ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნორაგამი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2018


***

არავის შევრჩი სამეზობლოდ, საგზაშარაოდ,
და ჭიშკარს აქეთ ნაფეხურებს თოვლიც ნატრულობს,
ჩემზე ამბობენ, (ჩურჩულებენ) დაიშალაო,
ძველი ქოხივით და ძლიერ რომ არ გავართულო,-
შემრჩა კედლებში მეათასე ლურსმნის ნაწყვეტი,
და იატაკიც ვეღარ უძლებს დროს და ღვიარებს,
და შენი ზეცა ჩემს ზეცას თუ ერთხელ აწვდება,
მაშინ იგრძნობ თუ რა ტკივილი გამოვიარე.
მაშინ, როდესაც ყველაფერი იყო ნატიფი
მაშინ როდესაც ჩემს ღობესთან სითბო ელაგა,
იყავით ჩემთან სანამ სრულად არ გადამთიბეთ
და სანამ სული გადაიქცა არქიპელაგად-
იყავით ჩემთან. აღარავის შევრჩი საწამლედ,
და ამ ვენებში მარტოობას -ძლიერ ნარკოტიკს
ვუშვებ და სანამ თქვენი ზეცა სხეულს „ამწაპნავს“,
ისმის შოპენის, -ბეთჰოვენის ბოლო აკორდი,
მაშინ, როდესაც ქარი სახლის კიდეს ეხება,
მაშინ როდესაც, წვიმა ლამობს  რომ შინ შემოდნეს,
მაშინ როდესაც, ობობები როგორც გლეხები,
ლამის ზედ ჩემზე ალაგებენ მძიმე ჩემოდნებს.
არავის შევრჩი სამეზობლოდ, საგზაშარაოდ,
და დაშლილ ჭიშკრის ბოლო ყავარს ხავსი იპარავს,
ჩემზე ამბობენ, (ჩურჩულებენ) დაიშალაო,
ძველი ქოხივით, დანარჩენი  დრომ ჩაიბარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები