ნაწარმოებები



ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
18 დეკემბერი, 2021


"ჯვარი"



-როგორც საურმედ დატოვებული გზა,ისე მოჩანს ბილიკები საფლავებს შორის. ნეტავ,ჩემი ურემი  როდის გაივლის  რწევა-რწევით,ამ გზაზე,-სევდიანად მითხრა გაბო პაპამ  და იქვე, ჩვენს მიერ ნახევრად გათხრილ  საფლავთან ჩამოჯდა.დაღლილობისგან ძლივსღა სუნთქავდა.  მუხლისთავებზე  ჩამოიწყო ხელები და მძიმე-მძიმედ დაიზილა.
- რა დროს მაგაზე ფიქრია?- ჩავიდუდღუნე და მის  სიყვითლე შეპარულ სახეს დავაკვირდი.
-ამაზე ფიქრის დრო ყოველთვის არის ჩემო ტატო,მეტსაც გეტყვი,აუცილებელიც კი.
-აუცილებელი რატომ?
-იმიტომ,რომ სიცოცხლე მეტად დააფასო. კაცი სიკვდილზე ,თუ არ ფიქრობს,ის არაფერზე ფიქრობს..იმისთვის ის სიცოცხლეც არაფერია,საერთოდ არაფერი..

გაბო პაპა გაჩუმდა. მეც გვერდით მივუჯექი და სამგლოვიარო პროცესიას მივადევნეთ თვალი. ბევრი ხალხი მიჰყვებოდა მიცვალებულს. გადიდებულ სურათს დავაკვირდი ,საიდანაც ეშხიანი ქალი იმზირებოდა ,პირზე ოდნავ გაპობილი ღიმილით. უცებ  ძლიერი დარტყმა ვიგრძენი მკერდში,რამაც ფეხზე  წამომაგდო. გაბო პაპამ  გვერდულად ამომხედა.
-ჯერ ნორჩი ხარ, ერთ წელიწადში ისე იქნები,აქეთ დაელოდები კიდეც..-თქვა და ხელი დანანებით ჩაიქნია.
***

ვერასდროს წარმოვიდგენდი,თუ ოდესმე, მესაფლავედ მომიწევდა მუშაობა. გაფიქრებაც კი მზარავდა,არა თუ ხელში წერაქვის დაჭერა და  საფლავების თხრა.
ის კი არა და,მიცვალებულის შიშიც მქონდა.სამძიმრებზე მისვლასაც ყოველთვის ვარიდებდი თავს. არც მომიწევდა ალბათ,რომ არა მამის გარდაცვალება,რასაც მოჰყვა დედის ლოგინად ჩავარდნა. იძულებული გავხდი უნივერსიტეტში  სწავლისთვის დროებით დამენებებინა თავი.აკადემიური ავიღე  და სასწრაფოდ  შევუდექი სამუშაოს ძებნას.დრო არ ითმენდა, დედა მყავდა მისახედი და მასთან ერთად მეც. თუ კი ვინმეს ვიცნობდი,ყველას ვთხოვე დახმარება.ზოგი შემპირდა,ზოგმა გულთანაც არ გაიკარა ჩემი გასაჭირი.

მორიგი სამუშაოს ძებნისგან დაღლილი მივდიოდი სახლში,ლიფტთან რომ შემხვდა გაბო პაპა. დედაჩემის ამბავი გამომკითხა,მერე ჩემიც.გაკვრით ვუთხარი რაც მაწუხებდა ყველაზე მეტად.
-რამეს მოვიფიქრებთ,ტატო,არ იდარდო,-მითხრა იმედიანად და მხარზე მომითათუნა ხელი. გამიკვირდა მისგან ჯერ საერთოდ გამოლაპარაკება და თან დაყოლებული ზედ სითბო.
***
გაბო პაპა არავის უყვარდა სამეზობლოში.მუდამ კუშტი გამოხედვით,უსალმოდ  ჩაივლიდა ხოლმე ეზოს.
-სადისტი მოდის,-ჩაილაპარაკებდნენ მეზობლების მის დანახვისას.
-ცივგულა!
-მკვლელი!-მიაყოლებდნენ ზურგსუკან.
ვერ ვხდებოდი რატომ ეძახდნენ მკვლელს. ვისაც ვკითხე,ყველა თავს არიდებდა პასუხს. რისთვის აითვალისწუნეს გაბო პაპა,ჩემთვის დიდ ამოცანად რჩებოდა. დედასაც ვკითხე მის შესახებ, არეულად მიპასუხა.
-წლების წინ ცოლი მოკლა,სასჯელიც მოიხადა,მეტი არაფერი ვიცი,-მითხრა დედამ.
გულში უსიამოვნოდ გამკრა,თუმცა მომინდა დაწვრილებით გამეგო მისი ამბავი. ინტერესის ჭია შემიძვრა,მაგრამ დაზუსტებით პასუხი არავის ჰქონდა. უმეტესად თავიანთ ფანტაზიის ნაყოფს მიზიარებდნენ.ვხვდებოდი,სიმართლე არავინ იცოდა და ყურმოკრულ ამბებს აჟღერებდნენ.
***
მეორე საღამოს გვესტუმრა გაბო პაპა,ხელში სურსათით სავსე ჩანთა ეჭირა.
-გამომართვი ეს და ესეც,-ხელში ფული ჩამიკუჭა. მოულოდნელობისგან  ენა ჩამივარდა. დაბნეულმა შევხედე.
-სანამ რამეს ვიშოვნით,ასე იყოს,-გამიღიმა და წავიდა. კარგა ხანს ვიდექი ღია კარში და ცარიელ სადარბაზოს ვუყურებდი. ყველასგან მოძულებული კაცი,არც ისე ცივგულა ჩანდა.
ორ დღეში ისევ გამოჩნდა ჩვენს კართან,უფრო მოზრდილი ჩანთით. მეუხერხულა და სახლში შემოვიპატიჟე. უარი მითხრა,მოუცლელობა მოიმიზეზა და წავიდა. მისგან დახმარების ხელმა სისტემატიური სახე მიიღო,რაც მეზობლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ახლა მარტო გაბო პაპას არ ლანძღავდნენ,მასთან ერთად მეც მიმაყოლებდნენ ხოლმე. თავიდან ძალიან გავბრაზდი და შევუტიე კიდეც რამოდენიმეს,რაზეც უარესად მომდგნენ და მლანძღეს. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო,პირდაპირ გაბო პაპასთან გავეშურე,რადაც არ უნდა დამჯდომოდა,სიმართლე უნდა გამეგო მისი პირიდან.
კარი,რომ გამიღო ისე შემომხედა,თითქოს მელოდა.
-შემოდი, ტატო,-გზა დამითმო. გაუბედავად შევედი ერთოთახიან ბინაში. მარტოხელა კაცის კვალობაზე,სისუფთავე სუფევდა. წამიერად მოვათვალიერე იქაურობა და მზერა, კედელზე გაკრული ლამაზი ქალის სურათზე შევაჩერე. ინტუიციამ მიკარნახა ,რომ მისი მეუღლე უნდა ყოფილიყო.
-ეს ჩემი ბელაა,-თქვა და თვალში ცრემლი აუკიაფდა. საეჭვოდ შევხედე,იმხელა სინანული იგრძნობოდა მის გამოხედვაში.
-თქვენი მეუღლეა?-ხმადაბლა ვკითხე.
თავი რამოდენიმეჯერ დამიქნია და სკამზე მიმითითა,დაჯექიო.
თითქოს ეკლებზე დავმჯდარიყავი,ისე ვწრიალებდი,აღარ ვიცოდი,საიდან დამეწყო შესავალი.
-ვიცი,რისთვისაც ამოხვედი..-გამიღიმა.
-გაბო პაპა..-თქვი და უხერხულად მოვიქექე თქმა საფეთქელთან.
-არაფერია ტატო,არაფერი.. დაიცადე, ეხლა გავაკეთე სადილი,თან გავსინჯოთ,- წელში მოხრილი გაემართა სამზარეულოსკენ.
სიგრილის მიუხედავად,ისე დამცხა, ოფლი მომასკდა შუბლზე.  მშვიდად მოძრაობდა გაბო პაპა.სუფრა გააწყო და თვითონაც მოუჯდა მაგიდას.
-გადაიღე ტატო,ცუდი მზარეული არ ვარ,- ღრმა თეფშით ხორცის სოუზი მომაწოდა. უარი ვეღარ ვუთხარი,თორემ სულაც არ ვიყავი ჭამის ხასიათზე.
-ვიცი,ჩემი საქციელით დაგაზარალე,-მძიმედ წამოიწყო. მივხვდი,მეზობლების გაუთავებელი მითქმა-მოთქმა იგულისხმა.
- არავის აზრი არ მაინტერესებს,-ჩავილაპარაკე.
-აზრი არ ვიცი,მაგრამ სიმართლე გაინტერესებს და იმიტომ ხარ აქ,-წყნარად მითხრა და ჭიქაში კომპოტის წვენი დამისხა.
უარესად წამომახურა. ჭიქას დავწვდი და სწრაფად დავცალე.
-მაინც და მაინც მეზობლებს არც გაემტყუნებათ, ერთი უსისხლო მკვლელი ვგონივარ,სხვაგვარ რეაქციას არც ველოდები მათგან,-თითები გაშალა.
-ჰგონიხართ? - შევცბი.
-გადაივსო გული ამდენი ნაღველით და დარდით,აღარ ეტევა,გადმოდის და ვგრძნობ,რომ სადაცაა წამლეკავს.ვეღარ ვუძლებ ტატო,ვეღარ.. ჩემს ბელას რომ ვუყურებ,არ ვიცი,სწორად მოვიქეცი,თუ არა მაშინ,სიმართლე, რომ დავმალე და დღემდე მკვლელის სახელით დავდივარ,თუმცა სხვაგვარად მოქცევა ვერ შევძელი,ალბათ ბელაც ჩემნაირად მოიქცეოდა,- თავი ხელებში ჩარგო და აცახცახდა.
საუბრის ასეთ დასაწყისს არ ველოდი,ლამის თვალები გადმომცვივდა,გაშეშებული ვიჯექი და ხმას ვერ ვიღებდი.
-ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი,ასეთი სიყვარული ალბათ დედამიწის ზურგზე  არც არსებობდა,ერთი სხეულივით ვიყავით,განუყოფელები ჭირსა და ლხინში. ჩვენი შეუღლებიდან ხუთი წელი იყო გასული,როცა გადავწყვიტეთ ია გვეშვილებინა.ვინაიდან საკუთარი არ გვეყოლა. მაშინ ზედმეტ შეკითხვებს და შიშს  ავარიდეთ თავი,რომ ვინმეს არ წამოეძახებინა იასთვის რამე,საცხოვრებელი შევიცვალეთ და გარეუბანში გადავედით. ზუსტად იმ სახლში დატრიალდა უბედურება. მაშინ ია  თვრამეტი წლის იყო. თავნება და გათამამებული. ყველა მის კაპრიზს უსიტყვოდ ვასრულებდი და ზუსტად იქ დავუშვი შეცდომაც..ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ,რომ სახლიდან ბელას ძვირფასეულობა გაქრა. ხელს ვერავის დავადებდით,თუმცა ეჭვი კი გაგვიჩნდა რამოდენიმე ნათესავზე.ვერაფრით ვიფიქრებდით,რომ იას ჩადენილი იქნებოდა. ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს ჩხუბის ხმა კარშივე მომესმა. სასწრაფოდ გავემართე სამზარეულოსკენ,სადაც იას კუთხეში ჰყავდა მიმწყდეული დედამისი და ფულს სთხოვდა. გადარეულივით ატრიალებდა თვალებს ია და პირზე დუჟმომდგარი უყვიროდა ბელას.
-მოგკლავ იცოდე! ფული მომეცი,ვიცი,რომ გაქვს!- მუცელთან პურის საჭრელი დანა დაუტრიალა.
თავზარი დამეცა.პირველად ვხედავდი ჩემს შვილს ამ დღეში.
-ია!- დავუძახე და მისკენ წავედი.ვერ მოვასწარი შუაში ჩადგომა,არ ვიცი,რამ გადაუტრიალა ასე ჭკუა,დაუნდობლად გაუყარა დედამისს დანა და მთელი ძალით მიაწვა. მის კმაყოფილებით სავსე სახეზე თვალთ დამიბნელდა.თავი სიზმარში მეგონა და ვნატრობდი,დროზე გამომღვიძებოდა,რომ დასრულებულიყო ეს კოშმარი.სამწუხაროდ ,რეალობა იყო და ბელამ ჩემს ხელებში დალია სული...-დაასრულა მოყოლა გაბო პაპამ და თვალები აუწითლდა.
გაოგნებისგან პირზე ავიფარე ხელი და ამაკანკალა.ყურებს  ვერ ვუჯერებდი გაგონილს და გონებაში არ მეტეოდა ასეთი სისატიკე.
-წარმოუდგენელია..-ძლივს ამოვთქვი და ფეხზე წამოვხტი.გიჟივით მოვყევი წინ და უკან სიარულს,ისე შემძრა გაბო პაპას მონაყოლმა.
-მერე ? მერე რა მოხდა?-მოუთმენლად ვკითხე.
-სისხლის დანახვაზე თითქოს გამოერკვა და მიხვდა რაც ჩაიდინა,თუმცა ბოლომდე ვერ გაიაზრა დანაშაული,აშკარად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო,ისე იყურებოდა.როდის და რანაირად გამოგვეპარა მისი გზიდან აცდენა,არ ვიცი,დღემდე ვერ ვპატიობ თავს! - ბოლო სიტყვებზე ისე ამოიოხრა,მეგონა სულიც ამოატანა.
-კი მაგრამ,თქვენ რატომ დაგბრალდათ მკვლელობა?!
-არ დამბრალდა,დავიბარლე..ვერ გავწირე,ვერ შევძელი..ძალიან მიყვარდა ჩემი შვილი და დღემდე მიყვარს,ის  დღეს ცნობილი ექიმია.თუმცა,მასთან ყველანაირი კავშირი გავწყვიტე..ცდილობს მოახლოვებას,მაგრამ ვერასდროს მოვუშვებ ჩემამდე,დამთავრებულია!
-ეს დიდი შეცდომაა!- წამოვიძახე სასოწარკვეთით.
-პირველ რიგში ჩემი შეცდომა იყო და ამით დავისაჯე თავი!
-ნანობს მაინც?!- ბრაზიანად ვკითხე.
-ორჯერ სცადა თვითკვლელობა,ეს ციხეში გავიგე..შემდეგ მოდიოდა ჩემს სანახავად,არ შევხვედრილვარ,წერილებს მიგზავნიდა,მაპატიეო..ეჰ,ჩემო ტატო..იასთვის იმაზე მეტი სასჯელი რა არის,რაც გამზრდელი დედის მკვლელობა?! მთელი ცხოვრება იმ ცოდვის ჯვარი უნდა ზიდოს..-ხელი ჩაიქნია და თავი ჩაქინდრა.
ასე ცუდად ალბათ,მამაჩემის გარდაცვალებისასაც არ მიგრძვნია თავი,ისე შემძრა გაბო პაპას მონათხრობმა,ხმას ვეღარ ვიტევდი ყელში,ისე მინდოდა მეყვირა მთელი ძალით. ვერაფერი ვუთხარი,ერთი ამოვიღმუვლე და გიჟივით გავვარდი კარში.
***
იმ დღის შემდეგ ერთი კვირა არ გამოჩენილა გაბო პაპა. რამდენჯერ მივაკითხე სახლში,კარი არ გამიღო. შევშინდი,რამე ხომ არ აუტეხა თავს-მეთქი. მეზობლებში მოვიკითხე ამბები,იქნებ ვინმეს რამე სცოდნოდა. ყველა მხრებს იჩეჩავდა,არ ვიცით და არც გვაინტერესებსო. ისე გავმწარდი,მინდოდა ყველასთვის მიმეხალა პირში სიმართლე.ისევ და ისევ გაბო პაპასთვის შევიკავე თავი,არ მოეწონებოდა საიდუმლოს გათქმა.
ზუსტად მერვე დღეს გამოჩნდა..წვერმოშვებული და საკმაოდ გამხდარი. გულს შემომეყარა,რომ დავინახე,ისე იყო შეცვლილი.
-გეძებდით,- ვუთხარი მის კარზე ასვეტილმა.
-შემოდი,ტატო,- სევდიანად მითხრა.
-ვინერვიულე,რომ არ ჩანდით,-შევედი და უფრო ახლოდან შევათვალიერე. სასმლის სუნი ასდიოდა.
-იშოვნე სამუშაო?- მკითხა და სკამზე ჩამოჯდა.
-ვერაფერი..
-მე შემიძლია ჩემთან წაგიყვანო,საშენო სამუშაო კი არ არის,მაგრამ დროებით,თუ შეძლებდი?- თვალი გამისწორა.
-ყველაფერს შევძლებ,ოღონდ იყოს რამე,დედას ბევრი წამალი სჭირდება,- წამოვიძახე სიხარულით.
-მე სასაფლაოზე ვმუშაობ,მესაფლავედ,- მითხრა და დამაკვირდა.
-სასაფლაოზე?!-ჩემდაუნებურად შევიცხადე.
-ჰო,წლებია შევაბერდი ამ საქმეს..-დანანებით გააქნია თავი.
-ვერ შევძლებ,-უხერხულად ჩავილაპარაკე.
-არა უშავს,ტატო..არა უშავს,-თბილად გამიღიმა.
-ბოდიში..-ჩავიდუდღუნე. მეგონა იმედი გავუცრუე,შერცხვენილივით ვიდექი.
-აბა,რას ამბობ? ეს ისეთი სამუშაოა,ყველას არ შეუძლია..
-თქვენ,როგორ შეძელით?
-ეჰ,-ხელი ჩაიქნია.
აღარფერი მიკითხავს. რადგან ასე,თუ ისე კარგად მყოფი დავიგულე,დავემშვიდობე და სახლში წავედი.
საღამოსკენ დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა,საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა.როგორც მითხრეს, ოპერაცია იყო საჭირო,რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.
-მე ამდენი თანხა არ მაქვს,უფრო სწორად,საერთოდ არ მაქვს,-უიმედოდ შევხედე ჩემს წინ მდგომ ექიმს,რომელიც დაკვირვებით მიყურებდა.
-არავინ გყავთ,რომ დაგეხმაროთ?-ცოტა არ იყოს,თავადაც შეწუხდა.
-არავინ,მარტო მე და დედა ვართ,მამა გარდაცვლილია.
-მარტო შენ და დედა?-ჩაფიქრდა და რაღაცის თქმა დააპირა,ვერ მოასწრო,დაუძახეს.
-ია,ექიმო,დაჭრილი მოიყვანეს,დრო არ ითმენს!
დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი,ისე გაიქცა.
სხვა გზა არ მქონდა,თუკი ვინმეს ვიცნობდი,ყველას ვთხოვე ფული.ზოგმა უარით გამისტუმრა,ზოგს რაც ჰქონდა,ალალად დამეხმარა. ოპერაციისთვის სამყოფი თანხა მაინც ვერ მოვაგროვე.
მეორე დღეს,უთენია იყო,გაბო პაპას სახლის კარს ,რომ მივადექი. სამუშაოზე წასასვლელად ემზადებოდა.
-რა მოხდა,ტატო?-ჩემს ფერდაკარგულ სახის დანახვაზე,შეშფოთდა.
-თანახმა ვარ..მესაფლავედ..
-რა შეიცვალა?-ინტერესით დამაკვირდა. მოვუყევი დედას ამბავი.შუბლი შეეჭმუხნა და ოთახში შეტრიალდა. ცოტა ხანში უკანვე მობრუნდა და ხელში,საკმაოდ მოზრდილი ოქროს ჯვარი ჩამიდო.
-არაფერი მითხრა,წაიღე ეს და იცი,რაც უნდა გააკეთო!
-გაბო,პაპა!-გაოგნებულმა დავხედე ჯვარს.
-მიდი,ტატო,მიდი..-თავი დამიქნია.
-ვიმუშავებ,ისე არ მინდა,-მაინც შევეწინააღმდეგე.
-ჯერ ის გააკეთე,რაც საჩქაროა,დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ,-მითხრა და მანიშნა წავსულიყავი.
მივდიოდი გზაზე და ხელს მიწვავდა ჯვარზე გაკრული ქრისტე.
-მე ვერ გავყიდი ქრისტეს!-ვთქვი და სირბილით წავედი საავადმყოფომდე.
დედას გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა. შევშინდი,თან გამიკვირდა,თანხის გარეშე,ხელი როგორ მოკიდეს-მეთქი. მოსაცდელში ადგილს ვერ ვპოულობდი. გაბო პაპას მოცემული ჯვარი მეჭირა ხელში და ღმერთს ვთხოვდი,დედა გადაერჩინა. დრო იწელებოდა,ჩემი მოთმინების ძაფიც წყდებოდა. ხუთი საათის შემდეგ მოეღო ბოლო ჩემს ტანჯვას და ექიმის გადაღლილ თვალებს სასოწარკვეთილი მივაჩერდი.
-ოპერაცია წარმატებით დასრულდა,არ ინერვიულო,-მითხრა და გამიღიმა.
-მადლობა,ღმერთს!-შვებით ამოვისუთქე და სიხარულის ცრემლები მომაწვა.
-მაგრამ,სრულიად გამოჯანმრთელებამდე წინ დიდი გზაა,მე ყველაფერს გავაკეთებ,რომ დედა ფეხზე დადგეს,-ისე თბილად მითხრა,მეგონა ვინმე შინაური მედგა წინ.
-მადლობა,-მეტის თქმა ვერ მოვახერხე.
-რამოდენიმე დღე რეანიმაციაში გადავიყვანთ,არ შეგეშინდეს,-თანაგრძნობით მომიჭირა ხელი მკლავზე.
-კი მაგრამ,თანხა?-მაშინღა გამახსენდა.-ცოტა მაქვს,-ვუთხარი გულწრფელად და ჯიბისკენ წავიღე ხელი.
-მაგაზე მოგვიანებით,ეგ თანხა კი, სხვა რამეში გამოიყენებ,-თავი დამიქნია და ისევ საოპერაციოში შებრუნდა.
მოულოდნელობისგან გავშეშდი. არ მეგონა,თუ ასეთი ადამიანები კიდევ არსებობდნენ. გული ისე ამიჩუყა ექიმის ნათქვამმა,გარეთ გიჟივით გავვარდი და როგორც პატარა ბავშვი,ისე ავტირდი.
***
გვიან,საღამოს გაბო პაპას მივაკითხე სახლში. ძირფესვიანად გამომკითხა დედაჩემის ამბავი.მეც მოვუყევი და ყველაზე მეტად აღრფრთოვანებით ექიმზე ვესაუბრე.
-რა თქვი,რა ჰქვია?-მკითხა და შევამჩნიე,როგორ აუკანკალდა ნიკაპი.
-ია გამრეკელი,-ვთქვი და მაშინ გავიაზრე,რომ ზუსტად  ია იყო გაბო პაპას შვილი.
-ვაიმე..-პირზე ავიფარე ხელი.
-ჰო,ტატო..- მითხრა და შეტრიალდა. მხრების  ცახცახზე მივხვდი,რომ გაბო პაპა ტიროდა.
-მან დედაჩემი გადაარჩინა,-მადლიერება და გაკვირვება ერთად ამოვთქვი.
-სწორად მოვქცეულვარ,-ჩემსკენ შემობრუნდა და თვალცრემლიანმა გამიღიმა.
მივხვდი,რაც იგულისხმა.
კარგა ხანს ვერ ამოვიღე ხმა. არც გაბო პაპას უთქვამს რამე. ერთმანეთს ვუყურებდით და თვალებით ვსაუბრობდით.
წასვლისას,ჯიბიდან ჯვარი ამოვიღე და გავუწოდე.
-მადლობა,გაბო პაპა!
-არა,ტატო,გქონდეს ეგ ჯვარი,დრო მოვა და მიხვდები,რაც უნდა გააკეთო,-მითხრა და კარი მომიხურა.
ამასაც მივხვდი.
***
დილით საავადმყოფოსკენ გავეშურე.ერთი სული მქონდა,დედაჩემის მდგომარეობა გამეგო.ექიმის დანახვაზე შევდექი. მისი წარსულის მცოდნემ,აფორიაქება ვიგრძენი. რა იცოდა,იამ,რომ წლების საიდუმლოს ვფლობდი. შემამჩნია და მასინვე ჩემსკენ წამოვიდა.
- ყველაფერი რიგზეა,დედა დღეს ცოტა უკეთაა,ამ ეტაპზე უკეთდება ტკივილგამაყუჩებლები,-ისევ თბილად გამიღიმა.
-თქვენი მადლიერი ვარ,-ხმადაბლა ვუთხარი.
ცოტა ხანს ისე მიყურა,თითქოს რაღაცის თქმა სურდა,შემდეგ,მომიბოდიშა,პაციენტები მელოდებიანო და გატრიალდა. მეც  წამოვედი,რეანიმაციაში არავინ შემიშვებდა და ლოდინს აზრი არ ჰქონდა. სახლშიც ვერ მოვისვენე,უსამსახუროდ გამიჭირდებოდა დედაჩემის მიხედვა.ისევ გაბო პაპასთან წავედო,ოღონდ არა სახლში,არამედ სასაფლაოზე.
ერთ-ერთ საფლავთან ისხდნენ მუშები და პურს ჭამდნენ. გაბო პაპამ დამინახა,თუ არა,მასინვე ჩემსკენ გამოემართა.
-ტატო,რა მოხდა?-მკითხა შეშინებულმა.
-მშვიდობაა,-გამეღიმა.- სამუშაოდ მოვედი.
-გადაწყვიტე?-დაკვირვებით შემათვალიერა,აინტერესებდა,რამდენად ვიყავი მზად.
-გადავწყვიტე,-ვუთხარი მტკიცედ და იმ დღესვე შევუდექი საქმეს.
დაძაბული ვიყავი,უჩვეულო იყო ჩემთვის ასეთი სამსახური.
ქვის მდუმარე ქალაქს ვერაფრით შევეჩვიე.
დედა ერთ თვეში გამოწერეს,სიარული კი უჭირდა,მაგრამ რა შედარება იყო.ექიმმა წამლებიც ჩამომიწერა და თავისი ტელეფონის ნომერიც მომცა, თან  მითხრა,რომ რის ყიდვასაც ვერ შევძლებდი,დამეხმარებოდა.არ ვიცი,იცოდა,თუ არა,ჩემი და გაბო პაპას მეგობრობის ამბავი და ამის გამო აკეთებდა,თუ ისე ცდილობდა სიკეთე ეთესა,რომ როგორმე საკუთარ თავს შვება ეგრძნო,წარსულის ცოდვის გამო.მე ყოველ შემთხვევაში,არაფერი მითქვამს მისთვის და არც მიგრძნობინებია.
-მუშაობა დავიწყე და წამლების ყიდვა არ გამიჭირდება,მადლობა,- ვუთხარი ექიმს.
-სად მუშაობ,ტატო?-ეგონა ვატყუებდი,ისე შემომხედა.
-სასაფლაოზე,მესაფლავედ..
დავინახე,თუ როგორ შეცბა ჩემს პასუხზე.არაფერი უთქვამს,ჩაფიქრებულმა მიყურა ერთ ხანს,შემდეგ საუბარი ისევ დედაზე გადაიტანა.კიდევ რამოდენიმე რჩევა მომცა და დამემშვიდობა.
ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.ყოველ დილით მე და გაბო პაპა ერთად მივდიოდით სამუშაოზე. ძალიან მიჭირდა საფლავების გაჭრა,თუმცა არ ვიმჩნევდი. ფული წყალივით მჭირდებოდა,იმდენი წამალი მქონდა საყიდელი დედასთვის.
ერთ დილას,სამუშაოზე წასასვლელად გაბო პაპას ველოდი სადარბაზოში. არა და არ ჩანდა.შევფიქრიანდი,არასდროს იგვიანებდა,პირიქით,აქეთ,მე მელოდა ხოლმე. სირბილით ავედი მის სართულზე და კარზე ძლიერად დავაკაკუნე. არავინ გამომეხმაურა.გამიკვირდა,უჩემოდ ხომ არ წავიდა-მეთქი,ისევ დავაკაკუნე და თან კარის სახელურიც მოვსინჯე და მივაწექი.გაღებით კი გაიღო,მაგრამ თითქოს რაღაცას წამოედო.შიგნით შევიხედე და გული გამისკდა,კართან პირქვე იწვა გაბო პაპა.ძლივს მოვახერხე შესვლა. შეშინებული ვეცი და გადმოვატრიალე,ერთი ამოიხრიალა და მიყუჩდა. პირველი რაც მომაფიქრდა,იასთან დარეკვა იყო. ჩემი ხმა ,რომ გაიგონა,ეგონა დედას სჭირდა რაღაც. მამამისი,რომ ვუხსენე,ხმა ჩაუწყდა.
-მოვდივარ,-პატარა პაუზის შემდეგ მითხრა ხმაშეცვლილმა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ია ერთდროულად მოვიდნენ,თუმცა გაბო პაპა უკვე გარდაცვლილი იყო,როგორც ჩანს ის ამოხრიალება ბოლო იყო და ჩემს ხელში დაულევია სული.ამის გააზრებამ,ძალიან ცუდად გამხადა.მთელ ტანში აუტანელი ტკივილი მივლიდა.
ია უხმოდ იდგა მამის ცხედართან. დაჰყურებდა წლების უნახავ მამას და ღმერთმა იცის,რა ხდებოდა მის გულსა და სულში. რას ფიქრობდა და რა სტკიოდა. გაბო პაპას საავადმყოფოში გადაყვანას აზრი აღარ ჰქონდა. დახმარების ბრიგადა გავაცილე და ოთახში შევტრიალდი. ისევ ისე იდგა ია. ფრთხილად მოვკიდე ხელი და ხმადაბლა ვუთხარი.
-იტირე!
მძიმედ მოატრიალა თავი ჩემსკენ,მის თვალებში იმდენი ტკივილი და სინანული იყო,ალბათ,გაბო პაპას,რომ დაენახა,იმ წუთში აპატიებდა.
-მე მკვლელი ვარ,-ჩუმად მითხრა.
-იტირე,გთხოვ!- ხმას ავუწიე.
-მე ყველაზე უღირსი შვილი ვარ,ტატო!-გულმოსაკლავად დაიძახა და ჩამეხუტა. ჩემდაუნებურად მოვხვიე მკლავები და ორივე ავტირდით.

***
ჩემი ხელით ვჭრიდი  საფლავს. თან  ცრემლებით ვნამავდი მიწას.გული გაგლეჯვას მქონდა. ბიჭები შორიახლოდან მიყურებდნენ,არავინ გავიკარე.მარტოს მინდოდა გამემზადებინა გაბო პაპას  სამუდამო მოსასვენებელი.
მის დაკრძალვის დღეს ცოტა ადამიანი ვიყავით. მე,სასაფლაოს ბიჭები,ია და იას ერთი მეგობარი.სულ ეს იყო. როდესაც  მიცვალებულს მივასვენებდით,მაშინ გამახსენდა გაბო პაპას სიტყვები.
"როგორც საურმედ დატოვებული გზა,ისე მოჩანს ბილიკები საფლავებს შორის. ნეტავ,ჩემი ურემი  როდის გაივლის  რწევა-რწევით,ამ გზაზე?"
მართლაც ურემივით მივარწევდით,მძიმე-მძიმედ..მიწასაც მძიმედ მივაბარეთ.
-მადლობა,ტატო,-ტირილისგან დაწითლებულ-დასივებული თვალებით შემომხედა იამ.
არაფერი მითქვამს.ჯიბიდან გაბო პაპას მოცემული ჯვარი ამოვიღე და გავუწოდე.
-დედაჩემის ჯვარი?!-იცნო და შეცბუნებულმა წამოიყვირა.
-ჰო..-ვთქვი და ჯვარი ხელში ჩავუდე.
-ეს ჩემი სატარებელი ჯვარია,-სინანულით დაიქნია თავი,შეტრიალდა და ბილიკს უხმო ტირილით გაუყვა.

დასასრული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები