ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2018


ორშაბათი

როგორი დღეა ორშაბათი!
როგორ უნდა თქვა სულ ორი სიტყვით?
იტყვი და
გრჩება იმდენი იქით სათქმელი,
საქმესავით,
რომ არ ილევა.
თითქოს უძირო ქვაბში დუღდეს
და გადმოდუღდეს
სადილ-ვახშამი უსასრულოდ,
ისე, იმგვარად,
როგორც ცოლების ფეხზე დგომა
და კაცების
მარადიულად შინ არყოფნა, -
თევზის საჭერად წასული ქმრების,
შინ ოქროსფერი ფარფლების ნაცვლად
დარდების ქვა-ღორღს
რომ მოახრიგინებენ...

როგორი დღეა ორშაბათი!
როგორი უხიაგი.
არაფერს გეტყვის.
იქით უნდა გაიძრო ტყავი
და თავის ყველა მოტრიალებაზე
მტაცებელ ფასკუნჯს
საუკეთესო ნაჭერი ჩამოუჭრა
პირდაღებული ჭრილობიდან.
რა მოხდა მერე
თუ დაკოჭლდები.
მერე რა მოხდა,
თუ ცერებზე ვეღარ შედგები.
სამაგიეროდ,
ცასთან ისე ახლოა კვირა, -
აღდგომის კვირა.
ორშაბათიდან
ცა ისევ შორი,
ხელახლა შორი,
ისე უღმერთო და
უშარბათო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები