ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2018


ხვიჭიები

    აღარც მახსოვს რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, თითქმის მთელი ცხოვრება, მაგრამ ამ დილით ხსოვნას ისე რომ ჩავკირკიტებდი, როგორც ბებიაჩემი სახლის წინ გაშენებულ ბაღჩას, შემთხვევით ჩითილს შორის სარეველა რომ არ გამოჰპარვოდ, ხელს ერთი მივიწყებული ამბავი ამოჰყვა:
  ჩვენს სკოლაში ხვიჭიები სწავლობდნენ, და-ძმა, გამწნიკული, თითქმის გამჭვირვალე ბავშვები, ბიჭი ჩემი კლასელი იყო, გოგო ერთი წლით უფროსი. ვანო ერქვა ჩემს კლასელს, დის სახელი აღარც კი მახსოვს, მგონი ნატო უნდა რქმეოდა. უკანა მერხზე იჯდა ხოლმე ვანო და არასდროს საუბრობდა, რითიც ის დამამახსოვრდა, იყო დაკემსილი შარვალი და დედამისი, რომელიც ნამეტნავად მაღალი და სიგამხდრისაგან მხრებში მოხრილი იყო და ჩვენი დედებისაგან განსხვავებით კრებებზე ის არ მოდიოდა წითელი ტუჩსაცხით, მას ყოველთვის ფერდაკარგული ყვითელი კაბა ეცვა, რომელიც იდაყვებთან საგრძნობლად გასწყალებოდა. 
  8-ის ვიქნებოდით მაშინ ალბათ, ან 9-ის. მასწავლებელმა თქვა, ხვიჭიას მამა დაეღუპაო. ორი დღეც არ იყო გასული და ზარბაზანივით გავარდა ხმა, ხვიჭიებს დედაც მოჰკვდომიათ, ჭლექი ჰქონიათო. ამბავს ხმა კი ჰქონდა ზარბაზნის, მაგრამ ცრუ განგაში აღმოჩნდა, სკოლისკენ წამოსული ტყვია აისხლიტა და არაფერი დაუნგრევია. ცხოვრება გაგრძელდა ისე, როგორც მიდიოდა. მხოლოდ ეს იყო, ვალი მოვიხადეთ, სამძიმარზე წავედით.  გვირგვინი წავიღეთ, დამჭკნარი მიხაკების, სულ ეს იყო და ეს, ან სხვა რა შეგვეძლო 8 წლის ბავშვებს?!
  მიცვალებულები ხვიჭიების ბიძის ოჯახში ესვენა,  ავტობუსის დაქირავება მოგვიხდა, სოფელში რომ წავსულიყავით, მასწავლებლები გვახლდნენ და რამდენიმე მშობელი, გზაში კარგად ვიმხიარულეთ, „ამის პატრონმა რა ქნას?“  ვთამაშობდით და მიცვალებულის სახლს რომ მივუახლოვდით, უფროსებმა გაგვაფრთხილეს, ახლა არ დაუწყოთ იმ ბავშვებს კოცნა და ჩახუტება, შორს გაიარეთ და არფერს შეეხოთო.
  დამჯერი ბავშვები ვიყავით, ჩვენს მეგობარს გვერითაც არ მივკარებივირთ, ძლივს-ძლივობით ავათრიეთ გვირგვინი მეორე სართულზე, შეშინებულებმა დავარტყთ წრე ორ მიცვალებულს და ავტობუსში დავრუნდით.
  ამ სამძიმრიდან ორი რამ ჩამრჩა მეხსიერებაში: კიბის ჩამტვრეულ საფეხურზე წაქცეული ხელოვნების მასწავლებელი  და ვანოს და, რომელიც ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში წამით არ გაჩერებულა ისე ხარხარება და მერე, ავტობუსშიც რომ ავედით და მძღოლმა ძრავა ჩართა, სმენას ისევ სწვდებოდა ნატოს ისტერიული სიცილი.
-ამხელა გოგოა და მაგას ვერ უნდა ხვდებოდეს?
-უთხრას მაინც ვინმემ, როგორ შეიძლება.
-ისედაც არ მომწონდა ეგ ბავშვი, ძალიან თამამი იყო...
  ისმოდა უფროსების კომენტარები, ბავშვები აგრძელებდნენ თამაშს და მე ვფიქრობდი: ნუთუ საერთოდ არ უყვარდა თავისი დედიკო და მამიკო? არ ეშინია მარტო დარჩენის?
  საშიში კი, როგორც გაირკვა, მართლაც იყო მარტოობა. ხვიჭიები სკოლაში აღარ მოსულან, მასწავლებელმა თქვა, ბიცოლამ და ბიძამ წაიყვანესო, ძალიან მალე მათი სახლი გაიყიდა.
    მას შემდეგ ხვიჭიების აღარფერი გვსმენია, მხოლოდ ერთხელღა გაახსენდა სკოლას მათი არსებობა, როცა მშობლების გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ვიღაცამ ამბავი მოიტანა: ძალიან უზრდელი ბავშვები იყვნენ და ბიცოლამ ძნელად აღსაზდელთა სახლში წაიყვანაო.
-აბა, ვინ გაუძლებდა, ხომ ნახე ის გოგო, გიჟი იყო აშკარად, ესეც რაღაც უცნაური ბავშვი იყო და...
-კაი, შენი ჭირიმე, შენსას ვეღარ უძლებ ადამიანი და სხვისას?
  ეს იყო და ეს. ყველამ დავივიწყეთ მათი არსებობა, თითქოს არც ყოფილან. 
  სკოლა უკვე დამთავრებული გვქონდა და კლასი შევიკრიბეთ. გავიხსენეთ, ვიღაცამ ვიღაცას შუბლში კალამი რომ ჩაურჭო და სისხლი შადრევანივით ასხამდა, გეოგრაფიის მასწავლებლის გაკვეთილზე ღუმელზე რომ წიწაკა დავყარეთ და ისეთი სუნი დადგა, ლამის გავიგუდეთ, „შატალოზე“ რომ დავდიოდით  ხიდზე, რომელზეც სანახავი არაფერი იყო, გიორგი რომ  გაკვეთილზე ბანანს ჭამდა ყოველ დღე და ხვიჭია რომ ტიროდა.
  პირველად მაშინ გამიარა ფიქრმა, ნეტა რატომ ტიროდა ხოლმე ეს ბავშვი უმიზეზოდ? იქნება იცოდა, რომ მშობლები ცუდად ჰყავდა? იქნება ორი დღის მშიერი იყო და ატირებული მუცლის კვნესას ვეღარ უძლებდა?!
  ხომ არავინ  იცით მის შესახებ-მეთქი, ვიკითხე და ნაკუწებისგან აი ეს ამბავი ამოვკემსე:
  ძალიან უჭირდათ თურმე და ფილტვები დაუავადდათ ხვიჭიების მშობლებს, წამლის ფული არ ჰქონიათ და რაც დაემართათ კი გითხარით თქვენც, ბიცოლა ხარბი ქალი ყოფილა, სახლი გაუყიდია, რასაკვირველია, იმ ფულიდან არც ერთი კაპიკი არ ერგოთ ბავშვებს და რამდენიმე თვეში თავშესაფარში წაუყვანიათ.
  14 წლის ნატასთვის  ვიღაც თავისზე უფროსს მოუტყუებია, ცოლად უნდა მოგიყვანოვო, მაგრამ მიუტოვებია რამდენიმე თვეში, წართმეული  ქალწულობით, წამოზრდილი მუცლითა და დაკარგული თავშესაფრით. ამბობენ, იმშობიარაო, იმასაც ამბობენ ბავშვი გადააგდოვო, სხვებმა თქვეს, ქუჩაში იმშობიარა და დაეღუპაო. ახლა მისი გზა და კვალი არ იციან, დადის აღმა-დაღმა და ყიდის თურმე საკუთარ სხეულს.
  ვანო ჯერ არასრულწლოვანთა საპატიმროში მოხვედრილა, ქურდობისთვის, გამოსულა ციხიდან და 2 წელში უკან შებრუნებულა, ამჯერად მკვლელობისათვის.
  ხვიჭიები დღეს დილით ამოჰყვა ხელს, ხსოვნაში რომ ვიქექებოდი და  მივხვდი: ნატა მაშინ უბედურებას დასცინოდა. ხვდებოდა, რაც ელოდა და საკუთარ თავს იგდება მასხარად. და დანარჩენი რაც მოხდა, ყველა ჩვენგანის ბრალი იყო, არავინ მითხრათ, რომ ბავშვები უცოდველები არიან, სწორად ბავშვები ვქმნით მკვლელებსა და მოძალადაეებს, იქნება უფროსებისთვის რომ არ დაგვეჯერებინა და მაშინ ვანოსთვის გვერდი კი არ აგვევლო, მივსულიყავით და ჩავხუტებოდით, იქნება, ვინ იცის, ნეტა ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს