*** მასთან მიახლოება და გამოლაპარაკება სურდა. ან როგორ შეიძლება არ დაგაინტერესოს ადამიანმა მითუმეტეს ქართველმა, როდესაც შენი ქვეყნიდან ასე შორს ხარ. ესაც, რომ არ იყოს მაინც საოცარ ინტერესს იწვევდა უცნობი მამაკაცი მასში. შესაფერის დროს დაელოდა. შემდეგ კი როდესაც უადიტორია სტუდენტებისგან დაიცალა ისიც უკან გაჰყვა მას. ლუკა იმავე კურსის სტუდენტი აღმოჩნდა, რომელზეც მარიამს უნდა ესწავლა. საერთო ენა მალევე იპოვეს და იმ დღის შემდეგ მთელ დროს ერთად ატარებდნენ. ლუკა ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, თუმცა მისი ცინიზმი იმდენად გაბნევდა, რომ ვერც კი ხვდებოდი სად სიმართლეს ამბობდა და სად ცდილობდა შენი ჩუმი მხარეების ირიბად გამოვლენას. თითქოს სულში უძვრებოდა ადამიანებს. პირდაპირობით არ გამოირჩეოდა და ალბათ ამიტომ არჩია საუბრის ასეთი ფორმა. მის თვალს არაფერი გამოეპარებოდა. მარიამსაც სწორედ ეს მოწონდა მასში. მისგან ათასგვარ რჩევას იღებდა ხოლმე და ხანდახან ისიც ეგონა, რომ თუ მუდამ მის გვერდით იქნებოდა. გარშემო ვერავინ შეძლებდა მის მარტივად მოტყუებას. ფაქტი - ფაქტად რჩებოდა. არ ვიცი ბედისწერაა ასეთი უცნაური თუ შემთხვევითობა განაპირობებს ყველაფერს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უნდა ესწავლა იქ, რადგან მათი ინტერესები საერთოდ არ ემთხვეოდა მათ ინტერესებს. ერთს ხატვა სურდა, ხოლო მეორე ადამიანების ამოცნობით იყო დაკავებული. ბედისწერა კი იმიტომ ვახსენე, რომ ალბათ, რომ არა არჩეული პროფესიები ისინი ხომ არასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს?! ვინ იცის?! მარიამი იმასაც კი ვერ ხვდებოდა ბოლომდე თუ რა იზადავდა მასში ასე ძალიან. მისი უჩვეულო ხასიათი თუ მისი გარეგნობა. საკმაოდ მოკლე ხანში დაახლოვდნენ რაც შემდგომში უფრო ღრმა ურთიერთობაში გადაიზარდა. პერიოდულად აღარც მონატრებული ქვეყანა ახსოვდა, აღარც მშობლები და აღარც მეგობრები. ყოველთვის ეგონა, რომ სხვა ქალებს არ ჰგავდა. ეგონა, რომ დედამიწის ზურგზე არც ერთ მამაკაცს არ შეეძლო მისთვის თავგზა აებნია, თუმცა ცდებოდა. თან ისე მარტივად ხდებოდა ყველაფერი, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებდა. ლუკა ხშირად ესაუბრობოდა მხატვარობაზე. იმდენად ხშირად, რომ საბოლოოდ მარიამმა უკან დაბრუნება და თავისი ოცნებებისკენ სწრაფვა გადაწყვიტა. თავიდან ლუკასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ეს გადაწყვეტილება, თუმცა არც ის უთქვამს, რომ ცუდი იდეა იყო. აი აქ კი მოხდა ის, რასაც მარიამი ყველაზე ნაკლებად მოელოდა. მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი მას არ გაჰყვა, იმისდა მიუხედავად, რომ დიდად არც მას სურდა ამ ფაკულტეტზე დარჩენა. მითუმეტეს ყველასგან მარტოდ უცხო ქვეყანაში. არ იფიქროთ, რომ არ უყვარდა. უბრალოდ ადამიანები გამოვირჩევით მცდარი ნაბიჯებით. გადამწყვეტ დროს ვაკეთებთ იმას, რასაც გონებაში აზრადაც არ დავუშვებდით. უჩვეულო შიში გვიპყრობს რის გამოც ვკარგავთ ადამიანს, რომელიც თავისივე ფეხით მოვიდა ჩვენს გასაბედნიერებლად. აი, ასეთები ვართ. ის არც სადგურში მიუტოვებია ბოლო წამს და არც ავტობუსის მოლოდინში, გაჩერებაზე. უბრალოდ თან არ გაჰყვა სამშობლოში. სულ ეგ არის. არის რაღაც, რაც გინდა, რომ არ დასრულდეს თუმცა სრულდება, რადგან წინ იწყება ის რისი დაწყებაც დასასრულის აგონიას გააცამტვერებს. საბოოლოდ მარიამი მარტოდ მარტო სამშობლოსკენ გაემგზავრა.
*** (ახლადენილი დრო)
ზეცისკენ ნელ-ნელა მივიწევთ. მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, თუმცა ემოცია ჩვენზე მეტია. ეს არ ჰგავს ღრუბლებით შემოკერილ სამოთხეს, ეს უბრალოდ ღრუბლებია. რაც მეტად ვშორდებით მიწას, მით უფრო მეტ სიმსუბუქეს ვგრძნობ. ბავშვობაში რომ ეკითხათ სამოთხის შესახებ, ვეტყოდი, რომ ზევითაა, სადღაც ძალიან მაღლა. თურმე, როგორ ვცდებოდი. ჩემმა ძიებამ უშედეგოდ ჩაიარა, ის აქ არ არის. ის უფრო ზევითაა. ამ წამს მხოლოდ გოგაზე ვფიქრობ, რომლისთვისაც საჰაერო ბურთით გაფრენა არ დარჩენილა ოცნებად. ჩემი ხელი ძლიერად ეჭირა და დაუსრულებლად მიმეორებდა:"მადლობა, მადლობა, ჩვენ მივფრინავთ, მადლობა". ამ დღის შემდგომ საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა, როდესაც მისი ბედნიერება ირგვლივ ყველაფერს აღემატებოდა. სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. თითქოს მე აქამდე, ჯერ კიდევ არ ვიყავი რეალური მე. თითქოს სულ სხვა ადამიანი იბადებოდა ჩემში, სულ სხვა აწმყოთი. ხანდახან ისე მარტივად შეიძლება ადამიანებისთვის ბედნიერების მოტანა, რომ ფიქრადაც კი არ დავუშვებდით ამას, არა და ასეა. წარმოდგენაც კი არ მაქვს ამ დროს დედამისი რას განიცდიდა, თუმცა დარწმუნებულივარ, რომ იქ ქვევით, ნანკასთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად ისეთივე ბედნიერით აღსავსე იყო, როგორც ჩვენ, მისგან ბევრად მაღლა. არ ვიცი, თუმცა, როდესაც ძირს ნელ-ნელა დავეშვით მისი ემოცია სადღაც გაქრა. სიტუაციის გაფუჭებას ვამჯობინე, რომ არაფერი მეკითხა და შესაფერის დროს დაველოდებოდი. ასეთი დრო კი, სად თუ არა საავადმყოფოს გარდა?! უკან დაბრუნებულებმა გოგა პალატაში შეიყვანა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ნანკას ვემშვიდობებოდი მისი ფრთხილი ნაბიჯები ზურგს უკანაც კი ვიცანი. " უნდა ვილაპარაკოთ"- თითქოს ჩაიჩურჩულაო და მშვიდად გამცილდა. ცხადია მეც მას გავყევი. ჩვეულებრივზე მეტად ღელავდა, მაგრამ არც ამისთვის მიმიქცევია დიდი ყურადღება. მოსაცდელში მის გვერდით დავჯექი და ვცდილობდი ეს გაურკვეველი პაუზა პირველი არ დამერღვია. ერთხანს ასე ჩუმად იჯდა, თუმცა მოულოდნელად ხელი მომკიდა და აცრემლებულმა პირდაპირ თვალი თვალში გამიყარა. "დონორი გამოჩნდა"... საუბრის უნარი წამერთვა. სიხარულისგან ალბათ ყირაზეც, რომ გადავსულიყავი უჩვეულო არ იქნებოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ამ ხნის შემდგომ უბრალოდ გააზრებაც კი გამიჭირდა, რომ გოგასთვის საჭირო დონორი გამოჩნდა. ცრემლები მოვწმინდე და მკერდზედ ძლიერად მივიკარი "ყველაფერი დასრულდა, ის კარგად იქნება". ამ სიტყვებს მისთვის სიმშვიდე არ მოუტანია. რაღაცას არ ამბობდა ბოლომდე მე ხომ ვატყობდი. თვალს არ ვაშორებდი. მინდოდა სათქმელი თავისით ეთქვა. -იცი... ყველაფერი ისე უცნაურია... -მაინც რა?-ვკითხე მას და თან წამითაც არ გამიშვია ხელი. -თვეების უკან, როდესაც აქ შემოვედი, მახსოვს შენ იქიდან მშვიდად მოაბიჯებდი, როგორც იცი ხოლმე... მშვიდი სიარულით. ჩემმა დანახვამ ისე დაგაბნია, რომ სხვებივით ჩუმად იდექი, მაგრამ სხვებს არ ჰგავდი. მახსოვს, როდესაც გოგა წაიყვანეს მაშინაც აქ ვიჯექი და შენც ზუსტად აქ მომიახლოვდი. იმ წამს ვიფიქრე მეთქი რა ამაოდ ცდილობს თქო ჩემს დამშვიდებას, მაგრამ იმ დღის შემდგომ, სადაც არ უნდა წავსულიყავით ყველგან შენ იყავი. თავიდან ცოტა გამაღიზიანებელიც კი იყო შენი შეუპოვრობა, მაგრამ ახლაა... ახლა არ ვიცი რა უნდა ვთქვა. გოგას მამამისი არ ახსოვს. თუ ოცნებებში მაინც დავუშვებდი ჩვენი ოჯახის ბედნიერებას ის ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორიც დღეს. იქ ზევით საჰაერო ბურთით ალბათ მამამისთან ერთად უნდა აღტაცებულიყო ბედნიერებით. თავისი ბავშვური ოცნებები ალბათ მამამისისთვის უნდა გაეცვალა, როგორც წერილი. ამას ის შენთან ერთად აკეთებს. ის ასეთი ბედნიერი მხოლოდ შენთანაა. არ ვიცი რა იქნება ხვალ ან ზეგ. ახლა მხოლოდ იმის მწამს, რომ ის გამოჯანმრთელდება, თუმცა მარტო აღარ ვართ. ხომ ხვდები?! მე არა მხოლოდ მასზე, არამედ შენზეც ვღელავ. როდესაც აქედან გავალთ მინდა ისევ ისეთი ბედნიერი იყოს. მაპატიე... ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ თუ შენ არ იქნები მეშინია, რომ ის ისევ ისეთი აღარ იქნება. შესაძლოა გარეთ ახალ და ჯანმრთელ ცხოვრებას, ისევ საავადმყოფოს კედლებში ყოფნა ერჩივნოს ოღონდ კი შენ ჰყავდე გვერდით. აი ამის მეშინია ყველაზე მეტად. შენ ის ადამიანი ხარ მისთვის, ვინც არასდროს ჰყოლია. მეშინია! -მან უკვე იცის სიმართლე.-ვუთხარი გოგას დედას. -იცის, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ ერთმანეთს დავშორდებით და იმისიც მწამს, რომ ამას ვაჟკაცურად შეხვდება. ცხოვრება ხომ ასეთია! ვიღაც მოულოდნელად შემოიჭრება შენს ოცნებებით აღსავსე რეალობაში და მას ერთიანად აურევს. ისეთ ცხოვრებას განახებს, რომელიც შენს ოცნებებსაც კი აღემატება. შემდეგ კი შესაძლოა ასევე მოულოდნელად წავიდეს, რადგან ხომ გითხარით... ცხოვრებაა ასეთი. -ღმერთს თავისთვის საუკეთესოები უნდა?! -არა. ღმერთს ჩვენ ვუნდივართ და ისიც დროებით. ეს გაელვებას ჰგავს. სამყაროსთვის დროებით ხარ, ხოლო მისთვის უსასრულოდ - მის უსასრულობაში. -შენ?! შენ არ გეშინია? -კვლავ ჩემსკენ მობრუნდა. -ადრე მეშინოდა... -როდის? -როდესაც მარტო ვიყავი. -ეგ როდის იყო, ლევან? -მაშინ, როდესაც თქვენ არ მყავდით. ახლა თქვენთან ერთად კიდევ უფრო მეტი ადამიანი შევიძინე და იცით, აღარ მეშინია. -აღარც მე არ უნდა მეშინოდეს? -არა. აწი აღარაფრის აღარ უნდა გეშინოდეთ, რადგან ყველაზე რთული უკან მოიტოვეთ. -და... შენ? -ჩემზეც ასე მოიქეცით. თამამად უნდა განაგრძოთ ცხოვრება. რა მნიშვნელობა აქვს უკან რა იყო ან ვინ იყო?! სხვაგვარად გაგიჭირდებათ.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კომეწონა !
თამამად უნდა განაგრძოთ ცხოვრება. რა მნიშვნელობა აქვს უკან რა იყო ან ვინ იყო?! სხვაგვარად გაგიჭირდებათ.
როგორი იმედიანი სიტყვებია.
კომეწონა !
თამამად უნდა განაგრძოთ ცხოვრება. რა მნიშვნელობა აქვს უკან რა იყო ან ვინ იყო?! სხვაგვარად გაგიჭირდებათ.
როგორი იმედიანი სიტყვებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|