ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2018


გალა

(ჩვენ ერთნაირი პერანგები არასდროს გვეცვა)
შემომცქეროდნენ გამეტებით ძვირფასი ქვები -
წარბ-თვალნი შენი, იდუმალნი ვითარცა ზეცა,
ავდრის საწინდრად მომართული ღრუბელთა წყებით.

მე ოდნავ დალის ჩამოვგავდი, შენ ოდნავ გალას
და პირჯვრის წერით იწყებოდა ყოველი მწუხრი,
ახლა ის ქუჩა, სადაც უწინ ვთელავდით ბალახს,
ლილიებისფერ შემოდგომას ღამეებს უთვლის.

ვხედავ, ფოთლები ყოველ ფეხის ნაბიჯზე  გვცდიან,
გარდასულ დღეებს შენატრიან აღდგომას მკვდრეთით,
ჩვენ ერთნაირი პერანგები არასდროს გვცმია,
მაგრამ სახლისკენ მიმავალი გზა გვქონდა ერთი.

ახლაც ამ გზაზე მომხვევ ხელებს, მზის სხივთა სადარს,
როცა ღმერთები შეიხსნიან დაკემსილ რიდეს,
ხანდაზმულ ზამთარს შიგადაშიგ ეხსნება მადა
და ფერთა ფერხულს გათეთრებულ მუცელში იტევს.

დილა გამოჰყვა ბალახებზე მოფენილ ბწკარებს,
მთები იცვამენ მონპარნასის აჩრდილებს კვლავაც,
იყო დღეები, ყველა გვცნობდა ჩვენს ეზოს გარეთ,
მე ოდნავ დალის ჩამოვგავდი, შენ ოდნავ გალას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს