 | ავტორი: გოლიაძე ჟანრი: პროზა 23 აგვისტო, 2018 |
შემოდგომის ქარი ყვითელ ფოთლებს ჰაერში ატრიალებს და მტვრით მოსავს, აი სადაცაა მუცლითმეზღაპრე თავის ახალ ნომერს აჩვენებს, თურმე პირში წყალი უნდა ჩაიგუბოს და ისე გააკეთოს პაროდიები, ღმერთო ჩემო არ ღირს, დაიხრჩობა. ქვიშის ქარიშხალს ერთ ღამეში შეუძლია ნახევარი მეტრი სიმაღლის შემატება უდაბნოსთვის. ზამთარი რაღაც ღვთიური სიჩუმის მაუწყებელია... "არაფერია იმაზე ძნელი მიხვდე რა არის დროული" - ციცერონი. ის გენიოსი იყო. რა საინტერესოა, არასდროს მინახავს პატარა მტრედი. აქლები ნემსის ყუნწში რანაირად უნდა გაეტიოს? გამაგებინეთ მატარებლის ბილეთებს მომცემთ თუ არა? დამეხმარეთ გთხოვთ, ღმერთმა დაგლოცოთ. მას ჩემი არ ესმის, მე კიდევ ყველაფერი ვცადე, ღმერთო რა იდიოტი ვარ, იქნებ საერთოდ არც ღირდა. დედაჩემს რა ვუთხრა? აღარ ჩემიძლია ამის ატანა, დარწმუნებული ვარ ის ვერ გამიგებს. დავიგვიანე, რუბიკონი გადალახულია. დიახ ბატონებო, მე ჰარდკვანონემ გავუკეთე ოპერაცია ლორდ კლენჩარლის შვილს, სახელად გუილპლენს, და შემდეგ ის ხალხმა გაიცნო როგორც "კაცი, რომელიც იცინის". ჩვენ დღეს ღმერთს გავასამართლებთ, აბა მსჯავრდებულებო დასხედით სასამართლო მობრძანდება. უკვე თავი მომაბეზრე, გირჩევნია შენი თანასწორი იპოვო. მე სიმსივნე მაქვს. რომ გავიზრდები ბევრი ფული მექნება და... გამოდით, დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ შვილი მომიკლეს, გთხოვთ. ძირს ხელისუფლება, დროა მისი მარწუხებისგან თავი შორს დავიჭიროთ და ახალი გვერდიდან დავიწყოთ ცხოვრება, უნდა დაინგრეს, აუცილებლად, მაშასადამე, დემოკრატიის ძალით. მამა კოსმოსში რომ მიფრინავენ დიდი კაცები იქ მიცვალებულთა სულებს ნახულობენ? ერთხელ მღვდელმა ეპისტოლეს კითხვას თავი გაანება, როცა ტელეფონზე ფარული ნომრიდან დაურეკეს. ჩემთვის მუსიკა ყველაფერია, მე არ შემიძლია ფლეიტის გარეშე ცხოვრება, გთხოვთ გამოიჩინეთ მოწყალება, ამის მეტი არაფერი გამაჩნია, ნუ დამინგრევთ ცხოვრებას, დამიბრუნეთ გთხოვთ. გამარჯობა ჯარისკაცო, სამწუხაროდ თქვენს სახელზე წერილი ისევ არ მოსულა. მე ვფიქრობ ეს წელი უფრო უკეთესი უნდა იყოს. ექიმო ჩემი ცოლი გადარჩება?
მენდელევს როდესაც კითხვა დაუსვეს თუ შეეძლო დეტალურად აღეწერა ის სიზმარი როცა მან ქიმიური ელემენტები ნახა, მას გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, მიუბრუნდა ჟურნალისტს და ეუბნება: "მთელი ჩემი სიცოცხლე, ოცი წელი ამ საქმეს შევალიე, დღე და ღამე დაუღალავად ვშრომობდი რათა დასახულ მიზანს მიმეღწია და თქვენ მართლა გგონიათ რომ ის სიზმარში ვნახე და ასე ერთ დღეში ამოვხსენი ქიმიურ ელემენტთა საიდუმლოებანი?" მას ბრწყინვალედ გამოსდიოდა ყველაფერი გარდა სამი რამისა: ოჯახური ცხოვრება, ჭადრაკის თამაში და სახალხო გამოსვლები. დოსტოევსკს უყვარდა დივანზე ძილი, განსაკუთრებით დღისით. იშვიათად მაგრამ მაინც ახერხებდა გამოენახა დრო რათა წამოწოლილიყო. ერთხელ მას თავზე დაადგნენ და აუხსნეს, რომ რაღაც საქმეზე ეჩქარებოდათ და უმისობა არ იქნებოდა. ფიოდორმა კი დაბალი ხმით განუმარტა - "არ მცალია ვმუშაობ". ამაზე სიცილი დააყარეს, სხვას რას უნდა ელოდებოდეს კაცი ამნაირი კითხვის ამნაირ პასუხზე? "მუშაობ? ეს ხომ აბსურდია, შენ დივანზე ხარ წამოწოლილი, ხელები თავქვეშ შემოგიწყვია და... დაგვცინით ბატონო ფიოდორ?" ერთხელ Victor-Marie Hugo საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრემ გააჩერა და დაკითხა:
- გვარი?
- ჰიუგო.
- სახელი?
- ვიქტორი.
- ეროვნება?
- ფრანგი.
- თავს რითი ირჩენთ მოქალაქევ?
- კალმით.
- კალმით?
- დიახ ბატონო
- ჩაიწერე "კალმებით მოვაჭრე".
და უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, აი თუნდაც კიდევ ერთ-ერთი მათგანი. ერთხელ, პაოლო იაშვილმა ვერის ბაღში მძინარე გალაკტიონი ნახა, სკამზე იყო მოკუნტული და ეძინა. მივიდა პაოლო და აღვიძებს: ადექი, სირცხვილია, ხალხი რას იტყვისო.
- რომელი ხარ ძამიკო? ჰკითხა გალაკტიონმა ისე, რომ თვალიც არ გაუხელია.
- პაოლო ვარ გალაკტიონ, იაშვილი, ადექი წადი სახლშიო. - უპასუხა პაოლომ.
- პაოლო შენც ახლა გალაკტიონი არ მყავდეო, მიუგო გალამ და გააგრძელა ძილი
და რა საინტერესოა ასეთი შინაარსის ამბები ისე წყდება რომ მას გაგრძელება არ აქვს. აბა წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა მას შემდეგ როცა მენდელევმა ჟურნალისტი სულელურ მდგომარეობაში ჩააგდო. რა თქმა უნდა მასთან იგივე ადამიანი აღარსადროს მივიდოდა ინტერვიუსთვის, თუმცა კი მართალია, რომ მენდელევი ცოტა არ იყოს ნერვოზის მატარებელი გახლდათ. ის საშინლად ვერ იტანდა ხმაურს. განსაკუთრებით მაშინ როცა სახლში მუშაობდა. და რამოხდებოდა როცა თეოდორსმა თავის სტუმრებს უთხრა რომ "არ ეცალა, ფიქრობდა", მაშინ როცა დივანზე იყო წამოწოლილი და ერთი შეხედვით მართლაც არაფერს არ აკეთებდა? ჰიუგოს ნათქვამს როგორ მიიღებდა თქვენი აზრით მესაზღვრე როცა განუმარტავდა, რომ ის კალმებით მოვაჭრე კიარა მწერალი იყო? და გალაკტიონის დაცინვას პაოლო იაშვილი? ყველაფერი შავზე თეთრად ჩანს, ჟურნალისტი, დოსტოევსკის სტუმრები, მესაზღვრე და პაოლო, ოთხივე მათგანი იდიოტად ჩათვლიდა მოსაუბრეს და არა საკუთარ თავს. ადამიანი როცა ვერ იგებს შენს ნათქვამს, ის საკუთარ თავს კიარა შენ ჩაგთვლის სულელად. მაშასადამე რა გამოვიდა, რომ დოსტოევსკი, მენდელევი, ჰიუგო და გალაკტიონი სულელები იყვნენ?
ერთხელ მართლა დავინახე თუ როგორ მღეროდა ჩემ გვერდით წვიმაში ხის ქვეშ ახალგაზრდა ბიჭი. ხუწუჭა თმები ჰქონდა, შავი და ერთმანეთში შერეული კულულები. ღმერთო ჩემო როგორ ლამაზად მღეროდა. შემდეგ ავტობუსში ამოვიდა და ჩემ გერდით დაჯდა, მაგრამ ეს ყველაფერი თავისით მოხდა ანუ არ დაგვიგეგმავს ერთად დავსხდეთო და რამე მაგდაგვარი. საერთოდ არც დავლაპარაკებივართ ერთმანეთს. ისიც კი ვერ შევამჩნიე რომ ბიჭი ავტობუსში ამოდიოდა. მოსვენება დაკარგულს, აშკარად ეტყობოდა რომ საუბარი უნდოდა. უცებ შეამჩნია ნახევარი ტუჩით რომ გავიღიმე და თვალი ავარიდე სადღაც ამერიკაში ვიხედებოდი.
- რომელი საათია? უკაცრავად?
ღიმილი სახიდან არ მომიშორებია. ერთ ხანს ყურადღებასაც არ ვაქცევდი ვიცოდი რომ დამელაპარაკებოდა უბრალოდ ახლა ჩემი ჯერი იყო.
- საათი რომელია? - ვეკითხები
- ...
და ტელეფონი გავუწოდე. აღარ მახსოვს ეკრანს სწრაფად დახედა და მადლობა გადამიხადა. თავს დავდებ თუ დაენახოს ეკრანზე ციფრები.
- სიმღერა გისწორდება? - ისევ მე ვეკითხები
- მისწორდება რა... ისე ისტორია გლიჯავს, თან რა მაგარი მასწავლებელი შემხვდა, კაი კიდე იმ ბებრუხანა ნოდარმა არ გამომიტენა ტვინი უაზრო ლაქლაქით. შენ უნდა ნახო რა დღეში ვართ გაკვითელზე. ატრაქციონზე ხარ ნამყოფი? აუუ იციი ერთი უნდა გენახა რა... ვაფშე მაღლა რო ავედით მაინცდამაინც მაშინ გამოირთო დენი და დავრჩით თოლიებივით შემომსხდარნი. ბედი არ გინდა. შენ რა გქვია?
- გოგა
- მაკო - მითხრა და ხელი გამომიწოდა - სასიამოვნოაა. სად სწავლობ?
- უნივერსიტეტში
- ასწორებს?
- ისე რა
- ...
- რამდენი წლის ხარ?
- ცამეტის... მომავალში მინდა რომ მსახიობი გამოვიდე. საკაიფოა... თეატრალურზე ჩავაბარებ სავარაუდოდ უცხოეთში. წარმატებას მინდა მივაღწიო, ხომ აზრზე ხარ?
ქვედა ტუჩი შუბლისკენ ავიჩეჩე და თანხმობის ნიშნად მდორედ დავუქნიე თავი.
შვილო ჩემო რამდენჯერ უნდა გითხრა ნასვამ მდგომარეობაში ეკლესიაში ნუ შემოდიხარ. ადამიანები სავნესი არიან დროის უქონლობისგან და მაინც ყოველთვის დროზე ადრე მიდიან იქ სადაც არაფერი არ ესაქმებათ. ნატანიელ, ნატანიელ... მე ვერავინ ვერ მიგებს, ან იქნებ რატომ უნდა გამიგონ. ქუჩაში ბავშვი წაიქცა სკვერთან. აქ რამენი ხალხია, ღმერთო ჩემი... არცერთი მათგანის ატანა არ მაქვს. აბა ბავშვებო დღეს ვინ დაიწყებს? ფულის გამო ეშმაკს მიჰყიდი სულს დარეტიანებულო იუდავ. "ავხორცობაა მწერ მატლთა ხვედრი, ანგელოზთა კი ღმერთის წინ წარსდგეს". ჩემი მშობლები... ალტრუიზმი იდიოტიზმის უმაღლესი გამოვლინებაა, სისულელეა მთელი ცხოვრება სხვაზე ფიქრსა და ზრუნვაში გაატარო. მას ხომ არაფერი არ ესმის, ის ჯერ მხოლოდ თვრამეტი წლისაა. როცა ბავშვი ბავშვი იყო, კარაქიან პურზე ზემოდან შაქრის პუდრს აყრიდა. ასმა, საბრალო ასმა, მას ნაღვლის ბუშტი აწუხებდა. არცერთმა ექიმმა ოპერაცია არ გაუკეთა რადგან შიდსი სჭირდა, ის გარდაიცვალა. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მეხუთე სართულიდან გადმოხდა, იმ დღის შემდეგ ცოცხალი აღარავის უნახავს. დღეს არავინ არ მომიკითხა. ასე ამბობენ: "ღმერთი ყოველთვის ჩვენ გვერდითაა, ის გვეხმარება რათა განსაცდელი ადვილად გადავლახოთო". იმანულე კანტი ფილოსოფოსი იყო თუმცა ათეისტი. სახელი "იმანუელი" კი ნიშნავს "ჩვენთან არს ღმერთი". აბრაამი ღმერთს თავისი ცოდვების შესახებ ესაუბრებოდა. არისტოტელე მსუქანი ნაბიჭვარი იყო, მან აურია გონება ალექსანდრე მაკედონელს. ის პირველი ადამიანი იყო რომელმაც წვერის გაპარსვა შემოიღო. იქნებ ფილიპეს ვაპატიოთ ეს ერთი შეცდომა. არისტოტელე თავის მოსწავლეს ეუბნებოდა: მამაკაცებს შორის ვნება უფრო დიდია ვიდრე ქალსა და მამაკაცს შორის ან ქალსა და ქალს შორის ეს ორი მიზეზით აიხსენა. პირველი თუკი მათ ურთიერთობას ახლავს გონივნული სჯაბაასი მაშასადამე ყოველი მათი შეხვედრისას ისინი ერთმანეთს საინტერესო ამბებს უყვებიან და ახალი იდეებით არიან განმსჭვალულები და მეორე... ადამიანები ამბობენ როცა სოკრატეს ხალხი აუჯანყდა და ჩაქოლვას უპურებდნენ მან ხალხს ოცდაათი ვერცხლი შესთავაზა რათა თავიდან აერიდენიბა სიკვიდილი. მკითხველი მიხვდება რა იგულისხმებოდა ზუსტად ოცდაათ ვერცხლში თუმცა ეს შეცდომაა რადგან იუდას ამ ამბავთან სამას ოთხმოცდაცხრამეტი წელი აშორებდა, მაგრამ ის მართალია რომ სოკრატეს უყვარდა მარტო საუბარი, ისევე როგორც ლუთერს და ურსუსს. გარეთ წვიმს და წვიმაში ობლად მდგომ მათხოვარს წვიმა წვეთებით თასს უვსებს. რა მოწყალეა ბუნება. რაც უფრო ადრე ყვავილი ხმება მით უფრო ადრე ყვავილი ხარობს. მით უფრო ადრე ხარობს...
ყვეთელი ავტობუსით ვმგზავრობდი. ჩემ გვერდით ერთი მოხუცი კაცი იჯდა, ფანჯარასთან ახლოს. თითები ერთმანეთში გადაეჭდო და მუხლებს ერთმანეთზე მაგრად უჭერდა. ძალიან გამხდარი იყო, ლოყები ჩაცვენილი ჰქონდა ერთი უბრალო და გახუნებული ტანსაცმელი ეცვა, ტერფებს ერთდროულად ზევით-ქვევით ჩქარჩქარა ათამაშებდა და რაღაც მოღუშული სახით უსასრულობას გასცქეროდა. ორი აზრი არ იყო ადამიანის ლანდი ფიქრებს გაეტაცა. მეგობარს ტელეფონზე ვესაუბრებოდი, ისე წავიდა საუბრის თემა რომ მაყუთის ქონა-არქონის ამბავს შევეჩეხეთ. მოკლედ რომ გითხრათ რაში დამჭირდა მოხუცის აღწერა და საერთოდ ამ ამბავზე საუბარი, გეტყვით რა პრობლემაა, მეგობარი მეკითხება ფული უფრო მნიშვნელოვანია თუ განათლებაო? მეც ხმამაღლა ღიმიმიანი სახით გავიმეორე "ფული თუ განათლება? რავიცი... ფულით იცოცხლებ კაცი, განათლებით იცხოვრებ-მეთქი" დასრულებული არ მქონდა წინადადება ჩემს გვერდზე მჯდომმა კაცმა ჩემკენ გადმოიწია, საჩვენებელი თითი ოდნავ მოხარა და ჩამხრჩვალი ხმით მითხრა "განათლება, რა თქმა უნდა განათლება" შემდეგ კვლავ ფანჯრისკენ მიტრიალდა, შემდეგ ისევ მოტრიალდა, გადმოიხარა ჩემკენ კვალავ მოხარა საჩვენებელი თითი და რაღაცის სათქმელად მოემზადა, მაგრამ გაახსენდა რომ ტელეფონზე ვსაუბრობდი ამიტომ თავი შეიკავა და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. შევამჩნიე წინ საინტერესო ამბავი მელოდა, მეგობარს ვიფიქრე მერეც დაველაპარაკები და ამ კაცს აწე თუ კიდევ შევხვდები არამგონია მეთქი. ტელეფონი გავთიშე და თითქმის ადამიანმა სწრაფად შემოტრიალდა ჩემკენ, მეც ღიმილიანი სახე მივაგებე სამასპინძლოდ.
- იყო ასეთი პოეტი, დავით გურამიშვილი, რომელმაც დაწერა პოემა "დავითიანი", და ასე იწყება იგი: "ისწავლე სწავლის მძებნელო... მოჰყევ დავითის ცნებასა" - რეტდასხმულივით ვიყავი, ვფიქრობდი ალბათ თავად ღმერთი მესაუბრება - მეთქი რაღაც სასწაული ხმის პატრონი იყო და ისე უხდებოდა უცხო-უცხო მოძრაობები, ნაწილ-ნაწილ გამოთქმით წამიკითხა პირველი სტროფი, გეფიცებით ჯერ თუ ასეთი რამ მომესმინოს. საშინლად დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა მადლობა გადამეხადა, მეთქვა რომ ლამაზად წაიკითხა ლექსი, რომ გაკვირვებული ვიყავი ყოველივე იმით რაც ჩემს თავს ხდებოდა. ხალხი ჩადიამოდიოდა ავტობუსიდან, ხმაურობდნენ კიდეც მაგრამ ერთი ბწკარედიც კი არმესმოდა რა გარდა იმ მოხუცის ნალაპარაკევისა.
- ჰგავს უხორთუმო სპილოსა, ჭკვიანი კაციც ბრიყვია!.. ადამიანი სულ ოქრო-ვერცხლით მოჭედილი სამკაულებით რომ დადიოდეს, ძვირფასი სასახლეები და ავტომობილები რომ ჰყავდეს, ჰქონდეს აურაცხელი ქონებდა და მისთვის ყოველი დღე დრესასწაული იყოს თუკი განათლება არ ექნება, დამერწმუნე ჭიანჭველას სიმაღლეს ვერასდროს გასცდება ის. როცა გალაკტიონი გარდაიცვალა, არა კიარ გარდაიცვალა არამედ ხელახლა, სადღაც სხვა ქვეყანაში დაიბადა, მაშასადამე განიცადა რეინკარნაცია, ამით დიდი უბედურების მომსწრენი გავხვდით ჩვენ. თავისი ძმისშვილი ნოდარი ამბობს: "თვალებდახუჭული გალაკტიონი, ღმერთივით იწვა კუბოშიო" გესმის შვილო შენ? პაბლო ესკობარმა, მსოფლიოში აღიარებულმა ნარკოდილერმა და ბოროტმოქმედმა, ერთხელ მილიონ დოლარზე მეტი დაწვა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი შვილი სიცივისგან არ გაყინულიყო. ეს ხდებოდა მაშინ როცა პოლიციელებს გაექცა და თავს ოჯახთან ერთად ტყეს აფარებდა. მართალია ეს დიდებული იყო თუმცა ბოროტმოქმედი მაინც ბოროტმოქმედია. ვერც რობინ ჰუდს შევადარებთ და მითუმეტეს არც დედა ტერეზა არ ითქმის მასზე. გალაკტიონზე ამბობენ ღმერთივით ეძინა კუბოშიო, როგორ ფიქრობ ვინ იტყვის მილიონერ ნარკობარონზე ამას? ჰეე უნდა გენახა ოცი ათასი ადამიანი ესწრებოდა ჰიუგოს დაკრძალვას. მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მოდიოდა ადამიანები. რაღა მაინდამაინც ამ მწერლებს მივაკვდი, აიღე ჩვენი ნიკალა, გროში ედო ჯიბეში? მაგრამ როგორი მხატვარი იყო? დიდებული. ვინმე ლოთი, მდიდარი, გაბღენზილი თავადი, შეუკვეთავდა ის კიდევ იმის სანაცვლოდ, რომ შიმშილით სული არ ამოსძვროდა ხატავდა. სალვადორ დალი უგენიალურესი მხატვარი, მსოფლიოში მას ბადალი არ ჰყავს. ოფიციანტს ქვითარი როცა მიჰქონდა მისთვის ის ზედ ქვითარზე მიახატავდა რაღაცებს. ასე აღარ უწევდა თანხის გადახდა, ხომ ხვდები თუ ქვითარს გაატარებდა ოფიციანტი, ნახატი დაზიანდებოდა და აღარაფრად ივარგებდა, თუმცა ეს ხრიკი დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე მიუხვდნენ განზრახვას გენიოსს. შექსპირი მუდამ ჯიბეგამოცარიელებული დაიარებოდა. ერთ-ერთ რესტორანში მან კატლეტი და შემწვარი კარტოფილი შეუკვეთა, ოფიციანტმა უთხრა თანხა წინასწარ უნდა გადაიხადოთო, შექსპირმა არ მაქვსო ფულიო, ხოდა არც ეს ადგილია ბატონო უპოვართა დახმარების ცენტრიო. ამას ეუბნება ოფიციანტი შექსპირს. პოეტმა უთხრა ლექს დაგიწერ და ამის მაგიერ ჩემი შეკვეთა მომიტანეო. მოკლედ შეთანხმდნენ. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში წერდა შექსპირი ლექსს და ასე იწყებოდა ის: "ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა" გასაოცარია მაგრამ ოფიციანტს მოეწონა, ხოდა გამოუტანა ოთხმოცდაათი ცენტის კატლეტი და შემწვარი კარტოფილი. რამდენიმე წლის შემდეგ როცა შექსპირი გარდაიცვალა და პოპულარული გახდა, გამოაქვეყნა ოთხმოცდაათ ცენტად ნაყიდი ლექსი ოფიციანტმა და შემდეგ ის მილიონებად გაყიდა. იმ ორს შორის ძნელი სათქმელია რომელი უფრო გონიერი იყო, მაგრამ რაღა დასამალია ყოველთვის ასე ხდებოდა, ყოველთვის. უვიცი ადამიანისთვის ერთი ფასი აქვს ხემს, ფუნჯს, კალამს, ის ამბობს "მაგარია" მაგრამ არ ესმის და რატომ? იმიტომ რომ არასდროს გამოუცდია რა გემრიელი სუნი აქვს სცენის მტვერს, არასდროს გამოუცდია რა გრძნობაა როცა წერისგან დაღლილი, თითქოს სადღაც მთელი დღე მნეშებლობაზე გემუშაოს, აი ასე დაღლილი მიდიხარ ლოგინში და წელმოწყვეტილი ღიმილიანი სახით იძინებ, იმან რა იცის რა ხილია, როცა მოლბერტის წინ ზიხარ და როგორც ცოცხალი სხეული ისე გრძნობ ტილოს, თითქოს გელაპარაკება, თითქოს სუნთქავს და არსებობს, და როცა პირველ კონტურს გაავლებ და როცა ტანში ჟრუანტელი დაგივლის, გეფიცები თუ ეს გრძნობა მილიარდებით იყიდო. როგორც კი ხატვას დაასრულებ მთელი თვე ნაბახუსევივით გაგყვება ლანდი ნახატისა. და ისინი ვისაც მხოლოდ თვალით უნახავთ და გონებით არ განუცდიან თუ რა გრძნობაა ხელში აწრიალო კალამი, ფუნჯი და ხემი, სხვადასხვა დროს სხვადასხვა განზომილებაში მხოლოდ ასე ამბობენ "მაგარია" როდესაც უბრალოდ უყურებენ და მეტი არაფერი. იცი ხელოვნება რით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ხელობისგან? მომისმინე... ამასწინათ სახლში რემონტს ვაკეთებდი, დავიქირავე ერთი ხელოსანი. თანხაზე, გრაფიკზე მოკლედ ერთი სიტყვეით ყველაფერზე შევთანხმდით. გავიდა დრო ეს ადამიანი ნელ-ნელა მდორედ მუშაობდა, რადგან ზაფხულია და მაშასადამე არც ისე ბებერი ვარ რომ სახლიდან გასვლა არ შემეძლოს, მეც მინდოდა სადმე ქალაქგარეთ დასვენება. გადავწყვიტე თბილი ენით მეთქვა მისთვის რომ ცოტა ტემპს მოვუმატოთ მეთქი. გამიბრაზდა თუ ხარისხიანი გინდათ მაშინ დრო სჭირდება მაგასო თუ არადა სხვა აიყვანეთ, მე ჩემს თავზე ვერ ავიღებო. რა წყალში ჩავვარდნილიყავი. დავთანხმდი რამ მათქმევინა ვიფიქრე, აქეთ მომერიდა. შემდეგ ჩემ ცოლს ნებისყოფამ უმტყუნა და ახალი, სხვა ხელოსანი აიყვანა. იმ კაცმა აგვიხსნა იმ ხელოსანს საქმე ცუდად წაუყვანია, რომ გვატყუებდა და დროის მოგება უნდოდა, რომ მას უფრო უკეთ გამოუვა ეს საქმე რადგან წლეებია უკვე ხელოსანია რომ ასე და ასე, ამა და ამ დროს დავამთავრებო. რაც ფაქტია ფაქტია, მან ძველი ხელოსნის ხელობა დაიწუნა. მოკლედ რაზე გჭირდება დეტალურად მოგიყვე, მომჩივანმა აიღო და თავიდან მიანგრმოანგრია ჩემი სასახლე ასე უკეთესიაო და ისე ამირდამირია ყველაფერი, რომ ჩემ სახლში ვეღარ შევსულვარ რაღა დროის არდადეგებია. და ასე მოხდება ნებისმიერი ხელოსნის შემთხვევაშიც, ხაბაზი სხვა ხაბაზს მოუძებნის ნაკლს, დურგალი სხვა დურგალს, ტაქსისტი-ტაქსისტს, დირექტორი-დირექტორს... მაგრამ ნიჭიერი ადამიანი და გონიერი ადამიანი დამერწმუნე რომ არასდროს არ დაუწუნებს სხვას არც კალამს, არც, ფუნჯს, და არც არაფერს. ის საკუთარი გონებით აწონ-დაწონს გადახარშავს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ იცი რა არის ახლა და ადრეც ყველას უნდოდა პოეტობა, მხატვრობა და ასე შემდეგ. ადამიანებს იმიტომ უნდათ ეს ხელობა რომ პოპულარობას მიაღწიონ რომ ხალხმა გაიცნონ, რეალურად ეს ისეთი რთული და დამანგრეველი საქმეა... თქვენ თუ გგონიათ მწერლები და მხატვრები სიამოვნებას იღებენ იმით რასაც აკეთებენ, დამერწმუნეთ საშინლად ცდებით. ეგ შვილო რამდენიმე წამს გრძელდება მერე ისე იტანჯებიან რომ... ეეე ძნელია სათქმელად. აიღე მაგალითად თუ გინდა, ხელოვან ადამიანებს შორის უფრო მეტია სუიციდის მსხვერპლი ვიდრე იმ ადამიანებს შორის, რომლებიც უბრალოდ ამბობენ "მაგარია" როცა ხელოვანის მიერ შექმნილ ნებისმიერ ღირებულ რამეს დაინახავენ.
შავი ხვრელი ერთგვარი ხიდია ორ ან მრავალ სინათლის წელიწადთა დამაკავშირებლად გადებული ბნელეთით მოცულ კოსმოსში. მშვიდად მეგობარო, ის კაცი შენსავით ბედნიერი არ არის. კი მაგრამ ექიმო, თქვენ რა ნარკომანი ხართ?ეს ამბავი აქ მთავრდება, აწე შენ უნდა გააგრძელო შვილო ჩემო, გახსოვდეს დაუნდობელი უნდა იყო, და არა შემწყალებელი, მრისხანე და არა ლმობიერი კაცთმოძულე და არა ჰუმანური მაგრამ არა ღვთისმგმობელი, არა ოჯახის დამაქცევარი და არა სიტყვის გამტეხი, ტახტი შენთვის გადმომილოცია მეფეო. რით ვერ გაძღა შენი მუცელი, ნუთუ არ გეყო რა სისხლიც ამომწოვე, აჰა ჩახეთქე სალახანავ მე როგორმე გავძლებ ულუკმაპუროდ. მატარებლის ლიანდაგებს ნუ მიუყვები სელმა, ის მართალია სახლამდე მიგიყვანს თუმცა გზად ბევრი ხიფათის გადატანა მოგიწევს, მერე რა რომ შენ ბრმა ხარ. აურელიანო ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. ზამთარი იყო, და ცვიოდა ხიდის ქვეშ იისფერი ფანტელები. მამა დედაჩემი მალე მოვა? აბა ნახშირი, კაი ნახშირი, იძახდა თბილისის ქუჩებში მოხეტიალე ვინმე გადამყიდველი, რომელსაც ზურგზე ნახშირის ტომარა ეკიდა, მას ჰყავდა ვირიც და მასაც ეკიდა ნახშრის ტომრები ის კაცი იყო... "რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვტკბები". თუ კიდევ მოიპარავთ საცხობიდან პურს... და ვეღარ დაასრულა წინადადება ხაბაზმა როცა დახლზე ხუთმანეთიანი დაინახა ხოლო ფანჯრიდან ობოლო ბავშვი, ახალგაზრდა გოგო, ჩამოხეული ტანსაცმლითა და გაჯეჯილი თმებით ერთ პურს მიარბენინებდა.
ნელ-ნელა ხალხის ყურადღება მიიქცია მოხუცი კაცის მონოლოგმა. თითქმის ყველა მას მისჩერებოდა. მძღოლმაც კი შეანელა სვლა და სარკიდან აკვირდებოდა. მაგრამ რეალურად სულ სხვაგვარად ხდებოდა. მოხუცი კაცის ლაპარაკი ხალხში სიცილს იწვევდა. თავმიტრიალებულები სულელურად იღიმებოდნენ ზოგი არც ხარხარს მოჰრიდებია, მაგრამ ეს არც ჩემს მთხრობელს ანაღვლებდა და არც მე, რადგან ადამიანები ამნაირი ბუნების მატარებლები არიან. ისინი მოგითმენენ ყველაფერს, გინებას, სახეში გარტყმას, დაცინვას, ყველაფერს ცალი თვალით შეხედავენ, მაგრამ როგორც კი შეამჩნევენ რომ შენ არ ჰგავხარ მათ შენივე ბუნებიდან გამომდინარე, რომ შენ არ ჰგავხარ დაპროგრამებულ რობოტს, რომ ხარ ის ვინც ხარ და არ გრცხვენია უნიღბოდ სიარული, ისინი მაშინვე გამოგიძებნიან რაღაც სატანური ხრიკებით დასაცინს, რაც შეეხება დაცინვას, დაცინვა უგუნურის მხრიდან ერთგვარი შვების მომცემია გონიერთათვის, რადგან ის თითქმის ქების ტოლფასია.
როცა დრო დადგა ავტობუსიდან უნდა ჩამოვსულიყავი, ვერ ვიტყვი რომ გული დამწყდა - მეთქი რადგან სინანულს მაშინ გრძნობენ ადამიანები, როცა რაღაცას არასწორად აკეთებენ, რაღაც ლექივით რჩებათ ყელში მე კიდევ პირიქით ვიყავი. დიალოგი რომელიც ჩემსა და მოხუცს შორის გაიმართა იყო ღვთიური როკვა ზარებისა. მითუმეტეს როცა პოეზიაზე დაიწყო საუბარი. მართალია ჩვენ არც ისე ბევრი ვილაპრაკეთ თუმცა ყველაფრის აღწერა მაინც ვერ მოვახერხე, არც სახელი მიკითხავს, არც თვითონ დაინტერესებულა მე რა მერქვა, რაში გვარგებდა, რისთვის გამოვიყენებდით. ეს დღე გაწერლი იყო სადღაც და ზუსტად ისევე შედგმა. ორთავე კმაყოფილები ვიყავით. როცა ვემშვიდობებოდი დანაოჭებული, სისხლგამომშრალი, მჩატე ხელი, ხელზე მომითათუნა, ბოდიში მომიხადა დრო წაგართვიო, გამიღიმა და დარჩა ისევ ისეთი, მოღუშული წარბებით უსასრულობის მზირველი. ბერი, ღვთისკაცი, ზუსტად ისეთი როგორიც რეალურად ადამიანი უნდა იყოს მაშასადამე თითქმის ადამიანის მსგავსი, წრფელი და მრავლისმეტყველი თვალებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|