ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 აპრილი, 2018


უაზრობებიდან (ოჩოსხვენი) 2

  ოჩოფეხები ვერაფრით გამოვთალე. ღამე ისევ შიშებში მძინავს.. ხშირად მესიზმრება, რომ ღრუბლები პირს აღებენ და იქიდან ადამიანები ამოდიან.. მათი სახეების დანახვაზე სული ისე შემეკუმშა ძლივს გამოზრდილი პეპლები უჰაერობისგან მომიკვდნენ.. ბევრი ვიტირე, სულ ბაბუაწვერები მცვიოდა თვალებიდან.. ჩემმა მეგობარმა ტვინკიმ მითხრა რომ მე ახლა მუცელში პეპლების სამოთხე მაქვს.. ტვინკი ძალიან განათლებულია, ხან ისეთ სიტყვებს ამბობს ხოლმე თვალები გვირილისგულისხელა მიხდება..
  ორიათასი წელიც არ იქნება რაც ოჯახთან ერთად სხვენში გადმოსახლდნენ.. ეროვნებით თაგვია და ისევე ეშინია ადამიანების, როგორც მე.. დედამიწაზე თურმე სხვა მტრებიც ჰყოლიათ.. კატებიო თუ რაღაც. არც ვიცოდი ამდენი ეროვნება თუ არსებობდა. კიდევ ბევრიაო ტვინკმა მითხრა.. რა უცნაური რამეა ეს დედამიწა..

  დედას ისევ ჰგონია რომ ყველაფერს ჯიბრზე ცუდად ვაკეთებ. მე ვუთხარი რომ მასე არაა, რომ დედასთან ჯიბრზე ვერაფერს გააკეთებ, რადგან გიყვარს. მერე მკითხა ეგ ჯიბრზე ან გიყვარს რა არისო.. ეგენი კარგად არც მე არ ვიცოდი. ტვინკიმ რომ წიგნები მომიტანა იქ ეწერა და კიდევ იქ თქვეს რომ ბევრი უნდა იფიქრო და თუ არ ფიქრობ არარაობა ხარ.. მე ძალიან შემეშინდა რომ არარაობა ვიქნებოდი და ფიქრი დავიწყე.. მაგრამ ცოტა მტკივა ხოლმე. სამოთხეც ვერ ყოფილა კაი რამე, მუცელს მატკიებს.. დედას ისევ არაფერი ესმის და როცა გაბრაზებული ღრუბლებში ეხვევა, მახსენდება რომ ცუდი ვარ ამ დროს ფიქრს ვწყვეტ. არარაობა თუ ვიქნები ცუდიც აღარ ვიქნები მეთქი..

  ერთხელაც ადამიანებს დავისიზმრებ ძალით და სულს ისე შევიკუმშავ, რომ პეპლებივით სამოთხეში წავიდე..
  ტვინკიმ ჰო მითხრა მუცელში პეპლების სამოთხე გაქვსო.. ნეტავ მე ვის მუცელში ვიქნები?

  ზოგჯერ მგონია რომ ყველაფერი ზღაპარია და არც ადამიანები არსებობენ. ამაზე რომ ვფიქრობ მშვიდად მეძინება ხოლმე. . ახლაც ძილი მომერია.

  2400 წლის ვარ და ისევ თეთრგულა ღრუბლებში მძინავს..
  მგონი არ შევიცვლები..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები