ და შეჩვეულ ჭირად აღვიქვი, თან ლარ-ნახევარიც ხომ „მოვიგე".
  მონმარტრის, სენ-ჟერმენისა და კაფე დე ფლორის ხედებმა სიზმარეული ხილვებივით გაიელვა თვალწინ და სულმთლად რომ არ გამქრალიყო, სახლში შესვლისთანავე ერთხელ კიდევ ჩავრთე "Sous le ciel de Paris", მაგრამ უკვე უცხო და შორეული მეჩვენა, როგორც 30-იანი წლების რეტრომუსიკა, ძველ პატეფონზე გაჟღერებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები