ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: საბავშვო
19 თებერვალი, 2018


ბოტანიკური ბაღი

- ბოტანიკური ბაღის რუკაა ეს! აიღე და აბა, შენ იცი! - მომაწოდა რაღაც ფლაერი, რომელიც მოლარეს ბილეთებთან ერთად გამოართვა.
- მე... მე არ გამოვდგები, მე ცუდად ვიცი ბოტანიკური ბაღი. აქ ბოლოს 30 წლის წინ ვიყავი.
- უბრალოთ, მე ეხლა სხვა საქმეები მაქ და შენ იყავი მეგზური.
- ილია, მე ცუდი ორიენტაცია მაქვს და ამ რუკაზე მაინც ვერაფერს გავიგებ.
- ბები, ამას ხო, საერთოთ არ ჭირდება ორიენტაცია. აქ ყველაფერს მიხვდება ადამიანი, დებილიც რო იყოს.
- ილია, დებილი შეიძლება მიხვდეს კიდეც, მაგრამ კრეტინი ვერა და მე... მე რაც მჭირს, მაგას ტოპოგრაფიული კრეტინიზმი ჰქვია, გაიგე?
- მომეცი რა! - გაღიზიანებული მოძრაობით გამომართვა,- წამოდი და ცოტა ჩქარა იარე, ყველაფერი უნდა მოვასწროთ დღეს.
- რას აპირებ? - თავშეკავებულად ვკითხე, შეშფოთება რომ დამეფარა.
- მე უნდა აგიყვანო ჩანჩქერზე, მაღლა, ძალიან მაღლა რო ჩანჩქერია, იქ და შედარებით დაბლა როა, იქაც; ახლა წავალთ, ავალთ, ავალთ და მერე დაბლა ჩავდივართ, ჩანჩქერი კი არის მაღლა, მარამ... ჩვენ იმის თავში კი არ მოვექცევით, ძირში, ანუ წყალი სადაც ჩამოდის, იქ.
მერეეეეეეეეე... ეს მდინარე პატარა როა, ეგ არი წავკისწყალი, მტკვარში ჩადის, ეგ ძაან მოკლეა და შორიდან არ მოდის.
- მერე?
- ავიდეთ, ბე.
- სად, ილია?! შენ რას მიპირებ! ამის სათავეში მიპირებ აყვანას?
- არა, შორს კი არ არის, ბე, აქ, მთაწმინდაზეა, მთაწმინდა კიდე ეს არი, შენ სად გგონია. ამ რუკაზე ყველაფერი ჩანს, ვნახავ ეხლა.
„ვაიმეეეეეეეეე!" - დავიწყე გონებაში სათქმელის თანმიმდევრობით დაწყობა ისე, რომ ლაპარაკის დროს ენა არ დამბმოდა და დასაბუთებულად ამეხსნა, რატომ ვერ ავალთ დღეს წავკისწყლის სათავეში კი არა, მეორე ჩანჩქერზეც კი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, საკმაოდ შორს არის.
- დღეს ყველაფერს ვერ მოვასწრებთ. უკვე ხუთი საათი ხდება და მაგ მარშრუტებს ნამდვილად სჭირდება სამი-ოთხი საათი. თან ჩვენ სასეირნოდ წამოვედით, ლაშქრობაში ხომ არა.
- ჩვენ ხო არ გვეჩქარება?
- ექვსზე უკვე ბინდდება და... (ვიცრუე).
- მერე...
- რა მერე! რა მერე! სიბნელეში ხომ არ ვივლით?!
- მე საერთოთ არ მეშინია სიბნელის.
ჯერ მხოლოდ კითხვა-პასუხში ვიყავით, ამიტომ ხმა და ინტონაცია ძალიან გულუბრყვილო და მშვიდი ჟღერადობის ჰქონდა.
შემოტევას ყოველთვის ხვეწნით იწყებს ხოლმე, მერე ამ ხვეწნას, თუ ეს საქმე ძალიან აინტერესებს, საზღვარი არა აქვს, ხოლო თუ საქმე ადვილად ეთმობა, გაბუტვაში გადაიყვანს, ყველაფერზე უარს იტყვის, წავა და შეიძლება, ორი-სამი დღე დაიკარგოს. ძნელი შემოსარიგებელია, მე გაბუტვას ძალიან ვერიდები, მერე ვეღარ ვისვენებ, არ მინდა გულის ტკენა დაამახსოვრდეს. ახლა კი ვფიქრობ: ხომ არ ჯობია, გაიბუტოს და გადავრჩე ამ დავიდარაბას, მაგრამ ისეთი სტარტი აქვს აღებული, გაბუტვა აზრადაც არ მოსდის, ჰოდა, თუ მაგრად არ დავდექი, შეიძლება მართლა გამიყენოს გზას წავკისწყლის სათავისკენ.
- მომისმინე, ილია...
- ბე, შენ მომისმინე...
- კოკოშ, კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ?
- არა, ის პირველი ჩანჩქერი აქვეა.
- უკაცრიელია აქაურობა, ადამიანის ჭაჭანება არ არის და ცოტა....
- ეხლა არ მითხრა, მეშინიაო, რა არი საშიში, ბე?! მე დანაც მაქ წამოღებული. - ხელი მოისვა ჯიბეზე. ჯიბის ზედაპირზე მართლა გამოიკვეთა დანის კონტურები.
- მთავარია, შენ აუჩქარო ცოტა... იმიტო, რო...
იქვე მექორწილეებს მოვკარი თვალი, შორიახლოს ერთი-ორი წყვილიც დაიზლაზნებოდა და შვებით ამოვისუნთქე.
ფლაერი გამოვართვი. რუკის შტრიხები ჩემთვის არაფერს იუწყებოდა, გარდა ერთი ინფორმაციისა: „ბოტანიკური ბაღის ფართობი 120 000 ჰექტარია".
ნეტავ, ამის შემოვლას ხომ არ უმიზნებს ჩემთან ერთად დღეს - ამ ერთადერთ შაბათ საღამოს, როცა შემიძლია, ლოგინში ვიწვე და ტელეფონსაც არ ვუპასუხო?! ღმერთო! ეს რა დამემართა?!
- აქ წითელ წიგნში შესული ბეგონიებია.
- ვეღარ გავიგე, ახლა ჩანჩქერისკენ მივდივართ, თუ ბეგონიებთან, გზას ნუღა გავიმრუდებთ.
- გაჩვენებ, ბე, ნახე, ბები, ნახე, აი, ამ ბილიკს რო ავალთ... მოკლეთ, ბეგონიები გზაზე შეგვხვდება.
„შენი ბუნების მასწავლებელი ჩამაგდებინა ხელში..." - ვფიქრობ და გული მაინც საგულეს მაქვს, რადგან მექორწილეების ჟრიამული ჯერ კიდევ მესმის.
- ბუნება რამდენჯერ გაქვთ კვირაში?
- ორჯერ, ორჯერ, მარამ...
- შენ ხუთჯერ გინდა არა?
- ბე, მე ხო იცი, ლალიკომ რა კარგათ მასწავლა...
- იარე და წინ იყურე რა! იმ ლალიკოსაც მიეცეს ჩემი ცოდვა!
- ხოდა, ბე... ფილმი ვნახე ბოტანიკურ ბაღზე და იქ თქვეს, რო ეს მუზეუმიაო. აქ არი ლეღვებისხევი, შენ ხო გიჟდები ლეღვებზე. ეხლა არ არიან ლეღვები აქ, მარამ მაინც გაგიხარდება, ვიცი. - ძალიან მთაფლავს, არ იშურებს კეთილ ღიმილს, ოღონდ ხელოვნურად გამოსდის, თან თვალებში შემომციცინებს. ჩემი მონუმენტური უგრძნობლობა აღიზიანებს, მაგრამ თავს ძალას ატანს და დიდი მოთმინებით ცდილობს, რომ თხრობას გამოხატვის სიმძაფრე და კოლორიტი არ დააკლოს, რაც სხვა დროს მე ძალიან მიტაცებს ხოლმე, ახლა კი მატყობს, რომ „სხვაგან ქრის ჩემი გონება". მე ამაოდ ვცდილობ ცენტრალური გასასვლელის ორიენტირები მოვნიშნო, „ტოპოკრეტო" ჩართულია და ეს უზარმაზარი სიმწვანე - გადღაბნილი.
- ველური ხეები იზრდება აქ. იცი, რა არი ველური?
- ვიცი! - არასდროს არაფერზე არ ვპასუხობ - „ვიცი", ამიტომ დაძაბულობის ხარისხს კარგად იაზრებს.
- ბე, რა გჭირს? ველური არი, როცა ნერგებით არ რგავენ, თავისით რო იზრდება და აქ ჩიტები და მწერებიც არიან ისეთები, ქალაქში რო არ დაფრინავენ. - უგულოდ ეცინება, ისევ მიყურებს; მთელ თავის ცოდნას, გამოცდილებას, ყურმოკრულს და გამოგონილს სხლავს და აფრქვევს.
- 400 წლის არი ეს ბაღი. აქ სამი ბაღი იყო ადრე. მუზეუმშიც შევიდეთ, იქ არი შენახული ძაან მაგარი რაღაცეები. ეს ხიდიც ძაან ძველია 92-ე საუკუნის არი, მგონი.
გადაშენებული იასამანი არი აქ შემორჩენილი, ველური. შენ ვარდი რა გგონია, ბე? ვარდი არი ასკილი. - სულმოუთქმელად ლაპარაკობს, სიტყვისთვის ადგილს არ მიტოვებს და თუ მაინც მოვახერხე და ამოვაბორძიკე, იმ მომენტში ხმას ძალიან უმატებს და ჩემს ხმას ფარავს. კარგად გრძნობს, რომ კეთილი თანამოსაუბრე და ერთგული მსმენელი დაკარგა და ჩემთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ცდილობს, როგორმე თავისი ნაამბობით მომხიბლოს, რადგან იცის, თუ რამეს ვიტყვი, ის აქაურ ფლორას და ექსპონატებს ნამდვილად არ შეეხება.
წინ მიიწევს და მეც მივყავარ. მექორწილეები თითქმის აღარ ჩანან. მათი ხმები ჩვენამდე ვეღარ აღწევს. რაც უფრო ზევით მივიწევთ, მით უფრო უკაცრიელდება მიდამო.
ჯიბეში ხელი ჩავიყავი ტელეფონი მოვსინჯე, ამოვიღე, უკვე გამორთულა. ახლომახლო სულიერი არ ჭაჭანებს, მომეჩვენა, რომ ამ უზარმაზარ მწვანე მასივებში ილიას ხმა ექოს გამოსცემს.
- თბილისის რაღაცეები კი არ უნდა მოაშენო მარტო აქ, სუბტროპიკულიც უნდა მოაშენო. აქ ერთი მუხაა და კი არ ცვივა ფოთოლი, ეს ჩვენი მუხაა, ქართული ანუ. უი! ბები, გაუთხოვარ ხეებსაც გაჩვენეფ... ბები, შენ ხო გიყვარს თამარ მეფე?! ჰა, ხო გიყვარს? მაგას ქონია ეს ხე და არავის არ აძლევდა მაგის ნერგს და გაუთხოვარი ხე დაარქვეს. გაჩვენეფ მაგ ხეეებს, ბე, ფიჭვებია აქ ბებერი, ეგეც უნდა ნახო აუცილებლათ. აი, აქ უნდა იყოს ეგ ხიდთან. იცი, რამხელაა! ეგ ფიჭვი არი, მგონი, მილიონი წლის, იცი? ისეთი ძველია, ბები, რო დინოზავრები ჭამდნენ მაგასო, გაიგე? ბები, რაღაცნაირი სახელი ქვია ერთ ხეს, მაგას ქონია იმხელა ფოთლები, ნუ, დიდი ფოთლები და ცვივოდა წყალში და ზედ ბავშვებს აწვენდნენ. ნახე, ბე, ჩაცმული პალმა, უნდა ჩააცვა ზამთარში, რო არ გაიყინოს.
- აქედან უკან როგორ დავბრუნდებით, გზას ვეღარ გავიკვლევთ. - ცოტა მგონი ტირილიც გავურიე ხმაში.
- ნუ გეშინია, კაცო, მე ვიცი გზები. ხოდა აი, ფიჭვები, ბე. შენ ახლა ხარ სამოთხეში, ეგრე თქვა იმ მებაღემ, ეს არი სამოთხეო, აბა, რა არიო? ბაღი აბა, რა გგონია, ეგ სამოთხეა. და შენ კიდე არ გინდა, არა?
- ილია! - მოვახერხე სიტყვის თქმა, მაგრამ არ მაცალა, - ხოდა, მოდი, მოდი, მოვედით, მგონი უკვე,- ჩემს შეშლილ სახეზე კითხულობს მოსალოდნელ საფრთხეს და ხვდება, რომ კომპრომისზე წასვლა მოუწევს, - დღეს ჩვენ მდინარის სათავეს შევეშვათ, ვეღარ მოვასწრეფთ.- მინიმალურ დათმობაზე წასვლით ცდილობს მოსალოდნელი უსიამოვნების გაბათილებას.
- ილია, დავბრუნდეთ, კარგი? მალე შებინდდება, ტელეფონიც არ მაქვს, ხალხიც არ დადის აქ, ჩემო ბებიკუნა, შენი ჭირიმე, დავბრუნდეთ და შემდეგ კვირას მომზადებული, საგზლით და ბევრნი წამოვიდეთ. პირობას გაძლევ.
- მე საერთოთ არ მინდოდა ბევრნი, არც საგზალი და არც სხვა დროს, მე მინდოდა დღეს, ცოტა ხალხი...
ჩვენს დიალოგს ცრემლიანი ხვეწნა-მუდარა და ბოლოს შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. მითხრა, რომ ორი კვირა ემზადებოდა ამ დღისთვის, ორი კვირა!!! რომ გიჟდება ბუნებაზე და მცენარეებზე, რომ დაიღალა ძაღლის სეირნობით, ერთფეროვნებით და აღარ შეუძლია სკოლასა და სახლში ყოფნა. მე ვპასუხობდი, რომ მასავით ბევრი ბავშვი ვერ დადის სანადიროდ და სათევზაოდ არაგვზე; ზაფხულში კი - გურიაში, სადაც მდინარეც არის, ბაყაყებსაც იჭერენ, გველებსაც და ჩანგლით და აკვალანგით თევზაობენ. და კიდევ ვპირდებოდი, რომ აუცილებლად მივიყვან რატის სკოლაში და რატის შვილი ხომ მისი კლასელია და საერთოდ რა პრობლემაა!! ოღონდ დღეს, აქ და ახლა ნუ მომკლავს და ნუ მომიღებს ბოლოს!
ჩვენი სიტყვა-პასუხი გასცდა კორექტულობის საზღვრებს და, რა თქმა უნდა, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა, საქმე იქამდე მივიდა, რომ მარტო დაადგა გზას: უშენოდაც კარგად ვიზამ ყველაფერსო და როცა ვწვდი ქეჩოში და გასასვლელისკენ მოვატრიალე, რომელსაც მე ვერაფრით მივაგნებდი მის გარეშე, სლუკუნით დაეშვა თავდაღმართში, ცოტა ხნის წინ ხალისით და იმედებით რომ აირბინა; დროდადრო მომიბრუნდებოდა:
- შენ არ ხარ ადამიანი, უფრო სწორათ, ცოცხალი ადამიანი! შენ ხარ სახლის ადამიანი! შენ არ ხარ ბაღის ადამიანი, არც ბუნების ადამიანი არ ხარ! შენ ოთახის ხარ!
უკვე შებინდებული იყო. აღარაფერს დავეძებდი, იმის გარდა, რომ გასასვლელის გზას მალე დავდგომოდით. სამშვიდობომდე აღარაფერი რჩებოდა და როცა შიშმაც გამიარა, ძალიან შემეცოდა და მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მალე აუცილებლად წამოვიდოდი რიუკზაკით, კედებით, საგზლით და შესაძლოა, დანითაც... გადავწყვიტე და კოკოშას პირით ამეტყველებულ კორომებს ერთხელ კიდევ მოვავლე მზერა - ტოპოგრაფიული კრეტინიზმით დაბინდული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები