ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
18 ოქტომბერი, 2018


ზარდახშის ბალერინა 2

    მეორე თავი
  რყევამ გამოიყვანა სიზმრებიდან. გარკვევით ჩანდა ქართული მიწა, მაგრამ ახლადგაღვიძებულმა ეთუნამაც კი ცხადად იგრძნო, რომ ამ მიწაზე არსად  იყო არც ვაშლის ხეები და არც ზღაპრები ცოცხლდებოდნენ. აქ დრაკონების, ჯალათების, ხორცისმჭამელი ფრინველების, კუდიანი დედაბრების, ბოროტი ჯადოქრების სამყოფელი  უფრო იყო და შეეშინდა. ტირილი მოუნდა, ცრემლი თვალებს დაუპატიჟებელი სტუმრებივით მიადგა, მაგრამ ფეხისწვერებზე შედგა მასპინძელი და ბნელ ოთახში მიიმალა, სტუმრებს კარი არ გაუღო, უკან გააბრუნა.
    ბარგის მოლოდინში რამდენჯერმე იფიქრა, ვიყიდი უკან დასაბრუნებელ ბილეთს და რაც შეიძლება შორს წავალო, მაგრამ ყურებში ქართული ხმები იავნანასავით ჩაესმოდა და ჭრილობებს მალამოსავით ედებოდა. თავს სძლია.
  მაკუნა გამოსასვლელთან ელოდებოდა. გაზრდილი, დაქალებული დახვდა, შეცვლილიყო.
-წამოდი ჩვენთან, დაღლილი იქნები, გამოიძინე და ხვალ  წადი,- შესთავაზა მაკუნამ.
-არა, კარგად მეძინა თვითმფრინავში, არ ვარ დაღლილი, თან რაც მალე ჩავალ უკეთესი, ისედაც ვაგვიანებ,- მადლობა გადაუხადა მაკუნას მიპატიჟებისათვის და მანქანაში ჩაჯდა.
-კარგი რაა, ჩვენებს ეწყინებათ ხომ იცი, როგორ უყვარხარ,- აბუზღუნდა მაკუნა.
-მეც ძალიან მიყვარან, მაგრამ დღეს მეჩქარება. მინდა, ჩავუსწრო იმ გიჟებს და რომ ჩამოვალთ, პირდაპირ თქვენთან მოვალ.
-გადაირევიან, ისე რომ წახვიდე,- შუბლი შეკრა და მანქანა დაქოქა.
  ერთ ხანს ჩუმად იყვნენ, ეთუნა დიდი ხნის უნახავ ქალაქს ზვერავდა. 
-რამდენი ხნით ჩერდები? - დაარღვია დუმილი მაკომ.
-არ ვიცი ჯერ, წესით შობისთვის გავფრინდები.
- შენ წახვედი და წახვედი რა.
-ასე გამოვიდა,- თავს ძალა დაატანა და სიტყვებს არ მისცა საშუალება, გზაში  დაბზარულიყვნენ.
    ყურადღების გადასატანად ნათიას უმცროსი და შეათვალიერა. როგორი პატარა იყო და რა უცბად გასულა დრო. როცა ეთუნა და ნათია საჭორაოდ იკეტებოდნენ, მაკუნას  ოთახში არ უშვებდნენ და რამდენჯერ უტირია  ამის გამო.  პატარა იყო, 3 წლის იქნებოდა, სულ გაწეწილი დადიოდა, მოდუდღნული პირით, დედამისის ტუჩსაცხი მთელ სახეზე ჰქონდა გადღაბნილი. მივიდოდა ნათიას ოთახის კართან და ასტეხდა ბრახუნს, არავინ გამოეხმაურებოდა. იტირებდა, იწუწუნებდა და მერე ისევ მიადგებოდა კარს:  გამიღეთ კარი, დედა ვარ. ისეთი საყვარელი იყო, წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ, კარს გაუღებდნენ, შემობაკუნდებოდა ოთახში, დედის ქოშებში წაყოფილი პატარა ფეხებით და ქალივით ჩამოუჯდებოდა გოგოებს.
-მეც მყავს შეყვარებული,- იტყოდა და აუელვარდებოდა ათასი ვარსკვლავი ბნელი ღამესავით შავ თვალებში. ყოველ კვირას სხვადასხვა შეყვარებული ჰყავდა, ხან გიორგი უყვარდა, ხან - დათუნა, ხან- ზაზა...  ბაღის ყველა ჯგუფელზე იყო შეყვარებული და ბოლოს გადაწყვიტა, ბიჭები აღარ მომწონს, ნერვებს მიშლიან, აღარ უნდა გავთხოვდეო.
  მაკუნას მოსწონდა თუ არა ბიჭები აღარ უკითხავს ეთუნას, მაგრამ, აი, ბიჭები კი ნამდვილად ჭკუას დაკარგავდნენ მასზე,  ისეთი გოგო იყო. დედას გავდა, მასავით ეშხიანი, წყლიანი და ციმციმა შავი თვალები ჰქონდა, დაბურცვოდა წითელი ტუჩები და  მხრებზე ეყარა შავი კულულები.
  ლამაზი იყო მაკუნა, მაგრამ დედას მაინც ვერ სჯობდა. საოცარი ქალი იყო მარი. მიდიოდა და მთელი ქუჩა მიჰქონდა, მიდიოდა და მამაკაცების მზერა შლეიფივით მიჰყვებოდა. თითქოს არაფერი ჰქონდა განსაკუთრებული, მაგრამ ერთს შემოგხედავდა და იქ მთავრდებოდა ყველაფერი, წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო.
-თუ ხშირად გაუმეორებ საკუთარ თავს, ქალი კი არა ვარდი ვარო, შეიძლება აყვავდე კიდევაც,- იტყოდა ხოლმე მარი და მართლაც მთელი მისი ბრწყინვალება შიგნიდან, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებიდან მოდიოდა. ისეთი ფრთხილი ნაბიჯები ჰქონდა, გეგონება ყინულზე მდგარიყოს და ჩატეხვის ეშინოდა, თავაწეული დადიოდა, დედოფალივით, თითქოს ფრთხილობს, გვირგვინი არ ჩამომვარდესო. სადღაც სივრცეს გაჰყურებდა და ათასში ერთხელ, ვინმეს, მრავალთაგან ერთს, ამოირჩევდა და გაუღიმებდა.
-ქალს, საყვარელო, დედოფალივით ღიმილი უნდა ჰქონდეს - თან მთელ სამყაროს რომ გპირდება და თან გახვედრებს, ეს სამყარო რაოდენ შორია შენთვის,- ეტყოდა ხოლმე ნათიასა და ეთუნას.
  შეეცდებოდი, მიგებაძა, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ ისწავლება.  ამ ქალმა რაღაც ისეთი იცოდა, წამში რომ გამახსოვრებინებდა თავს და დავიწყების საშუალებას არ გაძლევდა. ნებისმიერ კომპლიმენტს ისე მიიღებდა, თითქოს აბსოლუტური ჭეშმარიტება მოესმინოს, ვერაფერს ისეთს ვერ ეტყოდი, რაც თავად უკვე არ იცოდა. როცა შეაქებდნენ, შუბლს შეკრავდა და მთელი სერიოზულობით იტყოდა:
-ვერც კი წარმოგიდგენიათ, რა რთულია ლამაზი ქალის ცხოვრება, მას მუდმივად უწევს ამტკიცოს, რომ მკერდის მიღმა აქვს გული, რომელიც სტკივა,- ასეთი ჭკვიანური რაღაცების თქმა კი უყვარდა, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ მარის ვინმესთვის მიეცა უფლება, გული ეტკინა. მან იცოდა საკუთარი თავის ფასი და სხვებსაც აიძულებდა მისი განუზომელი მნიშვნელობა ეღიარებინა.
- არ დაიჯეროთ, რომ არსებობს ქალი, რომელიც ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს სამზარეულოში, საწოლსა და კაბინეტში. თუ „ქალ იდეალს“ შეხვდებით, იცოდეთ, რომ ის ძალიან ჭკვიანია და ტყუილის თქმა არ უჭირს. არ იფიქროთ, რომ ის ვიღაც, მართლა  იდეალურია და მას ღმერთმა მისცა განსაკუთრებული ნიჭი, ყველა ჩვენგანი ერთნაირი ვიბადებით, საყვარელო.  უნდა გვახსოვდეს, რომ რაღაცები გვაქვს, რაღაცებს ხელოვნურად ვქმნით. არა, ჩემო ლამაზო, არ დაბადებულა მსოფლიოში კაცი, რომლის მართვაც ჭკვიან ქალს არ შეუძლია. აი, მაგალითად, მე: ჩემი ქმარი, წიგნების გიჟია, როცა გავიცანი, პაემანზეც კი იღლიაში ამოჩრილი წიგნით დადიოდა. მქონდა არჩევანი, მეთქვა, რომ ჩემი ინტერესების სფეროში არ შედის წიგნი, ან გამეგო რომელი ავტორები მოსწონდა და რამდენიმე კლასიკოსი გადამებულბულებინა. მე მეორე ავირჩიე. არა, ეს არაა ტყუილი, მე გამოვნახე გზა, რომ მასთან უფრო მეტ საკითხზე მქონოდა სალაპარაკო, შევეცადე, მისთვის უფრო მისაღები ვყოფილიყავი. მე დღემდე ვაგრძელებ კითხვას, ჩვენში დარჩეს და,  მხოლოდ ძირითადს ვკითხულობ ანუ თავს და ბოლოს, მაგრამ ლევანს, წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი, ჩემს ინტელექტში და ის ბედნიერია, რომ გვერდით ჰყავს ცოლი, რომელთანაც დოსტოევსკიზე საუბარი შეუძლია.  არ უნდა გაიყინოთ ერთ ადგილას, შეიძლება, შენ გაქვს ლამაზი ფეხები, მაგრამ როცა შენი საყვარელი მამაკაცი, ამ ფეხების ყურებით დაიღლება და მზერის გადატანას მოინდომებს, შენ უნდა  გქონდეს არანაკლებ  მომხიბვლელი თვალები, რომ ახლა მას დააკვირდეს.  არ მესმის ქალების, რომლებიც მსხვერპლის როლს ირგებენ: უშველეთ, დაეხმარეთ, ქმარმა უღალატა. იცი, რას გეტყვი? თუ გიღალატეს ნუ მოაწყობთ სკანდალს, სარკეს თვალებში ჩახედეთ და დიდხანს დააკვირდით, იქნება იპოვნოთ მიზეზი, აღმოაჩინოთ შეცდომა, რომელმაც თქვენი პარტნიორი სხვისკენ წაიყვანა. მაგრამ ერთიცაა,  არ ღირს ბრძოლა იმ კაცის შესანარჩუნებლად, რომელიც პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს შენი უსიზმრო ღამეების გამო. კარგად უნდა აარჩიო კაცი, თუ ლამაზი ხარ, გვერდით ძლიერი მამაკაცი უნდა გყავდეს, სუსტებს საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება უშლით ხელს, ბედნიერი გაგხადონ.
  ჭკვიანი ქალი იყო მარი, მაგრამ ერთხელაც არ უცდია,  შვილისათვის გზა გადაეხიდა და სწორი მიმართულებით გაეშვა. არ შეიძლება შვილის გამოყენებით თავიდან იცხოვრო, მაგრამ ამჯერად უშეცდომოდ. უნდა ყველას ჰქონდეს საშუალება თავისი აღმართი ავლოს, წაიქცეს, მუხლისთავები გადაიყვლიფოს, ეტკინოს, გაუხარდეს... ყველას თავისი გზა აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ და ზოგს ძალიანაც მოსწონს თავდაყირა სიარული,- იტყოდა ხოლმე მარი, როცა ნათიას ახალ თავგადასავალს მოჰკრავდა ყურს.
    ნათიამ და ეთუნამ მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. ყველა გასაჭირში გვერდით ედგა. მათ მეგობრობას ფორმა დაჰკარგვოდა, თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანი კი არა, ერთი მთლიანობა იყვნენ და ხანდახან აღარც კი უყვებოდნენ ერთმანეთს ახალ ამბებს, რადგან სჯეროდათ ათასობით კილომეტრზე დაშორებულებსაც კი შეეძლოთ, ერთმანეთის ტკივილისა და სიხარულის სიტყვების გარეშე გაზიარება. თუ კი ეთუნას ცხოვრებაში რაიმე სასიამოვნოა, ეს ბავშვობა და ნათიასთან ერთად გატარებული წლებია. სკოლაში გვერდი-გვერდ ისხდნენ, მერე ხელჩაკიდებულები ბრუნდებოდნენ სახლში, ერთად სადილობდნენ, გაკვეთილებს ერთად ამზადებედნენ, ეზოში ერთად თამაშობდნენ. სულ ერთად იყვნენ და მაინც ერთად ყოფნა უნდოდათ.  რამდენი სისულელე ჩაიდინეს, რამდენი შეცდომა დაუშვეს, რამდენი ტკივილი გადაიტანეს. რომელიმე მათგანი უფრო გონიერი რომ ყოფილიყო, იქნება მეორესთვის ერთხელ მაინც მიეცა ჭკვიანური რჩევა და შეცდომები აერიდებინა, მაგრამ ერთმანეთს სისულელეებში ვეჯიბრებითო, იტყოდნენ ხოლმე სიცილით. როცა ყველაზე მეტად უჭირდა მაშინაც ნათიას ოჯახმა შეიფარა, მათ გაუწოდეს ხელი და ახლა საქართველოში ეს ერთადერთი ოჯახი იყო, რომელიც დაუფიქრებლად გაუღებდა კარს, რომელიც დახმარებაზე უარს არასდროს ეტყოდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები