ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერენა რომერსონ
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2018


სულთაბინა II


ჩემი პირველი ბავშვობის მოგონება წითელი მოედანი, კრემლის საახლე და ყინულის ქანდაკებებია, დედა ციგაზე მასრიალებს, ყველა სხვა ბავშვი, რომელსაც დედა ციგაზე ასრიალებს ბედნიერია, მხოლოდ მე ვარ უბედური და მოთეთრო-მონაცისფრო მოსკოვში ვიხსნებ ნარინჯისფერ ქუთაისს, ზაფხულობით როცა მე და დედა სტუმრად ჩავდიოდით, ფოიოში გახარებული ბებიაჩემი გამორბოდა ფქვილში დასვრილი წინსაფრით, ხელებგაშლილი. მეც ხელებგაშლილი გავრბოდი მისკენ და ორივენი ფქვილში ვისვრებოდით.
ბევრს ვერ ვსაუბრობდით, რადგან მან რუსული არ იცოდა, მე კი ქართული, მაგრამ ერთი საიდუმლო გვქონდა, ბებიას ვახშმის მომზადებაში ვეხმარებოდი და ერთადერთი დავალება რაც მქონდა ხოლმე, იყო ეზოში დაფნის ფოთლების დაკრეფა.
დიდხანს დაფნა და ბებიაჩემი საქართველო მეგონა. როდესაც თვითმფრინავში ვსხდებოდით, მე ჯერაც ვგრძნობდი ხელებზე შერჩენილ დაფნის სურნელს და ვფიქრობდი თბილ, ნარინჯისფერ ქუთაისზე.
ყინულის ფიგურები დღემდე მაძრწუნებენ.



სულთაბინა II

აპრილისა

დედამიწა ჯერაც ზურგითაა მზისკენ მიქცეული, პირველი სხივები მხოლოდ ერთ საათში დაიწყებენ აპრილისა ბებიას ფანჯრებზე ბრწყინვას. ოდა მუქ სილურჯეშია ჩაფლული როცა, წელში, ნამგალივით მოხრილი მოხუცი  ქალი ძლივს ტოვებს თავის სასთუმალს. არა, ადრე გაღვიძებას კი მიჩვეულია, თუმცა კაცმა რომ თქვას, არც სძინებია, მხოლოდ თვალი მიელულა.ყოველთვის ასე იცის  თქმა. ადრეც,  სანამ დაფნა ჩაის სვამდა, ის  თავის კოჩიალა სავარძელში იჯდა და შვილიშვილს ანგოლას შალს უქსოვდა, ბუხრიდან მოალერსე სითბო ძილს მოჰგვრიდა ხოლმე და  მაშინ  დაფნაც შეშინებული შესძახებდა  “ბებია, ბებია ჩაგეძინა ?”
ძილბურანიდან  გამოსული აპრილისა ბებია დამნაშავე ხმით პასუხობდა,  “არა ბებიამ შემოგევლოს, თვალები მიმელულა მხოლოდო” თითქოს დაფნასთან განშორება წამითაც კი არ შეიძლებოდა, თითქოს თუ კი მასზე ადრე დაეძინებოდა,  რაიმე საშინელება აუცილებლად შეემთხვეოდა.
ყოველთვის შვილიშვილზე ადრე იღვიძებდა და მასზე გვიან იძინებდა. ამგვარად გარდაუვალი განშორების ილუზიას ცოთახნით მაინც იყუჩებდა.

დაჟანგებული ჟიშკარი აწივლდა, ვიღაცა  ეზოში მოაბიჯებს, აპრილისა ბებია სიხარულისგან  ცახცახებს, თავს მიწისფერი ნაჭრით იბურავს, ორნამენტებიან ხის ჯოხს, ეყრდნობა და პატარა ნაბიჯებით ეზოსკენ მიემართება “შვილო შენ ხარ? “  ცდილობს ხმამაღლა დაიძახოს და მხოლოდ ჩურჩული  გამოსდის, რაც უფრო ცდილობს ჩქარა გაიქცეს, მითუფრო ნელა მიჩანჩალებს, ასე ჰგონია კარებამდეც აღარ მიჰყვება სული.
ოღონდაც კარის მიღმა შვილიშვილი იდგეს, თუნდაც დასვრილი, გაწუწული, ანდა სულაც გაციებული და მერე თუნდ ზღაპრადაც უქცევიატ ჭინკებს, არაფრად ენაღვლება.
ბებრულ ხელს კარის სახელურს კანკალით ახებს, თითების მოხრა უჭირს,  ხელისგულით აწვება სახელურს, ისიც დამყოლი, ენას იგდებს და პირს ოდნავ აღებს. მოხუცის თვალის ბროლს, იის ფურცლების თხელი და ლურჯი, უწამწამო საფარი ევლება წამით. ვიღაცის აჩქარებული სუნთქვა ესმის, ეჭვები აწამებს, მაგრამ თვალის გახელის ეშინია, ეშინია იმის  რომ კიდევ ერთხელ შვილიშვილის ნაცვლად ფოსტალიონი, ან რძის ჩამომტარებელი დახვდება და მაშინ კი დააყრის მათ შავ დღეს, ახლა კი ერთი ნატვრა აქვს, თავისი გაწუწული ან გაციებული დაფნა იდგეს და ბებიას მოხვიოს ჯერაც თოთო ხელები, აპრილისა დაფნას შუბლზე აკოცებს და მურაბიან ფუნთუშებს გამოუცხობს, მერე  ბებიას “ქალბატონი” ჩაის და ფუნთუშებს შეექცევა, ის კი ბუხარს შეუკეთებს, კოჩიალა სავარძელში ჩაჯდება, შვილიშვილს დავიწყებულ ზღაპრებს ლიკოკელ კოპალასა და ტყის ავსულ მაცილებზე უამბობს, ბებიის კალთაზე თავს ჩამოდებს, აპრილისა კი ხორბლისფერ თმას დავარცხნის და ასე ჩაეძინებათ ერთხანს, ან დილამდე.

- ბებია დილა მშვიდობის! - გაისმის ყმაწვილი ბიჭების დაღვრემილი მისალმება, ქალის თვალს იის ფურცლები შორდებიან, ლურჯი იები ბებიას თვალებში რჩებიან და ხედავს, რომ მის წინ არც ფოსტალიონი დგას, არც რძის ჩამომტარებელი და არც დაფნა.
მის წინ მათიკო და ცეროდენა ატუზულან, მათიკომ თვითონ დაირქვა მათიკო, ცეროდენამ სახელი ვერ მოიფიქრა ამიტომ სოფელმა შეარქვა მას ასე, რადგან მეგობარზე უფროსიც კი, მასზე მაინც სამი თავით  დაბალი იქნება, თუმცა თვითონ არაფრით სჯერა ამის.
ბიჭებს პატრონი არა ჰყავთ, ორივე მათგანი სოფელმა გაზარდა, განსაკუთრებით აპრილისა ბებიასთან უყვარდათ ყოფნა და დაფნას ტანჯვა-წვალება.

-ვერ იპოვეთ შვილო?  - ბიჭები თავს ხრიან და სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებენ.

-ნუ გაჩუმებულხართ!  ყველაფერი მიამბეთ, ნურაფეეს დაუმალავთ თქვენს მოხუცს - ცეროდენამ გაუბედავად დაიწყო.

-ბებია... ცივი სოლდატები უკვე ბოჩების წყაროსთან არიან, ჩვენი თვალით დავინახეთ რამდენიმე,ვფიქრობთ რომ დაფნა მათ ჰყავთ, მათიკომ ერთი მათგანი კი დაიჭირა, მაგრამ ვერაფერი ათქმევინა, ან თუ გვითხრა და მაინც ვერ გავიგეთ ვერაფერი.

ტყის სულებმა დაგიფარათ, ასეთ საფრთხეში ნუღარ ჩაიგდებთ თავს შვილო. მოგშივდებოდათ, წამოდით მურაბიან ფუნთუშებს გამოგიცხობთ.

ხელჯოხის ჩუქურთმებიან ბოლოს თითებს უსმევს. რაღაცას თავისთვის ბუტბუტებს. მათიკო მეგობართან ერთად შეშის ჩეხვას შეუდგა, აპრილისა განთიადის ვარსკვლავივით ვერცხლისფერ ნაწნავს მიწისფერ თავსაბურავში მალავს და ძველებურ ქვაბში ცომის ზელას იწყებს.

როცა რძე და ფქვილი ფუნთუშებად იქცა, ტკბილმა სურნელებამ ყველას სიმშვიდე მოჰგვარა და ოთახიც გამთბარ სიჩუმეში ჩაიძირა.
სიჩუმეს აქამდე უცნობი ხმაური არღვევს, ხმაური რომლის გამოწვევაც ადამიანს თუ შეეძლო ვერაფრით წარმოიდგენდა აპრილისა, მაგრამ ცხადად ხედავს თუ როგორ კაწრავს ცას მბრუნავი პროპელერები.

-მოვიდნენ - ამოიხვნეშა მოხუცმა.
ნუ გეშინია ბებია, ხომ იცი ჩემს ძარღვებში დევების სისხლი ჩქეფს, მე და მათიკო დაგიცავთ - ბაქიაობს ცეროდენა.
-გაჩუმდი ბიჭო რა დროს შენი ზღაპრებია ახლა - ქონდრისკაცს მეგობრის მუჯლუგუნი ხვდება, ცოტათი ბრაზდება და მეგობარს თვითონაც სთავაზობს გაუბედავ მუჯლუგუნს.

-მათიკო შვილო, ზღაპრები რომ არარსებობდნენ მათ ხომ  ვერავინ გამოიგნებდა - ბებიმ ორივეს გაუღიმა, ცეროდენა წელში გაიმართა და ყველა კბილი გამოუჩნდა.

კარზე უხეში კაკუნი ისმის “откройте или мы взломаем дверь!” 

აპრილისა ცდილობს ბავშვები ფანჯრიდან გააპაროს, ისინი ურჩობენ და ჯიუტობენ “არა ბებია ჩვენ აქ ვიქნებით, შენთან ერთად!”

-სულელებო, რა ვაჟკაცობა მომინდომეთ ახლა. განა რა შეუძლიათ დამიშაონ მე?  თქვენ კი ღონითა და ძალით სავსენი ხართ, ვაი თუ ცივ მიწებზე გაგზავნონ ჩრდილოეთის შახტებში სამუშაოდ, ანდაც ვინ იცის კიდევ რა საზიზღრობა შეიძლება მოიფიქრონ, ახლავე გაქრით აქედან ორთავენი! - ბებიამ ჩუქურთმებიანი ჯოხი ხან ერთს მოსცხო ხან მეორეს, ბიჭებს სულაც არ სტკივათ, მაგრამ თავი მოიკატუნეს, თითქოს მართლა ეშინიათ ბებიის ამოდენა ძალ-ღონისა. ბავშვები ფანჯრიდან ეზოში გადაძვრნენ, მათიკო მეგობარს საშველად გზავნის
-წადი და საამქროში ძია გურა მოიძებნე, მე აქ დავრჩები და ბებიას ვუთვალთვალებ ჩუმად.- ცეროდენა ჩქარა გარბის, თავის მოკლე ფეხებთან შედარებით, ძალიან სწრაფია.
ახლად ამოსული მზის სინათლე ზურგში სცემს და სხეულს ჩიხის ბოლომდე უგრძელებს, ცეროდენა უცქერს თავის ''დევჩრდილს'' და  სიამაყისგან კიდევ უფრო  იმართება  წელში “ნამდვილი დევსისხლა ხარ ბიჭო, ნამდვილიო!” შესძახა საკუთარ თავს და  მოჭუტული თვალებით ცდილობს დაინახოს სად სრულდება მთელს ქუჩაზე გაწოლილი გოლიათი ჩრდილი.

****

ცივმა სოლდატებმა მთელი სოფელი გადაქექეს, ხორბლისფერ თმიან გოგოს დაეძებნე  ყველგან, მარნებში და ფარდულებში, დარბაზებსა და ხეივნებში, კარადებსა და აკვნებშიც კი. იქ კი სადაც გოგონას ვერ იპოვიან ორ-ორ სოლდატს უყენებენ დარაჯად, სახლისა და მიწა-მამულების მეპატრონეებსა და თავისუფალ მოსახლეებს მდინარე რხეულას გასწვრივ მწკრივში დგომას აიძულებენ, ცივი სოლდატები მათ ცხელი თოფებით დარაჯობებ.
აქ მოჰყავთ აპრილისა ბებიაც, ქალი დაღლილი და ნაწამები ჩანს, არაქათგამოცლილს ძლივს მოაფორთხებს შემოსგომისფრად შემოსილი ჯარისკაცი.

-კიდევ ერთხელ გიმეორებთ, გვითხარით სად არის პატარა ალქაჯი და არაფერს დაგიშავებთ, მას კი ვინც მის ადგილსამყოფელს გაგვანდობს გულუხვადაც დავასაჩუქრებთ.
  -სოფელი დუმს და ცივ კომანდორს არავინ პასუხობს.

-დიდებულო კომანდორო, გოგონა რომელსაც თქვენ ეძებთ ჩემი შვილიშვილია, არ ვიცი ასეთი რა დაგიშავათ, მაგრამ ეს ხალხი არაფერ შუაშია, გაუშვით ისინი და ერთად ვეძებოთ ჩემი გოგო, თუ რამე დაგიშავათ მე ვიცი როგორც დავსჯი, ის ხომ სულ პატარაა ჯერ, ოღონდ მაპოვნინეთ,  ოღონდ მაპოვნინეთ…

-ხმა ჩაიგდე ბებერო! ამბობ ჩემი შვილიშვილიაო არა? პატარა გოგოა და რას გიშვებთო არა? მაგ პატარა გოგომ ჯადოქრობით ყვავები მოიხმო, თვითონ არწივად იქცა და ჩემი სოლდატები დააბრმავა, თვალები დაკორტნა დირიჟაბლები გამინადგურა, მითხარი ახლა ბებრო, რას იმსახურებს ეგ პატარა გოგო ასეთი დანაშაულისთვის?

-ამბობთ არწივად იქცაო ? სწორად გავიგე ? - ხალხს ეღიმება, ულვაშა კომანდორი ბრაზით უცქერს ყოველ მათგანს.

-დიახ არწივად! თქვენ ურჯულოთ ბნელი ძალები გმფარველობენ, მაგრამ ჩვენი ღმერთი ყველაფერს აღემატება და ამარცხებს, ამიტომ არ გვეშინია თქვენი ჯადოქრობის, თუ გოგონას ახლავე არ გადმომცემთ ყველას დაგხოცავთ! - ყველა ისევ ერთხმად გაჩუმდა.
აპრილისამ კიდევ ერთხელ სცადა დაერწმუნებინა კომანდორი გაეთავისუფლებინა დანარჩენები, მაგრამ ის კლდესავით შეუვალი და იანვრის ქარბუქივით სასტიკია, მოხუცის ვედრებამ გულის მოლბობის ნაცვლად  უფრო გააჯავრა ულვაშა კაცი. მან თავის ცივ სოლდატებს გადახედა, რაღაც უბრძანა და კმაყოფილი სახით აპრილისას მიაჩერდა.

ქალს ორი მათგანი მკლავებში ჩააფრინდა, ასი წლის ძვლები ტკივილით ებზარება და მიწისფერ თავსაბურავს ქარი იანდერძებს. იისფერ თვალებს მაღლა აღაპყრრობს, წამით  თითქოს კომანდორის თვალებშიც ლურჯი ანარეკლი კრთება.
განთიადის ვარსკვლავივით ვერცხლისფერი ნაწნავით ურემზე აბავენ აპრილისა ბებიას, ხელებს განზე უთოკავენ და მასსაც ურემზე აბავენ, თუ ნაწნავი ვერ გაუძლებს, ხელები გაუძლებენ.
მოხუცი არც ტირის, არც ეშინია, მხოლოდ სიამაყითაა სავსე, “დაფნა არწივად იქცა და თვალები დაკორტნა ცივ სოლდატებსო, დაე ნუღარ ეღირსოთ დღის სინათლ!  ჩემმა პატარა გოგომ კი მუდამ იფრინოს, ლაღმა და თავისუფალმა. “

ვიღაცამ ცხენებს შოლტი შემოსცხო, სოფელმა დაიკივლა, აპრილისა ბებია ამოპირქვავებული სწრაფ ცხენებს მოწყვეტილი ვარსკვლავივით მისდევს, მიწა სისხლის წვრილი ხაზებით იფარება, მალე ბებია სანთელივით დნება, რიყის წამახულმა ქვებმა დაუხეთქეს საფეთქლები, ხალხი ფიქრობს რომ ეს აღარასოდეს დასრულდება, მაგრამ ცივი სოლდატები ხელმარჯვეთ აფეთქებენ თოფებს, მწკრივი ზუსტად ისე წყდება როგორც დაფნას ფეხისგულზე გასრესილი ჭიანჭველები.

ცხენებს შოლტისგან მიყენებულმა ტკივილმა გაუარა და სვლა შეანელეს, აპრილისა ბებიასაც უკვე ყველა ტკივილმა გაუარა, ახლა მისგან მხოლოდ დასამარხი ძვლებიღა დარჩა.
სისხლი ისე მიისწრაფვის მდინარისკენ თითქოს მიწას სდიოდეს, ადამიანს კიარა.

წყალს სისხლი ერევა, ერთხანს მღვრიედ ბრუნავს ზედაპირზე და მერე წრეს კრავს სიღრმეში, წრეში ნელნელა იბადება სიცოცხლე.
მდინარე რხეულას ჩქარ დინებაში სისხლისგან  წითელი თევზები იბადებიან.

ყოველი ახალი საფლავი დედამიწის ახალი ჭრილობაა.
ნეტავ კიდევ რამდენ მკვდარს დაიტევს მიწა?
ნეტავ  რამდენ სულს დაიტევს ღმერთი?
ნეტავ რამდენ ღმერთს დაიტევს ზეცა?

წითელი თევზები სადღაც მიფრინავენ…




























კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს