ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2018


შიში

ეს შიში არის ნაადრევი გამოზამთრების,
თორემ სიშიშვლეს შენი მკერდის არ ვუშინდები.
შიშია ასე ნაადრევი გამოზამთრების,
რადგან ვერ ვხდები, ეგ სიცივის ჟრუანტელია
თუ ჩემს თვალებში დანახული შენი სურვილის.

***

დღესაც იწვიმებს,
ქარიშხლებიც დაგვატყდებიან,
მიწისძვრისაგან გადარჩენას ნუ ელოდები
და ეს ლოდები, მეწყერი რომ შემოგვთავაზებს
ყველა აღმართზე დაგვეწევიან.

***

მე ამოგათრევ ჭაობიდან,
სადაც კი ფეხი დაგისველდა,
ანდაც ყელამდე ჩაეფალი და ჩაიძირე.
სუნთქვა შეკრული გადავივლი შენს ნაფეხურებს,
და გადავითვლი სანტიმეტრებს
ვიდრე ხელებში, შენს ხელებს ვიგრძნობ
და ამოგტყორცნი ჩემი სულის ნაპრალებიდან,
რადგანაც მე ვარ ეს ჭაობი, რომელიც გითრევს
და ეს მდინარეც, ამ ჭაობის შემდეგ რომ გრეცხავს.

***

ჩვენ არ გავქრებით,
საუკუნეებს გაუძლებენ ეს ლეგენდები,
ჩემზე დიადი პოეტები დაწერენ ჩვენზე,
ყოველთვის როცა, ჩვენ თავიდან დავიბადებით,
როცა ყოველთვის გვერდს ჩაგივლი, ანდაც აგივლი, ან კი აგაქცევ,
როგორც ურწმუნო მოგზაური, საკრალურ ადგილს.
შემომაწვება გულზე შხამი, შენი თვალების
და მეგონება რომ ოდესღაც ამ ადგილს ვიშვი,
ანდაც პირიქით ეს ადგილი აშენდა ჩემში.

2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები