ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2019


არასრული დიალოგები

- Да, Мартин. Я в принципе не против...მესმის დიალოგის ნაწილი, უცხო ქალბატონისგან რომელიც თავის მობილურში ესაუბრება ვიღაც "მარტინს". ქალბატონს სასიამოვნო, ოდნავ მაღალი ხმა აქვს და იგი მკვეთრად და გარკვევით გამოთქვამს რუსულ თანხმოვნებს. როგორც ჩანს, მზერა მის სახეზე ჩვეულებრივზე უფრო დიდი ხნით შევაჩერე და პერიფერიულმა მხედველობამ სასწარაფოდ მომაწოდა დამატებითი ინფორმაცია ტელეფონზე მოსაუბრეს შესახებ: ოცდაათი-ოცდათხუტმეტი წლის, მაღალი, კარგი აღნაგობის, მკერდსავსე ქალია,  სქელი წაბლისფერი თმებით, მომწვანო-მოყავისფრო თვალებითა და მოკლე, პაჭუა ცხვირით. რაღაც აქვს ამ ქალბატონს ძალიან მიმზიდველი - სინაზე, რომელიც კარგად ერწყმის საკმაოდ მაღალ სხეულს;  ემოციურობა და ტემპერამენტი...ახალგაზრდა ქალბატონი საუბრის მიმდინარეობისას ერთ ადგილას ვერ ჩერდება და აქტიურად ჟესტიკულირებს, ნატიფი, გრძელი ხელებით...უცებ წარმოვიდგენ (და მეტიც, ვხედავ!)  რომ ამ სასიამოვნო უცნობ ქალბატონს,  შავი ხავერდის პიჯაკში გამოწყობილი მარტინ სკორსეზე ესაუბრება (რატომღაც რუსულად...), თავისი განუყრელი სქელჩარჩოიანი სათვალით...
დიახ, დარწმუნებული ვარ რომ „მარტინი“, რომელიც ჩემთვის უცნობმა სიმპათიურმა ქალბატონმა ახსენა და რომელსაც პრინციპში, თანხმობა უთხრა...დიდი ამერიკელი რეჟისორია, მსხვილი შავი წარბებით და უცნაური ფილმებით სასტიკ "ბიჭებზე"...

- ეს იაპონელები მართლა უცხოპლანეტელებივით არიან. რას გაუგებ მათ? -მეუბნება ჩემი მეგობარი გოჩა და სიგარეტის კოლოფს ხსნის...დიახ, ალბათ ვერ გაუგებ იაპონელებს, ვერ გაუგებ აფხაზებს, ოსებს, სომხებს, რუსებს, თურქებს, სპარსელებსა და ჩინელებს...ვერ გაუგებ თითქმის ვერავის...ვერც შენს მეზობელ მერაბს, რომელიც დილაობით, მაინცდამაინც ლიფტში შესვლისას უკიდებს სიგარეტს; ვერც შენს ეზოშო მცხოვრებ ზურას, რომელიც უკვე მესამე წელია სარდაფის რემონტს აკეთებს და სადარბაზოს წინ ყრის რემონტისთვის საჭირო ქვიშასა და ცემენტს; ვერ გაუგებ 90-იანი წლების "ბე-ემ-ვეს" სპორტულ მოდელზე მჯდარ თბილისელ ბიჭს, რომელიც საღამოობით, მანქანებისგან დაცლილ პავლოვის ქუჩაზე 180 კმ/სთ-ში სიჩქარით მიაგელვებს მანქანას...ვერ გაუგებ იმ ლოთებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია, დილაუთენია იკრიბებიან უბნის მაღაზიის შესასვლელთან და ჩაცვენილკბილებიანი ღიმილით სთხოვენ მეზობლებს დილის "პახმელიისთვის" შესაგროვებელ ხურდას....ვერ გაუგებ ვერავის, ვინც ოდნავ მაინც განსხვავებულია. პრინციპში, როგორ უნდა გაუგო? ესენიც ხომ უცხოპლანეტელებივით არიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები