დრო მოვიდა ლიტერატორი გაწევრიანდა: 1 ივლისი, 2009 დაბადების დღე: 20 აპრილი, 1978 საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 16 თებერვალი, 2022 15:49:24
მოგზაური
ჭუჭყიან სამოსელს, გახვრეტილ მათარას არ ვიშორებ, ჩრდილი მყავს, ათი წლით უმცროსი ჩემზე და ორი თავით მაღალი. ცოდვისგან, ამდენი, სული ხომ გამისივდა, წმინდაო უფალო, ცას ისე ნურასდროს დაადაბლებ, რომ შენი ბოლთა და სიბრაზე შვილებმა გავიგონოთ.
მოხრილი ყავარჯნით, მივყვები გუბეებდაკერებულ გზებს, აზრი არა აქვს, საითაც არ უნდა გაეშურო, ყველა გზა მიგიყვანს ღამეში. თვალღია წავიძინებ - მეც კი მყავს (სხვებივით) პატარა მტრები და მიხარია, ასევე ზამთარი, ცუნამი, მიწისძვრა, ტაიფუნი
მერჩიან (სხვებივით). სოფლები, დაბები, ქალაქები, ფეხით მაქვს მოვლილი, მშიერი, მწყურვალი მილიონჯერ ვყოფილვარ, რამდენჯერ დაწყევლილ სიკვდილსაც გადავურჩი და უკვე მომბეზრდა ამდენი უმიზნო ხეტიალი და სახლში, რომელიც (რატომღაც) არასდროს არ მქონია
მინდა, რომ შევიდე, ბრმასავით ვიარო კედელ - კედელ ხელების ცეცებით, ნესტი და სიცივე შევისუნთქო, ისიც, რაც არ მოხდა, ვით ჩემი წარსული - გამახსენდეს, ბიაზის ჭერი კი, სიბნელის ბუდეში, ას ვოლტიან კვერცხს დადებს, მშვიდი და ცოტათი დაღლილი დრაკონივით...
წმინდაო უფალო, ცას ისე ნურასდროს დაადაბლებ, რომ შენი ბოლთა და სიბრაზე შვილებმა გავიგონოთ!