ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
13 აპრილი, 2018


მეკუბოვე ჟორა

  დილის სისხამზე დგება და ფარდულისაკენ მიუყვება გზას. აგერ უკვე 27 წელია ერთსა და იმავე გზას ადგას. სიკვდილი მისი თანამგზავრი გახდა. აკაკუნებს ჩაქუჩს და სჭედავს სასახლეს. ლურსმების დასობისას ფიქრობს, ვისთვის კინძავს განსასვენებელს. დღეს 3 წლის ბარბარესათვის უნდა ააგოს სახლი. ძალიან უნდა ეცადოს, ჩუქურთმები ნახატს გავდეს. ერთი ციდა იქნება კუბო, რომლითაც ორ დღეში ლევკემიით დაავადებულ, გაფითრებულ ბავშვს მიაბარებენ მიწას.
  ათასობით ნაცნობი ჰყავს, ყველა მიცვალებულია. მკვდრები მის არსებაში წლები ცოცხლობენ და უყვებიან იქაურ ამბებს. არც ერთი მათგანი თვალით არ უნახავს, ადამიანები მისთვის სიმაღლით, წონით, ასაკითა და სახელით განისაზღვრებიან. ამ მინიმალურ მონაცემებს მიღმა კი მთელი ცხოვრებაა. ვინ იცის, ვის საცოლე რჩება, ვის ფეხმძიმე ცოლი, ვიღაცას დედა, რომელიც განწირულია ცხოვრების ბოლომდე თალხით იაროს.
  მამა დურგალი ჰყავდა ჟორას, როცა  დაოჯახდა, მამის ხელობას მიჰყო ხელი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ხის ავეჯის შესაკვეთად აღარავინ მიდიოდა. “ახლა, ჟორა ბიძია, ყველაფერი მზა იყიდება“,- უთხრა ბიძაშვილის ახალმა რძალმა.  იფიქრა, იფიქრა და ეს მამისეული ფარდული გასაყიდად ვერ გაიმეტა  ან რა უნდა ეკეთებინა მერე, რითი შეენახა ოჯახი, კუბოებს გავაკეთებო, გადაწყვიტა.  ეგონა კუბო მხოლოდ ოთხი ფიცარი და რამდენიმე ლურსმანი იყო. არადა საკუთარი თავი გოლგოთაზე აჰყავდა, თურმე, მუდმივი ჭირისუფალი უნდა ყოფილიყო, მკვდრებთან ერთად უნდა ეცხოვრა.
  მოდიან, რიგი არ წყდება, საქმეს ვერ აუდის, დამხმარეს აყვანაც იფიქრა, მეზობლის ბავშვი უმუშევრად იყო და ერთი პირობა თქვა, გოგლას მივიხმარებო, კარგი ბიჭია, ხელობას ვასწავლიო. მერე, კარგი ბიჭია მართლა და  რა დამიშავა, რათ გავწიროვო, მუდმივად დაღვრემილი რათ ვატაროო და, დარჩა თავის ფარდულში მარტოსულად.
  მოდიან და უკვეთენ სასახლეს სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფასისას. უკვეთენ და უტოვებენ საფიქრალს. აი, გუშინ ახალგაზრდა ბიჭები მოვიდნენ, სასახლე გვინდაო. როგორიო, ჟორამ, გამძლე იყოსო.  ეჰაა, შვილო, გინდა გვიან ჩაუვიდეს გულში წვიმა, სიცივემ გვიან ჩაატანოს?  რა აზრი აქვს, შვილო, არავინ მოგატყუოთ -  ყველა ხე ჭიანდება ბოლოს და იმ ჭიისაგან გაჩენილ ღრიჭოებში მატლები ძვრებიან.
  ხან ისეთი უცნაური ფიქრები აეკვიატება, ნეტაო ჯერ რომელი მხარე გამოალპება ამ კუბოს, თავიდან დაიწყებს სხეული ხრწნას თუ გულიდანო.
  იმ ბიჭებმა ძმა უნდა გავისტუმროთო, 32 წლის ძმას ვაბარებთო მიწას. ავარიაში მოჰყოლია, მთვრალი იყოო.
    რანდავდა  ხეს ჟორა და ფიქრობდა: რა გინდა, ბიჭო, სად მიგეჩქარება, ვინ მოგდევს? რათ იმეტებ თავს, შენ ხომ ჯერ მოლეული არ გექნება ცხოვრება, მზად კი ხარ იწვე საუკუნეები გაუნძრევლად? ეჰ, მეც ვამბობ რაღა, ან რომელი ასაკია  ნეტა, ვინაა სიკვდილისთვის რომ მზადაა? არაა, არა, მაიცა ერთი, თვითმკვლელებზე არაფერს ვამბობ. მაგათ სულ არაფერი ესმით, მაგათ სიკვდილის შესახებ არც არაფერი იციან,- შეედავა საკუთარ თავს.
  სიკვდილიც არის და სიკვდილიც, ზოგი ისე ჩაებეჭდება ხოლმე ტვინში, მერე მოსვენებას აღარ აძლევს. კაცი იყო, ოჯახის მამა, ჯანმრთელი, სამსახურიანი, ვალებიც არ ჰქონდაო. ცხოვრობდა რა ისე, როგორც ყველა.  ბრახ და ერთ დღესაც ჩამოკიდებული ნახეს. ვერაფერი გაიგეს, რა ეშმაკი შეუძვრა. მეზობელი მოვიდა შესაკვეთად და გაუკვრიდა ჟორას.
-ოჯახი არ ჰყავსო?- შეეკითხა.
-ჰყავს და მერე როგორი. ორი ანგელოზივით გოგო ჰყავს, რომ დადიან თვალებით მზეები დააქვთ და უცბად დაუღამა მამამ.
  უმცროსს უპოვნია ბავშვების ოთახში ცოლის ხალათის ქამრით ჩამობმული. შეშინდა და ორი დღეა გაოგნებული ზისო, არც ჭამს, არც ხმას იღებს, არც ტირისო. საწყალმა ქალმა აღარ  იცის ქმარი იტიროს თუ შვილიო.  გაუკვრიდა ჟორას, კაცი 27 წელია ამ საქმეშია და ბევრი რამე გაუგია, პროფესიონალია ჟორა.
-წერილი არაფერი დაუტოვებია?
-არაფერი.
-კარგად დაძებნეთ, რამეს ნახავთ, ისე არ წავიდოდა.
-წავიდა და, ჰა, გინდა ძებნე და გინდა არა.
-მამისმინე, კაცო, დასტოვებდა-მეთქი რამეს, ისე არ იქნება. ეეჰ, ჩემო შვილო, შენ ჯერ პატარა ხარ და არ იცი, იმდენი მინახავს, ეგენი იმისთვის იკლავენ თავს, აქ ვიღაცაზე შური იძიონ, ყურადღება მიიქციონ. აგერ  ორი თვეც არ იქნება და 16 წლის ბავშვმა ფანჯარა გააღო და მტრედივით ხელგაშლილი გადმოეშვა მე-5 სართულიდან. და არ იკითხავ რატომ? დედამ კაბა არ უყიდა, მოკლეაო. აიტ, შვილო, რა, რომ ხტები, შე მამაცხონებულო, რა გგონია იქ მოკლე კაბებს დაგახვედრებენ თუ რაშია საქმე? მაგრამ წარმოიდგინა როგორ გაიწეწავდა დედამისი თმას, როგორ წაიშენდა ხელებს სახეში, როგორ ჩაეხლიჩებოდა ხმა წივილით. იფიქრა, მთელი ცხოვრება დედა იმას ინანებს ის კაბა ნეტა მეყიდაო. დასაჯა დედამისი. კი, გიყვარდეს, დასჯა კი გამოვიდა, მაგრამ შენ რა, შვილო, ჰა? არც არაფერი!
-აბა, მერაბს ვინ უნდა დაესაჯა, ანგელოზივით შვილები ჰყავდა, პატიოსნები, დამჯერები. მშვენიერი ცოლი.
-იქნებ მშვენიერ ცოლშია საქმე?- ჩაეკითხა მეკუბოვე ჟორა.
-არა, კაცო, ნუნუ ისეთი ქალია, კარგი დიასახლისი.
-ეჰ, რას გაიგებ, რას გაიგებ, ოჯახისა ძალიან ძნელია. ხან გარეთ თვალს აბრმავებენ, დაინახავ და შენატრებ, ნეტა მეც მაღირსა ასეთი ბედნიერებაო და გაიხედავ და ან ერთი კიდია თოკზე და ან მეორე.
-არა და ისეთი კარგი კაცი, მშრომელი, პატიოსანი, მშვიდი ოჯახი....
  გააკეთა კაკლის კუბო ჟორამ  და დაემშვიდობა პატიოსანი კაცის მეზობელს, მაგრამ გულში ჩაჰყვა. რათა ნეტაო, ნუთუ სიმშვიდე საკმარისი არააო? იქნება ეგ სიმშვიდე უდაბნოს ქარიშხლის მოახლოებას ჰგავსო. ვინ იცის იქნება და ბობოქარი ცხოვრება სჯობსო.
  ჟორა ძია ჭკვიანი კაცი იყო, ცხოვრებაში წიგნი არ წაეკითხა, მაგრამ ბევრი რამ იცოდა. სიკვდილში ყველაზე დიდი სიბრძნეა და თუ ყოველ დღე ამ სიბრძნესთან ერთად ცხოვრობ, შენც რაღაც სხვანაირი ხდები. ჟორაც უფრო სერიოზული გახდა, სევდიანი, დაფიქრებული. ღიმილი დაავიწყდა კაცს, ან რა არის სასაცილოო ამ ტიალ წუთისოფელში, ფიქრობდა ჟორა, სიკვდილი ქარსა გავს, ჩვენ კიდევ შემოდგომის ფოთლები ვართ, როდის რომელს მოგვეწევა და ჰაერში აგვაფარფატებს, კაცმა არ იცისო.
  ერთხელ მწუხრებს ვიღაც ძაან ბიჭი მოჰყვა, წელში გადახრილები რომ დადიან და ძალით კოჭლობენ, ვითომ ეგაა და უფრო კაი ტიპი გამოვჩნდეო.
-ვააჰ, ბიჭო, ბიჭო, რამდენი კუბოაა, ჩემი დედა...
    ყურადღება არავინ მიაქცია, ვის ეცინება სიკვდილის სარეცელთან, შე კაი დედმამიშვილოო, თავისთვის გაირბინა ფიქრმა ჟორას თავში.
-ისე, კაცური კაცი, შენთვის რა კუბო გექნება აგდებული?!- გაითრიკა ყელიდან.
-არა, შვილო, მე რათ მინდა კუბო?
-რათა, ტო, შენ არ კვდები?
-ვკვდები, მაგრამ კუბო არ მინდა.
-ეგ როგორ, ჩემი დედას ვფიცავარ, უნდა გაფრინდე?
-ნაჭრით მინდა დამმარხონ.
-რაა, სიმონ?
-სიმონა არა, ჟორა მქვია და ისე, ჩემო შვილო, მუხის ფიცარი რომ მიწისაგან გვიცავდეს ვინმეს, ხეს გამოვღრუტნიდით და იქ გადავიდოდით საცხოვრებლად.
-ვაა, ტო, ეს რაებს ამბობ, ბიძაჩემო...
აესეთი კაცი იყო ჟორა, თავისთვის იცოდა რაღაცები და ჩუმად იყო, საუბარი არ უყვარდა.
დღეს რომ მიდიოდა და თვალით ზომავდა რამხელა ფიცარი დასჭირდებოდა ბარბარეს თოჯინასავით სხეულისათვის, მიხვდა:
    სიკვდილიც დაბადებაა, იგივე  მდგომარეობა რაც მუცლადყოფნისას, ბავშვსაც ალბათ, ასევე, ეშინია, იმიტომ რომ დედამიწა მისთის უცნობია.  სამყარო გაცილებით უკეთესია, ვიდრე დედის მუცელში წყალში ტივტივი, მაგრამ ემბრიონმა ეს არ იცის, ამიტომ იკუნტება და ებღაუჭება ჭიპლარს. ჭიპლარი ეს ჩვენი სახლები, მანქანები და ძვირფასეულობაა, რომელიც უნდა მოგვძვრეს და დედიშობილა დავრჩეთ  ამხელა სამყაროს წინაშე.  განსხვავება მხოლოდ ერთია: ემბრიონს 9 თვე სჭირდება, რომ მზად იყოს დაბადებისათვის, ჩვენ კი გააჩნია ვინ როგორ განვვითარდებით, აგერ ბარბარეს 3 წელი დასჭირდა, მედუქნა თედიკოს - 87. თვითმკვლელობა? ჟორა ჩაფიქრდა, თუ სიკვდილი დაბადებაა და დედამიწა დედის მუცელია, მაშინ თვითმკვლელობა აბორტი იქნებაო, დაასკვნა ბოლოს ...
  მიდიოდა მეკუბოვე ჟორა გზაზე, რომელსაც 27 წელი ადგა და ფიქრობდა: როგორც აქ ვდგავართ ხოლმე გულშემატკივრები სამშობიაროსთან და სიხარულით ველოდებით პირველ ამოტირებას, ნეტა იმ სამყაროს  კართანაც ასე გვიცდიანო? ალბათ ასე იქნებაო. აი, თურმე რა ყოფილა სიკვდილიო, უხაროდა რომ მიხვდა.  მიხვდა სიკვდილის არსს მეკუბოვე ჟორა, მაგრამ არ კი გათქვა საიდუმლო, ყველა თავისას უნდა მიხვდესო. ცხოვრებაც ესააო, ალბათ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები