ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 აპრილი, 2018


მკვდარი სოფლის ბინადრები

                           
  ნასახლარებად ქცეულა საქართველო. დაყრუებულან სახლის ძირმაგარი კედლები მარტოობით, ადამიანის ხმა მონატრებია ჭერს, შეშინებულან ზამთრის ცივ ღამეებში მთის კალთაზე მარტოსულად გამოკიდებული დახავსებული ქვები. ადამიანის ხმა მონატრებიათ მდინარეებს.
  კერა რახანია ჩამქრალა. დაუტუსაღებია პატრონს ეზო, რკინის ბოქლომი დაუდია სახლისთვის, ჩაჟანგებულა ბოქლომი მოლოდინით. აბალახებულა ეზოები. ჭირისუფალს დამსგავსებია საქართველო, უქართველობას დასტირიან მთები.
  დასახვრეტად წრეში ჩაყენებულს დამსგავსებია ილიას სამშობლო, სადღაა სოფლები, სანუკვარს რომ ამდენი საუკუნე გადაჰფარებოდნენ მკერდით და სიცოცხლეს სწირავდნენ, იმ ერთადერთის, იმ ყველაზე მნიშვნელოვანის გადასარჩენად. არ დაზოგოვო თავი, მამა-პაპის საფლავებს გედავებიანო, არიგებდა ხევსიბერი შვილს. ვინღა გვედავება, მიგვიყრია საფლავები უპატრონოდ, მტერი რას მიაგნებს იმათ ძვლებს, ჩვენ დაგვვიწყებია სად ჩავმარხეთ ჩვენი ფესვები, საიდან იწყება ჩვენი ცხოვრება. ამიტომ ვგავართ  თმაგეწიწილი ქარისგან ჰაერში მოფარფატე ფოთლებს, აღარც მიმართულება გვაქვს და აღარც დასაცავი, აღარ ვიბრძვით, მივნებებულვართ გაავებულ ქარს და საითაც დაუბერავს იქით წავყვებით.
  რიგ-რიგობით გამოიჯარეს  კარი, ჯერ გიორგიმ აქცია ზურგი სახლს, მერე დავითმა, ვახტანგმა, თამარმა, ქეთევანმა და გახდნენ თიკა, ქეთა, ნინია, დათკა.... ზნეს რომ იცვლი, სახელიც უნდა იცვალოო, აჰყვნენ  დროს,  წარმომავლობას საგულდაგულოდ მალავენ, თითქოს სირცხვილი ყოფილიყოს, თუ ვაჟას ნაკვალევზე დადიოდნენ, თუ ჩოხელის მთებს შორის გაზრდილან, თუ ამაყი სვანეთის კოშკში დაბადებულან....
  დარჩათ  ფართოდ გაშლილი ველები, მიტოვებული ვენახები, მოუვლელი ყანები. უმიზეზოდ არავინ წასულა, ყველას ჰქონდა  საკუთარი გამართლება: გიორგის შვილს სწავლა უნდოდა, თამარის სახლამდე ბუნებრივი აირი არ მიდიოდა, ცივი ზამთრები იცის მთაში, ძნელია ყინვასთან ბრძოლა, ვიღაცამ იფიქრა, ქალაქში მეტი ფული იშოვნებაო, ვიღაცას ბავშვი შეეძინა და ექიმი რომ დაგვჭირდესო და ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს  კერა მონადირემ, ექიმმა, მასწავლებელმა, მშენებელმა, მებრძოლმა, მეტყევემ.... დატოვეს  ცაში აზიდული მთები - საქართველოს ისტორიის უტყვი მოწმეები და შესახლდით ნაქირავებ ბინებში, თავიანთ ბეჭების საგანეა ქალაქის სახლები, მოძრაობა ჭირს, ფილტვებიც დაავადდა,  სხვა სიმაღლეებს ნაჩვევი სხეული ვერ გუობს მტვერს, ვერც სული დამშვიდებულა. ქაოსსა და გაუტანლობას უჩვევ სულს  ენატრება საღამოობით მთაზე გაწოლილი ნისლი, დილის ცვრის ნახვა მოსწყურებია.
  პრობლემებს გამოექცნენ, იქ  ბევრი სირთულეა, მთაში ცხოვრება ბრძოლაა, თავის გადარჩენის მცდელობაა.
  პრობლემებსა და ბრძოლაზე მუცო მახსენდება, საქართველოს მთავარი მცველი. არა, ეს მუცო არა, მის აკლდამებზე ჩინელი, ფრანგი, გერმანელი, რუსი  ტურისტები რომ ჩამომსხდარან და „სელფებს“ იღებენ, იმ ძველ მუცოზე ვფიქრობ, მტკიცე ზღუდე რომ ეკრა გარს და არწივებსაც კი არ შეეძლოთ მეციხოვნის  ნებართვის გარეშე შეღწევა, ის მუცო, თორღვაი რომ ჰყავდა ხმალშემართული, ის მუცოელები  ქავაზე მტრის მოკვეთილ  მკლავებს რომ აგროვებდნენ, ის მუცო, სადაც ხმალშემართულ ხევსურებს დღედაღამ ეღვიძათ, ემანდ მტერი ისე არ გათავხედდეს, ჩვენს მიწაზე ფეხის დაბიჯება არ მოინდომოსო. ის მუცო, საზღვარი რომ იყო  ქვეყნის...  ახლა სადაა საზღვარი არავინ იცის, დაცარიელებულა ქართველი მესაზღვრებისა და მეციხოვნეების ნამოსახლარები, დაცარიელებულა ქვეყანა, ჭირისუფლად უქცევია საკუთარ კერას მოცილებულ ქართველებს სამშობლო.
    ათობით  სოფელი მოკვდა.  კიდევ ათობით სოფლის უკანასკნელ ბინადართ  აქვთ ბარგი ჩალაგებული, ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებენ. მიდიან და ჰგონიათ ბოქლომს უსულო, უემოციო კედლებს ადებენ, არა და ზურგს აქცევენ თუ არა, კედლები მშობელს გამოტირებული პატარა ფეხშიშველა ბავშვებივით ტირილით გაედევნებიან უკან და მერე სხედან ზღურბლთან და გულამოსკვნილები  ტირიან, ტირიან კედლები, რომლებსაც გულზე ჩინ-მედლებივით ჰკიდიათ მოგონებები...
    და თუ შემთხვევით მთის ერთ-ერთ ასეთ მკვდარ სოფელთან მოხვდებით, გვერდი არ აუქციოთ, აღმართს შეუყევით, ჭირისუფლებივით მდგარ ნასახლარებთან ჩამოსხედით, ყურში ჩასჩურჩულეთ რომ სამტროდ არ მოსულხართ, მერე ქვებს მხრებზე ხელი გადაუსვით, სითბოს იგრძნობთ, თუ გულის ხმას მიენდობით, იქნება ბებერი ძვლების ჭახა-ჭუხიც გაიგონოთ. ჩამოჯექით მათ გვერდით და ადგილის დედა ადიდეთ.  მიწას მიაყრდენით ბეჭები, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნახავთ, აქედან საქართველოს მხოლოდ დანახავ კი არა შეგრძნებაც შესაძლებელია. წამოსვლისას მკვდარი სოფლის უკანასკნელი მცველებისათვის მადლობის თქმა არ დაგავიწყდეთ, უთხარით, რომ საქართველო მადლობელია, რომ დგანან და იცავენ, იცავენ მკვდარ სოფელს. თუნდაც ვერ შეასრულოთ, მაინც შეჰპირდით, რომ დაბრუნდებით, რომ მიხვალთ,  ნასახლარებზე ცეცხლს გააჩაღებთ და მთას დაცლით ჭინკებისაგან, რათა მათი ადგილი ბავშვებმა დაიკავონ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები