ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 ივლისი, 2018


უნაყოფო

ღმერთივით იყო ჩვენი სიყვარული-
არავის უნახავს..

შენი თვალების დამშრალი ტბიდან,
მკვდარი თევზების უსიცოცხლო მზერა
მახსენებს შვილებს-
იმათ, რომლებიც მინდოდა,
და რომლებიც არ გვყავს..

შენი თითების-
(ხშირად დაღლილის)
არეულ გზებზე ვტოვებ ჩემს კოცნებს-
როგორც თოვლში ნაფეხურებს,
სანამ მოვა სხვა ქალი-
ქარივით ან უფრო მზესავით
და ჩემს თავს წაშლის..

ჩვენი სიშორე-
ახლა უფრო ლოცვა,
რომელიც ვერ ვთქვი,
შვიდგზის თუ ასგზის,
დგას ფანჯარასთან და ძაღლივით შორიდან მიღრენს.
ალბათ არ მოხვალ..

მაშინებს ხოლმე თევზის სიჩუმე-
ანუ სიჩუმე ჩემი და შენი,
რომ უწყლო აკვარიუმში თავით გადახტომა სუიციდია-
შენი კი არა,
არც ჩემი..
უფრო იმის,
როგორც მიყვარდი..

ჩვენი მომავლის უნაყოფო მუცელს,
ჩრჩილებით სავსე,
ნაფტალინის სუნით გაღჟენთილ მუცელს,
მიწით ვივსებ,
რომ ყოველ ღამით,
როცა ქარი მშვიდად იძინებს,
არ დამაყრუოს მკვდარი ჩვილების ტირილმა..

რადგან იავნანას არ მღერიან ქალები-
გამოჭმული მუცლებით..

შენი თვალების ტბები,
მკვდარი თევზებით,
ჩვენი მოკლული შვილების ჯოჯოხეთია..

იტირე მაინც,
რომ მლაშე წყლებში არ გამოშრეს მათი პატარა ხელები,
სრულად ვერგაზრდილი,
საშველად გამოწვდილი ხელები..

იტირე მაინც..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები